როგორია 21-ე საუკუნის ბებია
16-01-2017
როგორია 21-ე საუკუნის ბებია
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო. კითხვაზე: "რატომ დაიძვრეთ კბილები?"­ მსახიობი პასუხობდა: "მეტი დამაჯერებლობისთვის". ამ ფილმის­ გადაღ­ებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა. 21-ე საუკუნის ბებია სხვაგვარად გამოიყურება,­ თუმცა­ ეს შვილიშვილებზე ზრუნვაში ხელს არ უშლის.

"მედეასთან მეგობრობდნენ შვილიშვილები, საიდუმლოსაც უზიარებდნენ"


მაკა მახარაძე 39 წლის იყო, ბებია რომ გახდა და შვილიშვილებთან ურთიერთობისას დედის ფუნქციებიც შეითავსა.
- ბებიობა გადასარევია. სამი
შვილიშვილი მყავს. უფროსი - 27-ის, შუათანა - 23-ის და უმცროსი - 14 წლის. პირველი შვილიშვილი - დათა თავაძე რომ გაჩნდა, მისი მშობლები მეორე კურსის სტუდენტები იყვნენ. დავემშვიდობე სცენას და ბავშვის მოვლა ვიტვირთე. არ ვარ მკაცრი ბებია. დედაც არ
იყო მკაცრი ბებია ჩემი შვილებისთვის. ჩვენთვის უფრო იყო მკაცრი, მაგრამ რომ ვეუბნებოდი, ძალიან უკვირდა, როდის ვიყავი მკაცრიო? მედეასთან მეგობრობდნენ შვილიშვილები, საიდუმლოსაც უზიარებდნენ. ურთიერთობის საოცარი უნარი ჰქონდა შვილებთანაც და შვილიშვილებთანაც. არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას.

"ნანი ძალიან მაგარი ბებიაა"


ეკა მამალაძე გიამბობთ ქალბატონ ნანიზე, როგორც საუკეთესო ბებიაზე.
- თავის ქებას ხომ არ დავიწყებ? ცალკე ცხოვრობს ყველა ჩემი შვილი და ამიტომ მაინცდამაინც ჩართული არ ვარ მათ აღზრდაში, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს...
ნანი ძალიან მაგარი ბებიაა, სულ ჩართულია შვილიშვილების ცხოვრებაში. ახერ­ხებდა, რომ ზაფხულში დატვირთული არ ყოფილიყო. ძალიან მეხმარებოდა­ და გვერდით­ მედგა. გასტროლებზე დაგვყავდა ხოლმე ლევანიკო - ეს ნანის სურვილი­ იყო. ორივე ჩემი ბიჭი ნანისთვის შვილია. ვერ წარმოუდგენია, რომ შვილიშვილები არიან.

"შვილიშვილებმა ახალგაზრდობა დამიბრუნეს"


მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ეკა კახიანი მაინც ახერხებს შვილიშვილებზე ზრუნვას და მიაჩნია, რომ რაც უფრო აქტიურად არის ბებია შვილიშვილის აღზრდაში ჩართული, მით უფრო ხანგრძლივად და ჯანმრთელად იცხოვრებს.

- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი შვილები არიან, მე გავაჩინე. თავიდან ვიწყებ ყველაფერს. დავიბრუნე ახალგაზრდ­ობა და რაც მთავარია, საოცარ ენერგიას­ ვიღებ ბავშვებისგან. სადღაც წავიკითხე, რომ ის ბებიები, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული შვილიშვილების აღზრდაში, უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უფრო ჯანმრთელები არიან. ასე რომ, მე, ალბათ, დიდხანს ვიქნები კარგად. ბებიაჩემს, რომელიც შარშან გარდაიცვალა, 102 წლისა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში. როდესაც დედას არ ეცალა, ბებიას დავყავდი პიონერთა სასახლეში, სკოლაში, მუსიკაზე. ბებიას როლი ძალიან დიდია ჩემს ცხოვრებაში და ალბათ, ამიტომ მიაღწია 102 წლამდე. შაბათი-კვირა მაქვს გამოყოფილი შვილიშვილებისთვის. ამ დღეებში ჩემთან არიან, მაგრამ კვირის სხვა დღეებშიც, როცა საჭირო ვარ, ვეხმარები. ნინი დედაჩემთან და მამაჩემთან ცხოვრობს და ისინი უფრო ჩართული არიან პატარა ელენეს აღზრდაში.

"ელენესთან ხმისთვის არასდროს ამიწევია"


თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი ბავშვის კვებასა და ტელეფონთან დამოკიდებულებაზე ვერ თანხმდებიან, სხვა საკითხებზე ოჯახში ერთსულოვნებაა.

- მარიამი ამბობს ხოლმე, მე და ელენე თამრიკოს შვილები ვართო და ხშირად ჰგონიათ, რომ მე ბებიისა და დედის ფუნქციები მაქვს შეთავსებული, მაგრამ ასე არ არის. ვთვლი, რომ შვილი უნდა იზრდებოდეს დედის აქტიურობით, ამიტომ ჩემი აქტიურობა განახევრებული მაქვს, თუმცა უჩინრად ბევრ ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაც შეიძლება ძალიან რთულიც იყოს, მაინც ვცდილობ, ჩემს თავზე გადაიაროს ბევრმა რამემ. ბევრი რამის უფლებას ვაძლევ ბავშვს, მაგრამ ყველაფრის - არა. ელენე უკვე 6 წლისაა. მე მას პიროვნებად მივიჩნევ, ბავშვი გრძნობს ამას და ძალიან სიამოვნებს. ელენესთან ხმისთვის არასდროს ამიწევია... მარიამი კი ისეთი დაკავებულია, რომ ვღელავ - არ მინდა, შვილთან კონტაქტი გაწყვიტოს. ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად, კვების რეჟიმს ეხება - მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა იკვებოს ჯანსაღად, მარიამს კი, ყოფილა შემთხვევა, სწრაფი კვების ობიექტში შეუყვანია ელენე. მეორე საკითხია ტელეფონსა და კომპიუტერთან ურთიერთობა, რაც არ იყო ჩემი შვილების ბავშვობისას. მე და მარიამი, ძირითადად, ამ ორ საკითხზე ვდაობთ.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით