"ღორის ქელეხი" გურიაში - კვირის პალიტრა

"ღორის ქელეხი" გურიაში

"არიქა, გურიკიე, რამაზიე... გოგიე ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნება!" - აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გურია იქნება!

ვინც გურიის სოფლებში კალანდობისას ყოფილა, უსათუოდ მოსმენილი ექნება ბავშვების მხიარული სიმღერა ღორის დაკვლაზე და, ალბათ, მისი მარტივზე მარტივი ტექსტიც ემახსოვრება: "თოვს, თოვს, ხოშკაკლავს, გოგიელე (სახელები, რასაკვირველია, იცვლება) მარუსიეს გაპარსავს, გემრიელად შევსანსლავთ". ამ სიმღერას მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი მოჰყვება, - არიქა, გოგიე (გურიკიე თუ რამაზიე) ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნებაო! აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გGურია იქნება! მწვადის სურნელებაც ისე მოჰყვება შეშის ბოლს ბუხრებიდან, უცხოც რომ იყო, დაუპატიჟებლად მოგინდება მასპინძლის ეზოში ჩასვლა, მე შენ გეტყვი და, არ მიგიღებენ! დაკეკლილ (დამარცვლილი მტევნებიდან გამოწურული) ადესასაც დაგალევინებენ და ისეთ ხასიათზე დაგაყენებენ, როგორც გურულები იტყვიან, ცაი და ქვეყანა შენი გეგონება...

სანამ შუაამაღლებაში სიხარულიძეების ეზოში დავიძახებდი, სოფლის სილამაზით ვტკბებოდი. ასეთ რამეს იშვიათად ნახავთ - ყველა ეზო თავისი ოდებითა და ასწლოვანი ხეებით მხატვრის შედევრს ჰგავს... სიხარულიძეებთან საქმეზე ვიყავი მისული და 100-კილოგრამიანი დაკლული ღორის დანახვაზე ისე დავიბენი, კინაღამ უკან გამოვბრუნდი, სხვა დროს გამოვივლი-მეთქი! ისე შემარცხვინეს, მეტი არ შეიძლებოდა, - ქართველი არა ხარ, სად გეიგე, ეზოში ჩამოსული სტუმრის უკან გაბრუნებაო! მასპინძლის განაწყენება არ ღირდა და თანაც რატომ არ უნდა მენახა, როგორ ამზადებენ მთავარი გურულები, ჩოხატაურელები, ღორის ყაურმას? აქ ის მწვადსა და საცივზე წინაც კი დგას.

ნამდვილი გურული ყაურმა რცხილის შეშის ბოლზე უნდა მომზადდეს, თანაც იმ "მინუტში" მოკრეფილი დაფნისა და ქონდრისაგან, რომელიც სიხარულიძეების დიასახლისმა იმდენი ჩაყარა ქვაბში, ვკითხე, ბევრი ხომ არ არის-მეთქი! აბა, მარტო წყალი თუ გინდა, ეგერ ჭა და სვიო, - მომიგო სხარტად... ამასობაში ღორის აჭრაც დაიწყეს... სხვათა შორის, ეს "ოპერაცია" დიდ ოსტატობას მოითხოვს და სიხარულიძეების სამტრედიელი სიძე ისე ატარებდა, გამოცდილი ჩოხატაურელებიც კი გააკვირვა - ღორი თვალის დახამხამებაში აქნა და სამწვადეებზე წამოაცვა. ამასობაში ბიჭებმა სუფსის თევზიც შემოიტანეს... პატარა ქეთომ სათლიდან ერთი თევზი ამოიყვანა და წყლიან ჯამში ჩასვა, - ეს არ მომიკლათ, ჩემი ოქროს თევზიაო.

სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, - ღორის მწვადსა და ყაურმასთან ერთად თევზი ვინ უნდა ჭამოს-მეთქი, მაგრამ - შენ ნუ გეშინია, მაგის მუშტარიც გამოჩნდებაო. ის კი არა, პატარა ქეთო ნალიასთანაც გაგზავნეს, ქათმები გამოგვირეკე, უნდა დავიჭიროთ და დავკლათო!

ბოლოს, სიხარულიძეების ოჯახში ყველა მეზობელი შეგროვდა. მალე მწვადისა და ადესის სურნელებამ იქაურობა აავსო და პირველი სადღეგრძელოც დაილია, - რაღა თქმა უნდა, მშვიდობის! მერე იმისთანა "სიყვარულობია" სადღეგრძელოები წავიდა, ჩვენში სუფრაზე რომ ეუბნებიან ერთმანეთს! ბოლოს, ყველაწმინდა სალოცავების, - მათ შორის, შუაამაღლების სალოცავისაც, სადაც საკალანდო ღორის ქეიფზე გურულების კრიმანჭული ცას სწვდებოდა... ამის შემდეგ მეც წამოვედი და მამაზეციერს ისევე ვთხოვე, ჩემმა გურულებმა რომ სთხოვეს სადღეგრძელოში, ღმერთო, შენ ნუ ამოკვეთ გურულების ფეხს ამ მიწაზე-მეთქი!

და მეც "დაკეკლილი ადესით" შეხურებული თამამად გეტყვით: - მიყვარხართ, ქართველებო, ჩვენ ერთმანეთზე უკეთესი არავინ გვყავს!

"ღორთან გამომშვიდობება კი გვეძნელება, მაგრამ..."

"ღორის ქელეხისთვის" კახელები დიდი მონდომებით ემზადებიან, გამიმართლა და მანაველი თენგიზ ბერუაშვილის ოჯახში შევესწარი.

- საახალწლოდ სიცივე მატულობს და როგორც ღვინის დასაჭაშნიკებლად, ისე ხორცის დასამარილებლად საუკეთესო დროა, "ღორის ქელეხიც" ამიტომ ემთხვევა ახალ წელს. გლეხსაც მეტი რა უნდა - მწვადებს ვაშიშხინებთ, ვამოწმებთ, როგორი ღვინო დაგვიდგა და მთელი წლის ნაჯაფარ მკლავებს ერთმანეთის მხრებზე ვასვენებთ - ხელგადახვეული ვმღერით მამაპაპურ მრავალჟამიერს!

კერის საგრილობელში, მარანში, ოჯახის დიასახლისი იამზე ბერუაშვილი ფენა-ფენა დაჭრილ ხორცს ამარილებს. ეს ის ადგილია, სადაც ღვინოსთან, ჩურჩხელებსა და ჩირ-ჩამიჩთან ერთად ხორციც ინახება.

- უწინ ხორცს ხის კასრებში ვინახავდით, ახლა პლასტმასის კასრიცა და ალუმინ-თუნუქის ქვაბიც გამოდგება. ახალი ხორცი ჩანგალზე იკიდება, რომ სისხლისგან დაიწრიტოს, განიავდეს და გამოშრეს, შემდეგ ხორცი მორჩილ ნაჭრებად იკუწება და ისერება, რათა მარილი კარგად აიღოს, კასრის ძირში მარილი იფინება და პირველი ფენა ხორცი იდება, ზემოდან მარილს ვაყრით, კიდევ ერთ ფენას ვაწყობთ და ა.შ., სანამ შესანახი ჭურჭელი არ გაივსება. "სალაც" მარილდება, სანელებლებით ზავდება და გრილ ადგილას ინახება.

აი, რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია საახალწლოდ გამოზრდილ ღორს. მართალია, მასთან გამომშვიდობება ყველას ეძნელება, მაგრამ რას ვიზამთ, ასე ყოფილა ჩვენი ადათ-წესი - უფრო დიდი სიკეთისთვის მსხვერპლი უნდა გავიღოთ...

ასე რომ, "ღორის ქელეხში" გეპატიჟებით, მეზობლებო, მეგობრებო, ახლობელ-ნათესავებო. რასაც მწვადად მოვერევით, ხომ კარგი, რასაც არა, საზამთროდ ვინახავთ.

ეთერ ერაძე

კახა მჭედლიშვილი