"არავის მივცემ უფლებას, ჩემს ერზე ცუდი თქვას, ამას ვერავინ გამიბედავს!" - როგორ გააოცა ია ნინიძემ ირინა პონაროვსკაია?! - კვირის პალიტრა

"არავის მივცემ უფლებას, ჩემს ერზე ცუდი თქვას, ამას ვერავინ გამიბედავს!" - როგორ გააოცა ია ნინიძემ ირინა პონაროვსკაია?!

"27 წლისა, სრულიად მარტო ვიყავი, შვილების გარდა არავინ მყავდა"

დედაჩემი თეთრი, ქერა, ცისფერთვალება ქალი გახლდათ და სოფიკო სულ ეუბნებოდა, შენს შვილს ნიკუშა უფრო ჰგავს. გოგოზე ვოცნებობდით და ჩვენმა ნიკუშამ მოგვიყვანაო

სიფრიფანა გოგონა "არ დაიდარდოში" განსახიერებული პატარა როლით გაიცნო მაყურებელმა. მას შემდეგ კიდევ ბევრი როლი იყო მის ბიოგრაფიაში. დღეს ია ნინიძე ამბობს, რომ ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში - იყო ტკივილი, გაჭირვება, მაგრამ მუდამ სჯეროდა, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნებოდა.

- ფუშფუშა კაბები, პუანტები, ლამაზი ვარცხნილობები მომწონდა. პიონერთა სასახლეში დავდიოდი საბალეტო წრეზე. ერთ დღეს მეცადინეობაზე დასასწრებად შემოვიდა უცნობი მამაკაცი, თურმე გიორგი დანელია იყო თავისი ჯგუფის წევრებითურთ. მე ყველაზე ბოლოში ვიდექი, მაგრამ რატომღაც ყურადღება ჩემზე შეაჩერეს. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან სასაცილო ვიყავი, გამხდარი, წინ 2 დიდი კბილითა და ცოცხალი თვალებით. მაშინ 7 წლის ვიყავი. რომ მითხრეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, ცივად ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოვჩნდი "არ დაიდარდოს" გადაღებაზე. გრიმის, ძველი ნივთების სურნელმა მომაჯადოვა და კინო ჩემთვის იქცა იმ სამყაროდ, სადაც ჩემს გონებაში არსებული ყველა გმირი გაცოცხლდა.

- მეორე როლი წინა გამოცდილების წყალობით მიიღეთ?

- მაშინ 12-13 წლის ვიყავი, საბალეტო სკოლაში რიმა კარსანიძე "ვერის უბნის მელოდიებისთვის "ბავშვების ასარჩევად მოვიდა. ისე მოხდა, რომ მე კიბის მოაჯირზე ჩამოვსრიალდი და დავეჯახე. მან დამიჭირა, შემათვალიერა, და სანამ რამეს მეტყოდა, კარში მდგომმა პედაგოგმა უთხრა, ზუსტად მიაგენით, ეს ახტაჯანა ისეთია, 5 ბავშვს ითამაშებს ერთდროულადო.

მაია კანკავა გადაღებებზე გავიცანი. კარგი დუეტი გამოგვივიდა. ყველა რომ დავღალეთ ჩვენი ონავრობით, გიორგი შენგელაიამ გადია აგვიყვანა... საშინლად ცელქები ვიყავით, ხან ცხენები გავიტაცეთ, ხან გრიმში ამოვისვარეთ. ისევ სოფიკოსა და ბუბასთან ერთად აღმოვჩნდი გადასაღებ მოედანზე - "არ დაიდარდოში" ბუბა ჩემი ბიძა იყო, ახალ ფილმში კი მამა.

სოფიკო დედა იყო, მერე - დედინაცვალი, მოგვიანებით - დედამთილი, ოღონდ რეალურ ცხოვრებაში.

- როგორი დედამთილი იყო?

- არაჩვეულებრივი. დედაჩემი თეთრი, ქერა, ცისფერთვალება ქალი გახლდათ და სოფიკო სულ ეუბნებოდა, შენს შვილს ნიკუშა უფრო ჰგავს. გოგოზე ვოცნებობდით და ჩვენმა ნიკუშამ მოგვიყვანაო.

- შემდეგში სხვაგვარად განვითარდა მოვლენები, თუმცა ამას თქვენი და ქალბატონი სოფიკოს ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.

- ძალიან ვგავდით მე და სოფიკო ერთმანეთს ტემპერამენტით, შემართებით. სოფიკოს სიგიჟემდე ვუყვარდი და მეც ასევე მიყვარდა. სუფრას გაშლიდა და დამირეკავდა, ჩემი გოგოები მოდიან და მოდიო. ხუმრობდა, ვერიკოსთან რომ მოდიოდნენ დაქალები ნაფთალინიდან ამოღებული შუბებით, სულ მეცინებოდა, ახლა ჩემი ნაფთალინის გოგოები მოდიან ჩემთანო. საერთოდ, ჩემს ყველა ყოფილ ქმართან და დედამთილთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

ჩემი მეგობარი ირინა პონაროვსკაია მოსკოვში, ჩემს დაბადების დღეზე, ასეთ სცენას შეესწრო: ზარია კარზე და შემოდის სოფიკო სანდროსთან ერთად (ნიკუშას ძმასთან). სუფრასთან დაჯდა, აიღო ჭიქა და ჩემი სადღეგრძელო შესვა, თქვა, როგორ ვუყვარვარ და როგორ სწყდება გული, რომ მისი რძალი აღარ ვარ. მერე მოიბოდიშა, სპექტაკლზე მეჩქარებაო, სანდრო დამიტოვა და წავიდა. გავიდა ცოტა ხანი და ჩემი გიორგი მოიყვანა ბებიამ. მანაც ტკბილი, გულიდან ამოსული სიტყვები მომიძღვნა და დაგვემშვიდობა. ამის შემდეგ ტელეფონმა დარეკა და თბილისიდან ნინოს ბებიამ მომილოცა. ამ სცენების შემსწრე ირინა გაგიჟდა - მითხრა, ბევრჯერ ვიყავი გათხოვილი, მაგრამ არც ერთ ჩემს დედამთილს ასე არ ვყვარებივარო.

როდესაც სოფიკო გარდაიცვალა, მაშინვე ჩამოვედი. რომ მივედი, ნიკუშამ სამაჯური და ბეჭედი გადმომცა - სოფიკომ დაგიტოვაო. ამ ნივთებს დღესაც სათუთად ვინახავ.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი თქვენს ბიოგრაფიაში "მონანიებაში" განასახიერეთ.

- "მონანიებაში" ჩემზე ბევრად უფროსი ქალი განვასახიერე. ამ როლზე სინჯების გარეშე დამამტკიცა აბულაძემ. ძალიან უნდოდა, "ნატვრის ხეშიც" მეთამაშა მარიტა. როგორ მითხარი უარიო, გამიბრაზდა, "ციური მერცხლების" გადაღებაზე რომ წავედი მოსკოვში.

კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ რუსთაველის თეატრში დავიწყე მუშაობა. ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლში ვთამაშობდით მე, ირაკლი აფაქიძე, ზეიკო ბოცვაძე, ავთო მახარაძე... ავთო ამბობდა, უბედნიერესი მსახიობი ვარ, თენგიზ აბულაძესთან 2 როლზე დამამტკიცეს, მაგრამ მეუღლე ვერაფრით მომიძებნესო. ერთ დღეს ამ მეუღლის სათამაშოდ მე დამიძახეს. ეუბნებოდნენ, ახალგაზრდაა, 23 წლისა, როგორ ითამაშებსო? ჩაიხედეთ მის თვალებში და ეგ კითხვა აღარ გაგიჩნდებათო, პასუხობდა ბატონი თენგიზი. მართლაც, ამ პერიოდში ბევრი რამ მქონდა უკვე გამოვლილი ცხოვრებაში. ეტყობა, ყველა ეს ტკივილი ჩემს თვალებში დაილექა. უკვე 27 წლისა, სრულიად მარტო ვიყავი, შვილების გარდა არავინ მყავდა.

- მოსკოვში როდის გადახვედით?

- 1997 წელს, როდესაც გრიგორი გურვიჩმა თავის თეატრში მიმიწვია. იმ დროს ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიყავი, მერე ნელ-ნელა ფეხი ავუწყვე ცხოვრებას.

- აგვისტოს ომის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს მოსკოვურ ყოფაში?

- მაშინ კვარიათში ვიყავით. რომ ვბრუნდებოდით, გორიც გამოვიარეთ, დევნილებიც ვნახეთ... ეს ყველაფერი მოყოლილი მაქვს იმ წრეში, რომელშიც ვცხოვრობ და ვტრიალებ. არასდროს, არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს ერზე ან თუნდაც ჩემს ხელისუფლებაზე ცუდი თქვას რამე, ვერ გამიბედავს!

ამ ამბიდან ძალიან მალე მოსკოვში მეტროში ვართ მე და ჩემი ნინო. დაღლილი იყო და ქართულად ვუთხარი, დამადე, დედიკო, მხარზე თავი და თვალები დაასვენე-მეთქი. ამ დროს ვიღაც მეუბნება, ქართულად რატომ ლაპარაკობთო. პასუხი არ გამაცემინა ხალხმა: "შენ ვინ ხარ, თავს რომ ასეთი ლაპარაკის უფლებას აძლევ?! ვერ იცანი? ეს ხომ ჩვენი ციური მერცხალია, ჩვენი ია ნინიძე. ახლავე მოშორდი აქაურობასო", - ხმა აღარ ამოუღია, პირველივე სადგურზე ჩავიდა თავჩაღუნული.

როდესაც ჩემი სიძის დედა პირველად ჩამოვიდა თბილისში და რუსთაველზე გავიარეთ, 9 აპრილის ამბავი ვუამბე, ვუთხარი, რომ ის საშინელება აი, აქ მოხდა-მეთქი. იცით, ქალს რა დაემართა, ამის შემდეგ კიდევ გიყვარვართ თქვენო?!

- დღეს როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ისევ ჩემს პროფესიას ვემსახურები. მიწვევენ კონცერტებსა და საღამოებზე, მე და ნინოს კარგი დუეტი გვაქვს. ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს სახეც გავხდი.ყველაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში - გაჭირვება, ავადმყოფობა... არაფრის მეშინია, გარდა სიკვდილისა, ისიც იმიტომ, რომ ვეღარ გნახავთ. მოეფერეთ ერთმანეთს და ნუ ივლით დაბღვერილები. გჯეროდეთ, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება.

ეკა სალაღაია