"ჩვენში გამარჯვებულები დუმან, დამარცხებულები კი ლაპარაკობენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენში გამარჯვებულები დუმან, დამარცხებულები კი ლაპარაკობენ"

"ოცდაშვიდი წელი ხდება, თავისუფლები ვართ და ჩვენს სიღარიბეს ვერაფერი მოვუხერხეთ"

"ვიცხოვრე მეტად დაძაბულ, დრამატულ, ათასსახოვან ეპოქაში; თითქმის ყველაფერს, რასაც შეიძლებოდა ადამიანი მოსწრებოდა, მოვესწარი - კარგსაც და ავსაც"

მასთან ყოველ შეხვედრას ან სატელეფონო ზარს ხანგრძლივი და ძალიან საინტერესო საუბარი მოჰყვება ხოლმე - იმდენი რამ ხდება ირგვლივ, მოდი და, ნუ ილაპარაკებ. უმეტესად, ცხადია, მე ვარ მსმენელი და ის კი ლაპარაკობს სამშობლოზე, აწმყოსა და მომავალზე, მწერლობაზე, მსოფლიოს ამბებზე, დაძმობის მადლზე, სიყვარულსა და ბედნიერებაზე... მოიკითხავს: ჩვენები როგორ არიან (პალიტრელებს გულისხმობს), ხომ იცი, "კვირის პალიტრა" ჩემი საყვარელი გაზეთიაო! მეც ამით ვსარგებლობ და შევაპარებ ხოლმე, - ბატონო თამაზ, მკითხველისთვის, მგონი, სათქმელი დაგიგროვდათ-მეთქი.უარს არასდროს მეუბნება. ამჯერად რომ დავურეკე, "დაგროვილი სათქმელი" შევახსენე. ინტერვიუზე უყოყმანოდ დამთანხმდა.

"კვირის პალიტრას" კლასიკოსი მწერალი თამაზ ჭილაძე სტუმრობს.

- ბატონო თამაზ, რა იყო უმნიშვნელოვანესი თქვენს ცხოვრებაში?

- არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ცხოვრებისეული მოვლენები დაჰყო მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოდ. ვიდრე ცხოვრობ (ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ფიზიკურად არსებობდე, მაგრამ არ ცხოვრობდე!), უმნიშვნელო არაფერი შეიძლება იყოს შენთვის. ცხადია, ამას მერე ვგრძნობთ, ანუ ზუსტად - ვხვდებით. და რადგან ვხვდებით, ყველაფერი ნორმალურად გრძელდება, თუ ვითარდება.

ვიცხოვრე მეტად დაძაბულ, დრამატულ, ათასსახოვან ეპოქაში; თითქმის ყველაფერს, რასაც შეიძლებოდა ადამიანი მოსწრებოდა, მოვესწარი - კარგსაც და ავსაც.

- სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", პირად გვერდზე, აქტიურად ეხმიანებით ხოლმე საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებას. ვიცი, ძირითადად შინ ხართ. დღეს რაზე მუშაობთ, თუ წერთ?

- წერით კი ვწერ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტას.

- რა გიშლით ხელს?

- მწერალს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, საკუთარი თავის გარდა... უცებ დავფიქრდი - მართლა რას ვაკეთებ ისეთს, რომ სათქმელად ღირდეს? ვკითხულობ ჩემი ძმისშვილების ნათარგმნ წიგნებს - ფოლკნერი, ჰაქსლი, კერუაკი... თუმცა, რასაკვირველია, მარტო მათ თარგმანებს არ ვკითხულობ, რამდენიმე ახალი, ძალიან ნიჭიერი მწერალი გვყავს, რომლებსაც აბსოლუტურად გულგრილ სიცარიელეში უხდებათ ცხოვრება. მე პატივს ვცემ მათ ნებისყოფას და ერთგულებას საკუთარი მოწოდების მიმართ, მით უმეტეს, რომ დღეს მწერლობა, როგორც პროფესია, საქართველოში თითქმის აღარ არსებობს.

