"ვფიქრობ, ხანძრის შესახებ შეტყობინება ძალიან გვიან შევიდა"(?!) - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, ხანძრის შესახებ შეტყობინება ძალიან გვიან შევიდა"(?!)

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვა არც უნდოდათ, მხოლოდ "არჩევანის" ჯიხურების დაწვა სურდათ".

"თუ დაცვა სიმართლეს ამბობს და ყველაფერი 20 წუთის განმავლობაში მოხდა, გამოდის, მთელ ფართობზე მოასხეს იოლად აალებადი სითხე. ეს კი დაცვის დანაშაულია!"

"აბსურდია, 20 წუთში 350 კვმ არ ჩაიშლებოდა და ათასობით კვმ ფართობზე ხანძარი არ გავრცელდებოდა".

"ქაფის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ხანძარი მაღალ სართულებზე მძვინვარებდა, ქაფი კი მხოლოდ ორ-სამ მეტრს სწვდება"

უამრავი კითხვა გაჩნდა "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ. სავარაუდო პასუხების მიღებას გამოძიების დასრულებისა და ოფიციალური დასკვნის გახმოვანებამდე შევეცადეთ. არსებობს ვერსია, რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.

"წინასწარი დასკვნებით, ხანძარი თავდაპირველად "ბავშვთა სამყაროს" უკან მდებარე ობიექტ "არჩევანის" ტერიტორიაზე გაჩნდა და "ბავშვთა სამყაროს" შენობასთან დამაკავშირებელი შუშის კედლის ჩამოშლის შემდეგ დანარჩენ ფართობზე გავრცელდა", - ასე ივარაუდა სავაჭრო ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა.

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, გამორიცხავს დაუდევრობას, ქსელში ჩართულ ელექტროხელსაწყოს ან სხვა საშუალებას, რომელიც უყურადღებობის გამო შეიძლებოდა წვის და აალების მიზეზი გამხდარიყო. ამბობენ, რომ შენობის მთელ პერიმეტრზე, როგორც "ბავშვთა სამყაროს", ისე ახლანდელი "ნიუმოლის" ("არჩევანი") ტერიტორიაზე, ჯერ ელექტროენერგია ქსელიდან ითიშებოდა და მომსახურე პერსონალი მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებდა შენობას. მეტიც, დაცვა ამოწმებდა თითოეულ სართულსა და სექციას, თუნდაც იმის გამო, რომ ვიღაც ძარცვის მიზნით არ დარჩენილიყო. როგორც ამბობენ, წლების წინ ასეთი შემთხვევა ჰქონდათ. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია, დაცვა და მოვაჭრეებიც ეჭვობენ, რომ ხანძარი განგებ გააჩინეს. თუმცა ამის ჩამდენის ან დამკვეთის ვინაობაზე წარმოდგენა არა აქვთ. ხელს მხოლოდ მეხანძრეებისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა გაჭიანურდა, რასაც მთელი შენობის დაწვა მოჰყვა.

"პლასტმასა ბენზინზე უარესია"

თამუნა თანანაშვილი, სავაჭრო ცენტრის მენეჯერი: "ბავშვთა სამყაროს" ყველა სართულზე მრავალფეროვანი საქონელი იყო - ავეჯი, ქსოვილები, ფეხსაცმელი და ა.შ. "არჩევანი" კი იყო მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბაზრობა, სადაც, ისევე, როგორც "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ყველაფერი სწრაფად აალებადი იყო: ფეხსაცმელი ლაკირებული, სინთეტიკა, აქ ბუნებრივი მასალა იშვიათად იყიდებოდა. ფეხსაცმელები ეწყო ხის დახლზე, რომელიც თაბაშირმუყაოს კედელზე მიმაგრებულ პლასტმასაზე ეკიდა. პლასტმასა რომ იწვის, ბენზინზე უარესია. ვფიქრობ, მისი ნაღვენთი იპარებოდა და ახალ-ახალ ადგილებზე ჩნდებოდა ცეცხლი, ალბათ, ამიტომაც იყო იმდენი კერა".

"პირველად დაცვამ შეამჩნია ხანძარი"

თამუნა პაიჭაძე, მენეჯერი: "მეხანძრეებს არ დაუშურებიათ ძალა, მაგრამ, ვფიქრობ, სწორი და დროული კოორდინაცია არ ჰქონდათ და პროცესები ყოვნდებოდა. ყური მოვკარი, ვიღაცისგან დარეკვას ელოდებოდნენ გადაწყვეტილების მისაღებად.

პირველად დაცვამ შეამჩნია ხანძარი, - ბოლი ამოდიოდაო. მანამდე, 20 წუთით ადრე შემოვლაზე ყოფილან და საეჭვო არაფერი უნახავთ. დაცვის თანამშრომლები ყოველ 20 წუთში აკონტროლებდნენ სიტუაციას. "არჩევანის" ტერიტორიაზე სამი წლის წინაც მოხდა ხანძარი, მაგრამ დაცვამ იყოჩაღა და ჩააქრეს".

"მეც დივერსიის ვერსიას ვემხრობი"

ცეცხლის პირველი კერა ყოფილი "არჩევანის" ტერიტორიაზე იყო, სადაც შპს "ნიუმოლი" ფუნქციონირებდა. მისი დირექტორი თამარ ქოქიაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული ჰქონდა: - დაცვის თანამშრომლები დღის განმავლობაში ყველაფერს აკონტროლებდნენ, დენის ჩასართავებს არსად ვაყენებდით და ამის გამო მსაყვედურობდნენ მოვაჭრეები, რადგან სიცივეში უწევდათ ყოფნა. ყველგან იყო გამოკრული, რომ სიგარეტის მოწევა იკრძალებოდა. ამ საშინელ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე მთხოვეს, ტელევიზორი დაგვედგა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი... ერთი კვირით ადრე აღმოვაჩინე კუსტარულად გაკეთებული ორი სადენი, სადაც ტელეფონებს ტენიდნენ და ისიც სასწრაფოდ გავაუქმეთ. მხოლოდ ჩემი კაბინეტის წინ იყო ჩასართავი, სადაც შეეძლოთ წყლის ადუღება. დაცვა საგულდაგულოდ ათვალიერებდა ტერიტორიას, ყველა მოვაჭრე ტოვებდა შენობას, პირველ რიგში ცენტრალური სადენიდან შუქი ქრებოდა და მერე იკეტებოდა კარი. ამის მერე უკვე გარე პერიმეტრის გაკონტროლება იწყებოდა. ჩემი ტერიტორია დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი იყო...

- რა ვალდებულებები გქონდათ აღებული მოვაჭრეების წინაშე?

- ყველა პირთან ხელშეკრულება იდებოდა, მე უნდა მიმეცა მათთვის ფართობი, შემექმნა სამუშაო პირობები. მათ ბიზნესსაქმიანობაში არ ვერეოდი. ჩემთან 300-ზე მეტი მოიჯარე იყო. მოვაჭრეები თუ აწარმოებდნენ კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვას, არ გაუჭირდებათ დამტკიცება, რა ზარალი მიადგათ, თუ უმალავდნენ რამეს სახელმწიფოს, ძნელი იქნება იმის დამტკიცება, რა ქონება დაკარგეს...

იმ დილით აქ რა სურათიც დაგვხვდა, გადმოცემა შეუძლებელია. მეხანძრეები ცეცხლის კერებზე ამბობდნენ, არ არის საშიშიო, მაგრამ იმ ადგილებში ისევ გაჩნდა ცეცხლი და ყველაფერი დაიფერფლა. არადა, თავიდან საწყობები არ იყო დამწვარი, მათი გადარჩენა მაინც შეიძლებოდა.

მეც დივერსიის ვერსიას ვემხრობი. ჩემს ტერიტორიაზე არც ბენზინის ბოთლები მქონია და არც გამათბობლები. სამართალდამცავებმა ვიდეოკამერები წაიღეს და იმედია, დაადგენენ სიმართლეს. როგორც ამბობენ,

ყოფილა რაღაც ნივთიერება, რეზინისმაგვარი, რომელსაც თუ გაჟღენთ ბენზინით და ფეხსაცმელში ჩააგდებ, რამდენიმე საათის მერე ღვივდებაო.

- ხალხს დაზღვეული არ ჰქონდა ქონება?

- დადიოდა სადაზღვევო, მაგრამ ხალხი უარს ამბობდა.

"6 მილიონი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დავკარგეთ"

ვაჟა მაისურაძე, "ბავშვთა სამყაროს" იურისტი: - ჩვენთან უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. გვქონდა სახანძრო სტენდები ცეცხლმაქრებით. დამონტაჟებული იყო კვამლის აპარატურა, რომელიც თანამედროვე ტიპის არ იყო, მაგრამ კარგად მუშაობდა. A2015 წლის მაისში "ალდაგში" შენობა 6 მილიონად დააზღვიეს, ეს, რა თქმა უნდა, ქონების საბაზრო ღირებულებისგან დიდად განსხვავდება. საქონელი დაზღვეული არ იყო. რამდენიმე მოიჯარემ წინდახედულობა გამოიჩინა და ქონება დააზღვია. მაგალითად, ჩეხურმა მაღაზიამ, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ქონება ჰქონდა. ძირითადად, უცხოელებს ჰქონდათ დაზღვეული ქონება.

თავიდან 3 000 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა ცეცხლი. ქაფიც არ ჰქონდათ, რომ ლოკალიზაცია მოეხდინათ. შენობაში ბევრი სინთეტიკური საქონელი იყო და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. "ბავშვთა სამყაროს" გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ ვერ გაბედეს შესვლა... 6 მილიონი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დავკარგეთ. ყველაზე ბოლოს ხანძარი ოქროს ბირჟაზე გაჩნდა. ამბობენ, იქ ბენზინი ინახებოდა და იმან უფრო გააღვივა ცეცხლიო, მაგრამ ეს არ არის სწორი. ხანძარი იქ ბოლოს გადავიდა, მეორე დღეს, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინეს იქაურობა. შიგნით თუ არ შეხვიდოდი, ვერ ჩააქრობდი კერებს, ისეთი კონსტრუქცია აქვს შენობას.

"მეოთხე პოსტიდან მაცნობეს, კვამლი ამოდისო..."

მალხაზ თევზაძე, ცვლის უფროსი: - იმ ღამით 4 კაცი ვმორიგეობდით. აქ ყველა მხრიდან არის საგუშაგოები. მე მონიტორთან ვიყავი და იქიდან ვაკონტროლებდი სიტუაციას, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მეოთხე პოსტიდან მაცნობეს, უკანა შენობიდან კვამლი ამოდის და სასწრაფოდ სახანძროში დარეკეო.

თუ არ ვცდები 5-ის 3 წუთზე ველაპარაკე 112-ს და იმის გარკვევა დაიწყეს, ვინ დაზარალდა, მე ვინ ვიყავი. ვეუბნებოდი, რაც შეიძლება ბევრი სახანძრო მანქანა გამოეშვათ, ერთი და ორი ამას ვერ უშველის-მეთქი. იმ დროს დიდი ცეცხლი არ იყო, მხოლოდ კვამლი ამოდიოდა.

7 წუთში მოვიდა სახანძრო ქვედა მხრიდან და დავუძახე ბიჭებს, გამოეშვათ ბორჯომის ვაგზლის მხრიდან, რადგან იქიდან უფრო ახლოს იყო ცეცხლის კერა. რამდენიმე წუთში კიდევ მოვიდა ორი მანქანა, ვეხვეწებოდი, შეემტვრიათ კარი და შესულიყვნენ "ბავშვთა სამყაროს" წინა მხრიდან (ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცეცხლი ამ ტერიტორიაზე), მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე, ჩვენი საქმე ჩვენ ვიცითო.

ვფიქრობ, სახანძროს მოქმედება დაგვიანებული იყო, ხანძარს წინიდან კი არ დახვდნენ, უკნიდან მოჰყვებოდნენ. შენობის კარი რომ შეემტვრიათ და ოპერატიულად ემოქმედათ, "ბავშვთა სამყარო" მთლიანად არ დაიწვებოდა.

"საჰაერო ნახა ცეცხლმადა ამოხეთქა"

პირველად კახაბერ ჭადაშვილმა შენიშნა კვამლი შპს "ნიუმოლის" ტერიტორიაზე: - შემოვლიდან ახალი მოსული ვიყავი, კვამლი რომ შევნიშნე და ცვლის უფროსს დავურეკე. ის ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა, "ნიუმოლს" ეკუთვნის. იქ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბაზრობაა. "ბავშვთა სამყაროს" ცენტრალური შენობიდან 15-20 მეტრით იყო დაშორებული ცეცხლის კერა. Mიმ ადგილას სახურავი ბეტონის კონსტრუქციის არის, ზემოდან გუდრონია დასხმული. "ნიუმოლის" ტერიტორიას მხოლოდ ორი საჰაერო აქვს - ზევიდან რკინის ბადე აფარია. სწორედ ამ საჰაერო ადგილას ნახა ცეცხლმა ამოსასვლელი და ამოხეთქა.

სახანძროს ორი მანქანა რომ მოვიდა, ჯერ ცეცხლი არ ჩანდა. სხვა მანქანებიც რომ შემოუერთდნენ, უკვე ყველაფერზე იყო მოდებული. ვთხოვდით, შეემტვრიათ შენობის წინა მხარე, მაგრამ გვეუბნებოდნენ, ბრძანებას ველოდებითო, ბრძანების გამცემი კი არ ჩანდა.

დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"ყრუ კედელი რომ ყოფილიყო, ხანძარი მხოლოდ ერთ მხარეს დარჩებოდა"

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განმარტებით, ხანძრის შესახებ შეტყობინება თევდორე მღვდლის ქუჩის 7 ნომრიდან 4 საათსა და 11 წუთზე შევიდა მალხაზ თევზაძისგან, და პირველი სამი დანაყოფი 4 საათსა და 11 წუთზე უახლოესი რაიონის, დიდუბე-ჩუღურეთის ბაზებიდან გავიდა. შემდეგ 8 წუთში გავიდა 14 ერთეული ყველა დანიშნულების სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

დავით გელაშვილი: - ადგილზე პირველი დიდუბის დანაყოფი მივიდა და ეკიპაჟმა გვაცნობა, რომ დიდ ფართობზე ღია ცეცხლი იყო. "ბავშვთა სამყაროს" უკან განთავსებული "არჩევანი", სადაც სავარაუდოდ, ხანძრის ძირითადი კერა იყო, მთლიანად იწვოდა, დაახლოებით 1300-1500 კვმ. 300-350 კვმ-ზე კი სახურავიც ჩაქცეულიყო, "ბავშვთა სამყაროს" მეორე და მესამე სართულზე დიდ ტემპერატურას შუშები ჩაემტვრია. ამ მომენტისთვის ხანძარი სავაჭრო ცენტრის უკანა ნაწილშიც მძვინვარებდა.

14 ერთეული სამაშველო ტექნიკა მთელი პერიმეტრის მიმართულებით გადავანაწილეთ. ძალიან დიდი საფრთხე იყო, ხანძარი მოსდებოდა ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, რადგან იქაც იმავე ტიპის სავაჭრო ჯიხურებია და ხანძრის ძირითადი კერისგან სულ რაღაც სამი-ოთხი მეტრი აშორებდა. საფრთხეში იყო "ბავშვთა სამყაროზე" მიდგმული შუშის შენობაც, რომელიც გადავარჩინეთ, მხოლოდ პირველი შუშაა მაღალი ტემპერატურისგან გაბზარული. ხანძრის გავრცელების საფრთხე იქმნებოდა "პასაჟის" მიმდებარედ, თევდორე მღვდლის ქუჩის ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურებზე და ეს მიმართულებაც გადავარჩინეთ. მეტროს ჩასასვლელთან, ბაზრობის ტერიტორიაზე, შევიყვანეთ ძალები, რათა ხანძარი მეტროპოლიტენში არ შევარდნილიყო. პარალელურად, "ბავშვთა სამყაროში" გვერდებიდან შევედით და წინა ფასადიდან კარის გაღება ვცადეთ, სწორედ ამ დროს მესამე და მეოთხე სართულებიდან მინები ჩამოიმსხვრა და მეხანძრეები კინაღამ დაშავდნენ. ამიტომ უკან გამოვიყვანეთ... დაახლოებით 4 საათსა 33 წუთზე კონსტრუქციები ჩამოინგრა, ცხადი იყო, რომ შენობაში მეხანძრე მაშველების შეშვება მათ გაწირვას ნიშნავდა. დამატებით 12 სამაშველო ტექნიკა გამოვიძახეთ და 26 მანქანით გარშემორტყმულ შენობაზე ვმუშაობდით. მანქანები ჰიდრანტებზე იდგა, საიდანაც წყალს ვქაჩავდით. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარმა გაანადგურა ან დააზიანა 13 000-დან 15 000-მდე კვმ ფართობი, შევძელით ოქროს საცავის გადარჩენა. ნულოვან სართულებზე საწყობები გადარჩა, მაგრამ წყალი ჩავიდა.

დამატებით სახანძრო მატარებელიც გამოვიძახეთ, ორი 60-ტონიანი რეზერვუარით, დიდი მძლავრი ტუმბოებით. მთლიანად 33 ტექნიკური ერთეული გამოვიყენეთ ხანძრის ლოკალიზებისთვის. ეს არის თბილისის სამაშველო დანაყოფების ტექნიკის თითქმის 97%. საქმეში ჩართული იყო 230-მდე მეხანძრე მაშველი".

დავით გელაშვილის განმარტებით, წყლის ამოსაქაჩად გამოიყენეს ხუთი ჰიდრანტი, ჭა, რომლებიც მოშორებულია შენობისგან. "ბავშვთა სამყაროს" სახანძრო ჰიდრანტები და წყალსაცავები არა აქვს. ამიტომაც წერეთლის პროსპექტიდან, ცაბაძის, ქურდიანის, ბაგრატიონის, ევდოშვილისა და აბასთუმნის ქუჩებიდან უწევდათ წყლის ამოქაჩვა.

"წინასწარ ვიცოდით ჭების ამბავი, ამიტომაც 26 ტექნიკური ერთეული ისე გავანაწილეთ, რომ წყალი არ შემოგვლეოდა და გუნდურად გვემუშავა... გული მწყდება, ინტერნეტში რომ ვკითხულობ, პირველი სამი მანქანა წყლის გარეშე მოვიდაო. ეს ისეთივე ბრალდებაა, სახანძრო მანქანა რომ მძღოლის გარეშე მოვიდეს. დაუწერელი კანონია, ხანძრიდან რომ ვბრუნდებით, უახლოეს წყალსაცავში ვავსებთ მანქანას და ისე ვბრუნდებით ნაწილში, გზად რომ რამე მოხდეს, გასვლა შეგვეძლოს დაუყოვნებლად. მანქანას 3-დან 8 ტონამდე წყლის გადატანა შეუძლია. პირველი სამი ტონის დახარჯვას დაახლოებით სამი წუთი სჭირდება. ჩანს, ვიღაც მოქალაქემ დაინახა, რომ წყალი გათავდა და მეხანძრე ყვიროდა, წყალი მომეციო. ეს ნიშნავს, რომ ეს მანქანა უნდა გადადგეს და სხვა მანქანა ჩამოდგეს. ხალხს ჰგონია, სახანძრო მანქანა წყლის გარეშე მოვიდა...

"არჩევანსა" და "ბავშვთა სამყაროს" შუაში ყრუ კედელი რომ ყოფილიყო, ხანძარი მხოლოდ ერთ მხარეს დარჩებოდა. სარდაფი რატომ გადარჩა? იმიტომ, რომ გადატიხრულია, სამი ათასი კვმ ღია სივრცე კი ხანძრის შეკავების საშუალებას არ იძლევა. იქ ცეცხლმედეგობის კედლები რომ ყოფილიყო, ცეცხლი ერთში შემოვიდოდა და დავიჭერდით. მთელი ფართობი ღიაა, ხანძრის გავრცელების წინაღობა არ არსებობს. შესაბამისად, დაიმსხვრა შუშები და ჩაიშალა მზიდი კონსტრუქციები. ამასთან, მთელ ტერიტორიაზე წვადი მასალაა, რაზეც დამოკიდებულია ხანძრის სიჩქარე. შენობაში უკანა შუშების ჩამსხვრევის შემდეგ ბუხრის პრინციპით ჰაერის გაწოვის ეფექტი გაჩნდა და... ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, პლუს ხანძარი გვიან აღმოაჩინეს. 350 კვმ-ზე რომ კონსტრუქციები ლღვება და ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხანძარი იქ კარგა ხანია მძვინვარებს, შესაბამისად, სახანძროს გამოძახება უკვე დაგვიანებულია".

ექსპერტი: "ზღაპარია, რომ 10 წუთში ხანძარი ამხელა ფართობზე გავრცელებულიყო..."

ალეკო რეკვავა, ექსპერტი: - კვალი ყოველთვის რჩება, ნებისმიერი ხანძრის შემდეგ, და მისი მოძიება კიდევ უფრო იოლია დღეს, განვითარებული ტექნოლოგიების ხანაში. ხანძრის გაჩენა ბევრი რამით შეიძლება. აუცილებლად დადგინდება, ამ შემთხვევაში თუ რამე იყო გამოყენებული.

70-იან წლებში ოპერის შენობა სპეციალური თვითაალებადი ფხვნილის შედეგად დაიწვა - ის პარტერში სკამებზე გადაფარებულ ნაჭერს მოაყარეს. შენობა მხოლოდ დარაჯის იმედზე იყო, რომელსაც ოთახში ჰქონდა კვამლზე მორეაგირე ხანძრის მაუწყებელი, მაგრამ ვიდრე სიგნალი მიიღო, ცეცხლი დიდ ფართობზე გავრცელდა და ყველაფერი დაიწვა.

ამ შემთხვევაში უნდა ინახოს კერა, საიდანაც დაიწყო წვა. თუ ასეთი რამდენიმე ადგილი იქნება, კვლევაც არ უნდა დასკვნას, რომ ხანძარი ხელოვნური წყაროს გამოყენებით გაჩნდა. კერა მოიძებნება გადახურვის, იატაკის ან კედლის დათვალიერებით, სადაც უფრო მეტი ტემპერატურული ზემოქმედება იყო, შემოწმდება მისი ფერი, გაჯის ან მოპირკეთების მოშლილობის ხარისხი.

- შეიძლებოდა წვა საათობით გაგრძელებულიყო და ალი გვიან ავარდნილიყო?

- საათების განმავლობაში გამორიცხულია. არსებობს ხანძრის გავრცელების სისწრაფე. პირველი ათი წუთი ნორმატიულის ნახევარი სიჩქარით მიდის, ანუ თუ წვას წუთში ერთი მეტრი სიჩქარის განვითარება აქვს, პირველი ათი წუთი ვითვლით არა ერთ მეტრს, არამედ 50 სმ-ს. კუთხეში გაჩნდა ცეცხლი? იმ კუთხიდან პირველი ათი წუთის განმავლობაში ცეცხლი არა ათ მეტრზე, არამედ რადიუსით ხუთ მეტრზე გავრცელდებოდა. 10 წუთის შემდეგ ხანძარი სრული სიჩქარით მოძრაობს, ვიდრე მასზე ზემოქმედება არ დაიწყება... მიკვირს, ასეთ ობიექტებს წინასწარ რომ არ შეისწავლიან. ამაზე უნდა მუშაობდეს სახანძრო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახლახან აღადგინეს. ის 2004 წელს გააუქმეს. ასეთი სამსახურის გაუქმება როგორ შეიძლებოდა და ან იმ უმსგავსობის დაშვება, რაც "ბავშვთა სამყაროს" ირგვლივ ხდება უამრავი მინაშენის სახით?

- არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს?

- თუ მოვლენებს გავუსწრებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვა არც უნდოდათ, მხოლოდ "არჩევანის" ჯიხურების დაწვა სურდათ. ვფიქრობ, ამის გამკეთებელმა ვერ გათვალა, რა მოჰყვებოდა პროცესს. იფიქრა, რომ "ბავშვთა სამყარო" კაპიტალური შენობაა, "არჩევანისგან" დაშორებული, მაგრამ კედელი რომ შუშის იყო, ეგ ვერ გათვალა.

ვფიქრობ, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება ძალიან გვიან შევიდა... სახანძრო ამბობს, წვა 350 გრადუსზე მეტი იყო და კონსტრუქციები ლღვებოდა, ფართობის ნაწილზე კი სახურავი ჩაწოლილი იყოო - ე.ი. ხანძარი გვიან დააფიქსირეს, ან დაგვიანებით აცნობეს სახანძროს...

- დაცვა ამბობს, რომ ის ადგილი კვამლის დაფიქსირებამდე 20 წუთით ადრე შეამოწმა და არაფერი იყო.

- აბსურდია, 20 წუთში 350 კვმ არ ჩაიშლებოდა და ათასობით კვმ ფართობზე ხანძარი არ გავრცელდებოდა. თუ დაცვა სიმართლეს ამბობს და ყველაფერი 20 წუთის განმავლობაში მოხდა, გამოდის, მთელ ფართობზე მოასხეს იოლად აალებადი სითხე. ეს კი, მგონი, დაცვის დანაშაულია, არა? როგორც გითხარით, პირველი ათი წუთის განმავლობაში ხანძარი ნახევარი სიჩქარით ვრცელდება. მერწმუნეთ, მეორე ათ წუთში ამხელა ფართობი რომ დაეკავებინა და 400 გრადუსამდე ასულიყო ტემპერატურა, ზღაპარია.

ხანძარი გვიან დააფიქსირეს, ან დაგვიანებით აცნობეს სახანძროს. ამიტომაც სახანძრომ სასურველი შედეგი ვეღარ მოგვცა.

"ვიღაცას სურს, მეხანძრეებს შეახოცოს ხელი"

თამაზ მახარაძე, ვეტერანი მქრობელი მეხანძრე: - სამწუხაროა, რომ ყველა ყველაფრის ექსპერტად მიიჩნევს თავს და ასე, თავისუფლად შეუძლიათ თქვან, დანაშაულია, რომ ქაფი არ გამოიყენესო. ქაფი გამოიყენება, როდესაც ბენზინი იწვის და არა ის, რაც "ბავშვთა სამყაროში" იწვოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქაფის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ხანძარი მაღალ სართულებზე მძვინვარებდა, ქაფი კი მხოლოდ ორ-სამ მეტრს სწვდება. დანაშაულია ისიც, რომ ვიღაცას სურს მეხანძრეებს შეახოცოს ხელი. ამას მხოლოდ დაინტერესებული პირი იტყვის.

ეკა ლომიძე

თეა ხურცილავა