"რადგან ახლა გადავრჩი, ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამრჩა გასაკეთებელი" - კვირის პალიტრა

"რადგან ახლა გადავრჩი, ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამრჩა გასაკეთებელი"

იყო კიდევ ერთი პროექტი, რომლის გადაღებასაც თენგიზ აბულაძე "მონანიების" შემდეგ აპირებდა და რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი. რეჟისორის ჩანაფიქრის თანახმად, ფილმი ილია ჭავჭავაძის მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულებულიყო, მთლიანობაში კი ის ქაოსი უნდა აესახა, რომელსაც საქართველოში 90-იან წლებში ჰქონდა ადგილი

"თენგიზ აბულაძე მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, "კოდაკზე" და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი".

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი

თენგიზ აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს, ქალაქ ქუთაისში დაიბადა. მამამისი, პროფესიით ექიმი ევგენი აბულაძე იქ ხანგრძლივი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა. თენგიზის დაბადების შემდეგ აბულაძეების ოჯახი თბილისში დაბრუნდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ცნობილი ქართველი დრამატურგის ვალერიან გუნიას პიესა "და-ძმა" დადგა. აბულაძის მიერ დადგმულ სასკოლო სპექტაკლს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მათ შორის აღმოჩნდა რეზო ჩხეიძეც. სპექტაკლის ნახვის შემდეგ ის თანატოლ რეჟისორს გაეცნო და თავის სკოლაში, თავისივე დადგმულ წარმოდგენაზე მიიწვია. ასე დაიწყო ორი რეჟისორის მეგობრობა სკოლის ასაკიდან.

საქართველოში იმხანად მხოლოდ თეატრის რეჟისორებს ამზადებდნენ. ამის გამო, მეგობრები, რომლებიც კინოს გადაღებაზე ოცნებობდნენ, იძულებულნი გახდნენ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზეც ჩაებარებინათ. ისინი ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის გიორგი ტოვსტონოგოვის სახელოსნოში მოხვდნენ. თეატრალური ინსტიტუტი ორივემ მაშინ დატოვა, როდესაც გიორგი ტოვსტონოგოვი საქართველოდან გაემგზავრა.

თენგიზ აბულაძე რეზო ჩხეიძესთან ერთად ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა. მათი მიზანი მოსკოვში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლა იყო. მეგობრებმა ლეგენდარულ რუს რეჟისორს სერგეი ეიზენშტეინს წერილი მისწერეს.

როგორც რეჟისორი რეზო ჩხეიძე ყვება: "ეიზენშტეინს ვთხოვდით, საშუალება მოეცა ჩვენთვის, გვეყურებინა, როგორ მუშაობს ფილმზე. პასუხი ერთ კვირაში მივიღეთ: თუ კინოს გადაღება გინდათ, მოსკოვში საამისოდ კინემატოგრაფიის ინსტიტუტი არსებობს და ამის კეთება იქ ისწავლეთო."

მოსკოვში ჩასულებმა კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ცნობილი რეჟისორის, სერგეი იუტკევიჩის სახელოსნოში მოხვდნენ. თუმცა, თენგიზი ინსტიტუტიდან მალე გარიცხეს. პედაგოგმა იუტკევიჩმა იგი რეჟისორის პროფესიისთვის გამოუსადეგრად ცნო. თენგიზ აბულაძემ საწინააღმდეგოს დამტკიცება მალევე შეძლო, როცა ინსტიტუტში აღდგენა მოახერხა.

რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე ქართული კინოს ახალი ეპოქის სათავეებთან აღმოჩნდნენ. ეს ეპოქა მათი ერთობლივი ნამუშევრით - "მაგდანას ლურჯათი" დაიწყო. "მაგდანას ლურჯამ" ევროპული კინოს ყველაზე პრესტიჟულ - კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. ქართველი რეჟისორები ჯილდოს გადაცემაზე არავინ გაუშვა. მათ ნაცვლად კანის ფესტივალის დასკვნით საღამოზე საკავშირო კომპარტიის ცეკას წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

წარმატებული დასაწყისის შემდეგ თენგიზ აბულაძეს თანამედროვეობაზე ფილმის გადაღება მოსთხოვეს. მან ხელმძღვანელობის შეკვეთა შეასრულა. "სხვისი შვილები" ნამდვილად იყო ფილმი თანამედროვეობაზე. ოღონდ მისი პერსონაჟები არ იყვნენ საბჭოური კულტურისთვის დამახასიათებელი არარეალურად გაიდეალებული გმირები. აბულაძემ ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე გადაიღო.

როდესაც ფილმი იტალიური ნეორეალიზმის მამად აღიარებულმა რეჟისორმა ჯუზეპე დე სანტისმა ნახა, აღტაცება ვერ დამალა და თქვა, რომ უფრო კლასიკურად ფილმის გადაღება შეუძლებელი იყო. თავად აბულაძეს "სხვისი შვილები" მაინცდამაინც არ უყვარდა.

1963 წელს საკავშირო კინოეკრანებზე თენგიზ აბულაძის მიერ გადაღებული ლირიკული კომედია "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" გამოვიდა. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილმა ფილმმა რეჟისორს საერთაშორისო ჯილდოები ვერ მოუტანა, სამაგიეროდ, საერთო-სახალხო აღიარება ერგო.

აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი "ვედრება" გამოვიდა, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ თენგიზ აბულაძემ ვაჟას ენა - კინოს ენად აქცია.

"ვედრება" თენგიზ აბულაძის ტრილოგიის პირველი ფილმია. მეორე, "ნატვრის ხე" 1976 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ტრილოგია "მონანიებამ" დააგვირგვინა.

"ფილმი, რომელიც "მსოფლიო რუკას შეცვლის", - ასე უწოდა "მონანიებას" ცნობილმა რუსმა რეჟისორმა ელემ კლიმოვმა.

საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის ხანა იდგა. ფილმის ეკრანზე გამოსვლაზე მაშინ ოცნებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ რეჟისორი ამაზე არ ფიქრობდა. მისთვის მთავარი იყო, ფილმი გადაეღო. ამისკენ უბედურმა შემთხვევამ უბიძგა. თბილისი-ერევნის გზაზე მომხდარი ავტოავარიისას თენგიზ აბულაძე მძიმედ დაშავდა.

- როდესაც სომხეთში, საავადმყოფოში ჩავედით, ის მთლიანად თაბაშირში იყო, მხოლოდ პირი და თვალები უჩანდა, - იხსენებს თენგიზ აბულაძის ვაჟი გია აბულაძე, - მაშინ გვითხრა: რადგან მე ახლა გადავრჩი, ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამრჩა გასაკეთებელიო."

"მონანიების" სცენარის პირველი ვარიანტი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელ პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს წააკითხა. ფილმის გადაღებაზე დასტური სწორედ მისგან მიიღო."მონანიება" საქართველოს ტელევიზიის ფილმად გაფორმდა და მოსკოვში გაგზავნას გადარჩა. საქართველოს უშიშროების კომიტეტშიც კი ""მონანიების"" შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ფილმის დიდი ნაწილი უკვე გადაღებული იყო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, გეგა კობახიძემ 1983 წელს მეგობრებთან ერთად თვითმფრინავის გატაცება სცადა.

ფილმის დასრულება მაინც მოხერხდა, თუმცა, მთელი ორი წლის მანძილზე ფირი თაროზე იყო შემოდებული. "მონანიების" დიდ ეკრანზე გაშვების ნებართვას საბჭოთა ხელისუფლება არ იძლეოდა.

1988 წელს თენგიზ აბულაძის "მონანიების" კინოეკრანებზე გამოსვლა არამარტო კულტურულ, არამედ პოლიტიკურ მოვლენად იქცა. როდესაც მოსკოვში "მონანიების" პირველი ჩვენება მოეწყო, კინოდარბაზს ცხენოსანი მილიცია იცავდა. ფილმის ნახვის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ფილმის დიდ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი - ლენინური პრემიით რეჟისორი მართლაც დააჯილოდოვეს, ოღონდ არა "მონანიების", არამედ სამი ფილმისგან შეკრული ტრილოგიისთვის.

ფილმის დასრულება მაინც მოხერხდა, თუმცა, მთელი ორი წლის მანძილზე ფირი თაროზე იყო შემოდებული. "მონანიების" დიდ ეკრანზე გაშვების ნებართვას საბჭოთა ხელისუფლება არ იძლეოდა.

იყო კიდევ ერთი პროექტი, რომლის გადაღებასაც თენგიზ აბულაძე "მონანიების" შემდეგ აპირებდა და რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი.

რეჟისორის ჩანაფიქრის თანახმად, ფილმი ილია ჭავჭავაძის მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულებულიყო, მთლიანობაში კი ის ქაოსი უნდა აესახა, რომელსაც საქართველოში 90-იან წლებში ჰქონდა ადგილი. მძიმე ავადმყოფობამ თენგიზ აბულაძეს ამ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცა.