სახანძრო უსაფრთხოება - მფლობელების კეთილსინდისიერების იმედად... - კვირის პალიტრა

სახანძრო უსაფრთხოება - მფლობელების კეთილსინდისიერების იმედად...

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ობიექტებისთვის:

ობიექტის თანამშრომელთაგან უნდა დაინიშნოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებზე პასუხისმგებელი პირი (ასეთი სისტემების არსებობის შემთხვევაში);

შენობა-ნაგებობებში უნდა იყოს გამოკრული აბრები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტელეფონით - როგორც ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისა და შიდა სახანძრო ონკანების განთავსების ადგილებში, აგრეთვე საევაკუაციო გასასვლელებთან;

ობიექტის თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების შემდეგ;

ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანი და მეტი) საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე ხანძარსაშიში საწარმოო და სასაწყობო სათავსებისთვის უნდა შემუშავდეს ინსტრუქციები "სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ"; შენობებისთვის, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა იქნეს შემუშავებული სახანძრო უსაფრთხოების სპეციალური წესები;

ადამიანთა მასობრივი თავშეყრისა და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა.

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" მომხდარმა ხანძარმა კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური შეკითხვა - რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთხოება მრავალფუნქციურ, ხალხმრავალ დაწესებულებებში და რა მოხდებოდა, სავაჭრო ცენტრში ხანძარი დღისით რომ გაჩენილიყო, როცა შენობაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა? საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე პასუხს ხელისუფლებისგან ითხოვს და ორი წლის წინ ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებას ახსენებს, რომლის თანახმადაც, სახანძრო უსაფრთხოებაზე სახელმწიფო საზედამხედველო ორგანომ უნდა შეამოწმოს მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები 300 მ2-ზე მეტი ფართობით, 100 და მეტადგილიანი სასტუმროს, ტურისტული ბაზის, სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და კემპინგის შენობა-ნაგებობები.

ნიკა კაკაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, შრომის დაცვის დეპარტამენტის უფროსი: "სახანძრო უსაფრთხოებისა და ზოგადად, შენობაში უსაფრთხოების საკითხების რეგულირება პირველ რიგში დამსაქმებლის, ამ შემთხვევაში კი ობიექტის მფლობელის ვალდებულებაა. არსებობს მთავრობის #370-ე დადგენილება სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, რომლითაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება და სწორედ ამით უნდა იხელმძღვანელონ შესაბამისი ობიექტების მფლობელებმა.

დოკუმენტში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი, ვალდებულებებიდან მხოლოდ რამდენიმეს მოვიყვან. მაგალითად, ობიექტის ხელმძღვანელის ბრძანებით, ერთ-ერთი თანამშრომელი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ობიექტზე შემუშავებული უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქციები და მათ შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს თითოეული თანამშრომელი, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელი პირი მათ უნდა უწევდეს საჭირო ინსტრუქტაჟს სახანძრო უსაფრთხოებაზე; ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით, მაგალითად, ცეცხლმაქრებით და სხვა ინვენტარით; უნდა არსებობდეს საევაკუაციო გეგმა-ნახაზი, ობიექტს უნდა ჰქონდეს საევაკუაციო და სათადარიგო გასასვლელი, შენობაში განთავსებული საინფორმაციო აბრები კი ამ გასასვლელებზე უნდა მიუთითებდნენ.

ამასთან, დაცული უნდა იყოს ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოება, რადგან ხშირად სწორედ ამ მიზეზით ჩნდება ხანძარი. შენობაში არსებული ადვილად აალებადი, ფეთქებადსაშიში ნივთიერებები კი შესაბამის საცავში უნდა ინახებოდეს... რაც ჩამოვთვალე, ობიექტის მფლობელის ვალდებულებაა, ხოლო რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს ის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, ამის ზედამხედველობა სახელმწიფომ უნდა გასწიოს. კანონში "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" დეტალურად არის გაწერილი, რომელი ობიექტი ექვემდებარება სახელმწიფოს ზედამხედველობას და რომ შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულება, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, უფლებამოსილი და ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების პრევენციაზე, ასევე ორგანიზება გაუწიოს ცეცხლის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას.

პროფკავშირების გაერთიანება შესაბამისი სამსახურისგან მოითხოვს დასკვნას - თუ ის არსებობს - მსხვილ სავაჭრო ობიექტ "ბავშვთა სამყაროში" არსებული ვითარების შესახებ. თუ მსგავსი შემოწმება არ ჩატარებულა, ეს უკონტროლო ვითარებასა და ხელისუფლების მიერ გადასადგმელ სასწრაფო ნაბიჯებზე მიუთითებს.

"ბავშვთა სამყაროში" ხანძარი დღის საათებში რომ მომხდარიყო, შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გარდა, არაერთ ობიექტზე სამუშაო პირობების უსაფრთხოებით ინტერესდება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიც. მათ უფლება-მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოებაც შედის. თუმცა ის ბერკეტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აქვს - დარღვევების შემთხვევაში სანქციის გამოყენების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არა აქვს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და შესაბამისად, მათი კონტროლიც არაეფექტიანია.

ბოლო წლებში მასშტაბური ხანძრის ბევრი შემთხვევა აღინუსხა და მსხვერპლითაც დასრულდა. რეალობა გვიჩვენებს, რომ ხშირად ხანძრის გაჩენის მიზეზი უპასუხისმგებლობა, შენობებში უსაფრთხოების ნორმების არარსებობა და დაუდევრობაა. გვაქვს ეჭვი, რომ "ბავშვთა სამყაროში" მომხდარიც სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან დღემდე არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვის გამართული სისტემა, რომელმაც ყველა მსხვილი დაწესებულება უნდა გააკონტროლოს, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მხრივაც.

მოვითხოვთ, კანონში შევიდეს ცვლილება და შემოწმდეს არა მხოლოდ მსხვილი, არამედ ყველა ობიექტის შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების პირობები. გამართულად ამოქმედდეს შრომის ინსპექცია, რომელსაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებაც ევალება".