ქვის კაცის სამფლობელოში - კვირის პალიტრა

ქვის კაცის სამფლობელოში

შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა. გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონატები შოთა კუდავას 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.

ქვის დარბაზში კედელზე დაუდვიათ ბინა ქვის ლომს, სპილოს, ნიანგს, არწივს... ქვათა ჰარმონიას ბუნებრივად შერწყმია უამრავი უძველესი ნივთი - მაჰაგონის დიდი მაგიდა, უძველესი სკივრი, ჭერში ჩამოკიდებული გიდელა, სპილენძის თუნგები, ჭაღად კი ფაეტონის ბორბალს ნახავთ.

- "ქვის კაცი" ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ნარგიზა მგელაძემ შემარქვა. გაივლის ოცი წელი და 100 წლის გავხდები, მე, ადამიანი, დავამთავრებ სიცოცხლეს, მაგრამ ქვები მარადიულია, საუკუნეებს უძლებს...

პროფესიით ეკონომისტი ვარ და ხშირად მიწევდა მივლინება საქართველოს ყველა კუთხეში. ვმუშაობდი ტურიზმის რესპუბლიკურ საბჭოშიც, ბუნებასთან კონტაქტმა, ქვების სიყვარულმა გადამაწყვეტინა მათი შეგროვება... საქართველოში ვინც კი ცნობილი მოღვაწეა, ყველას უნახავს ჩემი მუზეუმი, ამერიკის ექსპრეზიდენტი ნიქსონიც კი მყავდა სტუმრად. დაუპატიჟებლად მესტუმრა, მითხრეს, არაოფიციალური ვიზიტი აქვს და თარჯიმანი არა გვყავსო. სამწუხაროდ, ისე გავუშვი, ერთი სიტყვაც ვერ ვუთხარით ერთმანეთს. ჩემს მინიმუზეუმში ვინ არ ყოფილა, შთაბეჭდილებების წიგნში ვერ ფარავენ ნანახით აღტაცებას.

- ტურისტები თუ მოდიან?

- ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ჩემი მინიმუზეუმი ტურისტების მოსანახულებელ ობიექტთა ნუსხაში არ ჩასვა, არადა, ურიგო არ იქნება, თუ ამას გააკეთებენ. ამდენი ბუნებრივი ქვისგამოსახულებიან ექსპონატს ანალოგი არა აქვს. დიდი ვაჟა წერდა: "უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა". მან ეს პოეტურად თქვა, მე კი, "ქვის კაცმა" მათ თავი მოვუყარე.

ნანა ფიცხელაური