ცნობილი გამოთქმების წარმოშობის ისტორია - კვირის პალიტრა

ცნობილი გამოთქმების წარმოშობის ისტორია

მეტყველებაში მრავალი გამოთქმაა დამკვიდრებული, რომელთა წარმოშობის ისტორია ჩვენთვის უცნობია. რამდენიმე ასეთი გამოთქმის დაბადების ამბავს თბილისის ჰამქრის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი გვიამბობს.

ორთაჭალის ტურფა - მართალია, ორთაჭალის ბაღში რამდენიმე რესტორანი იყო, თუმცა თვითონ ბაღი ოდითგანვე უფასო საქეიფო ადგილს წარმოადგენდა, სადაც ხშირად ირეოდნენ იაფფასიანი მეძავები, რომელთაც ორთაჭალის ტურფად მოიხსენიებდნენ.

XVIII საუკუნეში თბილისში ოფიციალური, რეგისტრირებული საროსკიპოები იყო. როგორც დოკუმენტებიდან ვიცი, ასეთი 8 საროსკიპო იყო. იქ მომუშავე მეძავებს ყვითელი პასპორტები ჰქონდათ და რეგულარულად უტარდებოდათ სამედიცინო შემოწმება, ორთაჭალის ტურფები კი იყვნენ არარეგისტრირებული მეძავები და მათი მომსახურება ძალიან იაფი ღირდა.

- ყვითელი პასპორტი როგორ გაიცემოდა?

- "პუბლიჩნიე დომა" - ასე ერქვა მაშინ ბორდელებს. თუ მეძავი იქ მუშაობას გადაწყვეტდა, სპეციალური შემოწმების შემდეგ ეძლეოდა ყვითელი პასპორტი. ეს იყო ლეგალიზებული პროსტიტუცია. პასპორტში ნახავდით სპეციალურ გრაფებს, სადაც აღირიცხებოდა ექიმთან ვიზიტები. მაშინ ხომ ვენერიული დაავადებები მძვინვარებდა, ამიტომ სავალდებულო იყო სამედიცინო კონტროლი.

სასაცილო და სამარცხვინო იყო, როდესაც დაიწყეს საცხოვრებელი კომპლექსის - "ორთაჭალის ტურფა" აგება. წარმოიდგინეთ, ვიღაცამ მომავალში რომ ააშენოს კომპლექსი "ცირკის ქალები". რაც მთავარია, ის ადგილი, სადაც ეს კომპლექსი შენდებოდა, არ არის ორთაჭალა, დირსიჭალაა...

გაგაბრტყელებ ჯვარისმამის ლავაშივით - ჯვარისმამის ეკლესია ლესელიძის ქუჩაზეა. მის უკან პურის მოედანია. თბილისში მხოლოდ იქ ცხვებოდა პური. იმდროინდელ თბილისში სირცხვილი იყო პურის ყიდვა. ქალაქელები მას არ ყიდულობდნენ, მხოლოდ ვაჭრები ან უცხოელი სტუმრები ყიდულობდნენ. თბილისელებს შინ თონე ჰქონდათ, რომელიც აუცილებელი საოჯახო ატრიბუტი იყო. პურის მოედანზე ცხვებოდა სხვადასხვა სახის პური: ლავაშები, დედასპური... მათ შორის, ყველაზე ცნობილი და ფორმით განსხვავებული ყოფილა ჯვარისმამის ლავაში. გამოთქმაც - გაგაბრტყელებ ჯვარისმამის ლავაშივით - აქედან მოდის.

ნინიას ბაღი - ეს გამოთქმა სათავეს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან. იმხანად ქართველ ვაჭარს, ნინია ზარიძეს ვორონცოვის მოედანთან ულამაზესი ბაღი ჰქონია. დაახლოებით ისეთი, როგორიც მიხაილის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა. ამიტომ ნინიას ბაღი ქართულ ცნობიერებაში მუქთას, უფასოს სინონიმად დამკვიდრდა.

ჯანდაბამდე გზა გქონია - ირანში იყო ასეთი პროვინცია - ჯიჰან-დაბა, სადაც გადასახლებულები ცხოვრობდნენ. საბჭოთა პერიოდში ციმბირში გადასახლებულების მსგავსად, ჯიჰან-დაბა გაციმბირების ირანული ვერსია ყოფილა - უწყლო და მკაცრი კლიმატური პირობებით.

უტ...კო ყარაჩოხელი - ყარაჩოხელები იყვნენ ჰამქრის წევრი დარბაისელი, ყველაზე ვაჟკაცი და ქალაქში დაფასებული ადამიანები. სიტყვასიტყვით ყარაჩოხელი შავჩოხიანს ნიშნავს. მათ სულ შავი სამოსი ეცვათ. ყოველი მათგანი ხელოსანი იყო - მექუდე, ხარაზი, ტყავის დამმუშავებელი და ა.შ.

ყარაჩოხელებს მთავარი პრინციპი - ღირსება და ვაჟკაცობა აერთიანებდათ, შესაბამისად, ხელოსანი ვიღაც ქარაქუცა ვერ გახდებოდა. ამიტომაც ყარაჩოხელის ანტიპოდია გამოთქმა უტ...კო ყარაჩოხელი.

ყურებზე ხახვი არ დამაჭრა - როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს გამოთქმა რომიდან იღებს სათავეს და საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. რომაელები ურჩ მონებს ყურებს აჭრიდნენ, ჭრილობაზე სისხლდენის შესაჩერებლად კი ხახვს აყრიდნენ - დაჭრილი ხახვი სისხლდენას აშუშებდა. მუქარის პასუხად, აქედან მოდის გამოთქმაც, ყურებზე ხახვი არ დამაჭრაო.

ორთაჭალის კუნძული მოგონებად იქცა

კუნძულის ერთ-ერთი კუთხე თავისი საცალფეხო ბილიკითთბილისის ჰამქრის წევრი გოგა ქართველიშვილი გვიამბობს:

- სანამ მტკვარი კალაპოტში მოექცეოდა, თბილისში ორი კუნძული არსებობდა - მადათოვის და ორთაჭალის. ორთაჭალის კუნძული გამოირჩეოდა სილამაზით, წარმტაცი ბუნებითა და ბოჰემური ცხოვრებით, ხალხი მას პატარა ედემის ბაღსაც უწოდებდა. ვახუშტი ბატონიშვილის ერთ-ერთ რუკაზე ამ ადგილს ჭალაბადი ჰქვია. 1735 წლით თარიღდება პირველი გეგმა, სადაც დატანილია ორთა, ანუ შუა ჭალა, რაც ნიშნავს ორ მდინარეს შორის მოქცეულ ჭალას, რომელზეც გადებული იყო საცალფეხო ხიდი, ვირის ხიდად წოდებული. ამ ხიდით გადმოჰქონდათ კუნძულიდან ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული. ძირითადად, ორთაჭალის კუნძულით მარაგდებოდა თბილისის ბაზრები. სისხამ დილით მიდიოდნენ ვაჭრები და ეზიდებოდნენ სხვადასხვა პროდუქტს.

კუნძულზე ხშირად ნახავდით ფიროსმანს, რადგან იქ საქეიფოდ ძალიან კარგი ადგილები იყო - ტალავერები, ვენახები, სიგრილე, ლხინი, სიუხვე და პურმარილი... ბევრი ტილო აქვს შექმნილი ფიროსმანს ორთაჭალაში, ერთ-ერთია "ორთაჭალის ტურფა".

იოსებ გრიშაშვილი ამბობს: "ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის სატარებელი ადგილი არსებობდა. მდაბიო ხალხისთვის ორთაჭალის ბაღები, ევროპულად გაზრდილთათვის - მუშტაიდი". ალბათ, გრიშაშვილი ცოტა მოგვიანებით შეეხო ამ თემას, რადგან ცნობილია პუშკინის სტუმრობა ორთაჭალის ბაღში. დიუმაც ნამყოფია ორთაჭალაში და ყველა სტუმარი იქ მიჰყავდათ.

ორთაჭალის კუნძულზე ორი ცნობილი რესტორანი იყო - "არგენტინა" და "ელდორადო".

კუნძულმა XX საუკუნის პირველ ნახევრამდე იარსება - სანამ მტკვარი თავის ნებაზე მიედინებოდა. იქ მტკვარი ორად იტოტებოდა. შემდეგ კუნძულის ადგილას სამანქანო გზა გაიყვანეს. მოგვიანებით, ორთაჭალჰესის აშენებამ გამოიწვია მტკვარზე თევზაობის მშვენიერი ტრადიციის მოსპობა და თევზები გააქრო - თუ ადრე 80-მდე სახეობის თევზი იყო მტკვარში, ახლა 3-4 სახეობაღა ბინადრობს. არადა, თავის დროზე, ამ თევზით მარაგდებოდა თბილისის ბაზრები. ქალაქის განვითარებამ და მდინარის კალაპოტში მოქცევამ შეიწირა ეს კუნძული XX საუკუნის პირველ ნახევარში. ორთაჭალის კუნძული მოგონებად იქცა.

ეკა სალაღაია