"100-კილოიან კაცს ანგელოზის როლი მქონდა და პაჩკა მეცვა"
30-01-2017
"100-კილოიან კაცს ანგელოზის როლი მქონდა და პაჩკა მეცვა"
"ფეხის წვერებზე პუანტებით ავხტი სცენაზე და დავტრიალდი... ატყდა ხარხარი. მართალია, ფეხები ძალიან მეტკინა, მაგრამ როლი მომცეს და თავი მოვიკალი, კარგად რომ შემესრულებინა. გაოცებულები მიცქერდნენ, ამხელა წონის ადამიანი როგორ ხტუნავსო"

"სპექტაკლის შემდეგ ქუჩაში ხალხი ყვიროდა, "ბრავო, პონჩიკ"


"მაია პლისეცკაია როდესაც თბილისში იმყოფებოდა, ერთად ვიცეკვეთ სპექტაკლში "შეჰერაზადა". დასში ერთადერთი მე ვიყავი არაპროფესიონალი. მე და მაია რომ დაგვინახეს სცენაზე, ყველა გაოგნდა.­ ისეთი ოვაცია იყო, მაიამ წამჩურჩულა, ასეთი აპლოდისმენტები მე არა მაქვსო", - ამბობს
ოპერის გრიმიორი ზუზუ რევაზიშვილი და თავის საინტერესო ცხოვრებაზე სიამოვნებით გვიამბობს...

- სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაგრამ დამიწუნეს. ერთ მშვენიერ დღეს კი რუსთაველის თეატრის გრიმიორი გავხდი. თუმცა მალე ოპერაში გადამიყვანეს. დრამატულ თეატრებში ჩვენ ბევრი სამუშაო არა გვაქვს, ოპერაში კი აუარებელი საქმეა... სპექტაკლი არ დაიდგმება,­
ლიბრეტოს რომ მთლიანად არ გავეცნო. შემიძლია ნებისმიერი ადამიანი გრიმით დავაბერო, გავაახალგაზრდაო, დავამახინჯო, გავალამაზო...
საქართველოს კულტურის მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში ოთარ თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მან შეცვალა­ ჩემი ცხოვრება. როგორც მოგახსენეთ, თავიდან რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, მაგრამ გადაწყდა, რომ ოპერის თეატრში უნდა გადავსულიყავი. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, რუსთაველის თეატრში მინდა დარჩენა-მეთქი... ოთარ თაქთაქიშვილმა დამიბარა და მითხრა, პატარა ბიჭო, შენზე ამბობენ, დიდი მომავალი აქვს და დიდ მომავალს კი დიდი თეატრი სჭირდებაო...

რუსთაველის თეატრის მთავარი გრიმიორი აპოლონ გამყრელიძე იყო, ოპერის თეატრში კი არსენ კერვალიშვილი. მაღალი დონის გრიმიორები იყვნენ, ფილმი "ქეთო და კოტე" მთლიანად მათი ნამუშევარია...

- რუსთაველის თეატრში ცოტა ხანს მუშაობდით, მაგრამ როგორ იხსენებთ იმ წლებს?

- რუსთაველის თეატრში მსახიობების შვილობილი ვიყავი. განსაკუთრებულად მედიკო ჩახავასგან მახსოვს დედობრივი მზრუნველობა... კოტე მახარაძეს რომ ინსულტი­ დაემართა, სოფიკოსთვის უთქ­ვ­ამს, ჩემს ზუზუს დაურეკე, ელარჯი გამიკეთოს, მისი გაკეთებული ელარჯი მენატრებაო... სოფიკომ დამირეკა თუ არა, მაშინვე გავიქეცი ბაზარში და კოტეს თხოვნა შევასრულე... სამ დღეში კოტე მახარაძე გარდაიცვალა, სიკვდილის წინ მისი ბოლო ნატვრა ჩემი მომზადებული ელარჯი იყო. რუსთაველის თეატრში რომ შევდიოდი, განსაკუთრებული მსახიობების გა­რდერობი ცალკე იყო და ლაბადას რომ დავტოვებდი, გამოსვლისას დაცვის წევრებს­ გაოგნებული ვეკითხებოდი, ფული თქვენ ჩამიდეთ ლაბადის ჯიბეში-მეთქი?.. მერე მსახიობები მეხუმრებოდნენ კანფეტი იყიდე, ბიჭო, და ჭამეო. მედიკო ჯაფარიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და სხვე­ბი თავს მევლებოდნენ. ვერიკოს სულს ვენაცვალე, მას დავუსჯივარ კიდეც, მაგრამ ოდნავაც არ მწყენია.

