"მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, შეიძლება" წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო" - ვისზეა შეყვარებული გიორგი მახარაძე?! - კვირის პალიტრა

"მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, შეიძლება" წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო" - ვისზეა შეყვარებული გიორგი მახარაძე?!

"ვნერვიულობდი, განვიცდიდი, ვგეგმავდი, როგორ მეთქვა სიტყვა "მიყვარხარ..."

"მარიამთან ერთად ყველაზე ადვილად ვძლევ პრობლემებს, მასთან სიმშვიდეს ვპოულობ. მარიამი ისეთი უნიკალური "წამალია", ყველა სახის გაღიზიანებასა და ტკივილს რომ ხსნის", - ამბობს მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შესრულებული მაქსიმეს როლით პოპულარული ერთბაშად გახდა. ის მომღერალ მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარია. მათ საერთო შვილი - ელენე ჰყავთ. ვინ არის მისი რჩეული, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, როგორი მამაა, როდის ჯიუტდება და იბნევა? ამ ყველაფერს ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუდან შეიტყობთ, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ჩემი გმირი მაქსიმე (სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები")...

- ...საზოგადოებამ კარგად მიიღო. მგონი, თანაუგრძნობენ კიდეც. ნეგატიურ გმირად არ აღიქვამენ. მის მდგომარეობაში შედიან. ზოგი ფიქრობს, რომ ჩამოუყალიბებელი ტიპია. პრინციპში, ასეც არის, მაგრამ ხალხში აგრესიას არ იწვევს. ამ პერსონაჟთან საერთოს ბევრს ვერაფერს ვპოულობ. მანერებით ვგავარ, ხასიათით - არა. ის სუსტია. რეალურ ცხოვრებაში მაქსიმეს ადგილას რომ აღმოვჩენილიყავი, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი, ისე ვიმოქმედებდი. მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, მის ჯიბრზე შეიძლება, წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...რომ შვილთან ერთად ვიყო, ელენე სულ ჩემთან იყოს. ამ ეტაპზე, დროის სიმცირის გამო, ისეთი მამა ვერ ვარ, როგორიც მინდა, ვიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა.

...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან დაბნეული ვიყავი. მუსიკა მოქმედებდა, რაღაც კადრებს ვიხსენებდი. არ ვიცოდი, ხელი ჩამეკიდა თუ არა. მთელი ღამე ვფიქრობდი, განვიცდიდი, ვგეგმავდი, ვნერვიულობდი, როგორ მეთქვა სიტყვა "მიყვარხარ". რომ შევხვდი, ეს სიტყვა ძლივს ამოვთქვი. დღეს ის პერიოდი გასახსენებლად ძალიან სასიამოვნოა.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ ერთ ძალიან კარგ გოგოზე, მარიამ ნადირაძეზე. მე და მარიამი ერთად ვცხოვრობთ. ვთვლი, რომ ოჯახის სიმყარისთვის თანაცხოვრების პერიოდის გავლა აუცილებელია.

...

- ჩემი და მარიამის სიყვარულის ამბავი დაიწყო...

- ...თეატრიდან. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. სტუდენტობის წლებში ვმეგობრობდით. მარიამთან იმ დონეზე ვძმაკაცობდი, რომ მისთვის, როგორც გოგოსთვის, არასდროს შემიხედავს. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, თითქოს ეს შეკრული ჯგუფი ცოტათი დაიშალა. ყველა ჩვენი გზით წავედით, ერთმანეთთან ბევრ დროს ვეღარ ვატარებდით. მარიამი თავისუფალი თეატრის დასშია. მე სპექტაკლზე - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" მიმიწვიეს და ერთად დავიწყეთ რეპეტიციები. შევამჩნიე, თითქოს გულში რაღაცამ გამკრა. მარიამთან ყოველი შეხვედრისას მქონდა განცდა, თითქოს სხვა ვიღაც გავიცანი. დღეს, როცა ჩემს ჯგუფელ მარიამს ვიხსენებ, ვერ ვაკავშირებ, ეს მარიამი ის გოგო თუ არის, წლების წინ რომ ვმეგობრობდი. შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე. როგორც ურთიერთობის დასაწყისში, მარიამის დანახვისას, დღესაც გული ამოვარდნაზე მაქვს ხოლმე.

თამუნა კვინიკაძე