"კიევში ღირსეული გამოსვლით ვუპასუხებ ჩემს გულშემატკივრებს"
30-01-2017
"კიევში ღირსეული გამოსვლით ვუპასუხებ ჩემს გულშემატკივრებს"
წელს ევროვიზიის რიგით 62-ე კონკურსზე საქართველოს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. Keep The Faith - ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც თაკო კიევში შეასრულებს.­ გრანდიოზული შოუს ნახევარფინალი - 9 და 10, ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება. დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, "კვირის პალიტრასთან" თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუ მაინც შედგა.

- ევროვიზია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რათა შენი ხმა გააგებინო მსოფლიოს. ამიტომ, როდესაც შევიტყვე, რომ წინაშესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, გადავწყვიტე, აუცილებლად გავსულიყავი. ბავშვობიდან ხშირად გავდივარ სხვადასხვა მუსიკალურ
კონკურსზე და ყველგან წარმატებულად. არ მეშინია, იმიტომ, რომ ვარ ოპტიმისტი და ამასთან, მჯერა ჩემი შესაძლებლობების. შიდაშესარჩევ კონკურსში 24-ვე მონაწილე მიმაჩნდა კონკურენტად. ისინი შესანიშნავი სიმღერებით წარდგნენ. თუმცა კონკურსანტებს შორის ერთადერთი მომღერალი ვიყავი, რომელიც უკვე 20 წელია, სცენაზე დგას, გამოცდილება კი მნიშვნელოვანია.
სიმღერის ავტორები მე და ანრი
ჯოხაძე ვართ. ერთხელ ანრისთან ვიყავი სტუმრად, შევუჩნდი, მოდი, რამე სიმღერა დავწეროთ და ევროვიზიაზე წავიდეთ-მეთქი. ანრი კარგა ხანს ორჭოფობდა, თუმცა საბოლოოდ დავითანხმე.

- 2009 წელს კონკურსზე ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ის შემადგენლობაში იყავით.

- ეს წამოწყება მესამეა, რადგან 2008 წელს მარტო გოგოებთან ერთად 3G-ს პროექტით გავედით შიდაშესარჩევ ტურში. არც ერთი ეს პროექტი ჩემი არ იყო, მხოლოდ ვმონაწილეობდი, წლევანდელი პროექტი კი კონკრეტულად ჩემია.

- როდის მიემგზავრებით კიევში?

- 1-ლ მაისს. ჯერჯერობით არ ვიცნობ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, მაგრამ კონკურსამდე აუცილებლად მოვისმენ ყოველი მათგანის სიმღერას.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- ჩემი და. მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, ზუსტ რჩევებს მაძლევს. ისიც ყოველთვის მეკითხება რჩევას.

- რას ნიშნავს თქვენთვის ევროვიზიაში მონაწილეობა?

- პირველ რიგში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ჟიურის უმაღლესი შეფასების გარდა, მე ხალხმაც ამირჩია, კიევში ღირსეული გამოსვლით ვუპასუხებ ჩემს გულშემატკივრებს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. გპირდებით, რომ "ევროვიზია 2017"-ზე ღირსეულად წარვადგენ ჩემს სამშობლოს.

პირველად ევროვიზიაზე საქართველოდან სოფო ხალვაში წარდგა


საქართველო ევროვიზიის კონკურსზე პირველად 2007 წელს წარდგა. მაშინ ჩვენი­ ქვეყნის სახელით სიმღერის საპატიო მისია სოფო ხალვაშს ერგო. შემდეგ წელს დიანა ღურწკაიამ იმღერა. 2009 წელს წინაშესარჩევ კონკურსში "სტეფანე და 3G"-მ­ გაიმარჯვა. ჯგუფს მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა­ სიმღერა: "Put In Disco". მაშინ მედიასაშუალებებში დაიწერა, რომ სიმღერას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. საპასუხოდ საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2010 წელს ევროვიზიის კონკურსზე ჩვენი ქვეყანა სოფო ნიჟარაძემ წარადგინა, შემდეგში ჯგუფმა "Eldrine"-მა, 2012 წელს ანრი ჯოხაძემ, 2013 წელს - სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა, 2014 წელს - ჯგუფმა The Shine and Mariko. 2015 წელს ევროფესტივალზე ნინა სუბლატი გამოვიდა, გასულ წელს კი ნიკა კოჩარივო და ჯგუფი "Young Georgian Lolitaz".

ამჯერად მასპინძელი კიევია


რიგით 62-ე კონკურს "ევროვიზია-2017"-ს კიევი უმასპინძლებს, რადგან შარშან შვედეთში გამართულ კონკურსზე უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ გაიმარჯვა სიმღერით "1944".

კონკურსი პირველად 1956 წელს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა. მასში 7 ქვეყანა მონაწილეობდა: შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია. დროთა განმავლობაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა. დღეს "ევროვიზია" ერთ-ერთი შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ყოველწლიურად ამ გრანდიოზულ სანახაობას 195 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით