იყეფებს თუ არა ტრამპი "უძაღლო ქვეყანაში", ანუ პრეზიდენტი შინაური ცხოველის გარეშე
09-01-2017
იყეფებს თუ არა ტრამპი "უძაღლო ქვეყანაში", ანუ პრეზიდენტი შინაური ცხოველის გარეშე
დონალდ ტრამპი საუკუნე-ნახევრის შემდეგ, შესაძლოა, ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც შინაური ცხოველი არ ეყოლება, - წერს ბრიტანული ტაბლოიდი "დეილი მეილი". ტრამპი იქნება ისტორიაში მესამე პრეზიდენტი, რომელსაც შინაური ცხოველი არ ჰყავს - ასეთები იყვნენ მეშვიდე­ პრეზიდენტი ენდრიუ ჯეკსონი (1829-1837) და მეთერთმეტე პრეზიდენტი ჯეიმს ნოქს პოლკი (1845-1849).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თითქმის ყველა ამერიკელს შინაური ცხოველი ძალიან უყვარს. შინაური ცხოველის ყოლა ეროვნული კულტურის ნაწილია. ტრადიციულად, პრეზიდენტის ცხოველები ფოტოსესიებში ოჯა­ხთან ერთად მონაწილეობენ და ითვლება,
რომ ეს დადებითად მოქმედებს პრეზიდენტის იმიჯზე. სხვათა შორის, ათიოდე წლის წინ ამუშავდა პრეზიდენტების შინაური ცხოველების ცხოვრებისადმი მიძღვნილი მუზეუმიც. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს ეკუთვნის გამოთქმა: "თუ გსურთ ვაშინგტონში მეგობარი, იყოლიეთ შინაური ცხოველი." ამიტომაც, გამოცემის აზრით, ტრა­მპის რეიტინგზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ის, რომ მას ცხოველი არ ჰყავს. ტაბლოიდი
იმასაც აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება ერთადერთი ტრადიცია, რომელსაც აშშ-ის არჩეული ლიდერი არ გაითვალისწინებს...

ამერიკის მეექვსე პრეზიდენტს, ჯონ ქუინსი ადამსს შინაური ალიგატორი ჰყავდა. მერვე პრეზიდენტს, მარტინ ვან ბიურენს, ორი შინაური ვეფხვის ბოკვერი კონგრესმა ჩამოართვა და ზოოპარკს გადასცა. მეცხრე პრეზიდენტმა ჰენრი ჰარისონმა თეთრ სახლში ძროხა მოიყვანა. აბრაამ ლინკოლნის დროს თეთრ სახლში ამრავლებდნენ ღორებს, თხებს, ბაჭიებს, აქვე ცხოვრობდნენ ძაღლები, კატები, ბატი, სახელად ჯეკი და რამდენიმე პონი. თეოდორ რუზველტს ჰყავდა მაჩვი იოსია. მე-19 პრეზიდენტი რატერფორდ ჰეიზი ამერიკაში ჩამოყვანილი პირველი სიამის კატის პატრონი გახლდათ, ხოლო 23-ე პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი არასდროს იშორებდა საყვარელ ოპოსუმებს, რომლებიც მის სამოსზე დასეირნობდნენ. ვუდრო ვილსონს თეთრი სახლის ტერიტორიაზე მთელი ცხვრის­ ფარა ჰყავდა, რომელთა მატყლს წითელ ჯვარს აბარებდა... თუმცა შინაური ცხოველებით განსაკუთრებულად გამორჩეული გახლდათ 30-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი კალვინ კულიჯი. მან, ფაქტობრივად, თავისი კერძო ზოოპარკი შექმნა, სადაც ბინადრობდნენ: ორი ლომი, ექვსი ძაღლი, კატა, ფოცხვერი, ანტილოპა, ვოლაბი, ენოტი და ჯუჯა ბეჰემოთი, სახელად ვილი.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსსა და ლორას ჰყავთ შოტლანდიური ტერიერი ბარნი (რომელსაც საკუთარი ინტერნეტ-პორტალი აქვს) და ტერიერი ბიზლი.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსსა და ბარბარას ჰყავდათ ინგლისური სპრინგერ-სპანიელი მილი. წიგნი მილის შესახებ ბესტსელერი გახდა.

ობამამ ბავშვებისთვის მიცემული დაპირება შეასრულა და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ძაღლები აიყვანა. პირველი, ე.წ. პორტუგალიური წყლის ძაღლი, სახელად ბო, მას ედვარდ კენედიმ აჩუქა. როცა გაირკვა, რომ პრეზიდენტის გოგონა მალიას მასზე ალერგია არ ჰქონდა, ოჯახმა იმავე ჯიშის მეორე ძაღლიც აიყვანა - პორტუგალიური წყლის ძაღლის ლეკვი, სახელად სანი.

პრეზიდენტ რონალდ რეიგანს და ნენსის ჰყავდათ ე.წ. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი, სახელად რექსი.

პრეზიდენტ ბილ კლინტონს შოკოლადისფერი ლაბრადორი ბადი ძალიან დაეხმარა მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სკანდალის გადატანაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით