"სამი შვილი მყავს და რა უფლება მაქვს, ავადმყოფობას დავნებდე!" - კვირის პალიტრა

"სამი შვილი მყავს და რა უფლება მაქვს, ავადმყოფობას დავნებდე!"

მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს... დედამ ახალშობილი შობის ღამეს მიატოვა. მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ დაბადებული პირმშო დედამ უარყო, აფრიკის დასახლებასთან, ერთ მივარდნილ ადგილას, მარტოხელა დედა 33 წლის ნათია ქირია სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაუნდობელ ცხოვრებასა და მძიმე დიაგნოზს ებრძვის. ამ პატარა ნაქირავებ ოთახში არც წყალია და არც გაზი.

"ახალ წელს ერთი ლიმონათი ავიღეთ ნისიად"

"თბილისში მშობლებთან და დებთან ერთად ვცხოვრობდი. გვქონდა სახლი, რომელიც დავკარგეთ. 12 წლისაც არ ვიქნებოდი, როცა დასავლეთიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა და მშობლები დაიღუპნენ. მამიდამ სოფელში წაგვიყვანა. მისი დამსახურებაა, თუ რამე კარგი გვაქვს მე და ჩემს დებს. ჩემს კლასელს გავყევი ცოლად, სამი შვილი გაგვიჩნდა. არ მინდა ამ საკითხზე საუბარი...

აქ რომ მოვედი, ცემენტის იატაკზე დიქტის ნაჭრები გავფინე და ზემოდან პლედები გადავაფარე. ბავშვები რომ არ გამიცივდნენ ელექტროქურით ვთბებით, როგორც კი ვთიშავ, მაშინვე იყინება აქაურობა. ეს გამათბობელი საათში სამ ლარს წვავს. ჩემი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა - 270 ლარი და მრავალშვილიანობის 150 ლარი, ჯამში 420 ლარია, 100 ლარს ქირაში ვიხდით. თვიდან თვემდე თავი ნისიად აღებული პროდუქტებით გაგვაქვს. შეშის ღუმელსაც ვერ ვდგამ, რადგან არც შეშა მაქვს და არც ღუმელი, მაგრამ რომც მქონდეს, ამ ციცქნა ოთახში ვერსად დავდგამ. წყალი ეზოში მოდის, როცა ყინვაა, მილები იყინება და სანამ არ გალხვება, წყალი არა გვაქვს. ნიჟარა რომ მქონდეს, დავაყენებდი ოთახში და ჭურჭელს მაინც დავრეცხავდი. ეზოში პატარა ბოსტანი მაქვს, მწვანილი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა მქონდა დათესილი. მაგრამ უწყლობის გამო, არაფერი მოდის. მეც მინდა, ჩემს შვილებს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ, მაგრამ... ახალ წელს ერთი ლიმონათი ავიღეთ ნისიად. ბავშვები არ არიან პრეტენზიული, მაგრამ ოცნებები მაინც აქვთ, ნეტავ გვქონდეს კომპიუტერი, ტელევიზორიო... მერე თავს თვითონვე იიმედებენ, არა უშავს, მერე ვიყიდოთო. ეს "მერე" როდის დადგება, არავინ იცის..."

"ვიბრძვი და ვიცი, რომ ყველაფერს დავძლევ"

უმცროსი ალერგიული მყავს, შემწვარი არ ეჭმება, შუათანას ფილტვში წყალი უდგება, საკმარისია, გაცივდეს და უკვე პრობლემები ექმნება. თვეში ორჯერ პოლიკლინიკაში გვიწევს მისვლა. მესამეს ფეხზე სამი თითი აქვს, ამიტომ ერთი ფეხსაცმელი ყოველთვის დიდი აქვს და სძვრება ფეხიდან...

სამი თვის წინ ცუდად გავხდი და სიმსივნის პირველი სტადია დამიდგინდა, ვმკურნალობ, ვიბრძვი და ვიცი, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს დავძლევ. ქიმიოთერაპიის გაკეთება უკვე დავიწყე. დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ და საკუთარი თავი გავამხნევე. სხვანაირად არ შეიძლება, მე ხომ სამი შვილი მყავს, რომლებიც გზაზე უნდა დავაყენო. რა უფლება მაქვს, დავნებდე?!

უფროსი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ხშირად მახარებს თავისი წარმატებით. მჯერა, რომ სამივე იმედს გამიმართლებს. სულ ვფიქრობ, რა იქნება ხვალ?! მინდა, უფროსი შვილი ექიმი გამოვიდეს და სულ ამას ჩავჩიჩინებ, შუათანას კი ვეტექიმობა უნდა... "

P.S. აფრიკის დასახლებას რომ გასცდები, რუსთავისკენ მიმავალ გზაზე ტრიალ მინდორში, ძველი, მიტოვებული ავტომობილების შორიახლოს, ცხოვრობს გმირი დედა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს. სჯერა, რომ ხვალ იმაზე უკეთესი დღე გათენდება, ვიდრე დღეს იყო. ამ ოცნებას შვილებში ხედავს, რომლებმაც დედას იმედი უნდა გაუმართლონ.

იხილეთ სიუჟეტი

თორნიკე ყაჯრიშვილი