"ამ ეკლესიის ჩამორთმევას ვერ დავუშვებ..." - კვირის პალიტრა

"ამ ეკლესიის ჩამორთმევას ვერ დავუშვებ..."

როდის არ გვიჭირს ქართველებს ერთად დგომა?

დავით ზურაბიშვილი: "კათოლიკე არა, მაგრამ არც მთლად ეკლესიური გახლავართ"

უცნაური ხალხი ვართ ქართველები... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია ხელისუფლებამ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი სულიერების ტაძრები ოსურ ძეგლებად შეგვირაცხა, ჩვენ კი პროტესტიც კი არ გამოგვიხატავს ხეირიანად. ერთ მუშტად არ შევკრულვართ, ჩვენი ნება არც ხელმოწერებით დაგვიდასტურებია, არც ინტერნეტსამყაროში მოგვითხოვია ამ ვანდალიზმის დაგმობა.

იერუსალიმში რუსთაველის ფრესკა დაგვიკაწრეს, იქვე სტელაზე სათაყვანებელი "ვეფხისტყაოსნის" ავტორის გამოსახულებაც შეურაცხყვეს და მაინც ვერ დავირაზმეთ. შესაძლოა, ბევრმა არ იცის და იერუსალიმში ქართული ეკლესიების საქართველოსთვის დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ბერძნებთან ბადრი პატარკაციშვილი აწარმოებდა (შუამავლები  კი თურმე იყვნენ თავად შიმონ პერესი, აშშ-ის პოლიტელიტა და ბევრი სხვა.

ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ისრაელის მოქალაქემ, რომელიც "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა და ამ თემაზე ესაუბრა). ისიც გვითხრეს, პატარკაციშვილს მიზნის მიღწევაში საქართველოდან ხელს უფრო უშლიდნენ, ვიდრე უწყობდნენო.

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ზოგი შორეული, ზოგი კი ახლო წარსულიდან. სამაგიეროდ, პოპულარულ ფეისბუქში გახსნილია გვერდი  მოწოდებით: "მხარს ვუჭერ კათოლიკური ეკლესიების გადაცემას!" ამ მოთხოვნას კი სულ უფრო ბევრი ქართველი უერთდება და შესაშურ ერთსულოვნებასაც ამჟღავნებენ(?!).

სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების პატივისცემა და ტოლერანტობა გასაკვირი ნამდვილად არ არის. გაოცებას ის იწვევს, რომ ქართველები მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესიების კათოლიკური სამყაროსთვის გადაცემასა და "სამართლიანობის აღდგენას" ისე მოითხოვენ, რომ ამ ეკლესიებში მლოცველი მართლმადიდებლების გულისტკივილი არაფრად მიაჩნიათ.

ამ სლოგანის მხარდამჭერებს შორის საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი პირებიც არიან, მაგალითად, ეკა კვესიტაძე, ნოდარ ლადარია, დავით ზურაბიშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი (გიგა ბოკერიას მეუღლე) და ბევრი სხვა...

"თავისუფლების ინსტიტუტის" საქართველოს ეკლესიასა და მართლმადიდებლობასთან დამოკიდებულება გასაგებია, ჩვენ შედარებით უცნობი ქართველების აზრი უფრო საგანგაშო გვეჩვენება. მათი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამეორებას შეგნებულად მოვერიდეთ. მისასალმებელია, რომ ქართველები სხვა აღმსარებლობების მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ, მაგრამ ის კი გაუგებარია, ჩვენს  ეკლესიას ავად რატომ მივუბრუნდით და სხვისი დაცვის სურვილით რად ვუღრენთ! შეგახსენებთ, რომ ფეისბუქზე გახსნილ გვერდზე ლაპარაკია ქუთაისის  საკათედრო, ბათუმის, გორის, უდეს, ივლიტას ეკლესიების კათოლიკეებისთვის გადაცემაზე.

მეუფე თევდორე: - "მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები მსგავს პრობლემებს შიდა განხილვებით გადავწყვეტთ. არ გვსურს ამ საკითხის საჯაროდ განხილვა, ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკეების აღშფოთებასა და აგრესიას იწვევს. მათზე ზრუნვა კი ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია. რა თქმა უნდა, დაუშვებელია ამ საკითხის ცალმხრივად განხილვა, სხვებსაც ხომ აქვთ მითვისებული ბევრი ქართული ეკლესია, რომელთაც არავინ გვიბრუნებს.

ხსენებული ეკლესიებიდან ზოგიერთი მართლმადიდებლური ეკლესიის ნაფუძარზეა აშენებული. ერთ დროს ქართველი მეფის გადაწყვეტილებით გადაეცა ისინი კათოლიკეებს, იმათ კი მართლმადიდებლური დაანგრიეს და კათოლიკური ააშენეს. დროთა განმავლობაში ეს ეკლესიები სახელმწიფოსავე გადაწყვეტილებით ისევ მართლმადიდებლებს დაუბრუნდა.

ასე რომ, როცა ქუთაისის საკათედრო ტაძარზე ლაპარაკობენ, ნუ დაავიწყდებათ, რომ ის ხარების ეკლესიის ნაფუძარზეა  აშენებული. შემორჩენილია ძველი ხარების ეკლესიის ამსახველი ფოტოც. ამჟამად ის ხელთ არა მაქვს, თუმცა როცა სასამართლო დავა მიმდინარეობდა, წარვადგინეთ და მოვიგეთ კიდეც საქმე.

ზოგი მართლმადიდებლური ეკლესიის ორნამენტები კათოლიკურს მართლაც  ჰგავს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ახსნა, რუსეთის იმპერიის ბატონობის დროს "გადააკეთეს" ამგვარად. ასეა თუ ისე, ეს ეკლესიები ჩვენ სახელმწიფომ გადმოგვცა.

ივლიტას ტაძარი ყოველთვის მართლმადიდებლური ეკლესია იყო. თავის დროზე ის  ნაწილობრივ დაანგრიეს, მერე კი გარემონტება-აღდგენისას გადააკეთეს.

ასე რომ, ეკლესიების კუთვნილების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენელთა შიდა შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს მსგავსი პრობლემები".

რაღა თქმა უნდა, "თავისუფლების ინსტიტუტის", "კმარას" ან  ხელისუფლებასთან დაახლოებული ჟურნალისტების პოზიცია არ გაგვკვირვებია, ისინი ათეისტობას არც მალავენ, მაგრამ ოპოზიციონერ (რომელიც პატრიარქის ხშირი სტუმარია) დავით ზურაბიშვილის ამ "არმიაში" გამოჩენა გასაოცარი თუ არა, დამაინტრიგებელი ნამდვილად არის. თუმცა ისიც ხომ ერთ დროს "თავისუფლების ინსტიტუტის" "თავისუფლად მოაზროვნე პირმშო" იყო...

მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო იქნება თავად დავით ზურაბიშვილის აზრი:

- ვფიქრობ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ არიან "კათოლიკური ეკლესიების გადაცემის მხარდამჭერები"... ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. ბევრი ეკლესია ისტორიულად კათოლიკეების იყო და შემდგომში სახელმწიფომ გადასცა  მართლმადიდებლებს.

მე არ ვიცი, ქართული ეკლესიების დანგრევის შემდეგ მათ ნაფუძარზეა აშენებული თუ არა ესა თუ ის კათოლიკური ეკლესია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქუთაისის საკათედრო ტაძარში კათოლიკე ზაქარია ფალიაშვილი უკრავდა. ტაძარს არქიტექტურულადაც ეტყობა, რომ კათოლიკურია. ამ პრობლემის  მოგვარების სირთულე ის არის, რომ თუ  ეკლესია მართლმადიდებლურად იკურთხება, მისთვის კათოლიკეებისთვის გადაცემა  აღარ შეიძლება, მაგრამ...

მე არ მახსოვს  ისეთი შემთხვევა, როცა საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია კათოლიკეებს გადასცემოდა. ასე რომ, სამართლიანობის აღდგენას მხარს ვუჭერ. ამ საკითხს ჯერ კიდევ უფლებადამცველ ორგანიზაციაში მუშაობისას მივაქციე ყურადღება.

რა თქმა უნდა, ეკლესიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ პრობლემა, მაგრამ ეს საზოგადოებისთვის თავისუფალი სიტყვის გამოთქმის და აზრის გამოხატვის უფლების წართმევას არ ნიშნავს. აქვე განვმარტავ, რომ პირადად მე არა კათოლიკე, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ მორწმუნე მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ მთლად ეკლესიურიც არ გახლავართ"(?!).

P.S. ბოლოთქმის ნაცვლად შემოგთავაზებთ ფეისბუქზე გამოთქმულ ერთ-ერთ მოსაზრებას, რომელზეც კომენტარი ზედმეტია.

ბექა გაბადაძე (სტილი დაცულია): "აქ იმიტომ შემოვედი, რომ ეს კომენტარი დამეტოვებინა. ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ქუთაისი რომ ავიღოთ, იქ არის ხარების ეკლესია, რომელშიც მოვინათლე და ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეკლესიას უკავშირდება ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში.

ახლა კი ამის ჩამორთმევას მე ვერ დავუშვებ, რა დონის ლიბერალიც უნდა ვიყო... მე კიდე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ პრობლემის სხვაგვარად მოგვარება, ახალი ააშენონ და დავეხმაროთ აშენებაში".