"ბახმარო ერთდროულად 5 500-მდე მოთხილამურეს მიიღებს!.." - კვირის პალიტრა

"ბახმარო ერთდროულად 5 500-მდე მოთხილამურეს მიიღებს!.."

ინგუ შლუტიუსი: - ბახმარო გასულ წელს აღმოვაჩინე, გაოგნებული დავრჩი მისი უნიკალურობით და დავიწყე მისი შესწავლა. მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ტურისტებს მოსწონთ ბახმარო, აღფრთოვანებას იწვევს აქაური ბუნება

მთებში გარინდული ბედნიერება - აი, ამ სამ სიტყვაში ჩავატიე შარშანდელი ემოციები, როცა თოვლში ჩაფლულ ბახმაროს ვესტუმრე... არც შევმცდარვარ, ახლა მეტი დამაჯერებლობით შემიძლია ვთქვა ეს სიტყვები და რამდენიმე დღის წინ ბახმაროში ყოფნისას განცდილი ემოციები კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ. შარშან თუ სოფელ ნაბეღლავიდან ბახმარომდე მიმავალი გზა საბჭოთა დროინდელ ტრაქტორზე გამობმული უზარმაზარი მარხილით 7 საათში გავიარეთ, ამჯერად თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ზუსტად ერთ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით. მგზავრობა ბევრად კომფორტული აღმოჩნდა და ულამაზესი ხედების თვალიერებაში ბახმაროსკენ მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზაც ისე ავიარეთ, ვერც ვიგრძენი, როგორ აღმოვჩნდი ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე. აი, ეს არის ბედნიერება, აი, ეს არის საქართველო...

ბახმაროზე შეყვარებული გერმანელი

პირველად ბახმაროს ისტორიაში წელს კურორტი ზამთარში უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს. გერმანელი ტურისტი და ინვესტორი ინგუ შლუტიუსი მეგობართან ერთად აქ გაზაფხულამდე დარჩება. ის ორი წელია, რაც საქართველოშია და იკვლევს უხვთოვლიან განვითარებად სამთო კურორტებს. ბახმაროსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს... რამდენიმე დღეში ბახმაროს უცხოელ ტურისტთა დიდი ჯგუფი ეწვევა. ინგუ შლუტიუსის თქმით, ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტს, დიდი პოტენციალი აქვს და მალე ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ზამთრის კურორტი იქნება მსოფლიოში.

ინგუ შლუტიუსი: - ბახმარო გასულ წელს აღმოვაჩინე, გაოგნებული დავრჩი მისი უნიკალურობით და დავიწყე მისი შესწავლა. წელს გვაქვს პირველი სატესტო სეზონი, შევიძინე სპეციალური ტექნიკა და დავიქირავე კოტეჯები. დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი გუბერნატორს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, მადლობა პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტს" კვალიფიციური კადრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ტურისტებს მოსწონთ ბახმარო, აღფრთოვანებას იწვევს აქაური ბუნება.

"ბახმაროში 36 ბუნებრივი სათხილამურო ტრასაა..."

ევროპელი ტურისტების დასახვედრად კურორტზე მუშაობა საცაა დამთავრდება. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ამბობს, უკვე შედგა კურორტის გენერალური გეგმა, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს:

- პირველი ეტაპი სარეკრეაციო, ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენგეგმის შემუშავებას გულისხმობს. ასევე ითვალისწინებს კურორტის ეკოლოგიურ კვლევას, ფლორისა თუ ფაუნისა და კერძო საკუთრების შესწავლას. მოგეხსენებათ, ბახმაროს ტერიტორიაზე სამი სახის - მუნიციპალური, სახელმწიფო და კერძო საკუთრება არსებობს. შევადგინეთ გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბახმარო როგორც სამთო კურორტი. ამ ყველაფერს დავამტკიცებთ და გადავცემთ მთავრობას, რომ დაიწყოს მეორე ეტაპი.

პირველი ეტაპის კვლევის საფუძველზე დაფიქსირდა 36 ბუნებრივი სათხილამურო ტრასა, რომლის საერთო ფართობი 75 ჰექტარს შეადგენს. მთის ჩრდილოეთი მხარე პერსპექტიულია, რაც დამატებით 145 ჰექტარ სასრიალო ტრასას მოიცავს. ბახმაროს შეუძლია ერთდროულად 5 500-მდე მოთხილამურე მიიღოს.

თოვლის საფრის კვლევა მეორე ეტაპზე ჩატარდება. შევისწავლით ქარის მიმართულებასაც, დავადგენთ, სად უნდა განთავსდეს საბაზო ადგილები, საიდანაც საბაგიროს დავუკავშირდებით. სავარაუდოდ, სამი საბაგირო დამონტაჟდება...

"გუგლის" საძიებო სისტემაში იქნება გურიაც, თავისი ღირსშესანიშნაობებით"

გურიის გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის თქმით, რეგიონი, თავისი ღირსშესანიშნაობებით "გუგლის" საძიებო ბაზაში განთავსდება და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ყველა ინფორმაციის მოპოვება გახდება შესაძლებელი.

- ძალიან მალე ბახმარო ზამთრის საუკეთესო კურორტი იქნება. ველოდებით დამატებით უცხოურ ინვესტიციას. პარალელურად, ევროპული გრანტით მიმდინარეობს ტურიზმის პოტენციალის შესწავლა. ეს უნიკალური კურორტი ზამთარშიც ისეთივე ხალხმრავალი იქნება, როგორიც ზაფხულში. ვიმედოვნებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში შიდაინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოიყოფა თანხები და დაიწყება ფართომასშტაბიანი სამუშაოები."

სპორტსმენებისთვის და ექსტრიმის მოყვარულთათვის...

კურორტ ბახმაროს გამგებელი დავით საჯაია ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს გერმანელმა სპეციალისტებმა გამოცადეს თოვლი და პირველადი დასკვნაც წარმოადგინეს. სწორედ შარშან დაინგრა მითი, თითქოს ბახმაროს თოვლი მოთხილამურეთათვის გამოუსადეგარია. კურორტი მალე უმასპინძლებს როგორც სპორტსმენებს, ისე ექსტრიმის მოყვარულებს.

- წელს პირველი ზამთრის სეზონია, როცა კურორტი უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს. ბევრია მსურველი, თუმცა გზის გამწმენდი ტექნიკის არარსებობის გამო ტურისტებს აქ ამოსვლა უძნელდებათ. ამჟამად ბახმაროში ერთი თანამედროვე ტიპის გზის გამწმენდი ტრაქტორია, რომელიც კერძო ინვესტორს ეკუთვნის. რამდენიმე დღეში კიდევ 60-მდე უცხოელ ტურისტს ველოდებით, მომავალ წელს კი - 200-ზე მეტს.

P.S. თუ გიყვარს თოვლი და გინდა, ნახო ნამდვილი ზამთარი, ისეირნო ღრუბლებთან ერთად, შეეგებო მზის ამოსვლას, ნახო ცადაწვდილი ნაძვი, მაშინ აუცილებლად უნდა ნახო მთებში ჩაკარგული ბედნიერება, სახელად ბახმარო...

თორნიკე ყაჯრიშვილი