"1500 ოჯახი გავარიდეთ საფრთხეს" - კვირის პალიტრა

"1500 ოჯახი გავარიდეთ საფრთხეს"

გადაუღებელი წვიმის გამო აღმოსავლეთ საქართველოში მძიმე ვითარებაა. ადიდებულმა მდინარეებმა კასპის რაიონის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კარ-მიდამოები დატბორა. სოფელ ქვემო ჭალისა და სამთავისის გამყოფი ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა სოფლები სამთავისი და ბოჟამი, 30 მოსახლის ეზო, საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი ფართობები.

ადიდებულმა მდინარე ლეხურამ საფრთხე შეუქმნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენების საყრდენ ბოძებსაც. სოფელ ხვითზე ჩამომავალმა ე.წ. ბენისების ხევის გამოვარდნამ დატბორა სოფელ ლამისყანის მოსახლეობის 30 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა.

წვიმის გამო ზვავი და მეწყერია ჩამოწოლილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მლეთაში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღვარცოფისგან შევიწროებულ ტაძარს საფრთხე ემუქრება.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა წეროვანის მოსახლეობასაც. ადიდებულმა ნარეკვავმა დატბორა რამდენიმე სახლი, ჭერემის წყალსაცავიდან გადმოვარდნილმა წყალმა კი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახადა საჭირო. ველისციხეში მობილიზებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ცენტრალური სამაშველო განყოფილება, მყვინთავები, რომლებიც ამინდის გაუარესების გამო შეფერხებით მუშაობდნენ. 24 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ჯამბულ ბაკურაძის განცხადებით, ჯებირის გადმონგრევის შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდა.

ჯამბულ ბაკურაძე: - ჯერჯერობით საფრთხე არის, მაგრამ ყველაფერი კეთდება მის გასანეიტრალებლად. წყლის გადასაქაჩად წყალსაცავთან უკვე მიტანილია სპეციალური მოწყობილობა. როდესაც წყლის დონე ნიშნულს ქვემოთ დაიწევს, საფრთხე საბოლოოდ ლოკალიზებული იქნება. პროცესს აკონტროლებენ სპეციალისტები, სამაშველო რაზმები. რაც მთავარია, კრიტიკული ზღვარი გადალახულია, მოვასწარით მოსახლეობის ევაკუაცია იმ ადგილებიდან, სადაც შეიძLლებოდა უბედურება დატრიალებულიყო.

- რა შეიძლება მოჰყოლოდა წყალსაცავის კედლის გამონგრევას?

- ათ ჰექტარზე გაშენებული ხელოვნური წყალსაცავის სიღრმე 18 მეტრია და მილიონ კუბმ წყალს იტევს. რა მოხდებოდა, წყალს რომ კედლები გადმოენგრია, ამის გაფიქრებაც კი მზარავს. ჩემს ბავშვობაში მომხდარა ასეთი უბედურება და ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ახსოვს, რომ აკვნებიც კი მოჰქონდა წყალს.

წყალსაცავი ძალიან მაღლაა და როდესაც ადიდდება, თან მოაქვს დიდი რაოდენობით ლამი და ხეტყე. ეს საშინელი მასა რომ წყალთან ერთად წამოსულიყო, არც ერთი სახლი არ გადარჩებოდა, ადამიანებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. 1500-მდე ოჯახი გავარიდეთ საფრთხეს, მთელი ღამის განმავლობაში გადაგვყავდა უსაფრთხო ადგილას - ბევრი მეზობელ სოფლებში, ნათესავებთან. ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა, კარვები დავუდგით.

- სოფელ აღდგომლიანთკარიდან დაგვირეკეს, გვთხოვდნენ, ეგებ ხელისუფლებას ჩვენი გასაჭირი უთხრათ, ხევის წყალი მოვარდა, საცაა წაგვიღებსო.

- გეთანხმებით, მძიმე ვითარებაა. ახლა მლეთაში ვარ, სადაც ეკლესიასთან მეწყერი ჩამოწვა და გადაკეტა მდინარე, რომლის ახლოს რვა ოჯახი ცხოვრობს. მათი სახლ-კარი  დატბორილია. სამაშველო სამუშაოებისთვის ტექნიკის შეყვანაც შეუძლებელია. ისევ წყალმა უნდა მოიმატოს და გაიტანოს მეწყერი. ახლა ხალხი გაგვყავს საშიში ზონიდან.

- მლეთაში მეწყერსაშიში მდგომარეობის აღკვეთის შესაძლებლობებზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლაპარაკობდა პროფესორი გივი გავარდაშვილი. ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერდა.

- მე არ შემხვედრია მეცნიერი, რომელიც ამ პრობლემასთან საბრძოლველად რაიმე პროექტს შემოგვთავაზებდა. როგორც ვიცი, ამ ხევში მეწყრის შეჩერება შეუძლებელია. მდინარე დურუჯის ხეობაში ახალი აშენებული დამცავი, ათმეტრიანი კედელი ნატანით სამ წელიწადში დაიფარა. რა ვქნათ? ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც წინ ვერ აღუდგები, ან უნდა გაასახლო ხალხი, ან არა და, სხვა ხერხი ჩემთვის უცნობია.

- როგორც ვიცი, მდინარის ნატანი გამოიყენება მშენებლობაში, ხომ შეიძლება მისი შეღავათიანად გამოტანის უფლება მისცეთ მშენებლებს?

- ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ამიტომ არ მიაქვთ. რამდენჯერმე შევხვდი აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში და შევთავაზე, უსასყიდლოდ გაძლევთ მასალას, წაიღეთ-მეთქი, მაგრამ არ უნდათ. ამიტომაც ისევ ჩვენ გამოგვაქვს და ვყრით ნატანს ხან სად და ხან სად. ასე გაგრძელდება კვლავაც. ამისთვის მუდმივად მობილიზებული უნდა გვყავდეს მძიმე ტექნიკა.

- ეს ვითარება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე რა გავლენას მოახდენს?

- თუ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდა კოკისპირული წვიმა, მაშინ გარდაუვალი იქნება სტიქიური უბედურება.

- ვისაც დახმარება სჭირდება, რა პრევენციული ზომები გაქვთ გათვალისწინებული?

- სახელმწიფო აღადგენს დანგრეულ ინფრასტრუქტურას. გავაკეთებთ გზას, ავაშენებთ ხიდს თუ სადმეა წაღებული, გავამაგრებთ ჯებირს. სახლის სახურავს რომ გადაგიხდის ქარი, თვითონ უნდა დახურო, რადგან სახლი შენი საკუთრებაა და არა სახელმწიფოსი.

- თუ ჯებირი არ არის გამაგრებული, ხიდი სარემონტოა და სტიქიაც ამიტომ აზარალებს მოსახლეობას, მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი?

- ვიმეორებ, ჩვენ ვეხმარებით ხალხს, ვუქმნით საცხოვრებელ პირობებს, მაგრამ რამდენჯერაც ქარი ამოვარდება და ფანჯრის მინებს ჩაამსხვრევს, ზარალს სახელმწიფო ვერ აანაზღაურებს.

ჯამბულ ბაკურაძისგან განსხვავებით, მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებული ზარალის აუცილებლად ანაზღაურებას ჰპირდება ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. მისი თქმით, ზარალის დაანგარიშების შემდეგ თანხები აუცილებლად გამოიყოფა. ბაინდურაშვილის განმარტებით, საამისო რეზერვი არის.

სტიქიამ თბილისის მიმდებარე ტერიტორიასაც დაატყო კვალი.

ძლიერი წვიმით წარმოქმნილმა წყლის ნაკადმა სოფელ დიღომში ხიდს მიწა გამოაცალა და ბეტონის ფილები წყალში ჩაყარა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურში 23 გამოძახება დაფიქსირდა, მოსახლეობა, ძირითადად, წყლის ამოტუმბვას ითხოვდა. ზოგიერთ ადგილზე დატბორვა დაზიანებულმა სანიაღვრე სისტემებმა გამოიწვია.

"კვირის პალიტრა" მეტეოროლოგიურ სამსახურს დაუკავშირდა უახლოეს დღეებში ამინდის პროგნოზის დასადგენად. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ დაგვაიმედა, რომ მალე გამოიდარებს, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის პირველი ნახევარი წვიმიანი იქნება.