"ხან გვიხარია, ხან გვიჭირს, ცხოვრებას კი არ ვნებდებით" - კვირის პალიტრა

"ხან გვიხარია, ხან გვიჭირს, ცხოვრებას კი არ ვნებდებით"

"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული - 19 იანვარი ახლოვდება. ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში წყლით განანათლა ხალხის სიმრავლე და იესო ქრისტე. იესოს ნათელღების ჟამს ზეციდან გადმოეშვა სულიწმიდა მტრედის სახით და დაადგა თავს უფლის ძეს, ნიშნად კურთხევისა. მცხეთა მეორე იერუსალიმად არის სახელდებული ჩვენს ისტორიაში - აქ ბრძანდება კვართი უფლისა და ელია წინასწარმეტყველის ხალენი... მეც მცხეთელებსა და მცხეთურ განწყობაზე გიამბობთ.

შალვა ივანიძე: - საქართველოს ვულოცავ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ახლა იმ ადგილას ვდგავართ, სადაც "მოქცევაი ქართლისაის~ მიხედვით წმინდა მეფე-დედოფალი, მირიანი და ნანა, ქართველ ხალხთან ერთად, არაგვისა და მტკვრის შესართავთან, აქედან 50 მეტრში, წმინდა ნინოს მეოხებითა და რომის იმპერატორ კონსტანტინეს გამოგზავნილი პატრიარქის ხელდასხმით ეზიარნენ სარწმუნოებას. ბევრი ჭირ-ვარამი ახსოვს აქაურობას, მიწის თითოეული მტკაველი სარწმუნოებისთვის თავდადებულთა სისხლით არის გაპოხილი. ყველა დამპყრობელი ხომ აქედან იწყებდა საქართველოს მოოხრებას, ძარცვავდნენ ქალაქს, იტაცებდნენ სიწმინდეებს, შეურაცხყოფდნენ ტაძრებს...

შვილო, მცხეთის შემოგარენს რომ დააკვირდე, განსაკუთრებით ზამთარში, მაშინ, როცა ნიადაგი გაშიშვლებულია, მიწას მურა ჟანგისფერი, მოწითალო შეფერილობა დაჰკრავს. ამდენი ქარცეცხლით გამოიფიტა ჩვენი ციხე-ქალაქი, მკაცრი იერი მიიღო, ისევ ღვთიური მადლი თუ აცოცხლებს აქაურობას.

- ისტორიკოსი ბრძანდებით?

- არა, ჩემო ბატონო, სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის, - გულისტკივილით მეუბნება ძია შალვა და კანტიკუნტად მოსეირნე ტურისტებისკენ მიდის.

მეც დავემშვიდობე მადლიან მოსაუბრეს და მცხეთის ქუჩებს გავუყევი, ერთგან სკვერში მოხუცი შევნიშნე, 86 წლის სოლომონ დავთარაშვილი არმაზის ხეობიდან ამოწვერილ მზეს ეფიცხებოდა. გავჩერდი და გამოველაპარაკე:

- ხედავ იმ კლდეებს? აი, მანდ ჩაიმსხვრა არმაზის კერპები... გაგიგონია? ერთი - ოქროსი, მეორე - ვერცხლისა, მესამე კი სპილენძისა ყოფილა. პაპაჩემის მამას ურმით აქვს სახლში მონაზიდი... ჩუმად, ღამღამობით ეზიდებოდა თურმე. ჰა, მართლა ხომ არ დაიჯერე, ბალღო?! ეჰ, შვილო, ჩემზე გაჭირვებული დღეს მცხეთაში არც მეგულება, მაგრამ არც ბედს და არც ღმერთს არ ვემდური. ჩემ თვალწინ აშენდა და დამშვენდა მცხეთა. სად იყო ამდენი რკინაბეტონის სახლი, მარტო ტაძრები, კოშკები და ძველი ფანჩატურები გვედგა. ამ ასაკის ვარ და ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ჩემს წილად ერთ დოქ ღვინოს კიდევაც დავლევ.

ბევრ რამეზე მწყდება გული, ბევრიც მიხარია... ყველაზე მეტად მოგვთა ხიდის წყლით დაფარვა დამენანა, ზაჰესის მშენებლობის დროს მდინარემ რომ გადაუარა. ლამაზი ხიდი იყო, ქვებით მოკირწყლული. ბიჭობისას რამდენჯერ გადმოვმხტარვარ იქიდან. კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს... ვინ იცის, რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა...

ამ დროს სკვერში მოხუცმა ქალმა ჩამოიარა და მოგვესალმა.

- ქეთო, შენა ხარ? მოდი ცოტა ხანს, სტუმარი გვყავს, ჟურნალისტი, ან ავი უთხარი, ან კარგი!

ქეთევან მამისაშვილი: - აბა, რა ვთქვა; ჯერ ეკლესიაში მივდივარ, სანთელი უნდა ავანთო, მერე ბანკში უნდა ჩამოვიარო, 1 თვის პენსია წინასწარ გამოვიტანო, საახალწლოდ მაღაზიებში ცოტა ვალები დაგვიგროვდა, იმას გავისტუმრებ. ცოტა სანოვაგესაც მოვიმარაგებ, თორემ ერთი თუ ჩამოთოვა, მერე კარგად იყავი, მოყინულ გზებზე კი ვეღარ დავდივარ... აი, ასე, შვილო, ხან გვიხარია, ხან გვიჭირს, ცხოვრებას კი არ ვნებდებით.

აი, იმ მთას ხომ ხედავ (ჯვრის მონასტრის მთისკენ მიმანიშნებს)? ძველად თურმე კლდის ძირიდან წყარო მოჩქეფდა, გამვლელ-გამომვლელი ჩერდებოდა და იმ წყლით იგრილებდა სახეს. ამბობდნენ, სხეულსაც აჯანსაღებს და სულსაცო; შემდეგ წყაროს ზნე უცვლია, ხან დაწყდებოდა და გაუჩინარდებოდა, ხან ისევ წამოვიდოდა, ახლა ამბობენ, დაშრაო... კარგად გაიკითხე აბა, ხალხში და თუ რამეს მიაკვლევ, გაგვაგებინე..."

სკვერიდან სამთავროს დედათა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე თამარ ფანცქალაშვილს გავესაუბრე:

- საით მიგეჩქარებათ, ქალბატონო?

- სამთავროს ეკლესიაში, უნდა ვილოცო, თვის ბოლოს შვილიშვილს ველოდები და ხატს უნდა შევევედრო, კეთილად მომივლინოს პატარა... იქიდან კიდევ მცხეთის გამგეობაში უნდა ჩამოვიარო, დახმარება ვთხოვო გამგებელს. ისეთი სახლი გვაქვს, შიგ აღარ იცხოვრება, მრავალგზის დახმარების მოლოდინში წელი წელს მიჰყვება და დღემეხვალიობით ყური არავინ გვათხოვა. ჩემი ბიჭი იძულებული გახდა, ქირით 250 ლარად გადასულიყო მეზობელ უბანში, მუშაობს, მაგრამ იმდენი შემოსავალი არა გვაქვს, რომ ოჯახიც შევინახოთ და ქირისთვისაც გვეყოს. მე კი მაინც ვერ ვშორდები ჩემი სახლის ნანგრევებს... ისე, ჩემი გასაჭირი რომ გაგანდეთ, თუ გაზეთში დაბეჭდავთ, იქნებ ჩვენს გამგებელს გული შეუტოკდეს და დახმარების ხელი გამოგვიწოდოს.

მცხეთელებთან გასაუბრებამ საოცარი სითბოთი ამავსო. ამასობაში ბინდი ჩამოწვა და მეც იქაურობას გავეცალე.

კახა მჭედლიშვილი