"ხანდახან სასტუმროს ნომერში ვიკეტებოდი და ჯიჰადის კლიპებს ვუყურებდი" - 24 წლის ქართველის ჰოლივუდური წარმატება - კვირის პალიტრა

"ხანდახან სასტუმროს ნომერში ვიკეტებოდი და ჯიჰადის კლიპებს ვუყურებდი" - 24 წლის ქართველის ჰოლივუდური წარმატება

"9 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად ბელგიაში გადავედით საცხოვრებლად. მაშინ მეგონა, მთელი მსოფლიო ქართულად ლაპარაკობდა და უცხო ენა რომ გავიგე, ძალიან გამიკვირდა"

"სასურველი შემოთავაზების ძიებაში ველოსიპედით დღეში 4 საათი მიწევდა მოძრაობა, რომ აუდიენციიდან აუდიენციაზე გამოვცხადებულიყავი."

13 იანვარს რეჟისორ პიტერ ბერგის ახალი ჰოლივუდური ფილმის, "პატრიოტის დღე" პრემიერა გაიმართა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს 24 წლის თემო მელიქიძე ასრულებს. ეს როლი სადებიუტოა და შეიძლება ითქვას, მის ბიოგრაფიაში უმნიშვნელოვანესი, რადგან მასთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჯონათან კიმბლ სიმონსი, მარკ უოლბერგი და სხვები. "პატრიოტის დღე" 2016 წელს გამოსული საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა. ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. მასში 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტის ქრონიკაა ასახული, რომელსაც 2013 წელს ბოსტონში ყოველწლიური მარათონის დროს მოხდა. თემო ერთ-ერთ ტერორისტს, ტამერლან ცარნაევს ასახიერებს.

- 9 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად ბელგიაში გადავედით საცხოვრებლად. მაშინ მეგონა, მთელი მსოფლიო ქართულად ლაპარაკობდა და უცხო ენა რომ გავიგე, ძალიან გამიკვირდა.

მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. მახსოვს, პირველად რომ დამაწერინეს, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, დავწერე: "მინდა ამერიკაში წასვლა, რათა კინოვარსკვლავი გავხდე, ისეთი როგორიც ბრიუს ლია". მიზანი დავისახე და მის მიღწევაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. 2011 წელს ჩემი კლიპი გავგზავნე ნიუ-იორკის ფილმების აკადემიაში, რის შემდეგაც მიმიწვიეს განათლების მისაღებად. 2012 წელს ჩამოვედი ნიუ-იორკში. აქ დეიდაჩემი დამხვდა, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩემი მეორე დედა გახდა. 1 წლის შემდეგ ნიუ-იორკის ბროდვეის თეატრის დირექტორმა ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ Live In Theatre-ში გადავინაცვლე, მერე არტისტის წოდებაც მოვიპოვე და 2016 წელს უკვე ლოს-ანჯელესში ჩავედი.

პირველ თვეებში ძალიან გამიჭირდა, მარტო ვიყავი, არავის ვიცნობდი. ავტომანქანაც არ მყავდა და სასურველი შემოთავაზების ძიებაში ველოსიპედით დღეში 4 საათი მიწევდა მოძრაობა, რომ აუდიენციიდან აუდიენციაზე გამოვცხადებულიყავი. ასე გადიოდა დღეები. ერთხელაც დამიკავშირდნენ, Park Noack Agent-ს უნდა თქვენი გაცნობაო. შეხვედრის შემდეგ კონტრაქტი გამიფორმეს. 1 კვირის თავზე ჩემმა აგენტმა მაცნობა, მარკ უოლბერგის პროდიუსერობით ახალ ფილმს იღებენ და შენი მონაცემები და კლიპი ქასთინგის დირექტორს გადავეციო. თურმე თავდაპირველად ნახვა არ უნდოდათ, რადგან იმ როლზე, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი, ცნობილი მსახიობის აყვანა სურდათ, მაგრამ მერე, ბედად, ნახეს და გასაუბრებაზეც დამიბარეს. რამდენიმე ეტაპის გადალახვის შემდეგ მარკ უოლბერგსა და პიტერ ბერგს შევხვდი. ეს დღე ძალიან მძიმე იყო, ვიცოდი, ბეწვის ხიდზე მომიწევდა გავლა. საბედნიეროდ, აგენტმა მაცნობა, არჩევანი შენზე შეჩერდაო. აი, ასე შეიცვალა ჩემი ცხოვრება ერთ დღეში.

- რთული იყო როლზე მუშაობა?

- როლისათვის მზადებას დიდი მონდომებით შევუდექი. ამისთვის ტამერლანის კრივის მწვრთნელი გავიცანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა მას და მასთან დავიწყე ვარჯიში. ვთხოვდი, ყველაფერი მოეყოლა, როგორი იყო იგი. ხანდახან სასტუმროს ნომერში ვიკეტებოდი და ჯიჰადის კლიპებს ვუყურებდი. ვუსმენდი იმავე მუსიკას, რომელსაც თურმე ტამერლანი უსმენდა.

მოკლედ, ისე მოვირგე ჩემი გმირის "ტყავი", ბომბის დადების სცენას რომ ვიღებდით, პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გადაღების მომენტში სულ მინდოდა, იარაღი ამეღო და ტყვია დამეხალა შენთვისო. ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო.

- პარტნიორებზე რას მიამბობთ?

- 2014-წელს სიმონსი "ოსკარით" დააჯილდოეს, ცერემონიალს მეგობართან ერთად ვუყურებდი. მაშინ მეგობარს ვუთხარი, მოვა დრო და სიმონსთან ერთად ვიმუშავებ-მეთქი. ეს ამბავი რამდენიმე წლის შემდეგ გადასაღებ მოედანზე ვუამბე სიმონსს. დიდი პატივი იყო, მარკ უოლბერგსა და პიტერ ბერგთან მუშაობა. ძალიან დავმეგობრდით. მე და პიტერი ყოველდღე ვსაუბრობდით ტელეფონით და ახლაც ერთად ვვარჯიშობთ. დავპირდი, ლოს-ანჯელესში რომ ვიქნები, ქართულ რესტორანში უნდა დაგპატიჟო და ჩვენი ხინკალი და ხაჭაპური დაგაგემოვნებინო-მეთქი. ერთხელ მარკ უოლბერგმა დაგვპატიჟა, მე და Pპიტერმა მისი თვითმფრინავით ვიმგზავრეთ და მაშინ ბევრი რამ ვუამბე საქართველოზე. დავპირდი, რომ ერთხელაც ორივე ჩამოვალთ ჩემს სამშობლოში.

კადრი ფილმიდან "პატრიოტის დღე"

- ფილმის პრემიერამ როგორ ჩაიარა?

- მთელი დარბაზი გადაჭედილი იყო. ფინალური სცენის დასასრულის შემდეგ ყველა თვალცრემლიანი ტოვებდა იქაურობას.

"პატრიოტის დღის" პრემიერის შემდეგ ბევრი შემოთავაზება მივიღე. ზუსტად ახლა "24 ლეგალისი"-ზე მუშაობა დავამთავრეთ. ეს ცნობილი სერიალის, "24 საათის" ანალოგია. 5 თებერვალს გამოვა და დიდი სიამაყით ველოდები პრემიერას.

ახლა თავისუფალ დროს სულ ვვარჯიშობ. ვცდილობ შევისწავლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ცეკვა. დავფრინავ ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში, ბოსტონიდან ატლანტაში. ლოს-ანჯელესი ძალიან მომწონს, თუმცა ნიუ-იორკი ყველაფერს მირჩევნია. ბრუკლინში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ამ ადგილებში სიარული მიყვარს. ჰოლივუდშიც ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემი წარმატების მოწმე, ჩემი პირველი ლოსანჯელესური ველოსიპედი, ისევ მყავს.

ამ ქვეყანაში ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი ნიუ-ჯერსის ერთ ქუჩაზე მდებარე პატარა სახლია. ამ სახლში დედა და ბიძაშვილი მუდამ მელიან.

დღეს მშობლიური ქართულის გარდა 5 ენას ვფლობ. ქართულ ფილმებსაც ხშირად ვუყურებ, "უძინართა მზე" ყველაზე მეტად მიყვარს.

ბოლოს 2010 წელს ვიყავი საქართველოში. თბილისი ის ადგილია, სადაც მუდამ დიდი სიყვარულით მელიან. ამიტომაც გამახარა ასე თქვენმა ზარმა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს ინტერვიუების მიცემა. ყველა ინტერვიუში ვლაპარაკობ საქართველოზე, ჩვენს წეს-ჩვეულებებზე, ღირსშესანიშნაობებსა და უძველეს ისტორიაზე. აქ ყველამ იცის, რომ მე ქართველი ვარ.

ბოსტონის ტერაქტი და ცარნაევების ოჯახი

2013 წლის 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის დროს, ტერაქტი მოხდა - ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა 13-წამიანი ინტერვალით ფინიშის ხაზთან აფეთქდა. ბოსტონის ტერაქტს 3 კაცი ემსხვერპლა, დაახლოებით 280 კი დაშავდა. ბოსტონის პოლიციამ ეჭვმიტანილი ძმების, ცარნაევების დევნა დაიწყო.

ძმები ჯოჰარი და ტამერლანი ამერიკაში, საუნივერსიტეტო ქალაქ კემბრიჯში, ბოსტონის შემოგარენში ცხოვრობდნენ. ჯოჰარმა 2011 წელს საშუალო სკოლა"დაამთავრა, ამის შემდეგ კემბრიჯის ადმინისტრაციამ მას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია გამოუყო. 2010 წელს ის ხელჩართული ბრძოლის შეჯიბრებაში მონაწილეობდა. სკოლაში სწავლისას ჰარვარდში სპორტის წყლის სახეობების ცენტრში მაშველად მუშაობდა, 2011 წელს კი მასაჩუსეტსის შტატის უნივერსიტეტის მინიფეხბურთის გუნდში თამაშობდა. სკოლის შემდეგ მან სწორედ ამ უნივერსიტეტში ჩააბარა.

ჯოჰარის უფროსი ძმა, ტამერლანიც, სპორტსმენი იყო, 2009 წელს სოლტ-ლეიკ-სიტის სამოყვარულო ჩემპიონატზე ახალი ინგლისის წარსადგენად ემზადებოდა, მაგრამ ტამერლანის აშკარა უპირატესობის მიუხედავად, მსაჯმა გამარჯვება მის მოწინააღმდეგეს არგუნა. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ამის შემდეგ დაგეგმა მან ბოსტონის მარათონზე სისხლის ღვრა. ტამერლანი ძალზე რელიგიური იყო, თითქმის არ ჰყავდა ამერიკელი მეგობრები, ხოლო მისი მეგობარი გოგონა, წარმოშობით ნახევრად პორტუგალიელი და ნახევრად იტალიელი, მუსლიმანად მოინათლა, მასთან ტამერლანს ერთი შვილი ჰყავს.

18 აპრილს ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა ორი ეჭვმიტანილის - 27 წლის ტამერლანისა და 20 წლის ჯოჰარის ფოტოები, რომლებიც ბოსტონის მარათონის დროს გადაიღეს. ფოტოების გამოქვეყნებიდან დაახლოებით 6 საათში ძმებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდქალაქში პოლიციის თანამშრომელი, 26 წლის შონ კოლიერი მოკლეს. მერე საპატრულო ავტომობილი გაიტაცეს და სურსათის მაღაზია გაძარცვეს. შემდეგ "მერსედესის" მარკის ჯიპი გაიტაცეს და მის მძღოლს, რომელიც ნახევარი საათით მძევლად აიყვანეს და შემდეგ გაუშვეს, უამბეს, რომ სწორედ მათ მოაწყვეს აფეთქება მარათონზე.

პოლიციამ ""მერსედესის"" დევნა დაიწყო. უოტერთაუნში ტამერლანი მანქანიდან გადმოვიდა, პოლიციას სროლა აუტეხა და საპასუხო სროლისას დაიჭრა. როცა მას პოლიციელები შემოეხვივნენ, ჯოჰარმა მის საშველად "მერსედესი" დაძრა, პოლიციელებმა გახტომა მოასწრეს, ჯიპმა ტამერლანს გადაუარა და კიდევ 6 მ ათრია. ადგილობრივ კლინიკაში მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის მეორე დღეს, 19 აპრილს გარდაიცვალა. ჯოჰარმა მიმალვა მოასწრო და ის 19 აპრილს უოტერთაუნში დააკავეს. 2015 წლის 25 ივნისს ფედერალურმა სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სასიკვდილო ინიექციის გამოყენებით.

ვერსია, რომ ძმებს რადიკალურ ისლამისტებთან ჰქონდათ კავშირი, რეალურია, მაგრამ არ არსებობს რეალური მტკიცებულებები. ტელეკომპანია "ფოქსი" ამტკიცებდა, რომ ცარნაევებს "კავკასიის იმარატის" ბოევიკებთან ჰქონდათ კავშირი და ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტებთან შესახვედრადაც ყოფილან ჩასული, თუმცაღა ეს ვერსია ეჭვქვეშ დააყენეს ჩეჩენმა სამართალდამცავებმა. მოგვიანებით მათთან კავშირი ინტერნეტის საშუალებით მოჯაჰედებმაც უარყვეს.

მშობლების მტკიცებით, ტამერლანმა რელიგიურად ცხოვრება ტერაქტამდე 5 წლით ადრე დაიწყო, თუმცა ექსტრემისტული აზრები არასოდეს გამოუთქვამს. ის მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ისლამის ფასეულობებს უჭერდა მხარს. 2012 წელს ის დაღესტანში ჩავიდა და იქ ნახევარი წელი გაატარა მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი ბრენდან მესი პატარა ქალაქ უოლტემში სასტიკად მოკლეს. მესი და მისი ორი მეგობარი ყელგამოჭრილი იპოვეს, ირგვლივ მარიხუანა ეყარა. ფული და ძვირფასეულობა დამნაშავეებს არ წაუღიათ. მკვლელობა დღემდე არ არის გახსნილი.

ეკა სალაღაია