რეკორდსმენი ქართველები - კვირის პალიტრა

რეკორდსმენი ქართველები

დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი

ანა ლომინაძემ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს 17 წლისამ ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21, 76 წამში - 25-მეტრიანი აუზი

25 წლის დავით ბეგიაშვილი სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბისხევში დაიბადა და გაიზარდა, მერე ახმეტაში მოუწია ოჯახს გადასვლამ.…

ახლობლების მიმბაძველობით დაიწყო ვარჯიში, სპორტის სახეობათაგან ძიუდო აირჩია. 2009 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ერთ საათში 3203 მუცლის პრესი გააკეთა. მერე სულ უფრო აუმჯობესებდა რეკორდებს. 2012 წელს კი დაამყარა მორიგი მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი.

დავით ბეგიაშვილი, საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი:

- საქართველოში რეკორდების ფედერაცია 2012 წლის თებერვალში დაფუძნდა და ერთ წელიწადში ქართველებმა ათამდე მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. 2015 წელს 30-ზე მეტი მსოფლიო რეკორდსმენი გვყავდა. 2016 წელსაც 20-მდე მსოფლიო რეკორდი დამყარდა. იმატა იმ მსურველთა რიცხვმაც, რომლებსაც სურთ არაორდინარულ სახეობებში დაამყარონ რეკორდი. მაგალითად, შარშან 29 წლის თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი ფორტეპიანოზე დაკვრაში დაამყარა, ის 25 საათის განმავლობაში გაუჩერებლად უკრავდა. გასულ წელს დიჯეი ვაჟიკოს სურდა რვა დღის განმავლობაში შეუსვენებლად დაეკრა, თუმცა რეკორდის დაწყებიდან სამ დღეში შეწყვიტა დაკვრა. მსოფლიო არა, მაგრამ ეროვნული რეკორდი კი დაამყარა.

14 წლის ქუთაისელმა იოანე ნიკოლაიშვილმა პლანშეტზე 4.25 წამში აკრიფა ქართული ანბანი. ეს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბის რეკორდია, არამედ მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

65 წლის ვლადიმერ მისაბიშვილმა 32 წამში გამოთვალა ასნიშნა რიცხვის 23 ხარისხის ფესვი ზეპირად. თვითნასწავლმა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ 5 383 ესკიზი და 10 ათასზე მეტი აბსტრაქტული ნახატი ციფრულ ფორმატში შექმნა.

2012 წლის ივლისში, თბილისში, ლუდის ფესტივალზე, გიორგი აბრამიშვილმა 3.34 წამში დალია 400 მილილიტრი ლუდი და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა, გურამ უსიტაშვილმა კი კბილებით გაათრია ერთმანეთზე გადაბმული ოთხი ავტომობილი.

ავღანეთში ISAF-ის მისიის მონაწილე ქართველმა ოფიცერმა თემურ დადიანმა, რომელიც 2011 წელს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა (დაკარგა ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი) 2014 წელს რეკორდი დაამყარა ამპუტირებულ აზიდვებში. პირველი რეკორდისას 36-ჯერ აიზიდა, ხოლო მეორე რეკორდისას - 44-ჯერ. ახალციხელმა არტაშეს ელბაქიანმა ტურნიკზე 401 ბრუნი შეასრულა შეუსვენებლად და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

კუკური სალბიშვილმა სასჯელის მოხდის პერიოდში ოთხჯერ დაამყარა რეკორდი აზიდვების ურთულეს სახეობაში. პირველი რეკორდი 2013 წელს - შუათითზე დაყრდნობილი 17-ჯერ აიზიდა. იმავე წელს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ერთი ხელის ორ თითზე 49 აზიდვა შეასრულა.

2015 წელს ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა შუათითით ადგილიდან დაძრა მატარებლის 22,5-ტონიანი ვაგონი და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ანა ლომინაძე ერთადერთი ქართველი ქალი რეკორდსმენია. მან ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21,76 წამში - 25-მეტრიანი აუზი.

- როგორ უნდა მოგმართონ მსოფლიო თუ ეროვნული რეკორდის დამყარების მსურველებმა?

- გვაქვს ვებვერდი, სადაც მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ფეისბუკგვერდი. შეუძლიათ მოგვწერონ, დაგვირეკონ. შემდეგი ეტაპია განაცხადის შევსება. მსოფლიო რეკორდსმენს გადავცემთ სერტიფიკატს. ასე რომ, ველით ახალ რეკორდსმენებს.

"ღვთიური" მრავალთითიანობა

45 წლის ინდოელი დევენდრა სუტჰარი 28 თითით დაიბადა - მას 7-7 თითი აქვს ხელებზეც და ფეხებზეც, რის გამოც გინესის რეკორდსმენია. დევენდრა სულაც არ არის მრავალთითიანობით უკმაყოფილო. პირიქით, მიაჩნია, რომ დამატებითი თითები ღვთის საჩუქარია და ძალიან ეშინია, სამუშაოზე შემთხვევით რომელიმე არ წაიკვეთოს - იგი ხომ დურგალია.

გერჰარდის "ტომაჰავკი"

გერმანელი გერჰარდ დონი გინესის ორგზის რეკორდსმენია - ის ოსტატურად ტყორცნის ვანტუზებს (ეს ყველასთვის ცნობილი რეზინისბოლოიანი ჯოხი დანაგვიანებული სველი წერტილის ჩასაწმენდი მოწყობილობაა წყალსადენის მილში დაგროვებული ჰაერის ავტომატურად გამოსადევნად) მონაწილეთა ზურგზე მისამაგრებლად. გერჰარდმა პირველად რეკორდი იაპონიის ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში დაამყარა - ერთი წუთის განმავლობაში ვანტუზი 15 კაცს "მიაწება" ზურგზე, ახლახან კი თავისივე რეკორდი 1 ვანტუზით გააუმჯობესა.

თორნიკე ყაჯრიშვილი