გამოვფხიზლდეთ, ხალხო! - კვირის პალიტრა

გამოვფხიზლდეთ, ხალხო!

საქართველო წინასაარჩევნო ეიფორიაშია. აქეთ ბილბორდები, იქით - სატელევიზიო რეკლამები, შეპირებები და ელდორადოდ ქვეყნის ქცევის ილუზიები... შეიძლება ვიღაცისთვის მართლა ელდორადოა ეს ქვეყანა. ის, ვინც მილიონებს ეთამაშება, ამ გაჭირვებული ხალხის თვალით ძნელად გადმოგვხედავს, მაგრამ ამ მიწა-წყლის შვილი მაინც ვალდებული ხარ, იფიქრო სამშობლოზე, რომელსაც ოთხივ კუთხით მოსდგომია მტერი და გადაყლაპვას უქადის.

სამწუხაროდ, ამა ქვეყნის ძლიერთაგან ცოტამ თუ იცის (თუმცა, ვეჭვობ, იციან კი საერთოდ?), რა ქვეყნის მართვა და გაძღოლა ხვდათ წილად. "ქართლის ცხოვრება" რომ გადაფურცლოთ, ჟამთააღმწერლის სულისშემძვრელ სიტყვებს წააწყდებით. დამპყრობლის მიერ აოხრებული და იავარქმნილი ეპოქის შვილი ასე იწყებს ქვეყნად მოვლენილი განსაცდელის აღწერას: "ცოდვათა ჩვენთა გამო"(!). ასე იყო ოდითგან, როცა ერს არ ჰქონდა საკმარისი სინანულის განცდა, მაშინ კაცთმოყვარე უფალი გვიგზავნიდა ტკივილს და განსაცდელს ჩვენსავე სასიკეთოდ და გამოსაფხიზლებლად.

ჩვენს უბედურებას ყველას ვაბრალებთ, გარდა საკუთარი თავისა და ამ უმეცრებით უფრო და უფრო ვუმატებთ განსაცდელს საქართველოს. გარეთ მტრის ძებნა სულ ამაოა, თუ ჯერ საკუთარ თავში არ აღმოვფხვრით შინა მტერს.

საქართველო მუდამ ცდილობდა, ამ კურთხეულ მიწა-წყალზე თვალდახარბებულ ქვეყნებს შორის განესხვავებინა მტერ-მოყვარე. ხშირად იცვლებოდა დამპყრობელი, მაგრამ არასოდეს იცვლებოდა რეალობა: ჭეშმარიტი მეგობარი, უანგაროდ რომ ამოუდგებოდა მხარში საქართველოს და საკუთარ სისხლს დასთხევდა ჩვენთვის ბრძოლის ველზე, ჯერაც არ გამოჩენილა ჩვენს მრავალტანჯულ ისტორიაში(!).

ყველას, უკლებლივ ყველას(!) ამ მიწიერი სამოთხისადმი მევახშის თვალით გათვლილი ინტერესი ჰქონდა. დღესაც ასეა, არჩევანს ვაკეთებთ მტერ-მოყვარეს შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ გაგვირკვევია, რანი ვყოფილვართ, რანი ვართ და რა გზას ვადგავართ.

საიდან მოვდივართ?–პარადოქსია, როცა კიდევ ვინმეს სჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ დღეს, როცა უცხო მოდის ბრმად აყოლაა გამეფებული, იძულებულნი ვართ, მავანთ შევახსენოთ ჩვენი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო მომენტი: ის, რომ ჩვენმა სამშობლომ აქამდე მოაღწია, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ შეურყევლად ვიდექით მართლმადიდებლურ ნიადაგზე! "ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის, ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ გულ-მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერა შემუსრეს იგი!" - წმინდა ილია მართლის ამ სიტყვებში იკვეთება საქართველოს ხერხემალი, დღეს შუაზე გადამსხვრეული და დაუძლურებული.

დაუძლურდება, მაშ რა იქნება, როცა მავანთ ავადმყოფურ გონებაში იბადება იდეა სოდომური ცოდვის მიმდევართა აღლუმის გამართვისა საქართველოში; გადაიმსხვრევა, ვიდრე მავანი კაცობრიობის ლიტერატურულ-ფილოსოფიური ხელთუქმნელი შედევრის "ვეფხისტყაოსნის" გარეპვაზე აფრქვევს შეშლილ იდეებს და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე მსჯელობს...

ეს მწვალებლობა ისევ ქართველთა გაუკუღმართებული ფანტაზიის ნაყოფია და ჩვენ კი მტერ-მოყვარეს ვეძებთ ქვეყნის გარეთ(?!). მამონას მსახურებად ვიქეცით და აღარ გვახსოვს ჩვენი სულმნათი წინაპრების დანაბარები: "არვის ვმსახურებდეთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებელისა!"

ჩვენვე ვაკნინებთ ჩვენს წარსულს და არ გვესმის მნიშვნელობა უფლის საიდუმლო მადლისა, რაც საქართველოზე დაუშვა მამაზეციერმა. ენით აუწერელი წყალობა გვერგო წილად, როცა დედა ღვთისმშობელმა გადააფარა კალთა ჩვენს სამშობლოს. თვით უფლის უკერველი კვართია დავანებული საქართველოს გულში - სვეტიცხოველში. ჩვენ კი ამ წყალობას ისე ვუყურებთ, როგორც ქედმაღალი და უმადური ხალხი, ამპარტავნობით შეპყრობილნი...

არ გვახსოვს, რა დაგვიბარა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა - "ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!" ამ სიტყვებშიც იკვრებოდა საქართველოს ხერხემალი. დღეს იქამდე დავეცით, სამშობლო მსახურად გვინდა, მეწველი ძროხა გვგონია და ისე ვექცევით, როგორც ბატონი - ყმას. 1917 წელს, როდესაც წმინდა კირიონი (საძაგლიშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებისთვის უცხოეთიდან დაბრუნდა, სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანა უკვდავი სიტყვები: - მე დავბრუნდი არა როგორც უძღები შვილი ჩემი სამშობლოსი, არა იმიტომ, რომ ვიმსახურო ჩემი ქვეყანა, არამედ მსახურებად მისდა! ჭეშმარიტი მამულიშვილის ეს სიტყვები ხელისუფალთ (და ქვეყნის სათავეში მოსვლის მსურველთაც) გულის ფიცარზე უნდა ეწეროთ, მაგრამ...

მტერთან ბრძოლაც დაგვავიწყდა, ღირსეული ომი. მარტოოდენ მტრის ლანძღვა-გინებით ვის მოუგია ბრძოლა? ერთი მაგალითიც ინებეთ ქართველი კაცის ღირსებისა, რომელმაც მძვინვარე დამპყრობელს უკან დაახევინა ზნემაღალი სულისკვეთებით: 1888 წელს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე ჩამოვიდა საქართველოში. ქუთაისში სტუმრობისას  ტაძარში ინება შესვლა ამალითურთ.

აბა, ვინ გადაუდგებოდა წინ... საკურთხევლისკენ აიღო გეზი. "შესდეგ, რუსეთის ხელმწიფევ!"–- გაისმა ამბიონიდან გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა, რომელიც იმ დროს პარაკლისს იხდიდა. გაოგნდა და გახევდა ყველა, მათ შორის რუსეთის ძლევამოსილი იმპერატორი. ამბიონიდან კი, როგორც მხილება, ისე ჩამორეკა ზარივით წმინდა მღვდელმთავარმა უკვდავი სიტყვები: "ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე იმას, რომელსაც ადგილი აქვს მის მიმართ!" ქედი მოიდრიკა რუსეთის იმპერატორმა, ეპისკოპოსს ხელზე ემთხვია და უკან დადრკა თავჩაღუნული.

"შესდეგ, რუსეთის ხელმწიფევ!" - ასე არასოდეს, არავის მიუმართავს არც მანამდე და არც მას შემდეგ დედამიწის მზარავი იმპერიის საჭეთმპყრობლისათვის! არ არის ეს ქართველი კაცის სიბრძნისა და გამბედაობის ნათელი მაგალითი?

ანდა ცოტნეს გმირობა რად ღირს, ურჯულო მონღოლი ნოინები გაკვირვებისგან რომ გაახევა(!). და კიდევ რამდენი ამისთანა უბადლო სიმამაცის გამოვლინებაა ჩვენს მატიანეში...

საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის და არც პამპერსებით დასაჩუქრების ადრესატი. მთელ მსოფლიოს, ერთად აღებულს, არ ჰყავს იმდენი თავშეწირული რწმენისა და სამშობლოსთვის, რამდენიც ჩვენს ქვეყანას; დედამიწაზე ანალოგი არა აქვს დიდგორის ომს და არც არავის ახსოვს, რომ მთავარსარდალს, ქვეყნის მესაჭეს, ბრძოლის წინ საკუთარი ხელით ჩაეხერგოს უკან დასახევი გზა, როგორც ეს დავით აღმაშენებელმა გააკეთა...

პირქვე ვართ დამხობილნი, ჩვენი მდიდარი ისტორიის დამვიწყებლები, მამა-პაპათა საფლავების უარმყოფელნი, "ბედნიერი ერის" უბადრუკი შთამომავლები...

ასე რომ არ იყოს, მხოლოდ "ტრუბის" ტერიტორიად არ მოგვნათლავდნენ, მასხრად არ აგვიგდებდნენ და მარტოოდენ ტურისტების მომსახურე სავანედ არ აღგვიქვამდნენ მთელ მსოფლიოში.

არადა, მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მართლაც ხელთუქმნელი მარგალიტია დედამიწის გვირგვინში, სადაც ოდესღაც ელინი ფილოსოფოსები ჩამოდიოდნენ ქართულ აკადემიებში ცოდნის გასაღრმავებლად; სადაც წმინდა გიორგი ხილული სახით იბრძოდა ღვთისმშობლის წილხვედრი ხალხის დასახმარებლად; სადაც დამარხულია ქართული ენა საწამებლად მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე და მთელი დედამიწა ამ ენით უნდა ამხილოს უფალმა...

განა დღენიადაგ ამ მაგალითებით არ გვმოძღვრავს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი? მისი ქადაგებები ხომ ჩვენი ფესვების გაცოცხლების ტოლფასია და რატომ ვკლავთ და ვბალთავთ ჩვენივე ხელით ჩვენს ისტორიას, რატომ?!

პ.ს. გასულ კვირას, ძირძველი ქართული მიწიდან, ტაო-კლარჯეთიდან, სულისშემძვრელი ცნობა მოვიდა: ჩვენი წინაპრების მადლიანი ხელით აშენებულ, სიდიდითა და ქანდაკოვანი სამკაულებით სწორუპოვარ ოშკის ტაძარს ერთ-ერთი ფასადი ჩამოეშალა. გული ცრემლით აუდუღდა ყველა ჭეშმარიტ ქართველს. მიდის, ხელიდან გვეცლება ჩვენი მარგალიტები, ჩვენი ხსოვნა და ისტორია...

სულიერი სიმდიდრე ჩამოგვეშალა - ოშკი ჩამოგვექცა, რუსთაველს თვალები დასთხარეს, სიწმინდეები შეგვიგინეს და მაგრად ვდგავართო, ტრაბახით შევძარით მსოფლიო(?!).

სულიერი აღორძინების გარეშე ვერ ვეღირსებით ვერასოდეს მაგრად დგომას. ერი, რომელიც საკუთარ ისტორიას ივიწყებს, არარაობად გადაიქცევა ადრე თუ გვიან. სანამ ჯერ კიდევ დროს გვაძლევს უფალი, გონს მოვეგოთ!