"ტრამვაის განადგურება უგულავას უკავშირდება" - კვირის პალიტრა

"ტრამვაის განადგურება უგულავას უკავშირდება"

ტრამვაი მუხრანის ხიდზე დადიოდა, ავლაბრისკენ უხვევდა, ისევ ხიდს გადმოდიოდა და დღევანდელ პუშკინის ქუჩასთან ასრულებდა მარშრუტს. ამიერკავკასიაში პირველი ელექტრონული ტრამვაი თბილისში 1904 წელს გაიხსნა...

იმ ადგილას, სადაც დღეს ბარათაშვილის ხიდია, უწინ ბორანს დღეში 2 ათასი კაცი გადაჰყავდა მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე. მოგვიანებით კი იქ მუხრანის ხიდი ააშენეს

ტბილისის პანორამული ფოტოისტორია 1860 წლიდან იღებს სათავეს. გვაქვს რამდენიმე ნიმუში, რომელიც მაშინდელი ქალაქის იერს გვინახავს. მათ შორის დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის მიდამოებია, სადაც უწინ ბორანს დღეში დაახლოებით 2 ათასი კაცი გადაჰყავდა მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე. მოგვიანებით კი ამ ადგილას ხიდი ააშენეს. "თბილისის ჰამქრის" ერთ-ერთი დამაარსებელი გოგა ქართველიშვილი ძველი ფოტოების ისტორიის შესწავლით არის გატაცებული. ამჯერად მუხრანის ხიდის ისტორიას გვიამბობს.

- 1882 წლიდან მიმდინარეობდა მსჯელობა - იმ ადგილას, სადაც უწინ ბორანი მოძრაობდა, ხიდი აგებულიყო. იმ დროს ქალაქისთავი ალექსანდრე ხატისოვი გახლდათ, თბილისის უზომოდ მოყვარული კაცი, რომელსაც არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია, მათ შორის ტრამვაის ხაზის გაყვანა, წყლით მომარაგების სისტემის შემუშავება, ქუჩების გაზით განათება, მოასფალტება... მის დროს გადაწყდა მუხრანის ხიდის აგებაც და უკრაინიდან ინჟინერ-მექანიკოსი, ხიდების მშენებლობის სპეციალისტი, ევგენი პატონი მოიწვია. პატონმა იმ დროისათვის ამბიციური პროექტი შესთავაზა - ლითონის კონსტრუქცია თაღოვანი ზედაპირით... მუხრანის ხიდი (1966 წლიდან ბარათაშვილის ხიდი) იმითაც არის უნიკალური, რომ პატონმა მის ასაგებად იმდროინდელ ამიერკავკასიაში პირველად გამოიყენა შედუღების ტექნიკა. ხიდისთვის ავსტრიიდან ევკალიპტის ხეები ჩამოიტანეს. ეს ხე ჭაობიან, ნესტიან ადგილს კარგად უძლებს, მაგრამ რატომ ჩამოიტანეს ავსტრიიდან და არა ბათუმიდან ან გურიიდან, ვერ გეტყვით. უწინ იმ ადგილს მუხათუბანი ერქვა. იქვე იდგა მუხრანსკების სასახლეც. აქედან გამომდინარე, ხიდსაც მუხრანის ხიდს ეძახდნენ.

ხიდი 1911 წლის 24 აპრილს პომპეზურად გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ მეფისნაცვალი, გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი და ქალაქისთავი ხატისოვი. მორთულ ხიდზე სუფრა იყო გაშლილი. ხიდის აგების ხარჯი ქალაქის მთავრობის ბიუჯეტიდან დაუფარავთ. წლების განმავლობაში მუხრანის ხიდი ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. დარწმუნებული ვარ, ის დღესაც დაამშვენებდა თბილისს. სამწუხაროდ, 1965 წელს დაშალეს.

თურმე გოგლა ლეონიძე ძალიან წუხდა მუხრანის ხიდის დანგრევის გამო. მის გადასარჩენად ძალა არ დაუშურებია, მაგრამ არ მოუსმინეს. მტკვარი ხელოვნურად დააშრეს და ხიდის საძირკველს ტივითა და ნავით მიუახლოვდნენ.

- რატომ დადგა მუხრანის ხიდის დანგრევისა და ახალი ხიდის აგების საკითხი?

- დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი 1966 წელს აშენდა. არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი გახლდათ. მან აღადგინა ბარათაშვილის დღევანდელი ქუჩა, კონკის მხარეს მდებარე სახლები - ლამაზი, გადმოკიდებული აივნებით. ტრამვაი მუხრანის ხიდზე დადიოდა, ავლაბრისკენ უხვევდა, ისევ ხიდს გადმოდიოდა და დღევანდელ პუშკინის ქუჩასთან ასრულებდა მარშრუტს. ამიერკავკასიაში პირველი ელექტრონული ტრამვაი თბილისში 1904 წელს გაიხსნა. ამ ტრანსპორტის ისტორია ჩვენს დედაქალაში 102-წლიანია და მისი განადგურება 2006 წელს გიგი უგულავას სახელს უკავშირდება. ქალაქში პირველი ტრამვაის მფლობელები ბელგიელი აქციონერები ყოფილან, მემანქანეები კი - ქართველები. ისტორიამ პირველი თბილისური ელექტროტრამვაის ვატმანის სახელიც შემოგვინახა - მიხაკა ქაცარავა. მუხრანის ხიდის დაშლის შემდეგ ტრამვაის მარშრუტიც გაუქმდა - ბარათაშვილის ხიდი ტრამვაის რელსებით აღარ დაქსაქსეს. ბარათაშვილის ხიდი ორსართულიანია, ქვედა სართული საფეხმავლო მოძრაობისთვის გამოიყენება. იმ პერიოდისთვის თანამედროვე ხიდი გახლდათ, ნოვატორული, არქიტექტურული მიგნებით, მაგრამ მას შეეწირა მუხრანის ხიდი.

მნაცაკანოვის ხიდის ბურჯებზე დღეს რესტორანი დგას

ორთაჭალაში, კრწანისში, ერთი ლამაზი ხიდი იდგა, რომელსაც "მნაცაკანოვის ხიდს" უწოდებდნენ. დღეს რესტორანი "კრწანისი" სწორედ ამ ხიდის ბურჯზე დგას. ლამაზი ხიდი ლითონის კონსტრუქციებით იყო აგებული. იმავე ადგილას ხიდი XVI-XVII საუკუნეებშიც მდგარა, რომელიც ირანის შაჰს დაუნგრევია. შემდეგში ძველი ხიდის ადგილას აიგო ახალი, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა, მფლობელს ხიდით სარგებლობისთვის ქვეითად მოსიარულეთათვის 3 კაპიკი დაუწესებია, ურმითა და ცხენებით მისი გადაკვეთა კი 5 კაპიკი ღირდა. მოგვიანებით ხიდი მდიდარ სომეხს მნაცაკანოვს 25 ათას მანეთად გამოუსყიდია და მასზე მიმოსვლა უფასო გაუხდია. ქალაქმა მადლიერების ნაშნად ხიდს მნაცაკანოვის ხიდი დაარქვა. შემდეგ ეს ხიდიც დაინგრა და 1882 წელს აშენდა ლითონის ხიდი, რომელიც 30-იან წლებში დაანგრიეს. ახალ ხიდთან არანაირი კავშირი არ ჰქონია მნაცაკანოვს, თუმცა ხალხი ახალ ხიდსაც მისი გვარით მოიხსენიებდა. დღეს ამ ადგილას ისევ შემორჩენილია ხიდის ბურჯები როგორც მტკვრის მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროებზე. სამწუხაროდ, აღარ არსებობს ამ ბურჯებზე გადებული ხიდი.

ეკა სალაღაია