"ლელა ნერვიულობს, ქმარს ელოდება, მაგრამ..." - რატომ თქვა მაია რჩეულიშვილმა მკურნალობაზე უარი?! - კვირის პალიტრა

"ლელა ნერვიულობს, ქმარს ელოდება, მაგრამ..." - რატომ თქვა მაია რჩეულიშვილმა მკურნალობაზე უარი?!

როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით მას ესაჭიროება ოპერაცია, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, მაია რჩეულიშვილმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა. ამჟამად ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რატომ თქვა მკურნალობაზე უარი მაია რჩეულიშვილმა და ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - გვესაუბრება მისი მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი:

- მაიამ გამოკვლევები ჩაიტარა, დაუდგინდა გულისა და ფილტვის სერიოზული პრობლემები, მაგრამ სასამართლო არ ენდო ექიმების დასკვნას. მაიამ უარი თქვა მკურნალობაზე იმიტომ, რომ ექიმები პროკურატურის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, ყველა უბედურდება. მაიას გამო, გაუბედურდა ჩვენი შვილი, რომელიც ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვეს, რომ მაიაზე ზეგავლენა მოეხდინათ, გაუბედურდნენ ექიმები, რომლებზეც პროკურატურა ზეწოლას ახდენს, - გინდა თუ არა, უარი თქვით თქვენს დასკვნაზეო - პრაქტიკულად ასე გამოდის, რადგან არ ენდობიან ექიმების დასკვნას, იმ ექიმებისას, რომლებიც თავისი დარგის სპეციალისტები არიან. ჩვენთან ერთად გაუბედურდა "ცენტრ პოინტის" უამრავი პატიოსანი კლიენტი, რომელიც ბინის მიღებას ელის. პროკურატურამ ყველაფერს ყადაღა დაადო და პრაქტიკულად, ჩვენი კლიენტები ფინანსურად დაღუპა.

- ამ ეტაპზე როგორია ქალბატონი მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ისეთი არა, თავიდან რომ იყო ციხეში. გაუკეთეს გადასხმები, ცოტა მოძლიერდა, ოპერაცია სჭირდება, მაგრამ უარს აცხადებს, ამბობს, თუ არ დამთავრდა აქეთ-იქით ჩემი თრევა, კომპანიას ვერ მივხედავ, თუ ჩემი მოკვლა უნდათ, მაინც მომკლავენო. პროკურატურა არ იძიებს იმ რეალური დამნაშავეების საქმეს, ვინც კომპანია "ცენტრ-პოინტი" გაძარცვა, 100 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. ესენი არიან: "თბილისის განვითარების ფონდი", ბათუმის მერია და კომპანია "დექსუსი". მათ წინააღმდეგ 3 წელია ითხოვს მაია გამოძიებას.

მაიას კომპანიის კლიენტების დაღუპვას სიკვდილი ურჩევნია, პრაქტიკულად, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

უნდათ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ ამდენი ხალხის გაუბედურება, როდესაც ხელისუფლებამ მიითვისა და გაძარცვა ჩვენი ქონება, ფაქტობრივად, თავს დაგვესხა კომპანიის აქტივების მისათვისებლად. ახლა კი, ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ გააკეთეთ ეს საქმეო. მაგრამ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის უფლებას, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალოს და ამდენი ადამიანი დატოვონ მოტყუებული, თუნდაც ეს  ჩემი ან მაიას სიკვდილის ფასად დაგვიჯდეს.

მეც უარს ვაცხადებ მკურნალობაზე, ცეროზი მაქვს, მეკუთვნის უფასო მკურნალობა, მაგრამ ეს ფული თავის საკეთილდღეოდ მოიხმაროს ხელისუფლებამ.

- ამ მოვლენების ფონზე როგორია თქვენი რძლის მდგომარეობა, რომელიც ფეხმძიმედაა?

- როგორ იქნება, ნერვიულობს, ქმარს ელოდება, მაგრამ... გუკაც გაუბედურებულია, ბავშვი ეყოლება, მაგრამ თვითონ ციხეში რამდენ ხანს მოუწევს ყოფნა, ვინ იცის.

პ.ს. მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, ის რჩეულიშვილს შეხვდა და ის მიზეზები მოისმინა, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მკურნალობაზე უარი განაცხადა. ცუცქირიძის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შუეძლებელია ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსის გავლა და ყველა სახის სამედიცინო ჩარევაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)