ყველა ერთად შევძლებთ, რომ ოჯახს მუდმივი თავშესაფარი ჰქონდეს! - კვირის პალიტრა

ყველა ერთად შევძლებთ, რომ ოჯახს მუდმივი თავშესაფარი ჰქონდეს!

ნათია ქირია: "ხალხის სიკეთის შედეგად ჩემს შვილებს დღეს საჭმელი აქვთ და ყინვის აღარ გვეშინია. მადლობა "კვირის პალიტრას" – თქვენ მიაწვდინეთ ხალხს ხმა"

რამდენიმე ნომრის წინ მარტოხელა, სამი შვილის დედაზე ვწერდით - 33 წლის ნათია ქირია მძიმე სენს ებრძვის. ამ ცნობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციაში ზარები არ წყდებოდა - უამრავი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც მას საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები მიუტანეს.

შეგახსენებთ, რომ ნათია ქირია და მისი პატარები აფრიკის დასახლებაში დაქირავებულ პატარა ოთახში ცხოვრობენ, სადაც არც წყალია და არც ბუნებრივი აირი... რა შეიცვალა "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი სტატიის შემდეგ მათ ცხოვრებაში, ნათია ქირია თავად გიამბობთ.

- "კვირის პალიტრის" მკითხველებმა და "პალიტრანიუსის" მაყურებლებმა ჩემი ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვეს, მოგვიტანეს უამრავი საკვები პროდუქტი, ელექტროგამათბობელი და დივანი. ბინის მეპატრონემ შემომთავაზა, - შეგიძლია, ჩემი კუთვნილი მიწა 2.000 ლარად გადაიფორმო და სამშენებლო მასალები სახლის გასაფართოებლად გამოიყენოო. მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან დიდი თანხაა, დამოუკიდებლად ვერაფრით შევძლებ შეგროვებას.

- თუ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, შეძლებთ, გაიფორმოთ მიწის ნაკვეთი?

- რა თქმა უნდა, რთულია და საწვალებელი, მაგრამ სოციალურად დაუცველებისთვის უფრო გამარტივებულია უძრავი ქონების გაფორმება...

- სტატიასა და ტელესიუჟეტში საუბარი იყო ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმიუწვდომლობაზე...

- "კვირის პალიტრაში" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თბილისის მერიის თანამშრომელმა შემომთავაზა, მერიაში განცხადება შემოიტანეთ და დაგაფინანსებთო.

- ითქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მოგცემდათ ავტომობილს, რომლითაც ივლიდით ქიმიოთერაპიის კურსზე...

- არავინ შემომხმიანებია. მართალი გითხრათ, ჩემი შვილების მომავლისთვის მხოლოდ სახლია საჭირო, სხვა პრობლემებს გავწვდები. ჩემი სახსრებით კი ამაზე ოცნებაც წარმოუდგენელია... ჩემი იმედი ის ადამიანები არიან, რომლებსაც გულთან მიაქვთ სხვების გასაჭირი... ხალხის სიკეთის შედეგად ჩემს შვილებს დღეს საჭმელი აქვთ, ელექტროქურა გვაქვს და ყინვის აღარ გვეშინია. მადლობა მათ თანადგომისთვის, მადლობა "კვირის პალიტრას" - თქვენ მიაწვდინეთ ხალხს ხმა.

გვჯერა, რომ მარტოხელა, ავადმყოფი დედის მძიმე ცხოვრებას კიდევ ერთხელ გულთან მიიტანს ჩვენი მკითხველი და ყველა ერთად შევძლებთ მათი მთავარი პრობლემის მოგვარებას - ოჯახს მუდმივი თავშესაფარი ექნება, რომელიც არცთუ ისე მიუწვდომელი ოცნებაა.

თორნიკე ყაჯრიშვილი