ოპერაშიც იმდენად შემიყვარა ყველამ, თითქოს მათი ძმა და მეგობარი ვიყავი...­ "პიკის ქალს" რომ ვდგამდით, ერთი კვირით ადრე ზურაბ ანჯაფარიძემ მით­ხრა, შვილო, მე დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებო, სამწუხაროდ, მართლაც ასე მოხდა. ძალიან ცუდად იყო და მაინც იკრებდა ძალას, სპექტაკლი რომ ბოლომდე მიეყვანა.

ოპერაში მალევე შეამჩნიეს ჩემი კულინარიული შესაძლებლობები. ხინკალს რომ ვაკეთებდი, ზოგი ბალერინა, მგონი,­ ოც ცალს მიირთმევდა თითო ჯერზე.
ახლა ხალხი ერთმანეთს ვეღარ ცნობს, მაგრამ ადრე ყველა თანამშრომლის კარი ერთმანეთისთვის ღია იყო. ბევრი უპატრონო ადამიანისთვისაც მიპატრონია... მეც სიღარიბეში გავიზარდე, ოჯახში მეექვსე შვილი ვიყავი.

- როგორც ვიცი, ნინო ანანიაშვილთან განსაკუთრებულად ახლოს ხართ...

- ნინომ მთელი დედამიწა მომატარა.­ საკუთარი შვილივით მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. ნინოს ყველგან აღმერთებენ. იაპონიაში თეატრიდან რომ გამოდის, გარეთ სამხედრო კორიდორი­ კეთდება და დიდჩინოსნები და ხალხი ერთად დგანან თაყვანისმცემელთა რიგებში.
ერთხელ თაიგულები რომ ისროლეს, ერთ-ერთი თვალში მომხვდა... ყვავილებზე ნინოს სურათი იყო დახატული...

- თქვენ იცეკვეთ მსოფლიო ლეგენდასთან, მაია პლისეცკაიასთან ერთად, როცა 100 კილოგრამს იწონიდით...

- გურამ მელივას სურდა, რომ სპექ­ტაკლში "კოლუმბიიდან ბრ­ო­დვეიმდე" გრიმიორის როლში გამოვეყვანე. მაშინ­ ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი, - ხომ იცით, რა შემიძლია-მეთქი, ავხტი ფეხის წვერებზე პუანტებით და დავტრიალდი... რეპეტიციას მთელი ოპერის მსახიობები ესწრებოდნენ და ატყდა ხარხარი. მართალია, ფეხები ძალიან მეტკინა, მაგრამ როლი მომცეს და თავი მოვიკალი, კარგად რომ შემესრულებინა. ანგელოზის როლი მქონდა და პაჩკა მეცვა. გაოცებული მიცქერდნენ, ამხელა წონის ადამიანი როგორ ხტუნავსო. ­სპექტაკლის შემდეგ ქუჩაში რომ გავდიოდი, ხალხი ყვიროდა, "ბრავო, პონჩიკ".
სპექტაკლს იტალიელი იმპრესარიო­ ჰყავდა, რომელიც მონტე-კარლოში ცხოვრობდა. იტალიაში სამი სპექტაკლი ვიცეკვეთ და ეს კაცი საგანგებოდ ჩამო­ვიდა მონტე-კარლოდან, რომ ჩვენს სპექტაკლს დასწრებოდა. შემომთავაზა,­ მონტე-კარლოში წავსულიყავი სამუშაოდ -­ სახლით, აგარაკითა და მანქანით უზრუნველყოფილი იქნებიო... მე უკვე საქართველოში საყვარელი ცოლ-შვილი მყავდა, არ გვიჭირდა და წასვლაზე უარი განვაცხადე. ჩემს მეუღლესაც სთხოვა, მხოლოდ ექვსი თვით გამოუშვიო, ედუარდ შევარდნაძესაც კი უთხრა.
შევარდნაძემ ხუმრობით უპასუხა, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, ამ ანგელოზს ჩვენ როგორ ვეტყვით,­ სხვა ქვეყანაში წადიო.

- მაია პლისეცკაიასთან პირველად შეხვედრას როგორ იხსენებთ?

- მახსოვს, მიშა ლავროვსკის დედამ,­ ელენა ჩიკვაიძემ მოსკოვში წამიყვანა და პირველად მაშინ ვნახე მაია პლისეცკაია. დაუვიწყარი დრო გავატარეთ...
მაია პლისეცკაია თბილისში ისე არ ჩამოვიდოდა, ჩემთვის საჩუქარი არ ჩამოეტანა... სულ სხვადასხვა შლაპა ეხურა და რომ დამინახავდა, შლაპას მოიხდიდა, გრძელ ხელს გამომიწვდიდა და დამახურავდა, ეს ყველაზე ლამაზ თავსო... მონსერატ კაბალიემაც ულამაზესი შარფი მაჩუქა. დიდი რუდუნებით ვინახავ.
უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი დიდი ადამიანების გვერდით გავატარე მთელი ცხოვრება.

მანანა გაბრიჭიძე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები