7 ნოემბერი ბოლო წვეთი აღმოჩნდა... - კვირის პალიტრა

7 ნოემბერი ბოლო წვეთი აღმოჩნდა...

კაცი, რომლის გულშიც თავისი ქვეყნის სიყვარულის კოცონი ენთო, უხმაუროდ ცხოვრობდა. არ უყვარდა თავის გამოჩენა, სამეგობროში იცოდნენ, რა კაციც იყო, მაგრამ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ მასზე მთელი საქართველო ალაპარაკდა, შვეიცარიაში საქართველოს  ელჩმა ლევან მიქელაძემ თბილისში მომიტინგეების დარბევის გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

ესეც არ გაუხმაურებია თავად. როდესაც ჟენევაში ტელეფონით დავუკავშირდი და ამ თემაზე ვკითხე, შეწუხდა, მომიბოდიშა, საქართველოში რომ დავბრუნდები, მერე ვისაუბროთო. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვეღარ შედგა... 2009 წლის 26 აპრილს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა მთელი საქართველო, ლევან მიქელაძე მოულოდნელად გარდაიცვალაო. ოჯახს დღემდე არა აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რამ გამოიწვია ლევან მიქელაძის უეცარი სიკვდილი(!).

KvirisPalitra.Geირაკლი მენაღარიშვილი,  საგარეო საქმეთა  ყოფილი მინისტრი:

- ხშირად ვამბობთ, რომ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. კოლეგებთან ერთად, ამ საქმეში უდიდესია ლევან მიქელაძის დამსახურებაც. აშშ-საქართველოს ურთიერთობა ერთბაშად და მხოლოდ ვაშინგტონსა და თბილისში არ ჩამოყალიბებულა. ის ყალიბდებოდა და ყალიბდება ყველგან, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერაა საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ლევანის დიპლომატიური კარიერა აშშ-ში დაიწყო. მაშინ აშშ-ში საქართველოს ელჩი თედო ჯაფარიძე გახლდათ, ლევანი - დესპანი. მოგვიანებით ავსტრიასა და ეუთოში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ეუთო არის ის არენა, სადაც ყველაზე დიდი ბრძოლები გადაუტანია ჩვენს დიპლომატიას. ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი სწორედ ეუთოში განიხილებოდა და ამ საქმეს ლევანი და მისი გუნდი აკეთებდნენ. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის აგებას ლევანი ეუთოში საქმიანობით უწყობდა ხელს.

ვენაში შეიქმნა სუამი და სწორედ ეუთოს ფარგლებში გაწეულმა მუშაობამ მიიყვანა საქართველო 1999 წლის სტამბოლის სამიტამდე, სადაც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხი გადაწყდა.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნა. საერთაშორისო არენაზე ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, რომელთა ზურგს უკან საუკუნოვანი დიპლომატიური ტრადიცია და უზარმაზარი სახელმწიფოებია,  უაღრესად რთული იყო.

KvirisPalitra.Geურთულესი იყო მოკავშირეების მოძებნაც და საკითხების ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტაც. მინდა გავიმეორო, რომ მოსკოვის, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პარალელურად, ეუთოში იყო საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ფრონტი. ამ ფრონტზე ლევან მიქელაძის მიღწეული შედეგით ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი რანგის დიპლომატი იამაყებდა.

- დიდი რეზონანსი მოჰყვა შვეიცარიაში საქართველოს ელჩობიდან ლევან მიქელაძის გადადგომას.

- 2007 წლის ნოემბერში ლევანის გადადგომა სამოქალაქო გმირობის მაგალითი იყო. წარმატებულ დიპლომატიურ კარიერაზე უარის თქმა არ არის იოლი, მაგრამ ვინც ლევანს კარგად იცნობდა, მისი გადაწყვეტილება არ გაუკვირდებოდა.

იმდენად თბილი და რბილი იყო პირადი ურთიერთობისას, გაგაოცებდათ მისი სიმტკიცე და შეუპოვრობა, როდესაც საქმე სახელმწიფოებრივ ინტერესს, პრინციპულ საკითხს ეხებოდა.

შვეიცარიაში საქართველოს ელჩობიდან გადადგომა მხოლოდ მაღალი სახელმწიფო პოსტის დათმობა როდი იყო. ეს იმ საქმეზე უარის თქმა გახლდათ, რასაც ლევანმა მთელი  თავისი ცხოვრება მიუძღვნა, მაგრამ მიაჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მამუკა მიქელაძე, ლევან მიქელაძის ძმა: - ლევანს თანამდებობასა და ოჯახზე მეტად თანამშრომლების ბედი აღელვებდა. განიცდიდა, რომ მისი გადაწყვეტილების გამო მათ მიაყენებდნენ დარტყმას. როდესაც გაიგო 7 ნოემბერს მომიტინგეების დარბევის ამბავი, რამდენჯერმე დამირეკა. ბოლოს თქვა, მორჩა, მეტი აღარ შემიძლიაო. ნაშუადღევს კიდევ დამირეკა, საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან განცხადება გადავგზავნე გადადგომაზეო.

ახლა თავს როგორ გრძნობ-მეთქი? თითქოს მხრებიდან 20-ტონიანი ტვირთი მომეხსნაო. ლევანს ეს პიარისთვის არ გაუკეთებია. შემთხვევით გაჟონა მისი გადადგომის ამბავმა პრესაში. სიტყვაც ჰქონდა მიცემული მინისტრისთვის, რომ ამ ამბავს არ გაახმაურებდა.

ირაკლი მენაღარიშვილი: - ლევანის ეს ნაბიჯი დემარში არ ყოფილა. მას რომ ხმაური ნდომოდა, პრესაში გააკეთებდა განცხადებას  გადადგომაზე. მინდა შევნიშნო, რომ თანამდებობიდან გადადგომა ლევანის ყველაზე დიდი დამსახურება არ ყოფილა.

არჩილ გეგეშიძე, პოლიტოლოგი: - ლევანი მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მიხედვით არ აფასებდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ის გულისყურით აკვირდებოდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც. როგორც ჩანს, თანამდებობის დატოვების სურვილი იმან გააძლიერა, რომ ბოლოს ნეგატიურს მეტს ხედავდა და 7 ნოემბერი ბოლო წვეთი  აღმოჩნდა... თითებზე ჩამოსათვლელი არიან ისინი, რომელთაც  ნოემბრის მოვლენების გამო დატოვეს თანამდებობები.

ლევანის დიდ დამსახურებად მიმაჩნია, ასევე, არაერთი დიპლომატის გაზრდა. მის გვერდით მუშაობა მართლაც დიდი სკოლა იყო.

ლევანი ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ერთად აღმოვჩნდით გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობაზე. მთელი ჯგუფი სწრაფად დავმეგობრდით. ე.წ. კლასგარეშე ურთიერთობაც გვქონდა, მათ შორის საქართველოში თუ მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო პრაქტიკის დროს. ლევანს სკოლის დროინდელი და "უბანშიც" ბევრი მეგობარი ჰყავდა. მასთან ერთად ქუჩაში გავლა არ შეიძლებოდა, - უამრავი ადამიანი ხვდებოდა, აჩერებდა, ელაპარაკებოდა. თუ ვინმე თავის პრობლემას თუ ტკივილს გაუმხელდა, გულისყურით მოუსმენდა.

ჩვენს ჯგუფში ლევანი გამორჩეული ავტორიტეტი, საყვარელი და საოცარი, ყველაზე მზრუნველი ადამიანი იყო. ერთხელ მთელი ჯგუფი პრაქტიკაზე მოსკოვში წავედით. მე და ლევანი სასტუმროში ერთ ოთახში მოვხვდით. ახალგაზრდები ვიყავით და, ცხადია, ყველაზე ბოლოს გვახსენდებოდა ჩვენი ჩასვლის ფორმალური მიზანი. ერთ საღამოს ჯგუფის ერთი ნაწილი გასართობად წავედით, ლევანი კი სხვებთან ერთად იყო. დროს ტარებისას სასმელი მომერია.

აღარ მახსოვს, როგორ დავბრუნდი სასტუმროში და როგორ "ჩამაბარეს" ლევანს. დილით რომ გავიღვიძე, ვხედავ, ლევანი ტანსაცმლიანად, მოკუნტული წევს საწოლზე, ხელში გაშლილი ჯაყვა უჭირავს და სძინავს. გაღვიძება ვცადე, წამოდი, "ბორჯომი" დავლიოთ-მეთქი. "ბორჯომი" კი არა, იცი, რას გიზამო... თურმე ცუდად გავმხდარვარ და ლევანი მთელი ღამე თავზე მადგა, მივლიდა და ენა რომ არ გადამყლაპვოდა, ჯაყვა ჰქონია მომარჯვებული. რომ დარწმუნდა, გადავრჩი, ეტყობა, მოდუნდა და ჩაეძინა...

მამუკა მიქელაძე: - ლევანის სტუდენტობის დროინდელი მეგობარი იხსენებდა, ერთხელ ლევანმა ორი საათი დაგვაყენა ავტობუსის გაჩერებაზე. ავტობუსები მოდიან, მიდიან, ჩვენ კი ვდგავართ. ვიფიქრე, ალბათ, რომელიმე გოგონა მოსწონს და მის გამოვლას ელოდება-მეთქი, ბოლოს მითხრა, გუშინ ავტობუსით მგზავრობისას 5 კაპიკი არ მქონდა, კონდუქტორს ვუთხარი, რომ დღეს მივცემდი და იმას ველოდებიო.

კოტე ზალდასტანიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირში: - ლევანი ჩემი უახლოესი მეგობარია დღესაც. ვცდილობ, ბევრ რამეს მისი თვალით შევხედო. ყოველ საღამოს დაახლოებით ორსაათიანი დებატები გვქონდა. ძალიან უჭირდა ვინმეზე ცუდის დაჯერება და ეს იყო ხშირად ჩვენი კამათის საგანი.  ერთხელ ლევანთან ვიყავი სტუმრად ჟენევაში. გაწვიმდა და ყავის დასალევად შევედით კაფეში. წინასწარ გამაფრთხილა, ახლა გაქაჩვა არ დაიწყოო.

დავლიეთ ყავა და ხელის დასაბანად რომ გავედი, დავინახე, მოლარე ჩვენს ხარჯს ითვლიდა. ბარემ გადავიხდი-მეთქი. რომ გადავიხადე, მერეღა გამახსენდა, რომ ლევანს შევპირდი, არ გავიქაჩები-მეთქი. თვალებში ვეღარ შევხედავდი. მოლარეს ვთხოვე, ჩემს მეგობარს არ უთხრათ, რომ მე გადავიხადე-მეთქი. მივიდა ლევანი ფულის გადასახდელად და მოლარემ უთხრა, გადახდილიაო.

გაუკვირდა, ვინ გადაიხადაო, მერე მეც მკითხა. ალბათ, მეზობელმა დაგინახა და გადაგიხადა-მეთქი. არა, ამას რაღაც ეშლებაო. რაკი თავიდან ვიუარე, ვეღარ გამოვუტყდი. გამოვედით გარეთ, დგას წვიმაში, ტრიალებს, აქეთ-იქით იხედება, ნეტავ ვინ გადაიხადაო. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,  არ მითქვამს, რომ მე გადავიხადე.

ვინც არ უყვარდა, იმაზეც არ ამბობდა ცუდს. ფარჩაკია ან შესაჯორიაო, იტყოდა, და ეს იყო უკმაყოფილების მაქსიმალური გამოხატვა. ჩემთვის, კახელი კაცისთვის, ეს მოფერება იყო.

- თანამდებობიდან გადადგომის მერე ლევან მიქელაძის ოჯახს თავს დაესხნენ, - უცნობი პირი მის ბინაში შეიჭრა, მაგრამ ეს არ ყოფილა ძარცვა. ითქვა, რომ ეს იყო მცდელობა, ყოფილი ელჩი პროკურატურაში მიეყვანათ.

მამუკა მიქელაძე: - ამ საქმის გამოძიება არ დასრულებულა, ისევე როგორც არ დასრულებულა ლევანის გარდაცვალების გამო აღძრული საქმე. როდესაც მის ოჯახს თავს დაესხნენ, ლევანი უცხოეთში იყო (23 აპრილს ჩამოვიდა და 26-ში გარდაიცვალა). რომ ჩამოვიდა, მკითხა, რა ვქნა, ამის გამო სადმე უნდა მივიდეო? თვითონ დაგიძახებენ-მეთქი. ლევანი არ ყოფილა დაკითხვაზე. თავდასხმის დროს სახლიდან კალმისტარიც კი არ დაკარგულა. უცნობი  50 წუთის განმავლობაში იყო ლევანის ბინაში და ხელშეკრული ჰყავდა ოჯახის ახლობელი ქალი, რომელიც სახლში დახვდა. ლევანი მდიდარი არ იყო და არც ისეთი ნივთი ჰქონდა სახლში, რისი დაკარგვის გამოც ინერვიულებდა.

- ასევე უცნაური და მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალება. შეგიძლიათ მასთან ბოლო შეხვედრა გაიხსენოთ?

არჩილ გეგეშიძე: - 24 პრილს შევხვდი ლევანს უკანასკნელად. ძალიან განიცდიდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. სულ ფიქრობდა მომავალზე, გზაზე, რაც ჩიხიდან გამოგვიყვანდა. საოცრად უყვარდა თავისი ახალშეძენილი შვილიშვილი, ნიკოლოზი. ამბობდა, "ეს მაძლებინებს, ბოლომდე ნაყიდი ვყავარო".

ირაკლი მენაღარიშვილი: - როდესაც სიტყვა შვილიშვილებზე ჩამოვარდებოდა, ლევანი იცვლებოდა. ამ ძლიერ, პრინციპულ კაცს საოცარი სითბოსა და სიყვარულის გამომჟღავნება შეეძლო.

მამუკა მიქელაძე: - ჩვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობა იყო, მაგრამ ლევანის დიდი რიდი და პატივისცემა მქონდა. მშობლებზე მეტად მისი მრცხვენოდა.

25 აპრილს ერთად ვიყავით. შეხვედრაზე მივდიოდი და საღამოს 9 საათზე დავცილდი. იმ საღამოს ძალიან ნერვიულობდა, ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა. Bბოლოს დილის ოთხის ნახევარზე ველაპარაკე, უკვე შინ მივდივარ, დამშვიდდი-მეთქი. მეც ახლა ავდივარ კიბეზე, კოტე ზალდასტანიშვილმა მომიყვანაო.

კოტე ზალდასტანიშვილი: - გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ვნახე.

ღამით, 1 საათზე დამირეკა, ტელევიზიასთან ვარ და მოდიო. დასაძინებლად ვემზადებოდი, მაგრამ ჩავიცვი და გავედი. სამ საათამდე ვილაპარაკეთ. ახლა შინ წამიყვანეო. მაშინ ოპოზიციას დასდევდნენ და გავეხუმრე, ისე "აპასნი პასაჟირი" კი ხარ-მეთქი. შინ 4-ის ნახევარზე მივიყვანე.

მამუკა მიქელაძე: - დილის 9-ის ნახევარზე დავრეკე და გამიკვირდა, ტელეფონს რომ არ უპასუხა. რამდენიმე წუთში ჩემი მეუღლე შემოვიდა გაოგნებული, ლევანთან რაღაც ხდება, ტელეფონმა დარეკა და ლალის (ლევანის ცოლის) ხმა მესმოდა, ლევანს ეძახდაო. მასთან გავცვივდით. მივედით და ლევანი სავარძელში იჯდა, მუხლებზე ლეპტოპი ედო, სათვალე ეკეთა. მძინარეს ჰგავდა.

ლევანი ჩემთვის მხოლოდ ძმა კი არა, უახლოესი მეგობარიც იყო.

არჩილ გეგეშიძე: - ლევანის გარდაცვალებამ თავზარი დამცა. ლევანი ჩვენს სამეგობროს კრავდა. როდესაც უცხოეთიდან ჩამოვიდოდა, სტუდენტობის მეგობრები აუცილებლად ვიკრიბებოდით. რაც გარდაიცვალა, აღარც შევკრებილვართ. ჩვენ საუკეთესო მეგობარი დავკარგეთ.

ირაკლი მენაღარიშვილი: - ამ დღეებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია შედგება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისა და სწავლების მიზნით შექმნეს მისი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.

კოტე ზალდასტანიშვილი: - ლევანს ბევრი გაუკეთებელი საქმე დარჩა და გვინდა ფონდის მეშვეობით შევასხათ ხორცი. ყველაზე უკეთ ამით შეიძლება მისი ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატვა.  ეს ფონდი გასწევს საგანმანათლებლო საქმიანობას და შეისწავლის ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხებს.

ფონდის მრჩეველთა საბჭოში ბევრი მაღალი რანგის დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწეა. თანათავმჯდომარეები იქნებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი პირველი მოადგილე რიჩარდ არმიტიჯი და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი.

საბჭოს წევრები იქნებიან საქართველოში აშშ-ის ოთხი ყოფილი ელჩი, ცნობილი გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ასეთი წარმომადგენლობა ლევანის დამსახურების დიდი აღიარებაა.