ზამთარში მოძრაობის წესები - კვირის პალიტრა

ზამთარში მოძრაობის წესები

ზამთარი წელიწადის ყველაზე რთული დროა მძღოლებისთვის: დაბალი ტემპერატურა, მოყინული და თოვლიანი გზები, მოკლე დღე... განსაკუთრებით პრობლემურია ის ქართველი მძღოლებისთვის, რომელთა უმეტესობა დეკემბერ-თებერვალშიც კი ზაფხულის, ან ე.წ. ყველა სეზონის საბურავებით გადაადგილდება და არც ზამთარში მოძრაობის სხვა წესებს იცავს. ამიტომ შეგახსენებთ რამდენიმე ძირითად წესს, რომლებიც ავტომანქანის მფლობელებმა ზამთარში უნდა დაიცვან:

წელიწადის ყველაზე ცივ დროს ზამთრის საბურავებია აუცილებელი, გაგრილების სისტემაში ანტიფრიზი უნდა ესხას, მინების საწმენდი სითხის ავზში - ყინვაგამძლე სითხე.

ძრავის ხანგრძლივ "გახურებას" აზრი არა აქვს - მხოლოდ საწვავის ხარჯს და მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას გაზრდით. 3-4 წუთი სრულიად საკმარისია, რათა ძრავაში ზეთი გათბეს და ყველა სისტემამ გამართულად იმუშაოს.

აკონტროლეთ ავზში საწვავის დონე: რაც მეტია საწვავი, უფრო დიდია ალბათობა, რომ ავტომობილი ყინვიან დილასაც იოლად დაიქოქება. მიზეზი მარტივია - ცარიელ ავზში დაგროვილი კონდენსატი საგრძნობლად აფერხებს ბენზინის ტუმბოს მუშაობას.

ყინვის დროს ხელის მუხრუჭი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. სპეციფიკური აგებულების გამო მუხრუჭში დიდი რაოდენობით გროვდება ნესტი და ნამწვი, შედეგად, ხუნდები მიეყინება და ხელის მუხრუჭის დაშვებას ვეღარ შეძლებთ.

ახალი აკუმულატორითაც კი ზამთარში ხანდახან ავტომანქანა პირველივე ჯერზე არ იქოქება. ასეთ დროს არ ღირს "სტარტერის" დაუსრულებლად წვალება. უბრალოდ, ამოიღეთ გასაღები, თავიდან მოათავსეთ ბუდეში და ძრავის ამუშავება მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ.

ნუ შეეცდებით მიყინული კარის გაღებას მდუღარე წყლით: გარდა იმისა, რომ ცხელი წყალი კარის რეზინებს დააზიანებს, აუცილებლად დაასველებს კლიტესაც და მეორე დილით მისი გადნობაც მოგიწევთ. გაყინულ კლიტეს იოლად გააღებთ, თუ გასაღებს სანთებელის ალით გააცხელებთ.

სანამ ავტომანქანით გადაადგილებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საქარე მინა მთლიანად გასუფთავდა თოვლისა და ყინულისგან, გაწმინდეთ გვერდითა ფანჯრებიც და აუცილებლად გადაყარეთ თოვლი მანქანის სახურავიდანაც, რათა თქვენ მიერ წარმოქმნილმა "ნამქერმა" უკან მომავალი ავტომობილის მძღოლს არ შეუქმნას პრობლემები.

რაც მთავარია, თოვლის ან ყინვის დროს იმოძრავეთ ზომიერი სისწრაფით. გახსოვდეთ, დაბალი ტემპერატურის დროს და მით უმეტეს - მოყინულ გზაზე, საბურავის მოჭიდების კოეფიციენტი მცირდება, რაც სამუხრუჭე მანძილის ზრდას, უარეს შემთხვევაში კი, მართვის დაკარგვას იწვევს.

ყურადღება მიაქცეთ გვერდით მოძრავ ავტომანქანებსაც - მძღოლმა, რომლის მხედველობაც შეზღუდულია დათოვლილი, დაორთქლილი ან მოყინული ფანჯრების გამო, შესაძლოა, ვერ შეგამჩნიოთ და მოულოდნელი მანევრი წამოიწყოს.