"ერთმა ისიც კი მითხრა, აფერისტობ, ძალით აელმებ თვალსო. მე ვმღერი, არავის ვეუბნები, უსინათლო ვარ და ამიტომ დამეხმარეთ-მეთქი"
30-01-2017
"ერთმა ისიც კი მითხრა, აფერისტობ, ძალით აელმებ თვალსო. მე ვმღერი, არავის ვეუბნები, უსინათლო ვარ და ამიტომ დამეხმარეთ-მეთქი"
კაცს ფიალა ეჭირა, ქალს ხმის გამაძლიერებელი ჰქონდა გადაკიდებული და ყურზე მიკროფონი მიემაგრებინა. უჩვეულო სანახაობით გაოცებული თუ ხმამაღალი მუსიკით შეშფოთებული მგზავ­რების მზერაში ღიმილი, გაკვირვება და ზოგსაც აგრესია შევნიშნე...

სამსახურიდან გამოსულმა სახლამდე­ მეტროთი ვარჩიე წასვლა. ესკალატორი სწრაფად ჩავიარე და მატარებლის ბოლო ვაგონში მოვკა­ლათდი. იქვე უსინათლო მამაკაცსა და ქალს მოვკარი თვალი. კაცს ფიალა ეჭირა, ქალს ხმის გამაძლიერებელი ჰქონდა გადაკიდებული და ყურზე მიკროფონი ჰქონდა მიმაგრებული. უჩვეულო სანახაობით გაოცებული თუ ხმამაღალი მუსიკით შეშფოთებული მგზავ­რების მზერაში
ღიმილი, გაკვირვება და ზოგსაც აგრესია შევნიშნე... წყვილი ხელიხელჩაკიდებული ნელი ნაბიჯებით გაემართა ვაგონის მეორე ბოლოსკენ... ისინი ალბათ, ბევრს უნახავს და დახმარების ხელიც გაუწვდიათ, მაგრამ უმეტესობამ არ იცის, რომ მათ სახლში 5 შვილი ელოდებათ.

საბჭოთა პერიოდში მშობლები­ შეზღუდული უნარების მქონე­ შვილებს თავიდან იშორებდნენ. ასეთი­ დამოკიდებულების მსხვერპლია ქალბატონი­
მაიაც. მან ძალიან პატარამ დაკარგა მხედველობა, დედამ კი - ჩინდაკარგული შვილი...

"მხოლოდ ერთხელ მომინახულა დედამ..." -


მაია ჯიმისიანი:
"- გორში დავიბადე,­ 4 წლისას მამა დამეღუპა. სკოლაში შემამ­ჩნიეს, რომ ცუდად ვხედავდი და 6 წლისა მცირედ მხედველთა სკოლაში გადამიყვანეს. შემდეგ სწავლა თბილისში, N202-ე უსინათლოთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განვაგრძე. თბილისში მხოლოდ ერთხელ, არდადეგების დროს მომინახულა დედამ.
ბავშვობის ნათელ წერტილად ჩემი მასწავლებელი, თინა ბურკაძე მიმაჩნია. სანამ ოჯახს შევქმნიდი, ეს ღვთისნიერი ქალი მპატრონობდა. ჩემი ძმა კახეთში ცხოვრობს, თუმცა სურვილი არა აქვს ჩემთან ურთიერთობის. ჩემი და კი თბილისშია, ხანდახან მხვდება, მაგრამ ჩვეულებრივი ნაცნობივით მხოლოდ მომესალმება ხოლმე.

"კეთილი ადამიანების დახმარებით ვარჩენ ოჯახს"


- ვოცნებობდი, სწავლა ფილოლოგიის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა, მაგრამ ვერ შევძელი. სამაგიეროდ, გავხდი მასაჟისტი, გოგირდის აბანოში 5 წელი ვმუშაობდი... მოგვიანებით ჩემს სკოლელ ზაურ ყაველაშვილთან ერთად შევქმენი ოჯახი. ის ჩემი მეორე მეუღლეა. პირველი ქორწინებიდან მყავს ორი ქალიშვილი: თინათინი და მარიამი. ჩემმა მეორე მეუღლემ 14 წლისამ­ დაკარგა მხედველობა, საფანტის ტყვია მოხვდა და ატროფირებული აქვს ორივე თვალი. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა არეულობის პერიოდი დაემთხვა, სამუშაო არსად იყო და მას ვინ დაასაქმებდა... მე და ზაურს სამი შვილი შეგვეძინა. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და ვცხოვრობთ ბედნიერად...

დასაკრავი და სასიმღერო აპარატურა კეთილმა გოგონამ აჭარიდან გამომიგზავნა. მიკროფონი რადიოზე ერთდება და ხმას აძლიერებს. ბევრს ფონოგრამა ჰგონია და მირჩევენ, ცოცხლად იმღერეო. მე ვუკრავ და ვმღერი, მეუღლეს ჯამი უჭირავს შემოწირულობისთვის. მუდმივად ერთად ვართ. მეტროში მაშინ ჩავდივარ, როცა ბავშვის დამტოვებელი მყავს, ხანდახან კვირებიც ვერ გავდივარ, ხანდახან კი ყოველდღე ქუჩაში ვმღერი. ხმა ძალიან სუსტი მაქვს, ამიტომ მიკროფონით ვმღერი. კეთილი ადამიანების დახმარებით ვარჩენ ოჯახს. ასეთები უფრო მეტი არიან, ვიდრე გამქილიკებლები.

გამიგონია არასასიამოვნო რეპლიკები, ჩემზე უკეთ აცვიაო. რადგან ქუჩაში ვდგავარ, არ ნიშნავს, რომ ჭუჭყიანი უნდა ვიყო... ერთმა მამაკაცმა ისიც კი მითხრა, აფერისტობ, ძალით აელმებ თვალსო. მე ვმღერი, არავის ვეუბნები, უსინათლო ვარ და ამიტომ დამეხმარეთ-მეთქი.
ერთმა საქველმოქმედო ფონდმა 1.240 ლარამდე შემიგროვა თანხა. ვიყიდეთ საწოლი, თეთრეული, პროდუქტები და ჩაიდანი-თერმოსი. ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის მესვეურებმა კი გადმომცეს 600 ლარის ღირებულების ტანსაცმელი ბავშვებისათვის. მოლარეებმაც გამოუგზავნეს ჩემს შვილებს­ საჩუქრები. "

5 შვილი ქუჩაში გასულ დედ-მამას ელოდება...

18 წლის თინათინი, 15 წლის მარიამი, 7 წლის სალომე, 5 წლის ქეთევანი და 1 წლის გიორგი ქუჩაში გასულ მომღერალ დედასა და მოწყალების თასით მდგომ მამას ელოდებიან...

- თინათინი ხელბურთელია. საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, შემდეგ ტრავმა მიიღო და ვეღარ შეძლო ვარჯიში. ახლა შტანგაზე ვარჯიშობს. მწვრთნელის პროგნოზით 20-წლიანებში აუცილებლად გავა ჩემპიონატზე. მარიამს თანდაყოლილი კატარაქტა აქვს, ორი ოპერაცია გავუკეთეთ. სალომეს ასტიგმატიზმი აღმოაჩნდა. ქეთევანი უსინათლო დაიბადა, უამრავი ოპერ­აცია გავუკეთეთ, მაგრამ უშედეგოდ. გიორგი ჯანმრთელია, ნამცეცსაც კი ხედავს იატაკზე.

"იქნებ სახელმწიფო ბინის შესყიდვაში დაგვეხმაროს"


- სოციალური დახმარება 460 ლარი გვაქვს. ქეთის ოპერაციების გამო წინასწარ გვაქვს აღებული გრძელვადიანი კრედიტი. ოპერაცია კი დაუფინანსდა, თუმცა მკურნალობა ძალიან ძვირი გვიჯდება. ასე ვაგროვებთ საარსებო წყაროს და ვცდილობთ, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები მოვუგვაროთ. მადლობა ღმერთს, ქეთის დამოუკიდებლად სიარული შეუძლია...

5 წლის წინ ფონიჭალაში ჩვენი საცხოვრებელი დაინგრა და მას შემდეგ ქირით ვცხოვრობთ. საბედნიეროდ, ქირას სახელმწიფო ფარავს. მუდმივად დავდივართ ერთი უწყებიდან მეორეში, სულ ერთმანეთ­თან გვგზავნიან, პასუხს კი არავინ გვცემს. ათასობით განცხადება გვაქვს შეტანილი, მერიის წერილობითი პასუხი კი ის იყო, რომ საბინაო ფონდი არ გააჩნია. თუ სახელმწიფო დაგვეხმარება გრძელვადიანი განვადებით ბინის შესყიდვაში, ნელ-ნელა გადავიხდით. ვიმუშავებთ, უფრო გავიჭირვებთ და გადავიხდით ჩვენ, უსინათლო მშობლები."

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით