"დოჩი რეალური პერსონაჟია... წერენ, რომ თითქოს მეგრელები ბრაზობენ სცენარისტზე, ეს ტყუილია" - კვირის პალიტრა

"დოჩი რეალური პერსონაჟია... წერენ, რომ თითქოს მეგრელები ბრაზობენ სცენარისტზე, ეს ტყუილია"

"დოჩის ნამდვილად ვგავარ. ყოფილა შემთხვევა, ატირებულ მეგობარს დაურეკავს, ნანუკა, მიშველეო... იქ უკვე აღარ მაინტერესებს, ვის მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება. რომ გითხრა, როგორც დოჩი მიუვარდა კატოს, ისე მივვარდნილვარ ვინმესთან, თანაც ასეთი ტექსტით-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ახლობლის გატანით და გვერდში დგომით ძალიან ვგავარ დოჩის..."

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი დოჩი ალშიბაია გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. პროფესიით ჟურნალისტი ნანუკა გულუა მეგობრების წრეში პაროდიებით იყო ცნობილი, მსახიობობაზე ოცნებობდა და მისი გარდასახვის ნიჭი ფილმის სცენარისტმაც შემთხვევით აღმოაჩინა.

- მე და სერიალის სცენარისტს, ქეთი დევდარიანს, საერთო მეგობარი გვყავს და მის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. მოვეწონე და მთხოვა, კასტინგზე მივსულიყავი. მივედი და... შეიქმნა სცენარი დოჩიზე. სულ ვიღაცებს ვბაძავდი, პაროდიებს ვაკეთებდი და მეგობრებს ვართობდი, მაგრამ ეს პროფესიად არ მიქცევია. კამერის წინ არასდროს მითამაშია. ძალიან მიხარია, რომ მაყურებელს მოსწონს ჩემი პერსონაჟი.

- დოჩი ალშიბაია მეგრელი ქალია, ისევე როგორც ნანუკა გულუა. ამან გაგიადვილათ როლის მორგება?

- ალბათ, კარგად ვერ ვითამაშებდი, დოჩი მეგრელი რომ არ იყოს - მე ხომ პროფესიონალი მსახიობი არა ვარ. შემიძლია, მოვირგო ნებისმიერი მეგრელი პერსონაჟის როლი, რადგან მათ ძალიან კარგად ვიცნობ. დოჩი მარტვილელია, თუმცა მილანშიც მოუწია ცხოვრებამ. მივხვდი, მორუსულო, მოიტალიურო აქცენტი უნდა დამეჭირა. რუსული კარგად იციან მეგრელებმა, თანაც დოჩი განათლებული ქალია... ძალიან გამიჭირდა მილანში მცხოვრები ქალის მარტვილური კილოსთვის მიგნება. მერე უცებ გამახსენდა ერთი მარტვილელი ქალი, რომელიც საზღვარგარეთ ნამყოფია. მაშინ დაიბადა დოჩი, მივხვდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი გმირი. იმ ქალს ვასახიერებ, ეს ჩემი გამოგონილი პერსონაჟი არ არის - სწორედ ასე ლაპარაკობს, იქცევა, აცვია... დოჩი რეალური პერსონაჟია.

- თქვენ თუ ჰგავხართ დოჩის?

- ვგავარ ნამდვილად, ამას ვერ დავმალავ. ყოფილა შემთხვევა, ატირებულ მეგობარს დაურეკავს, ნანუკა, მიშველეო... იქ უკვე აღარ მაინტერესებს, ვის მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება. რომ გითხრა, როგორც დოჩი მიუვარდა კატოს, ისე მივვარდნილვარ ვინმესთან, თანაც ასეთი ტექსტით-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ახლობლის გატანით და გვერდში დგომით ძალიან ვგავარ დოჩის. მე და დოჩის ცოტა მეთოდები გვაქვს განსხვავებული - ის სხვა გავლენის გოგოა, მე ეგეთი მაგარი არა ვარ...

- სერიალში განვითარებული მოვლენები მართლაც ჰგავს რეალურ ამბებს?

- რა თქმა უნდა... ჩემი მშობლები სამეგრელოში ცხოვრობენ და მეც ზუგდიდის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ზუგდიდს ლონდონს ვეძახი. რომ ვიტყვი, წავედი ლონდონში-მეთქი, ყველამ იცის, რომ ზუგდიდში მივდივარ.

ერთ სასაცილო ამბავს გიამბობთ, აქამდე არავისთვის მომიყოლია: უკრაინელებთან ვმუშაობდი HR-ად, ერთი მეგრელი ვიყავი, ყველა დანარჩენი - უკრაინელი.

ვეუბნებოდი, ზუგდიდი საოცარი ქალაქია, სადაც სიცოცხლე დუღს, ყველა იქ ჩადის გასართობად, ეს ლონდონია საქართველოში-მეთქი. გავიდა ხანი და ეს უკრაინელები მივლინებით გაგზავნეს ზუგდიდში, თურმე წინასწარ მოემზადნენ - იყიდეს ახალი ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმები და ა.შ. ჩავიდნენ და მირეკავენ, არ ჰგავს იმ ქალაქს, შენ რომ გვიყვებოდი, საქართველოში ორი ზუგდიდი ხომ არ არისო?..

ქეთი დევდარიანს სულ ვეკითხები, საიდან იჭერ ამ კუთხისთვის დამახასიათებელ დეტალებს, ან სახელ-გვარები საიდან იცი, ან მანერები-მეთქი. ეს იმდენად ღრმად აქვს შესწავლილი, რომ მეც მიკვირს. ამ სერიალის სცენარი სარკეა და ბევრს არ სიამოვნებს ჩახედვა... მე არც ერთი მეგრელი პერსონაჟი არ მაღიზიანებს.

- მეგრელები ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, ცოტა გადამეტებულია ჩვენი ამბებიო...

- როგორც სოციალურ ქსელში წერენ, რომ თითქოს მეგრელები ბრაზობენ სცენარისტზე, ტყუილია. პირიქით, იუმორით უყურებენ და უხარიათ კიდეც. ვისაც რეალობის აღქმის უნარი აქვს, ძალიან ხალისობენ, პერსონაჟები საკუთარ თავს ან ვინმე ახლობელს აგონებთ.

მე და ქეთი დევდარიანი ზუგდიდში დავდივართ ჩემი ნათესავების ოჯახებში და ყველა სიხარულით გვხვდება: როგორ ვიცინეთ, როგორ გავერთეთ, საიდან იცი ეს დეტალებიო, ეკითხებიან. მეგრელს ეს კომპლექსი არა აქვს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა.

ნინო წიფურია