- არადა, თითქოს მწერლობის ბუმია.

- არა, ამას ბუმი არ ჰქვია, ეს ანარქიაა. ამავე დროს, წიგნი აშკარად კარგავს მკითხველს, თანაც მთელ მსოფლიოში.

- მე მინახავს სხვა ქვეყნებში გამოცემული ქართველი მწერლების წიგნები, მათ შორის - ბატონი ოთარისაც და თქვენიც, 100-200 000-იანი ტირაჟით...

- სამწუხაროდ, ეგ სასიამოვნო მოგონებადღა დარჩა...

- რას ფიქრობთ ელექტრონულ ვერსიებზე?

- არ ვიცი, ამიტომ ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს. იმდენად ჩამორჩენილი ვარ, რომ ვერც წარმომიდგენია წიგნი სხვა სახით.

წიგნის კითხვა იდუმალი რიტუალია, რომელსაც ადამიანი ასრულებს, როცა ყველაზე საიდუმლო არსებას - საკუთარ თავს ხვდება, ანუ, როცა წიგნს კითხულობს, ამაზე მნიშვნელოვანი სხვა საქმე აღარ არსებობს. ვისაც ეჩქარება, ის მკითხველი ვერ გახდება.

- როგორ დაახასიათებდით ჩვენს დღევანდელ ყოფას?

- ჩვენში შემოიჭრა ნიაღვარი ევროპული თუ ამერიკული ქუჩის, უფრო სწორად, ბიზნესად ქცეული კულტურისა, რომელმაც, უპირველესად, მოგვთხოვა დაგვევიწყებინა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში წონასწორობას გვინარჩუნებდა დაუნდობელ გარემოში.

ერთგულება ტრადიციული არსებობის წესისა, მოულოდნელად ჩამორჩენილობად იქცა და ეს იყო საერთო საბედისწერო შეცდომა, რომლის გამძაფრებასაც ოფიციალურადაც კი ხელს უწყობდნენ წინა რეჟიმები. ჩვენთვის დამახასიათებელმა ოპტიმიზმმა უდარდელობის ნიღაბი აიფარა და მოხდა კიდეც ის, რაც უნდა მომხდარიყო - შემოქმედებიდან (რაც ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო ჩვენი ხალხისა) ეპიგონებად გადავიქეცით. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ხალხმა დაივიწყა (თუ დაავიწყებინეს!) აზროვნება ეროვნული მასშტაბით.

შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ ვერ შევძელით რუსთაველის 850-ე წლისთავის აღნიშვნა, რადგან არ აღმოგვაჩნდა ასეთი დონის იუბილესთვის აუცილებელი ერთიანობა ეროვნული სულისკვეთებისა, არაფერი რომ არ ვთქვა ასევე აუცილებელ მატერიალურ უზრუნველყოფაზე. პარტიების გააფთრებულმა დაპირისპირებამ სხვა ყველაფერი დაგვავიწყა და ასეთ ვითარებაში, ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, ჯერჯერობით, გაუბედავად წამოსისინებული ფრაზა ორი დედაქალაქის შესახებ, რაც ორად გახლეჩილ საქართველოს ნიშნავს.

- ექსპერტებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, შარშანდელი არჩევნები დემოკრატიული იყო... მას შემდეგ ლარი გაუფასურდა, პროდუქტი გაძვირდა, საჯარო სამსახურებში კი შემცირებების ტალღას ელიან...

- ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, ოღონდ, სხვებივით, მეც უფრო მეტს ველოდი... თუნდაც მეტ გაბედულებას, მეტ დამოუკიდებლობას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. 2012 წელს ასეთმა გაუბედაობამ - მეტისმეტმა დემოკრატობანამ კოჰაბიტაციით დაგვასაჩუქრა, რის გამოც, სამართლიანად მოპოვებული ოთხწლიანი ძალაუფლება სამ წლამდე შევიმცირეთ. ჩვენში გამარჯვებულები დუმან, დამარცხებულები კი ლაპარაკობენ, თანაც - გამარჯვებულებივით. მე პოლიტიკოსი არა ვარ, არც ეკონომისტი, ჩემთვის 2X2 უმაღლესი მათემატიკაა, შეიძლება ამიტომაც მიკვირს უმუშევართა რიცხვის ხელოვნური ზრდა მაინცდამაინც მაშინ, როცა ქვეყანაში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა - უმუშევრობაა! ისიც უნდა ვაღიარო - ვერაფერს მივხვდი, რას ნიშნავს ტერმინი "დანამატი"?

დღეს არა მარტო ლარი უფასურდება, არამედ მთელი რიგი პროფესიების დევალვაციის, გაქრობის თუ რადიკალური ცვლილებების მოწმენი ვართ. შეიძლება ისიც ითქვას, კულტურისადმი დამოკიდებულების სახელმწიფო პოლიტიკა ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო.

მზარავს იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა ჩვენში, ქველმოქმედება რომ არ არსებობდეს, თუმცა, სწორედ ქველმოქმედება აღიზიანებს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც ვერა და ვერ შეეჩვია იმ აზრს - როცა ეხმარები შემოქმედს, ეხმარები ქვეყანას, ეხმარები იმას, რითაც საქართველო საქართველოა!

- ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მისმა გამონათქვამებმა და პირველმა ნაბიჯებმა მთელ მსოფლიოში მითქმა-მოთქმა და პროტესტი გამოიწვია. ყველა დიდი ცვლილებების მოლოდინშია, მათ შორის - საქართველოც, სადაც შიშობენ, ამერიკამ არ მიგვატოვოსო!

- ო, ამის განსაკუთრებით გვეშინია და არც უსაფუძვლოდ. როდემდის უნდა იყოს ჩვენი ყოფნა-არყოფნა ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსის გუნება-განწყობილებაზე დამოკიდებული? სხვათა შორის, დღეს ერთი ასეთი უცნაურობაც შეინიშნება - თუმცა გენეტიკურად ევროპელები ვართ, ჩვენი დღევანდელი კულტურა და ყოფა ამერიკული კულტურისა და ყოფის გავლენას განიცდის. თუ გუშინ ძალით გვარუსებდნენ, დღეს ჩვენი ნებით ვამერიკელდებით. ისე, კაცმა რომ თქვას, მიტოვებულები არა ვართ?

- "ეს წელიც გაქრა"... მაგრამ, როგორც ჩანს, უკვალოდ არა. ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს თუ მსოფლიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-ყოფით ცხოვრებაში...

- დიახ, ერთი წელი მოგვაკლდა და თანაც მოგვემატა კიდეც, როგორც ეს ოთარის ლექსშია. უცნაურად აჩქარებული და მოვლენებით სავსე წელი იყო. როდესაც ჩაწყნარდა ახალი წლის ტრადიციული კანონადა და როცა კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ ჩვენი "ხმაური და მრისხანება" მაშინ, როცა არავინ გვემუქრება, უცებ ვიგრძენით, რომ სრულიად ახალი სამყაროს წინაშე აღმოვჩნდით და თურმე პოლიტიკის მეტი აღარაფერი გვაინტერესებს - ჩვენი მარცხისა თუ წარუმატებლობის მიზეზი, შეიძლება, სწორედ ეს იყოს.

განათლების შემზარავმა სისტემამ, პარტიათა ზოოლოგიურ სიძულვილამდე მიყვანილმა დემოკრატიამ, ასევე, შემზარავმა საარსებო მინიმუმმა, თავისი საქმე გააკეთეს - გვიბიძგეს, დაგვევიწყებინა საკუთარი რაობა და თანდათანობით ვქცეულიყავით უაღრესად პოლიტიზებულ, ხსოვნადაკარგულ მასად, რომელმაც დუმილი არჩია პროტესტს, ანუ უხმოდ მოითმინა ის, რასაც ევროპაში, საითკენაც ასე მივისწრაფვით, არაფრით შეურიგდებოდნენ.

