"ჩემ წინ იდგა უცხო ქალი, რომელმაც ამ ქვეყანას მომავლინა და რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი" - სხვისი შვილების მამა - კვირის პალიტრა

"ჩემ წინ იდგა უცხო ქალი, რომელმაც ამ ქვეყანას მომავლინა და რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი" - სხვისი შვილების მამა

"მინდა, ავაშენო სახლი, სადაც ყველა ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ"

"წლები გავიდა და დედამ თვითონ მიპოვა. ჩემ წინ იდგა უცხო ქალი, რომელმაც ამ ქვეყანას მომავლინა და რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ძალიან მიმძიმს იმ ემოციების გადმოცემა, რასაც იმ დროს განვიცდიდი. ამიხსნა, რატომ მოუხდა ჩემი ბავშვთა სახლში ჩაბარება"

იმ დილით ევროპის მოედანზე, ფოთლებით გადაპენტილ ბილიკებს გვიდა. ჩაფიქრებული მიუყვებოდა პარკის ქვაფენილს და დროდადრო ურნებთან ისვენებდა... დილით 6 საათზე დგება, სამსახურში მიდის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ სახლში ბრუნდება.

39 წლის ილია ჩოხელის ყოველი დღე ასეთია. ნარინჯისფერი უნიფორმა, ხუთი წელია, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მეეზოვე გულში დიდ დარდს, სევდასა და სიყვარულს ინახავს. მისი განვლილი ცხოვრება მძიმე მოგონებებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით არის სავსე. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, მაგრამ მისი ყოველდღიური საზრუნავი მიტოვებული და მზრუნველობამოკლებული ბავშვები არიან. თვითონაც ბავშვთა სახლში გაიზარდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და დედამ ამიტომ დამტოვაო - ასე ამართლებს მშობლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ახალშობილი მიატოვა და თვითონ ახალი ცხოვრება დაიწყო...

ილია ჩოხელი: - რამდენიმე დღის დაბადებული ვიყავი, როცა დედამ ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარა. მერე 16 წლამდე დიღმის ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. სრულწლოვანი რომ გავხდი, 25 მანეთი მომცეს და დაწესებულება დამატოვებინეს. ორი წელი ქუჩაში ვცხოვრობდი. ბევრ ადგილას მომიწია მუშაობამ, მათ შორის - დაცვის სამსახურში, მაღაზიაში, მუშადაც კი. არასდროს მომიპარავს, პატიოსანი შრომით გამქონდა თავი და ამით ბედნიერი ვარ. ხუთი წლის წინ, მეგობრის დახმარებით, დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა. ღმერთს მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის...

ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში ცხოვრებისას გადავწყვიტე, როცა შემოსავალი გამიჩნდებოდა, იმ ადამიანებზე მეზრუნა, ვისზეც მშობლებმა უარი თქვეს. ასეც მოხდა - ვიქირავე ბინა და ასეთ ბავშვებთან ერთად დავიწყე ცხოვრება. ადრე 13 მოზარდი მყავდა, დღეს - ცხრა. ვცდილობ, არაფერი მოვაკლო, ძალიან მინდა, ყველა მათგანს უმაღლესი განათლება თუ არა, ხელობა ან ხელსაქმე შევასწავლო. სამუშაოს პარალელურად სანთლებს ვაკეთებ და ეკლესიებში ვაბარებ.

- გუდამაყრის ხეობიდან ხარ?

- ჩემი გვარი გუდამაყრიდან მოდის. მქონდა ბედნიერება, პირადად გამეცნო გენიალური გოდერძი ჩოხელი. 90-იან წლებში მუშტაიდის ბაღში ვცხოვრობდი. სწორედ იქ გამაცნო პარკის დირექტორმა ბატონი გოდერძი. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მშობლები მეპოვა, თუმცა ვერ მიაკვლია.

