მერია ჯანსაღ ხეებს დაზიანებულად აფასებს?! - კვირის პალიტრა

მერია ჯანსაღ ხეებს დაზიანებულად აფასებს?!

2016 წელს თბილისში მერიის ნებართვით 709 ხე მოიჭრა, მათგან 500 დაზიანებულად არის შეფასებული, 209 კი - ჯანსაღად. დაზიანებულად შეფასებული ხეების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა. მაგალითად, 2013 წელს მოჭრილი 946 ხიდან დაზიანებულად შეფასდა მხოლოდ 36

"ეს ინიციატივა კორუფციის რისკს ქმნის. სამშენებლო კომპანია შეიძლება გაურიგდეს მერიის ჩინოსანს, ჯანსაღი ხეები გამოაცხადონ გამხმარად და უპრობლემოდ მოჭრან"

თბილისში, 2015 წლის 29 მარტს, გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა იანს ლემანმა სასტუმროს ფანჯრიდან ქალაქს გახედა და სოციალურ ქსელში დაწერა: "აქ ყველაფერი ნაცრისფერია". წყნეთიდან ან ლისის ტბიდან თბილისში დაბრუნების ყოველ ჯერზე ლემანი მახსენდება და ვფიქრობ, ჩემსავით რომ ხედავდეს მტვრისა და გამონაბოლქვის ნისლში ჩაძირულ თბილისს, სოციალურ ქსელში იმასაც დაწერდა, რომ აღარასოდეს ჩამოვა ქალაქში, სადაც სუნთქვა შეუძლებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევის თანახმად, დედაქალაქში სუნთქვა უფრო გაძნელდება. ორგანიზაციის წევრებმა 2016 წელს თბილისში ხეების მოჭრის შესახებ მერიის განკარგულებები გააანალიზეს. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს თბილისში მერიის ნებართვით 709 ხე მოიჭრა, მათგან 500 დაზიანებულად არის შეფასებული, 209 კი - ჯანსაღად. დაზიანებულად შეფასებული ხეების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა. მაგალითად, 2013 წელს მოჭრილი 946 ხიდან დაზიანებულად შეფასდა მხოლოდ 36.

გარემოს დამცველთა აზრით, მერია ჯანმრთელ ხეებსაც დაზიანებულად აფასებს (ერთ-ერთი მაგალითია 2016 წლის აგვისტოში ყაზბეგის პროსპექტზე მოჭრილი ნაძვები), რათა სამშენებლო კომპანიებს მათი მოჭრა გაუადვილდეთ და ამას საზოგადოების პროტესტი არ მოჰყვეს.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" განცხადებით, ხეების უმრავლესობა თბილისში სწორედ სამშენებლო კომპანიების მოთხოვნით იჭრება. ნებართვას მერია გასცემს. 2013-2016 წლებში გაცემული 583 ნებართვიდან 392 შემთხვევაში მითითებულია, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებით გაიცა.

გიორგი ხატიაშვილი, IDFI-ს ანალიტიკოსი: - ვშიშობთ, მიმდინარე წელს ხეების მოჭრა უფრო გაადვილდება, რადგან ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანია მ2-მა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით მიმართა, სამშენებლო კომპანიებისთვის ხმელი ან დაზიანებული ხის მოჭრაზე კომპენსაციის ვალდებულება მოეხსნათ. ეს ინიციატივა კორუფციის რისკს ქმნის. სამშენებლო კომპანია შეიძლება გაურიგდეს მერიის ჩინოსანს, ჯანსაღი ხეები გამოაცხადონ გამხმარად და უპრობლემოდ მოჭრან. მიწის მესაკუთრეს თუ მშენებელს გაუჩნდება ცდუნება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე დააზიანოს ხე და შემდეგ ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე მოჭრას. ცხადია, ამ შემთხვევებში ჩინოსანი სარგებელს ნახავს.

2016 წელს ხის ჭრაზე ნებართვის გაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი აღემატებოდა 2011-2016 წლებში ხეების მოჭრით მიღებულ შემოსავალს.

პრობლემად რჩება ყაზბეგის პროსპექტზე ჯანსაღი ხეების უკანონოდ მოჭრაც. მოჭრაზე თანხმობის მიხედვით, ხეები გამხმარი იყო, რეალურად კი ჯანსაღი აღმოჩნდა, პროკურატურა დღემდე იძიებს, ხეები მართლაც ჯანსაღი იყო თუ არა.

IDFI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა მერი დავით ნარმანია. "2016 წელს სანიტარიულ ჭრებს ვახორციელებდით, რომლის ფარგლებშიც ხეების ნუმერაცია ხდებოდა, მდგომარეობა ფასდებოდა და ამის შემდეგ იჭრებოდა. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც აბსოლუტურ მაჩვენებელში ციფრების ზრდა გამოიწვია. სანიტარიული ჭრა აუცილებელია იმისათვის, რომ დაავადებულმა ხეებმა სხვა ჯანსაღი ხეც არ დააზიანოს. ამისთვის არსებობს სპეციალისტების დასკვნა". ალბათ, ნარმანიას მიერ ნაგულისხმები სპეციალისტები ან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიან.

გასულ წელს "კვირის პალიტრა" სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანებული წიწვოვანების კორომების შესახებ წერდა, რომელთა მოჭრა და გამოტანა საშურია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიებზე ჯანსაღ ხეებსაც დააავადებს. ლისის ტბის ერთ მხარეს, მთაზე შეფენილ ფიჭვნარში, უამრავი ხე გამხმარია. თითოეულზე წითელი ჯვარია გამოსახული. ნიშნები ორი წლის წინ, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში ბიძინა გიორგობიანის ხელმძღვანელობის დროს გაჩნდა. მისი ორგანიზებით, გამხმარი ხეების დანიშვნის პროცესში ნატა ფერაძე და მისი გუნდის წევრებიც მონაწილეობდნენ იმ იმედით, რომ კარგი საქმე გაკეთდებოდა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ მერიამ ყველა ერთად ერთხელ კიდევ "გადააგდო". ხეები უფრო გახმა და ალბათ, ირგვლივ მეტიც დააავადა.

ბოლო დროს მოხშირებულმა ქარმა მერიის შესაბამის სამსახურს საქმე გაუადვილა, ზოგიერთი ხე ძირფესვიანად მოთხარა, თუმცა გამოტანაზეც არავინ ზრუნავს, რადგან, დიდი ალბათობით, ისევე როგორც მთაწმინდაზე, კუს ტბაზე, ნუცუბიძის ფერდობების გასწვრივ და კიდევ ბევრგან სანიტარიული ჭრის აუცილებლობა "დაივიწყეს", შესაძლოა, იმიტომაც, რომ ამ ადგილებში ჯერ არავინ არაფერს აშენებს.

საგულისხმოა ერთი ფაქტორიც: მერიც და მისი გუნდის წევრებიც აცხადებენ, რომ ათასობით ახალ ხეს რგავენ. თუმცა ახალი ნარგავების დიდ ნაწილს ჯერ არ გაუხარია და ეგეც არ იყოს, თამარაშვილის ქუჩაზე რომ 30 ჯანსაღ მრავალწლოვან ხეს მოჭრი, ვაშლიჯვრისკენ მიმავალი ახალი გზის გასწვრივ ან თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში რამდენი ნერგიც უნდა დარგო, ქვემო საბურთალოს მოსახლეობას ვერაფერში არგია და ამიტომაც ჩანს ზემოდან გადმოხედვისას ქალაქი ნაცრისფერ, სულის შემხუთველ ნისლში ჩაძირული.

ეკა ლომიძე