მალე - "აივნიანი ქალაქი" ჟურნალ "გზაში" - კვირის პალიტრა

მალე - "აივნიანი ქალაქი" ჟურნალ "გზაში"

ეს რომანი ძველი თბილისის ქუჩებში დაგაბრუნებთ

ნაწყვეტი რომანიდან:

"იმ დროს ერევნის მოედანზე და სოლოლაკში სახლის ადგილები ჩალის ფასად იყიდებოდა. ქართველ თავადებს არაფრად უღირდათ ავანაანთ ხევის ღრანტეები და კოჯრის ძველ კართან გაშენებული მეფის ბაღები. ისინი ზამთრობით (ზაფხულსა და შემოდგომას სოფლებში ატარებდნენ) ორბელიანების უბანში, მადათოვის მოედანთან და ანჩისხატის უბნის მახლობლად ცხოვრობდნენ, ვაჭრებისა და ხელოსნებისგან განცალკევებით... არც გრიგოლ ზანდაროვს დასჯდომია ძვირად მიწის დიდი ნაკვეთის ყიდვა მეფის ყოფილ ბაღებში..."

"XIX საუკუნის 40-იან წლებში თბილისმა ევროპული იერი მიიღო. სოლოლაკმა და გარეთუბანმა უკან მოიტოვა ანჩისხატის უბანი, თათრის მოედანი, მეტეხი, აბანოების რიგები, ხარფუხის აღმართ-დაღმართები და ნარიყალა. ძველი ქალაქი, თავისი პატარა და აივნიანი სახლებით სადღაც ქვემოთ, მტკვარზე მიკრული აღმოჩნდა, ხოლო ახალი ქალაქი ახალ უბნებში ღონივრად შლიდა მხრებს, ფართოვდებოდა და მშვენდებოდა..."

"აივნიანი ქალაქი" - ეს არის ნაწარმოები თბილისზე, რომელშიც მხატვრულადაა აღწერილი დედაქალაქის, საზოგადოების ფორმირებისას მიმდინარე საინტერესო ამბები - ძველი თბილისი, პერსონაჟების ცხოვრება და თავგადასავლები. ნიკოლოზ გაბაონის ერთადერთი შთამბეჭდავი რომანი მკითხველის თხოვნით "გზაში" ყოველ ხუთშაბათს დაიბეჭდება. "აივნიანი ქალაქი" შეჩერებული წამია, ძველი თბილისის ის კარიბჭე, რომელსაც მარტივად შეაღებთ და თვალწინ ის ფურცლები გადაგეშლებათ, რომელთაც ვერც ერთ ძველ ფოტოზე ვერ ნახავთ. აქ იმ ქალაქის სული ტრიალებს, რომელსაც ბევრი არ იცნობს.

ნიკოლოზ გაბაონი აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილის - ქართველ აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის ფსევდონიმია. იგი 1911 წლის 9 აპრილს, ციმბირში დაიბადა, მეფის რუსეთის მიერ გადასახლებული პოლიტპატიმრის, ნიკოლოზ გაბაშვილის ოჯახში. რამდენიმე თვის იყო, როდესაც ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მამა კვლავ დააპატიმრეს, მეორედ დაპატიმრებისას, 1942 წელს, შუა აზიაში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა... მამის ცხოვრებამ, მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ ქვეყნის თავისუფლებისათვის, ვალერიან გაბაშვილის ცხოვრებაზე ღრმა კვალი დატოვა. მოგვიანებით მან ლიტერატურულ ფსევდონიმად მამის სახელი - ნიკოლოზი აიღო, გაბაონი კი გაბაშვილების გვარის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.

გაბაშვილი, როგორც რეპრესირებული ოჯახის შვილი, ასპირანტურიდანაც დაუთხოვიათ, მაგრამ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ძალისხმევით აღუდგენიათ. მიუხედავად დევნისა, იგი თავისი პრინციპებისა და მამის ხსოვნის ერთგული დარჩა.

"აივნიანი ქალაქი" გაბაშვილმა ახალგაზრდობაში დაწერა. პირველ ნაწერებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტოს ავტორს, პეტრე მირიანაშვილს აკითხებდა. თუ ვინ იდგა ამ რომანის ავტორის ფსევდონიმის უკან, დიდხანს მისმა კოლეგა ისტორიკოსებმაც არ იცოდნენ.

"აივნიანმა ქალაქმა" XIX საუკუნის ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, მათ შორის ისტორიული პერსონაჟებით, მაშინდელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი: - "პალიტრაში" გადაცემა გვქონდა, რომელშიც ქუჩების ისტორიებზე ვსაუბრობდით და მსმენელსაც ჰქონდა ჩვენთან დაკავშირების საშუალება. ჰოდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ამ წიგნის შესახებ მოგვითხრო. ნიკოლოზ გაბაონის სახელი პირველად მაშინ გავიგე. დავინტერესდი, წიგნი მოვიძიე და წავიკითხე. შესანიშნავად იკითხება! ეს რომანი ძველი თბილისის ქუჩებში დაგაბრუნებთ... აღწერილია, როგორ ვითარდებოდა თბილისში მეწარმეობა, ვაჭრობა, პირველი მოდა - ახალი მაღაზიები ჩნდება... მთავარი გმირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადის, მოგზაურობს, რაღაცები ჩამოაქვს, თბილისში სიახლეებს ამკვიდრებს და ძალიან მალე ისეთივე სამოსის მორგება დაიწყეს ქალბატონებმა, როგორსაც პარიზში იცვამდნენ. მთავარი გმირი მშრომელი ადამიანია, ნულიდან იწყებს ყველაფერს. სახლსაც სრულიად ახალ უბანში - მთაწმინდაზე აშენებს. ვკითხულობთ, როგორ ხდებოდა ამ უბნების გაშენება, სავაჭრო წერტილების მოწყობა და ა.შ. წიგნში ასევე საუბარია არა მხოლოდ ქართული, ფრანგული კერძების მომზადების ხელოვნებაზეც. საუცხოოდ არის აღწერილი სახლები, ნივთები, ავეჯი, პირველი ფორტეპიანოები (რაც მაშინ ფუფუნება იყო), ჭაღები, ძვირფასი ქსოვილები, სამკაულები, სამოსი... საუბარია თეატრებსა და ოპერაზეც... მოკლედ, მრავალმხრივ საინტერესო რომანია ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის. ნაწარმოებში დეტექტიური ელემენტებიცაა, "აივნიანი ქალაქის" მიხედვით კარგი ფილმის გადაღებაც შეიძლება. მიკვირს, აქამდე რატომ არავინ დაინტერესდა.

ქეთი ადეიშვილი, მკითხველი: - "აივნიანი ქალაქი" 2-3 წლის წინ წავიკითხე. რეკომენდაცია დედამ გამიწია, რომელიც მეუბნებოდა, რომ წლების წინ ეს ნაწარმოები ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდებოდა და თვიდან თვემდე ველოდებოდითო. მაშინ დიდად არ დავინტერესდი, მერე ჩემმა მეგობარმაც, ირმა იანტბელიძემ, მირჩია, კულინარიაზეცაა საუბარიო და ამით უფრო დავინტერესდი.

წიგნი 500 გვერდზე მეტია და დღე-ნახევარში წავიკითხე. თბილისი აბსოლუტურად თავიდან გავიცანი, ის თბილისი, რომელიც მიყვარს, სწორედ გაბაონისა და გრიშაშვილის დამსახურებაა.

მანამდე მხოლოდ კინტოების ქალაქად წარმომედგინა. ყველას ვურჩევ, "აივნიანი ქალაქი" წაიკითხონ, იმ თბილისს გაიცნობენ, რომელიც აუცილებლად შეუყვარდებათ. ამის შემდეგ უფრო მეტად დავინტერესდი თბილისის ეთნოგრაფიით, ძველი ფოტოებით.

- რა ამბებია მოთხრობილი ნაწარმოებში?

- ეს არის XIX საუკუნის შუახანები, როცა ბატონყმობა გადავარდა და ახალი საზოგადოება ყალიბდება. ამ თემაზე სხვა ამხელა რომანი არც წამიკითხავს, თანაც კარგი ენით არის დაწერილი და მოთხრობილია ერთი გლეხის ბიჭის ამბავი, რომელიც ერთ-ერთ ბატონთან მოჯამაგირედ იყო, მან მის საცოლესთან პირველი ღამის უფლებით ისარგებლა, ბიჭი გაიქცა და ერთმა ქალაქელმა კაცმა, სახელად ფირუზამ შეიკედლა. გლეხის ბიჭი საბოლოოდ მილიონერი გახდა. რაღაც-რაღაცებში "წაიმონტეკრისტოებს" კიდეც, შურს იძიებს და ა.შ. ამ წიგნის მთავარ ღირებულებად მიმაჩნია ის, რომ დეტალურად არის აღწერილი თბილისის ყოველი კუთხე, უბანი. პერსონაჟებიც შესანიშნავადაა ჩამოყალიბებული, ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი პლუსებითა და მინუსებით. პერსონაჟების ხასიათი და ყოფა იმდენად კარგადაა აღწერილი, რომ კითხვისას თვალწინ გიდგება, რა ხდებოდა მაშინდელ თბილისში, სად როგორი ხელოსანი იდგა, ვინ რას აკეთებდა. მოკლედ, შესანიშნავი რომანია და მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული მაქვს, ჟურნალ "გზაში" ხელმეორედ სიამოვნებით გადავავლებ თვალს.

თამთა დადეშელი