"ხორცის დასამზადებლად თავდაპირველად გამოიყენეს ნავთობპროდუქტები" - როგორ მიიღება ხელოვნური კვერცხი, ხორცი, კიბორჩხალის ჩხირები და თაფლიც კი?!. - კვირის პალიტრა

"ხორცის დასამზადებლად თავდაპირველად გამოიყენეს ნავთობპროდუქტები" - როგორ მიიღება ხელოვნური კვერცხი, ხორცი, კიბორჩხალის ჩხირები და თაფლიც კი?!.

"ასეთი პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ჩვენს დახლებზე"

49 წლის ტაილანდელი ქალბატონის, ლეკ იაიკას ამბავმა სოციალური ქსელები მოიარა: ის აცხადებს, რომ ადგილობრივ მარკეტში ხელოვნური კვერცხი შეიძინა. ქალბატონის თქმით, გაოცებული დარჩა, როცა მოხარშვისას კვერცხმა პლასტმასის სუნი გამოუშვა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გახმაურდა, რომ კვერცხის გაყალბების "სამშობლო" ჩინეთია. ყალბი კვერცხის ნაჭუჭი დამზადებულია კალციუმის კარბონატისგან. მისი შიგთავსი ანუ გული და ცილა, შეიცავს ნატრიუმის ალგინატს, ალუმინს, საკვებ კალციუმის ქლორიდს, წყალსა და საღებავებს. უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია იმავე ჩინეთში, პლასტმასისგან წარმოებული ბრინჯის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა სახის ხელოვნურ პროდუქტი იყიდება ჩვენს სავაჭრო ქსელში? - ჟურნალ "გზას"სურსათის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, დალი წულაია ესაუბრა, გთავაზობთ ფრანგმენტებს ინტერვიუდან:

დალი წულაია:

- ასეთი პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ჩვენს დახლებზე. ეს არის საკვები, რომელიც მცენარეული და ცხოველური ნედლეულიდან გამოყოფილი ნივთიერებებისგან ან ბიომასისგან მიიღება. ხელოვნური პროდუქტები- ეს არის პროდუქტები, რომელიც მიიღება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების გამოყენებით, რომელიც გამოყოფილია სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული ნარჩენებისგან ან მიკრობული ბიომასისგან. ბოლოს მიღებულ მასას სხვადასხვა საკვები დანამატიც ემატება, რომელიც მას სათანადო გემოსა და არომატს აძლევს.

ხელოვნური ხორცი

ჯერ კიდევ 1960-1970-იან წლებში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შესაძლებელია, მიკრობული ბიომასიდან გამოიყოს ცილა: ამისათვის ჯერ იღებენ ცილის ხსნარს, საიდანაც მიიღება ცილოვანი ბოჭკო, მისგან იღებენ კუნთოვან ქსოვილს და ბოლოს- ხორცს, რომელიც თეთრი ფერისაა, მაგრამ დღეს საკვებისთვის საჭირო ფერის, სუნისა და გემოს მიცემა პრობლემა არ არის... ხორცის დასამზადებლად თავდაპირველად გამოიყენეს პარაფინები ანუ ნავთობპროდუქტები, მათი გასუფთავების მიზნით. მერე კი, ტექნოლოგია თანდათან დაიხვეწა და უფრო რენტაბელურად და ეკონომიურად მიიჩნიეს, ბიომასის მისაღებად ცელულოზის შემცველი ნაერთები გამოყენება - ეს არის ნარჩენები, რომელიც მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ რჩება.

ხელოვნური თაფლი და კიბორჩხალის ჩხირები...

ჩვენს ბაზარზე ძალიან პოპულარულია და კარგად იყიდება კიბორჩხალის ჩხირები, რომელსაც კიბორჩხალასთან საერთო არაფერი აქვს - ესეც ხელოვნური პროდუქტია. მას ყველაზე იაფი თევზისგან - მოივასგან ამზადებენ.

არსებობს ყავა, რომელსაც ყავასთან საერთო არაფერი აქვს, თაფლი, რომელსაც ფუტკართან შეხება არასოდეს ჰქონია და ა.შ. ...

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 2 თებერვლის ნომერში

ხათუნა ჩიგოგიძე