"36 წლისას ოთხი ტყუპი შემეძინა"
23-01-2017
"36 წლისას ოთხი ტყუპი შემეძინა"
ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს შედარებით ღია ფერის თვალები და ქერა თმა აქვს, მეორეს - მუქი თვალები და მუქი თმა. ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემანები - სხარტები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როცა ნაწილდებიან, ანდრია და ბარბარე ყოველთვის ერთ გუნდში არიან, დიმიტრი და მაია - მეორეში. ოთხივეს დასაძინებლად რომ დავაწყვენ, დილით იქით ანდრია და ბარბარე მხვდებიან ჩახუტებული, აქეთ - დიმიტრი და მაია. გარეთ თუ გავლენ სათამაშოდ, ყოველთვის ერთად
არიან. ერთს თუ აწყენინეს, ოთხივე ერთად დადგება დასაცავად. ის კი არა, სახლში ერთ-ერთი თუ იონავრებს და კუთხეში დავაყენებ, სოლიდარობის ნიშნად ის სამიც კუთხეებს მიაშურებს ხოლმე


ოთხი ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახში, ოთხი ტყუპი იზრდება - ორი ბიჭი და ორი
გოგო. ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას უფროსი და ნინი და უმცროსი ძმა ალექსანდრე ჰყავთ. ექვსშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ შვილები მათი სიმდიდრეა:

- სადაც დავდივართ, ყველგან სიკეთით სავსე მზერა დაგვყვება. თქვენ გაიზარდეთო, სიყვარულით მოაძახებენ ხოლმე მოხუცები.
23 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, 36 წლისას კი ოთხი ტყუპი შემეძინა. ორსულობის დასადგენად რომ მივედი, ექიმმა მითხრა, ერთდროულად ოთხი კვერცხუჯრედია განაყოფიერებულიო. დავიბენი. ორი მესმის, თვითონაც ტყუპისცალი ვარ, მაგრამ ოთხს ვერც კი წარმოვიდგენდი. მეუღლეს რომ ვუთხარი, გადაირია... მშობლებს რომ ვაცნობეთ, ეგონათ, ვეხუმრებოდით.

საკეისრო კვეთით ვიმშო­ბიარე. ერთი ბიჭი 2,200 კგ დაიბადა, მეორე - 2 კგ, ორივე გოგონა კი 1,900 კგ იყო. სახელები­ ორს მე შევურჩიე,­ ორსაც - მეუღლემ. ძნელი ის იყო, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდა კვებაც, დაძინებაც...­ ხან ჩემი ტყუპისცალი, ხან უფროსი გოგონა მეხმარებოდნენ... ახლა სამი ძიძა მყავს. დასასვენებლადაც მათთან ერთად დავდივართ.
ახლა ტყუპი ოთხი წლისა და 6 თვისაა. მათ შემდეგ მეექვსე შვილი შეგვეძინა - ალექსანდრე, რომელიც ახლა 2 წლის და 6 თვისაა. ოჯახში გენდერული ბალანსი­ დავიცავით, სამი ბიჭი გვყავს და სამი - გოგონა.

- ტყუპი ჰგავს ერთმანეთს?

- ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს ღია ფერის თვალ­ები და ქერა თმა აქვს, მეორეს - მუქი თვალები და მუქი თმა. ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემანები - სხარტები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როცა ნაწილდებიან, ანდრია და ბარბარე ყოველთვის ერთ გუნდში არიან, დიმიტრი და მაია - მეორეში. ოთხივეს დასაძინებლად რომ დავაწვენ, დილით იქით ანდრია და ბარბარე მხვდებიან ჩახუტებული, აქეთ - დიმიტრი და მაია. გარეთ თუ გავლენ სათამაშოდ, ყოველთვის ერთად არიან. ერთს თუ აწყენინეს, ოთხივე ერთად დადგება დასაცავად. ის კი არა, სახლში ერთ-ერთი თუ იონავრებს და კუთხეში დავაყენებ, სოლიდარობის ნიშნად ის სამიც კუთხეებს მიაშურებს ხოლმე უსიტყვოდ.

მეექვსე ბავშვზე რომ დავრჩი ორსულად, ტყუპი ბაგა-ბაღში მივიყვანე. ახალფეხადგმულები იყვნენ. კვების დრო რომ მოსულა, ანდრიას სანამ თავისი სამივე და-ძმა არ მიუყვანია მაგიდასთან და არ დაუნახავს, რომ ისინიც მიირთმევდნენ, მანამდე ლუკმისთვის პირი არ დაუკარებია. დღემდე ასეა - თუ ერთს რამეს ვუყიდით, მაშინვე გვთხოვს, დანარჩენებსაც ვუყიდოთ.
თავ-თავიანთი ფერები აქვთ არჩეული და საჩუქარს ამ ფერით ვუფუთავთ. ასე ადვილად ხვდებიან, რომელი საჩუქარი რომლისაა... სულ მეგონა, სამ შვილზე მეტი არ მეყოლებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამხელა ოჯახის დიასახლისი გავხდებოდი.
ჩემი მეუღლე დიმაც ჩართულია ბავშვების აღზრდაში. ბედნიერებაა, რომ ერთმანეთი გვყავს. ქუჩაში უცნობები გვაჩერებენ და სიყვარულით გველაპარაკებიან.

- სახელმწიფო თუ გეხმარებათ?

- მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი გვაქვს და წელიწადში 2.000 ლარს გვირიცხავენ.

"ვეძებ 27 დედმამიშვილის შთამომავლებს"


85 წლის ვახტანგ ჭანკოტაძის ოჯახს განსაკუთრებული ისტორია აქვს. მის ბებია-ბაბუას - მარიამ დათიაშვილსა და დავით გოცირიძეს 27 შვილი ჰყავდათ. მერე შვილები გაიფანტნენ, ერთმანეთი დაკარგეს, ცხოვრებამ კი ძებნაში გაირბინა...

ვახტანგ ჭანკოტაძე: -
მოზრდილი ბიჭი ვიყავი, როცა მივხვდი, რა უნიკალური ოჯახი გვქონდა. დედაჩემი ნაბოლარა იყო. 1920 წლიდან 1940 წლამდე 5 შვილი­ - ზოგი პოლიტიკური მოტივით, ზოგი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლდა, დანარჩენი 22-ისა არაფერი ვიცით. დავითი და მარიამი რაჭაში ცხოვრობდნენ. დავითი, ისევე, როგორც მისი მამა, სვიმონი, დეკანოზი იყო (ვახტანგ ჭანკოტაძის მონაყოლს ადასტურებს საქართველოს საპატრიარქოს ყოველკვირეული გამოცემის, "საპატრიარქოს უწყებანის" 2007 წლის 38-ე ნომერი, რომელიც გვამცნობს: "მრავალშვილიანობის გამო მამა დავითს მიღებული ჰქონდა მეფის მთავრობისგან რამდენიმე მედალი (წინათ ჯილდო ეძლეოდა მამას)".

მოზარდი ვიყავი, ბებია რომ გარდაი­ცვ­ალა. მახსოვს, ძალიან წუხდა, - გაიფანტნენ ჩემი შვილები, ვინ სად არის, არ ვიციო.

ერთხელ, ბიძაჩემი შალვა გოცირიძე ოჯახითურთ კისლოვოდსკში ისვენებდა. მაშინ წესი იყო - კერძო ბინებში დაბინავებულ მოაგარაკეებს ე.წ. სახლის წიგნში ატარებდნენ რეგისტრაციაში. ბიძაჩემი ამ წიგნში წააწყდა ნაცნობ გვარ-სახელს - "ალექსანდრე დავითის ძე გოცირიძე". მიხვდა, რომ ეს მისი ძმა იყო. მაშინვე მისცეს ტელეფონი და მისამართი... შემდეგ მე მოსკოვში ვესტუმრე მათ. ეს იყო წარმოუდგენელი სიხარული... მერე რუსეთსა და უკრაინაში ვიპოვეთ ვალერიან გოცირიძისა და გალაკტიონ გოცირიძის ოჯახები. სამწუხაროდ, მაშინ არ იყო კავშირგაბმულობა დღევანდელივით განვითარებული და გაწყდა ჩვენი კონტაქტი. დღეს ისევ ვეძებ დავით გოცირიძისა და მარიამ დათიაშვილის შთამომავლებს. იქნებ ვინმემ, მათმა ნათესავმა ან მეგობარმა წაიკითხოს ეს სტატია, იქნებ საქართველოშიც აღმოჩნდნენ.

ნინო წიფურია

ეკა სალაღაია
Ema
01 თებერვალი 2017 18:58
Es uflis sachuqaria,dzalian miyvars zogadad tyupebi,ufali iyos tqveni ojaxi,ufals yvarebia es ojaxi radgan am bednierebas aziara,yvela ojaxs vusurveb am bednierebas radgan dedobaze bedniereba ar arsebobs.
lia
01 თებერვალი 2017 17:16
უფალმა დაიფაროს და ბედნიერი ამყოფოს მათი ოჯახები
01 თებერვალი 2017 00:30
Gamravldit da gaixaret

რედაქტორის რჩევით