სამგორის ბაზრის ტკბილი ბებოები - კვირის პალიტრა

სამგორის ბაზრის ტკბილი ბებოები

ფოტოს გადაღებაზე ბებოები სიამოვნებით მთანხმდებიან, - ვიცით, ლამაზები აღარ ვართ, მაგრამ განა კიდევ გასათხოვრები ვართ, რომ გავიპრანჭოთო!

"გათენებულიც არ არის, ბაზარში რომ შემოვალთ, მაგრამ გადამყიდველები ყველა სტარტზე დგანან - მოსეულები არიან კართანა, ისე ჩალად უნდათ ყველაფერი, გეგონება, ოფლს კი არა ვღვრიდეთ, სოფლის შარაგზაზე ვპოულობდეთ"

სამგორის ბაზარში გამთენიისას სოფლის მიკროავტობუსები ჩამოდგებიან და იქიდან დატვირთული ბებოები გადმოდიან. ის ბებოები, რომელსაც აქეთ უნდა უვლიდნენ და ეფერებოდნენ, მაგრამ თავად ეფერებიან და უვლიან თავიანთ მონაგარს, სხვათა შორის, ქვეყანასაც - მათი ფუსფუსით დოვლათი იქმნება. აი, ეს ბებოები გადმოიტანენ მანქანიდან სავსე ვედროებს, მიუბრუნდებიან "შოფერს" და სათითაოდ ჩამოართმევენ პირობას - აბა, შენ იცი, არ დაგვაღამო, ამა და ამ საათზე აქ იყავიო. შეისწორებენ თავსაფრებს და შეუდგებიან ვაჭრობას! რა თქმა უნდა, თუ დააცალა ვინმემ - გამოვარდებიან ბაზრიდან გადამყიდველები და დაუწყებენ ღლიტინს, - გინდა თუ არა, ამდენად და ამდენად მოგვეცი შენი ნაჭირნახულევიო, ანუ ნახევარ ფასად ან ამაზე ნაკლებადო! ზოგი ამ ღლიტინს ვეღარ უძლებს და მიაჩეჩებს ვაჭარს თავის ნაოფლარს ნახევრის ნახევარ ფასად და მაინც კმაყოფილი წავა - აქ სადგომად სადა მცალია, შინ საქმე მელოდებაო! ზოგიც ვაჭარზე ჯიუტი გამოდგება, - რატომ უნდა ჩაგიგდო ხელში ტყუილად ჩემი ნაოფლარი, განა შენთვის ვშრომობ, ჩემს ბალღებს მარტო შენი ჭამა ეყოფაო?! შუა ზამთარში მანამდე იდგება, სანამ თავის ნაოფლარს თავად არ გაყიდის; გინდა ცოტაც აიღოს, მაინც გულმოცემულია, - აბა, რა ეგონათ, მაგათ თავიანთი თავი მოატყუონო!

აი, ეს ბებოები სადაც მეგულებიან, იქ უნდა მივიდე და რაიმე ვიყიდო, თუნდაც დალალებივით ლამაზად დაწნული ღოლო, რომელსაც ბებოები თავიანთი დაძარღვული ხელებით ზაფხულობით კრეფენ. მერე ამ წნულებს ბეღლის კარზე ჩამოკიდებენ, გაახმობენ და შვილიშვილებს უხარშავენ, - უკვდავების წამალივით არის, რასაც ეს გარგებთ, აფთიაქში იმდენი წამალი არ იყიდებაო. აი, ეს ღოლოს ნაწნავებიც და ბებოც - დგას წვიმასა და ყინვაში თავისივე ნაქსოვი მატყლის ქუდით და გულით მეხვეწება, - იყიდე, შვილო, შენ არ იცი, რა კარგი რამეაო.

ისე მეხვეწები, რომც არ მინდოდეს, მაინც ვიყიდი, მაგრამ კარგი გაკეთება რომ არ ვიცი-მეთქი? ის კიდევ - განა განგებამ ტყუილად გშობა ქალად, შენ თუ არ იცი, მე გასწავლიო და ისე ალალად მიხსნის, რომ ღოლოში მისი წონა ნიგოზი როგორ ჩავყარო და ისეთი საყვარელია, უნებურად მეღიმება. ვეხვეწები, - ფოტოს გადაგიღებ-მეთქი, მაგრამ - არა, განა ისეთივე ლამაზი ვარ, როგორიც ვიყავი... მაგრამ სილამაზე თუ აღარ დამრჩა, ძალა ხომ ჯერ კიდევ მაქვს, რომ ჩემს შვილსა და შვილიშვილს დავეხმარო. დათავიანებულებს რომ დავტოვებ, დაწყნარებით წავალ იმ ქვეყნადო!

სამაგიეროდ, ფოტოს სხვა ბებოები მაღებინებენ, - ვიცით, ლამაზები აღარ ვართ, მაგრამ განა კიდევ გასათხოვრები ვართ, რომ გავიპრანჭოთო!

- გასათხოვრები თუ არა, ხანმორეულები ხომ ხართ, ამ სიცივესა და ტალახში ბაზარში რომ სხედხართ, ავად გახდებით.

- ჩვენ ავად არაფერი გაგვხდის, გარეთ ტრიალით ისე ვართ გაკაჟებულები, როგორც რიყის ქვა, შენ მაგის ნუ შეგეშინდება. ავადაც რომ გავხდეთ, რად გვინდა თავი, თუ შვილებს არაფერი ვარგეთ.

ჩვენს შვილებს ისეც კი არ უჭირთ, რომ დილაობით "მარშრუტკებში" კურტანაკიდებულებმა გვატარონ. გვეუბნებიან, რას იღლით თავებს, იმდენი რა უნდა იშოვოთ, რამდენსაც წვალობთ, ჩვენ შეგინახავთო, მაგრამ იმათ შვილებსა, ანუ ჩვენს შვილიშვილებს ფულს რომ ვაძლევთ, განა უარს გვეუბნებიან. ხან ისე ჩამოვარიგებთ მთელი თვის ნავაჭრს, რომ ერთი ლარიც აღარ გვრჩება.

ჰოდა, ზოგჯერ შვილები ძალიან რომ გაგვიბრაზდებიან, ბაზარში აღარ წახვიდეთო, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბინდბუნდში, სანამ სძინავთ, გამოვიპარებით ხოლმე სოფლიდან. სამაგიეროდ, ერთ რამედ ღირს, შინ დაბრუნებულებს შვილთაშვილები, ის პატარა მაიმუნები კარში გახიდულები რომ გვხვდებიან. ცალი თვალი ჩანთისკენ აქვთ, რო ბაზრიდან ბანანები ან კანფეტები მოვუტანოთ. არ მივუტანთ და ისე ჩამოყრიან ყურებსა, იმ ღამეს ძილი აღარა გვაქვს. იმათ თვალებში რო სიხარული აცეკვდება, იმას კიდევ აღარაფერი სჯობია.

ისე ჩვენი, ქართული ბაღჩეული როცა შემოვა, ბაზარს მაშინ დაედება გემო, სათბურის პომიდორს ჩვენ ვერაფერი გავუგეთ. ჩაქუჩი რო ურტყა, ვერაფერს დააკლებ. ზამთრობით რძე და ყველი ჩამოგვაქვს. გამთენიისას ჩამოგვივლის "მარშრუტკა" და ისე დავტვირთავთ, შიგ ძლივს ვეტევით ხოლმე. გათენებულიც არ არის, ბაზარში რომ შემოვალთ, მაგრამ გადამყიდველები ყველა სტარტზე დგანან - მოსეულები არიან კართანა, ისე ჩალად უნდათ ყველაფერი, გეგონება, ოფლს კი არა ვღვრიდეთ, სოფლის შარაგზაზე ვპოულობდეთ.

- მაწონი პლასტმასის ჭურჭლით რატომ არ მოგაქვთ, გზაში უფრო მოსახერხებელი არ არის?

- აბა, რას ამბობ, შვილო, პლასტმასში შემდგარი მაწონი გემოს იცვლის, უგემურ მაწონსა კიდევ თავად არა ვჭამთ და სხვას ვის შევაჩეჩოთ?! - გულწრფელად მითხრა ბებომ გამომშვიდობებისას.

აბა, კარგად მენახეთ-მეთქი და თან მომაყოლა, - შენ იყავი კარგად, მე უკვე ბატკანი მყავს ფეხზე გამობმული, 82 წლისა ვარო.

აი, ასე, "ფეხზე ბატკნით" და ტკბილი სიტყვით გაცილებენ სოფლებიდან ჩამოსული ბებოები სამგორის ბაზრის ერთი კუთხიდან და მერე ისევ თავიანთ სოფლებში ბრუნდებიან, რომ ოჯახებს და... ქვეყანას ხელი წააშველონ.

ეთერ ერაძე