- რას გულისხმობთ?

- მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ: როცა უნივერსიტეტში პოლიცია შევიდა; როცა წრიულად დამსხდარ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ერთმანეთისთვის სახეში აფურთხებინეს; როცა იმ ცოდვიან ადგილზე, სადაც დიდებული მემორიალური ძეგლის აფეთქების დროს დედა-შვილის უმანკო სისხლი დაიღვარა, პირქუში, უსახური შენობა წამოჭიმეს, რომელიც თვითმფრინავის ანგარს უფრო ჰგავს, ვიდრე პარლამენტს...

- თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პარლამენტი ქუთაისში?

- პარლამენტი, როგორც წესია, დედაქალაქში უნდა იყოს, დედაქალაქი კი ამჟამად და იმედია, სამუდამოდ, თბილისია. გავიმეორებ ადრე ნათქვამს - გეგუთში დაბადებულმა ყველაზე დიდმა ქუთაისელმა დიდგორის ბრძოლა გადაიხადა, თბილისის დედაქალაქობა რომ აღედგინა. ქუთაისის მნიშვნელობა პარლამენტის იქ ყოფნა-არყოფნაზე არ არის დამოკიდებული, ქუთაისი ჯერ კიდევ მაშინ იყო უმნიშვნელოვანესი და დიდებული ქალაქი, როცა პარლამენტის ცნებაც კი არ არსებობდა.

- როგორ ფიქრობთ, რა გვიშლიდა ხელს, სწორად წაგვემართა ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, გვეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობენ სხვა დამოუკიდებელი ქვეყნები?

- არ მინდა, გული გაგიტეხოთ, მაგრამ ისე ჩვენ, ალბათ, ვერასოდეს ვიცხოვრებთ. რუსეთისა და თურქეთის მეზობლობა ღვთის სასჯელია.

საკვირველი კია - აგერ, ოცდაშვიდი წელი ხდება, თავისუფლები ვართ და ჩვენს სიღარიბეს ვერაფერი მოვუხერხეთ.

როგორ უნდა ვიცხოვროთ? არ ვიცი, მე არ გამოვდგები მრჩევლად. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჯერჯერობით, როგორმე უნდა შევეჩვიოთ თავისუფლებას.

თავისუფლება დაუნდობელია, თუკი ისე არ მოექცევი, როგორც ეკადრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური დემაგოგების ხელში აღმოჩნდება.

"ო, თავისუფლებავ, რამდენ სისაძაგლეს ჩადიან შენი სახელით!" - თქვა ჟირონდელმა მეამბოხე ქალმა, ვიდრე გილიოტინაზე თავს მოსჭრიდნენ. შიშით და სხვის ხელებში ყურებით თავისუფალი ვერ გახდები.

ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე მიწები კი არა, თითქოს სასიცოცხლო სივრცე დავკარგეთ და მასთან ერთად - საკუთარი თავიც. დავუპირისპირდით საკუთარ ტრადიციებს, წარსულს და მოულოდნელად გაურკვეველი მომავლის პირისპირ აღმოვჩნდით ახალი მეგობრების იმედით, რომელთა დავალებებსაც ფრიადოსანი მოსწავლის აღტკინებით ვასრულებთ, სამაგიეროდ დატუქსვისა და თითის დაქნევის მეტს არაფერს ვიმკით.

- უვიზო რეჟიმი?

- მივესალმები. როდემდე გავძლებთ ასე გამოკეტილები. ახლა კარს გვიღებენ, მაგრამ...

- რატომ გაჩუმდით?

- ვფიქრობ.

- რას ფიქრობთ?

- ვიხსენებ - სხვა რომელიმე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობს, თუ აქვს ჩვენი მსგავსი პრობლემები, ანუ თუ არის მეორე სახელმწიფო (შეიძლება, ასე თუ ისე უკრაინაზე იფიქრო), რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ანუ, ფაქტობრივად, ომობს (ყოველ შემთხვევაში, უნდა ომობდეს), და უვიზო მიმოსვლის უფლების მოპოვებას კი ცდილობს. რატომღაც გამახსენდა აფხაზეთი, სადაც ვერც ვიზით შეხვალ და ვერც უვიზოდ, და მაინც სულითა და გულით მივესალმები უვიზო რეჟიმს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით და, ალბათ, კარგა ხნის მანძილზე ევროპაში უვიზოდ ის იმოგზაურებს, ვინც ამას აქამდეც მშვენივრად ახერხებდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს. რაც მეტი მდიდარი ადამიანი გვეყოლება, მით უკეთესია. ქვეყანაში, სადაც სიმდიდრე დანაშაულად ითვლება, ძალიან ძნელია დემოკრატიის დამყარება.

უვიზო რეჟიმი თუნდაც იმიტომ არის მისასალმებელი, რომ აუცილებელს გახდის განათლების სისტემის გადასინჯვასა თუ გარდაქმნას. ჩვენი განათლების სისტემა დღეს მიმართულია სწორედ იმის წინააღმდეგ, რასაც, ტრადიციული გაგებით, განათლება ჰქვია. უვიზო რეჟიმს დავუბრუნდეთ

- ჩვენ გვექნება ევროპაში უვიზოდ ჩასვლის უფლება და არ გვექნება ამ უფლების გამოყენების საშუალება ჩვენი სიღატაკის გამო. ამასთანავე, არ გვეცოდინება, რატომ გვიზიდავს, რას წარმოადგენს ნამდვილი ევროპა, რომელიც არც მარკეტებია, არც ღამის ბარები, კაზინოები და არც, თუ გნებავთ, ბორდელები, თუმცა ეს ყველაფერი იქ მრავლადაა და რომ მიხვდე, რა არის ის სინამდვილეში, დროზე უნდა გადაშალო წიგნი. ჯერ ფიროსმანის გამოფენა არ გინახავს და ლუვრში რა სინდისით უნდა შეხვიდე!

ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ევროპაში უვიზოდ ჩავა ჩემი თანამემამულე, რომელსაც ეცოდინება, რომ ელოდება სამყარო - ცოცხალი მუზეუმი, სადაც ჰაერი დამუხტულია მოცარტის მუსიკით, შექსპირის სიტყვით, ელეონორა დუზეს ღიმილით, რემბრანდტის ფერებითა და უცებ, მოულოდნელად, თითქოს აზრად ქცეული შუქი გამოაფხიზლებს თუ გაახსენებს, რომ ყველაფერი ეს მისიცაა, ისიც ამ სამყაროს ნაწილია, რადგან მისმა წამებულმა სამშობლომ არაადამიანური ძალისხმევით შეინარჩუნა თავისთავადობა, რაც მის ევროპულობასაც ნიშნავს.

ჩემს ასეთ მაღალფარდოვნებას ოდნავ მაინც გავანელებ, თუ ვიტყვი, რომ უვიზო რეჟიმი, მთელი თავისი სასიკეთო შესაძლებლობებით, ჩვენში ამოქმედდება მას შემდეგ, როცა ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურად წელში გაიმართება და, რაც მთავარია - გამთლიანდება.

- ვითომ მოხდება ეს?

- უსათუოდ! ჩვენს გაჭირვებასაც ეშველება და ევროპაშიც ვიმოგზაურებთ უვიზოდ, მაგრამ აი, ეროვნული კულტურის უგულებელყოფით, მშობლიური ენისადმი უნდობლობით, მარტო "მამაოსა" და "დედაოს", "გაიხარე-გაიხარეს" ძახილით მომავალში არავინ შეგვიშვებს. შეჩერებული, დაჭაობებული აწმყო საშინელებაა. შეიძლებოდა გაგვეხსენებინა ქვეყნები, რომლებიც დღეს, XXI საუკუნეში, კომუნისტური დესპოტიზმის წყვდიადში არიან ჩარჩენილები. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ ტრადიციებსა და კულტურას თუ დროზე არ მივხედავთ, შეიძლება უცებ დავკარგოთ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხალხი საუკუნეების მანძილზე ქმნიდა. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უსათუოდ უნდა გამოაცხადოს კულტურა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად.

- უთუოდ უნდა გკითხოთ, რას ფიქრობთ განათლების მინისტრის უცნაურ ინიციატივებსა და პოზიციაზე, ვგულისხმობ გამონათქვამებს "კომბლეზე", ზოგადად, ქართულ ზღაპრებზე, ახალი "ხალხური ზღაპრების" დაწერაზე და ა.შ...

- მგონი, არც ერთი სხვა ხალხის ზღაპარი არ იწყება ასე: "იყო და არა იყო რა" - ეს არის გენიალური ფრაზა, რომლითაც ყველაფერი ახსნილია და, საერთოდ, შემოქმედების დევიზად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ეს არის ორი სინამდვილის ერთდროული, პარალელური არსებობის აღიარება. სინამდვილის, რომელიც ამქვეყნად დაგვხვდა და სინამდვილის, რომელიც ჩვენ თვითონ, თუნდაც, წარმოსახვებით, განზოგადოებებით, იმედითა თუ შიშით შევქმენით და ამით ადამიანური ცხოვრებისთვის აუცილებელ სამყაროდ გარდავქმენით, ანუ ვაღიარეთ პირობითობა და საიდუმლო, როგორც აუცილებელი რეალობა, როცა გვჯერა ის, რაც დაუჯერებელია (ამ შემთხვევაში ცნობილ სქოლასტიკურ გამონათქვამს არ ვგულისხმობ). მგონი, ჯერ არავის უთქვამს, ზღაპრის არ მჯერაო, ჩვენი განათლების მინისტრის გარდა. მახსენდება კირკეგორის მაგალითი - ცირკის პუბლიკამ ხანძარი არ დაიჯერა, რადგან ის კლოუნმა გამოაცხადა, ეგონა, მასხრობდა.

რამდენი ხანია, რაც ამ სამინისტროს თითქოს გენეტიკური ერთნაირობით გამორჩეული მესვეურები სწორედ რომ უცნაური უცნაურობებით დაგვამახსოვრდნენ. იქნებ, როგორმე დაგვეჯერებინა, რომ ზღაპარი თუ მხატვრული ნაწარმოები სასკოლო სახელმძღვანელოსთვის არ იქმნება, თუმცა დიდი პატივია, როცა იქ შეიტანენ. ზღაპრის ხელის ხლება დაუშვებელია. დიდაქტიკის, პედაგოგიკის პოზიციებიდან ზღაპარს არ უნდა მივუდგეთ. ზღაპარმა ჩვენთან ერთად აიდგა ფეხი, როგორც კი სტიქიას გამოვეყავით, როგორც კი ამქვეყნად რეალურად არსებული საოცრებების მიღმა ვიგრძენით სხვა, ირეალური, მაგრამ ადამიანური ყოფისთვის აუცილებელი სამყაროს არსებობა. ასე რომ, ზღაპრის დღევანდელი რევიზია უფრო საგანგაშოა, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების "უცნაური პოზიცია", რადგან ჯერჯერობით, გაუბედავად, მაგრამ მაინც გვანიშნებს, რომ ვკარგავთ ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო, მეორე სინამდვილის, თუ შექმნის არა, შეგრძნების უნარს, რომელიც აუცილებელია, პიროვნებად შეიცნო თავი და არა ცივილიზაციის მიერ ინფორმაციით გამოტვინებულ არსებად. ზღაპარი, რასაკვირველია, არც მხოლოდ ბავშვებისთვის იქმნება - ის ადამიანის სულიერი განვითარების ერთგვარი აღმნიშვნელია და, რაც უფრო მაღალია, მით უფრო თავბრუდამხვევად მრავალფეროვანი სივრცეებით მდიდრდება და იზრდება.

ირმა ხარშილაძე