"აუწონელია საუნჯე შენი" - კვირის პალიტრა

"აუწონელია საუნჯე შენი"

"მზე ყვითელია, ცა ცისფერია, ეს ხომ "პალიტრის" სახლის ფერია"

ამქვეყნად ყველაზე დიდი სიმდიდრე მეგობარია და რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, მით "აუწონელია საუნჯე შენი".

ძალიან მდიდარი ყოფილა "კვირის პალიტრა". სოლიდურ ასაკთან ერთად  იმდენი მეგობარი შეუძენია, რომ მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ "მუზას" დიდ დარბაზში ტევა არ იყო. ყველანი მოვიდნენ - პოლიტიკოსები თუ საზოგადოების ცნობილი სახეები, რომ საყვარელი გაზეთისათვის დაბადების დღე მიელოცათ. სიყვარული კი, მოგეხსენებათ, მარტივად არ მოდის...

KvirisPalitra.Ge- რატომ  შეიძლება გიყვარდეთ გაზეთი? - ვეკითხები ლამის ყველა სტუმარს.

- იმიტომ, რომ სიმართლეს ემსახურება, - ღიმილით მპასუხობენ და რაკი ყველა შეთქმულივით ერთსა და იმავეს ამბობს, გადავწყვიტე, ცალ-ცალკე აღარც ჩავიწერო მათი ტყუპისცალებივით ერთნაირი პასუხები.

მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობს, "კვირის პალიტრა" უკვე 15 წელია უყვართ. 15 წელი გაზეთისათვის სულაც არ არის ცოტა ქვეყანაში, სადაც თავისუფალი მედია ორი ათეული წლის წინ გაჩნდა, და დრამატული მოვლენებით სავსე ცხოვრებაში ბევრს ისე შემოახუნდა ხელში სიმართლისა და თავისუფლების დროშა, ვერც კი გაიგო... ვინც გადარჩა, დრომ უკვე აჩვენა.

საღამოზე სიმებიანი კვარტეტის შესრულებით საზეიმო მარში ჟღერდა. შეკრებილთ ახალი სიმღერით მიესალმა თემურ წიკლაური. მოგვიანებით შედგა ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების სიმღერის, "სიტყვის თავისუფლების" პრემიერა, რომელიც მამა-შვილმა საგამომცემლო სახლს მეთხუთმეტე წლისთავზე უანგაროდ მიუძღვნა.

KvirisPalitra.Geდაბადების დღეზე, ცხადია, ყურადღების ცენტრში იუბილარი იყო: მისთვის მღეროდნენ, ულოცავდნენ, კეთილ შეფასებებს არ იშურებდნენ.

თავშეყრისა და ზეიმის მიზეზს - "კვირის პალიტრას" წუთითაც არ დავიწყებია თავისი მკითხველი. მათთვის ამ შეხვედრაზეც მომზადებული ჰქონდა სიურპრიზი.

მედიასახლ "პალიტრის" ხელმძღვანელმა ირაკლი თევდორაშვილმა დააჯილდოვა ყველაზე ერთგული კორპორაციული ხელმომწერი - საბავშვო ქალაქი "მზიური". დაჯილდოვდნენ აგრეთვე ყველაზე ერთგული კერძო ხელმომწერები - კოტე მჭედლიშვილი, ვიკა კაციტაძე, თაკო ზუბაშვილი და თემურ მაისურაძე, რომლებსაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცათ.

როცა დაბადების დღის ტორტის შემოტანის დრო დადგა, ოთხმა კაცმა ძლივს შემოიტანა. "პალიტრის" ლოგოიანი ტორტი - ყველაზე გემრიელი "პალიტრელების" ცხოვრებაში. ტორტის ნაჭერი ხომ ყველას უნდა შეხვედროდა... ჩვენ კი იმდენი ვართ!..

KvirisPalitra.Geუზარმაზარი საიუბილეო ტორტი ძმებმა - ირაკლი თევდორაშვილმა და გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა გიორგი თევდორაშვილმა "მრავალჟამიერის" ფონზე გაჭრეს.

"კვირის პალიტრის" იუბილეს მეორე დღეს "პალიტრა მედიის" გრანდიოზული ზეიმი მოჰყვა. "პალიტრის" დიდი სახლის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ბინადარმა, პრესისა და წიგნების გავრცელების სააგენტო ელვა.გე-მ "პალიტრა მედიას" ღირსეული სლოგანი მიუძღვნა: "მზე ყვითელია, ცა ცისფერია, ეს ხომ "პალიტრის სახლის ფერია".  რაკი ჩვენ, პალიტრელები, შეიძლება სუბიექტურად აღვიქვამდეთ საკუთარი დაბადების დღის პერიპეტიებს, მეტს არაფერს ვიტყვით...  ფოტოობიექტივით აღბეჭდილმა რეალობამ გითხრათ დანარჩენი...