პუტინი, ათონის მთის ივერთა მონასტერი და... ჯორი - კვირის პალიტრა

პუტინი, ათონის მთის ივერთა მონასტერი და... ჯორი

როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად...

ჩვენი წერილის ადრესატი მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსია. მოქმედების ადგილიც ყველასთვის ნაცნობია - ათონის მთა. წერილის ავტორს, მედეა თავდიშვილს კი მადლობას ვუხდით, რომ ჩვენში არც ისე ნაცნობი შემთხვევის შესახებ მოგვწერა.

"ათონის მთა პლანეტის უწმინდესი ადგილია, სადაც ჩვეულებრივ მოკვდავებთან ერთად ამა ქვეყნის ძლიერნიც ლოცულობენ, - უფლის წინაშე ყველანი ერთნი ვართ და რასაც უნდა მოიმოქმედებდეს ადამიანი, წუთით მაინც ყველა დაფიქრდება იმაზე, პირნათელია თუ არა მასთან. ამ მხრივ პრინცი ჩარლზი განსაკუთრებულია, - ის ათონზე, ვათოპედის ეკლესიაში თვეობით რჩება და ლოცულობს.

აი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქ პირველად 2005 წელს იყო და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვას დაესწრო. შემდეგ ივერთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა (იქ ხომ ათონის მთის უდიდესი სიწმინდე, ივერიის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული) და მამებს კურთხევა სთხოვა, რომ საჭესთან თავად დამჯდარიყო ივერთა მონასტრამდე. როცა ესკორტი მონასტერს მიუახლოვდა, გზაზე ჯორი გამოჩნდა, რომელსაც პუტინის ესკორტმა მშვიდად ჩაუარა. მანაც ასევე მშვიდად გაატარა ისინი, მაგრამ როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, შუა შარაგზაზე შევარდა და სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. რასაკვირველია, სასაცილო მდგომარეობაში მყოფი პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა.

ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად. საბოლოოდ, ჯორი პრეზიდენტს შეეშვა და განზე გადგა, მაგრამ როცა რუსეთის პრეზიდენტის კორტეჟი უკან ბრუნდებოდა, იმ ადგილას ჯორი ისევ საიდანღაც გამოხტა და პუტინის მანქანის წინ დაერჭო. მერე კი ზუსტად ისევე ეღობებოდა აქეთ-იქით, როგორც მონასტერში ასვლისას... დოკუმენტური ფილმიც კი არსებობს, სადაც პუტინი ჯორს გაკვირვებით შეჰყურებს. ასე რომ, ეს ამბავი დიდი მსჯელობის საგნადაც კი იქცა მსოფლიო მედიაში და, ალბათ, ათონის მთის მამათა შორისაც. არ ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის პრეზიდენტს ივერონის მონასტრის ამგებ ქართველთა მიმართ, მაგრამ ცხადია, ათონის მთაზე უამრავი მოვლენა ხდება, რასაც თავისი დატვირთვა აქვს. ამ ეპიზოდსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. შეუცნობელია საქმენი უფლისანი და ის ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს".