"ეს ბალეტი ქართულ სცენაზე უნდა დაიდგას!" - კვირის პალიტრა

"ეს ბალეტი ქართულ სცენაზე უნდა დაიდგას!"

"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა, - ცხადია, არავის უნდოდა მისი ქმნილება "ვეფხისტყაოსნის" ჩრდილში დაკნინებულიყო. თუმცა გაბედულები ყოველთვის გამოჩნდებიან და თურმე 1985 წელს "ვეფხისტყაოსანი" სანქტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადი) სცენაზე კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის დამსახურებით დაიდგა! სიტყვა "თურმე" იმიტომაც ვახსენე, რომ ამის შესახებ ჩვენში მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან.

რატომ დაიდგა ქართული შედევრი მაინცდამაინც სანქტ-პეტერბურგში, ამას თავისი მიზეზები აქვს. უპირველესი ის იყო, რომ კომპოზიტორი ამ დროს უკვე 75 წლის გახდა და მთელი სიცოცხლის ოცნების ასრულებას ჩქარობდა. საქართველოში ეს არ გამოდიოდა - დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა დიდ მუსიკოსთა შორისაც იყო, რაც იდეების განხორციელებას ხელს უშლიდა. ამიტომაც მაჭავარიანმა გადაწყვიტა, "ვეფხისტყაოსნისთვის" დაწერილი სიმფონია სანქტ-პეტერბურგში წაეღო... და სასწაულიც მოახდინა - სალაროებთან რიგები არ წყდებოდა, თეატრში კი - აპლოდისმენტები. იქ იყვნენ ის ქართველებიც, რომლებიც სპექტაკლისთვის სპეციალურად ჩავიდნენ. მათ შორის იყო მხატვარი შოთა კასრაძე, რომელსაც "ვეფხისტყაოსნის" სცენური ხიბლი დღემდე არ დავიწყებია.

თამარ ბელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე: - შიდა დაპირისპირებების გამო მაჭავარიანმა სპექტაკლის დადგმა თბილისში ვერ შეძლო... მისი გარდაცვალების შემდეგ კი სიტუაცია უფრო აირია. რთული წლებიც დაიწყო და ხელოვნება არავის ახსოვდა. ახლა ხომ გვახსოვს? უამრავი ფული იხარჯება უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად და რატომ არ უნდა შეგვეძლოს ჩვენსავე ქვეყანაში ჩვენივე საბალეტო სპექტაკლის დადგმა და თანაც ბრწყინვალე სპექტაკლის! მით უფრო, რომ წელს რუსთაველის 850-წლოვანი იუბილეც ახლოვდება.

კარგად მახსოვს, როგორ წერდა ამ ბალეტის შესახებ მაშინდელი უცხოური პრესა, "წყვდიადში გამომკრთალი სინათლის სხივი" უწოდეს!

- ქართულ პრესაშიც იყო გამოხმაურება?

- ნაკლებად. აკაკი ვასაძე წერდა ალექსი მაჭავარიანის სიმფონიაზე: "აღარ მახსოვს, რამდენ ხანს ვუსმენდი ამ სიმფონიას, ვერც ერთი წუთითაც ვერ მოვწყდი, შეპყრობილი ვიყავი მისი გულწრფელობითა და ბუნებრიობით". ზუსტად ასეთი გულწრფელი და ბუნებრივი გახლდათ "ვეფხისტყაოსანი", რომლის ქართულ სცენაზე დადგმასაც ვურჩევ მათ, ვისაც ეს შეუძლია!

იმედია, ჩვენი შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლების თხოვნას გაითვალისწინებენ და "ვეფხისტყაოსანი" ქართულ სცენას დაუბრუნდება.

ეთერ ერაძე