წლები გავიდა და დედამ თვითონ მიპოვა. ჩემ წინ იდგა უცხო ქალი, რომელმაც ამ ქვეყანას მომავლინა და რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ძალიან მიმძიმს იმ ემოციების გადმოცემა, რასაც იმ დროს განვიცდიდი. ამიხსნა, რატომ მოუხდა ჩემი ბავშვთა სახლში ჩაბარება. ის მარტო აღმოჩნდა ორსული, გვერდით არავინ ჰყავდა, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახლა დედა 67 წლისაა. თბილისში ცხოვრობს. ჰყავს ორი შვილი და უკვე შვილიშვილებიც. მე მას ყველაფერი ვაპატიე. მასთან ურთიერთობა არ მაქვს. არც ძმებს გამოუჩენიათ ინიციატივა, რომ ერთმანეთს გვერდში ამოვდგომოდით, თუმცა რომელიმეს რომ დავჭირდე, მზად ვარ, გვერდით დავუდგე.

- ილია, როგორ ახერხებ, თან იმუშაო და თან ცხრა ბავშვს მოუარო?

- ცხრა არასრულწლოვანზე ვზრუნავ.მათგან ყველაზე პატარა წლის და ერთი თვისაა, უფროსი - ცხრა წლის. ორი ბინა მაქვს ნაქირავები, იქ მყავს ბავშვები და მათ მოვლაში მეგობრები მეხმარებიან. როცა სამსახურში ვარ, მათთან ყოველთვის არის ვიღაც. ამ ბავშვებზეც მშობლებმა უარი თქვეს, რამდენიმეს არსებობა კი მათმა ოჯახებმაც არ იციან. ზოგს დედა აკითხავს, მაგრამ მათ გარდა არავინ იცის, რომ მათ შვილი ან შვილიშვილი ჰყავთ.

ჩემი ხელფასი არ არის საკმარისი, რომ ქირა გადავიხადო, ვიყიდო საკმარისი საკვები. თუმცა მყავს კარგი მეგობრები, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არიან და ფინანსურად მეხმარებიან.

ეს ბავშვები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე. ჩემს პირად ცხოვრებაზეც მათ გამო ვთქვი უარი.

იყო ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც მთხოვა, მიმეტოვებინა ისინი, შეგვექმნა ოჯახი და ჩვენი შვილები გაგვეზარდა, მაგრამ უარი ვთქვი.

ჩემთვის მთავარი მათი კარგად ყოფნაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბავშვებს მომავალი შევუქმნა, მივცე განათლება, გზაზე დავაყენო. როცა ძალიან დაღლილი ან უიმედო ვარ, დიდი სტიმულია მათი ერთი სიტყვა - მამა. ეს დიდ ძალას მაძლევს. ახლახან შევიტანე განაცხადი ფართობით დაკმაყოფილებაზე. მინდა, ავაშენო სახლი, სადაც ყველა ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. ამ იდეის განხორციელებაში ჩემი მეგობრების დახმარების იმედი მაქვს.

მართალია, ფინანსურად არ ვარ ძლიერი, მაგრამ იმით ვარ მდიდარი, რომ ეს პატარები და 85 ნათლული მყავს. ჩემს პატარებს არ სცივათ და არ შიათ, შეძლებისდაგვარად, დამყავს ცირკში, გასართობ ცენტრებში და ა.შ.

- ალბათ, იქნებოდა პერიოდი, როცა ძალიან გიჭირდათ...

- იყო პერიოდი, როცა შემოსავალი არ მქონდა. ქუჩაში მოწყალების სათხოვნელადაც გავსულვარ. როცა დაცვის სამსახურში ვმუშაობდი, ხელფასი 500 ლარი მქონდა. იმ თანხით შეუძლებელი იყო 13 ბავშვის რჩენა და დასვენების დღეებში ქუჩაში მოწყალებას ვითხოვდი. არ მეთაკილებოდა იმიტომ, რომ იმ თანხას ჩემთვის არ ვიყენებდი.

ახლა ცხრა ბავშვიდან ექვსს მშობლები ჰყავს, მაგრამ მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს შვილების ნახვას. ზოგს საშუალება არა აქვს, ზოგსაც - სურვილი. ახალ წელს ყველას რაღაც ვაჩუქე და გავახარე. მათი თოვლის პაპა ვარ.

ვიცი, კარგი ადამიანები გაიზრდებიან და ჩემს იმედს ყველა გაამართლებს.

ჩემთან აღზრდილი ბავშვებიდან ორი დაქორწინდა და ლამაზი ოჯახი შექმნეს. მართალია, ორივე წყვილი ქირით ცხოვრობს, მაგრამ მუშაობენ და დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას. ნელ-ნელა შეიძინეს საოჯახო ნივთები და ბედნიერები არიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი