PRESS ტესტი პარლამენტს... - კვირის პალიტრა

PRESS ტესტი პარლამენტს...

"საქართველოს პრესის ასოციაციის" წევრები ბეჭდური მედიის გამჭვირვალედ გავრცელების უზრუნველსაყოფად პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ. კანონპროექტი მიზნად ისახავს პრესის გავრცელებაში არსებული პრობლემების მოგვარებას.

2009 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უსახური სტელაჟებისა და საგაზეთო ჯიხურების აღების საბაბით ბეჭდური მედიის გაკონტროლება გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს რამდენჯერმე შესთავაზეს, თუ ჩვენი "რეშოტკები და ბუდკები" არ მოგწონთ, მაშინ თქვენი გემოვნებისამებრ გავაკეთებთო, მაგრამ როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, ნურას უკაცრავად, არა და არ აღირსეს გამომცემლებს მათი მოწონებული დიზაინის სტელაჟები თუ ჯიხურები.

პრესის გაკონტროლების საამისო მექანიზმების შემუშავებაზე ბევრი ფიქრი ჩვენს ხელისუფლებას არც დასჭირვებია, რადგან ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში კონტროლის მექანიზმები დამუშავებულიცაა და აპრობირებულიც, - პრესის ჯიხურები ხელისუფლების კონტროლირებად "ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს" ეკუთვნით. თუ ჯიხურში შევიდა გაზეთი, რომელშიც დაბეჭდილი სტატია ხელისუფლებას თვალში არ მოუვიდა, ჯიხურის მფლობელები გაზეთის მთელ ტირაჟს დახლქვეშ ინახავენ, ხოლო მეორე დღეს გამომცემლებს უბრუნებენ - არ გაიყიდაო, - აცხადებს პრესის ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში.

ასოციაციამ მოამზადა ერთი ძირითადი და სამი მასთან დაკავშირებული კანონპროექტი. მისი მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად), ბეჭდვითი პროდუქციით თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისგან თავის არიდება.

ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი: - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პრესის გავრცელებაა, რაც ზოგჯერ დაკავშირებულია კანონებთან, ზოგჯერ კი პოლიტიკურ ვითარებასთან. ახლა უმნიშვნელოვანესია პრესის დისტრიბუციის მოწესრიგება. გვინდა პარლამენტში ჩვენი კანონპროექტი შევიტანოთ, რათა წერტილი დაესვას იმ ეჭვსა და პრობლემებს, რომლებიც  სიტყვის თავისუფლებას, პრესასა და ამ სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს ექმნებათ.

გაძნელებულია პრესის გავრცელებაზე ნებართვის აღებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე პირად სიმპათია-ანტიპათიაზეა დამოკიდებული. თუ ვიღაც მოგწონს, შეგიძლია ხელი შეუწყო, ხოლო თუ ვიღაც არ მოგდის თვალში, შეუშალო. უნდა გადაწყდეს მოსაკრებლების საკითხიც, როგორც ეს ცივილიზებულ დასავლეთშია, სადაც პრესა განსაკუთრებული ხასიათის პროდუქტად არის აღიარებული და ამიტომაც ბეჭდური პროდუქციით ვაჭრობას ხელს უწყობენ. ბეჭდური მედიის დაუბრკოლებლად გავრცელებას დიდი საფრთხე შეექმნა 2009 წელს, მას შემდეგ, რაც ტენდერში გაუმარჯვებლად ბაზარზე "საიდანღაც" ახალი კომპანია გამოჩნდა".

ყოველივე ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, საკითხავია, მიიღებს თუ არა "საქართველოს პრესის ასოციაციის" კანონპროექტს ხელისუფლება.

ვახტანგ ხმალაძე: - შეიძლება ამ კანონპროექტმა კონკრეტულად იმ ხელისუფალთა საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას არ სწყალობენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ ახსნა, რატომ თქვეს უარი კანონის მიღებაზე.

- უამრავი კითხვის მიუხედავად, ხელისუფლება ხშირად არც კი განმარტავს მიღებულ გადაწყვეტილებათა არსს.

- ამას ქართული ბეჭდური მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მწვავე რეაქცია მოჰყვება, რაც ხელისუფლების პრესტიჟზე კარგად ნამდვილად არ იმოქმედებს. მართალია, უგუნურობის არაერთი მაგალითი გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ ამ კანონის მიღების შანსი მაინც დიდია.

პროექტი

საქართველოს კანონი "ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ"

მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი) გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად, ბეჭდვითი პროდუქციით თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისაგან.

მუხლი 2

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომლებიც ეწევიან ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებას და მის გავრცელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებსა და ურთიერთობებზე ვრცელდება  "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებათა მოქმედება, თუ წინამდებარე კანონით განსხვავებული ნორმა არ არის დადგენილი.

მუხლი 3

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა.

2. ამ კანონის მიზნებისათვის სტენდი ნიშნავს ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილ, ასაწყობ-დასაშლელ ან/და მობილურ სისტემას, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით, ხოლო ჯიხური - დროებით შენობა-ნაგებობას - ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილ, ასაწყობ-დასაშლელ ან/და მობილურ სისტემას, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

მუხლი 4

1. ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ჯიხურების, შენობაში და მის გარეთ დადგმული სტენდების/მაგიდების, დატარების, ხელმოწერის სისტემის მეშვეობით.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება სანებართვო რეჟიმის შემოღება და მოსაკრებლის დაწესება ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის და ამ პროდუქციის გასავრცელებლად სტენდის/მაგიდის დადგმისათვის და ჯიხურის განთავსებისათვის, თუ სტენდი/მაგიდა ან ჯიხური გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) უფლებამოსილია აკრძალოს ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელი ჯიხურების განთავსება მისი ქვემდებარე საზოგადოებრივი ტერიტორიის ზოგიერთ, ზუსტად განსაზღვრულ ადგილებში.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ან მისი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის გამოსაყენებელი სტენდისა და ჯიხურის არანაკლებ ხუთ-ხუთი ტიპური ესკიზური ნახაზისა. არჩეული ესკიზური ნახაზი უფასოდ გადაეცემა სტენდის დადგმის მსურველს და ჯიხურის დადგმის დამკვეთს.

მუხლი 5

1. შენობის გარეთ სტენდი/მაგიდა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად, შეიძლება დაიდგას ნებისმიერ ადგილას, ოღონდ ისე, რომ არსებითად არ შეფერხდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება.

2. იმ  სტენდისა და მაგიდის ფართობი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად, 6 მ2-ს არ უნდა აღემატებოდეს. სტენდის სახე უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ესკიზურ ნახაზს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის დარღვევის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - მერია/გამგეობა უფლებამოსილია, სტენდის/მაგიდის მფლობელს ადმინისტრაციული აქტით მოსთხოვოს ადგილის შეცვლა. ეს მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სტენდის/მაგიდის მფლობელისთვის მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის დარღვევის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - მერია/გამგეობა - უფლებამოსილია, სტენდის/მაგიდის მფლობელს ადმინისტრაციული აქტით მოსთხოვოს სტენდის/მაგიდის აღება. ეს მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სტენდის/მაგიდის მფლობელისთვის მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 6

1. ჯიხური, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად, შეიძლება უვადოდ და ნებართვის გარეშე განთავსდეს საზოგადოებრივ ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აკრძალული ადგილებისა, ხოლო კერძო მიწის ნაკვეთზე - მხოლოდ ამ ნაკვეთის მესაკუთრის ნებართვით და მასთან შეთანხმებული ვადით.

2. ჯიხურის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 6 მ2-ს, ხოლო სიმაღლე - 2,5 მ-ს. ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელ ჯიხურებს შორის მანძილი 20 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

3. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ჯიხურის განთავსების დამკვეთი ვალდებულია, განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს, გამოიყენება თუ არა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ჯიხურის ესკიზური ნახაზი. განცხადებას უნდა დაერთოს ჯიხურის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით და ჯიხურის ესკიზური ნახაზი, თუ იგი განსხვავდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ესკიზური ნახაზისაგან.

4. მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, 5 დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტით უნდა დაადასტუროს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა, ან დასაბუთებული უარი უნდა განაცხადოს. ამასთან, მას უფლება არა აქვს არ დაადასტუროს მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა, თუ დაცულია ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პირობები, თუ დამკვეთის მიერ წარდგენილი ჯიხურის ესკიზური ნახაზი აკმაყოფილებს ჩვეულებრივ ესთეტიკურ მოთხოვნებს და თუ არ არსებობს უფრო ადრე შეტანილი განცხადება იმავე ადგილიდან 20 მეტრის რადიუსში მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელი ჯიხურის განთავსების თაობაზე.

5. თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, დამკვეთი უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული განცხადება დაუყოვნებლივ უნდა დარეგისტრირდეს განცხადების მიღების თარიღისა და ზუსტი დროს აღნიშვნით.

ინფორმაცია განმცხადებლის, ჯიხურის განთავსების ადგილისა და განცხადების მიღების თარიღისა და დროს შესახებ, აგრეთვე, მე-4 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ვებგვერდზე.

7. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს უარი შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში ან სასამართლოში უარის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

8. ჯიხურის განთავსების დასრულების შემდეგ მას უნდა მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი და შეყვანილ იქნეს ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელი ჯიხურების რეესტრში.

მუხლი 7

1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჯიხურის მშენებლობა მიიჩნევა უნებართვო მშენებლობად.

2. თუ ჯიხურის განთავსების დამკვეთმა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადასტურების მიღებიდან ან მე-5 პუნქტში აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 15 (ვარიანტი: 30) კალენდარული დღის ვადაში არ განათავსა ჯიხური, იგი კარგავს იმავე ადგილას მისი განთავსების უფლებას 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ იმავე ადგილას ჯიხურის განთავსების უფლების აღსადგენად საკმარისია სათანადო განცხადების წარდგენა და ეს უფლება აღდგენილად მიიჩნევა, თუ არ არსებობს უფრო ადრე შეტანილი განცხადება იმავე ადგილიდან 20 მეტრის რადიუსში მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელი ჯიხურის განთავსების თაობაზე.

3. თუ ჯიხური, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად, უწყვეტად არ ფუნქციობს 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - მერია/გამგეობა - უფლებამოსილია, ჯიხურის მფლობელს ადმინისტრაციული აქტით მოსთხოვოს მისი აღება, ტერიტორიიდან გატანა და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ეს მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ჯიხურის მფლობელისთვის მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

4. ჯიხურის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს 15 დღის ვადაში. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - მერია/გამგეობა - უფლებამოსილია, თავად შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნა და შესრულებული სამუშაოს ხარჯი დააკისროს ჯიხურის მფლობელს.

5. თუ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელი ჯიხურის განთავსების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ ამ ტერიტორიაზე აიკრძალა ასეთი ჯიხურების განთავსება, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - მერია/გამგეობა - ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განათავსოს ასეთივე ჯიხური მისი მფლობელის მიერ მითითებულ ადგილას ან გადაუხადოს მას სათანადო კომპენსაცია და მხოლოდ ამის შემდეგ აიღოს არსებული ჯიხური.

მუხლი 8

გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში აკრძალულია ახალი ჯიხურების განთავსება.

2. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ჯიხური მიიჩნევა დროებით რეგისტრირებულად.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - მერია/გამგეობა - ვალდებულია, ამ კანონის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აღრიცხოს და დროებით დაარეგისტრიროს ბეჭდვითი პროდუქციის გამავრცელებელი არსებული ჯიხურები.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - მერია/გამგეობა - ვალდებულია, ამ კანონის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის გამოსაყენებელი სტენდისა და ჯიხურის არანაკლებ ხუთ-ხუთი ტიპური ესკიზური ნახაზის დამტკიცება და მათი დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში წერილობით აცნობოს არსებული სტენდებისა და ჯიხურების მფლობელებს ამ კანონის მოთხოვნებთან სტენდის/ჯიხურის სახის ან/და განთავსების ადგილის შეუსაბამობის შესახებ.

5. არსებული სტენდების მფლობელები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 1 წლის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი სტენდები ესკიზურ ნახაზებთან.

6. არსებული ჯიხურების მფლობელები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 3 წლის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი ჯიხურები ამ კანონის მოთხოვნებთან და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციაში გაატარონ იგი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის გაღება ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს - მერიას/გამგეობას.

მუხლი 9

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის X-დან.

საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "კ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"კ) გარე ვაჭრობის რეგულირება, მათ შორის, ბეჭდვითი პროდუქციით (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი) გარე ვაჭრობის რეგულირება - მხოლოდ "ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად".

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "რ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"რ) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა, მათ შორის, ბეჭდვითი პროდუქციით (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი) გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენა - მხოლოდ "ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად".

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის X-დან.

საქართველოს კანონი"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N11-12, 14.03.1998, გვ. 42) 91 მუხლის მე-2 პუნქტის ""კ"" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"კ) გარე ვაჭრობის რეგულირება, მათ შორის, ბეჭდვითი პროდუქციით (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი) გარე ვაჭრობის რეგულირება - მხოლოდ "ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად".

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის X-დან.

საქართველოს კანონისაქართველოს საგადასახადო კოდექსშიცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 971 მუხლის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ზ) მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარების ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ჯიხურებიდან ან ქუჩაში დადგმული სტენდებიდან/მაგიდებიდან - საქმიანობის ამ ნაწილში;"

2. 281-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის X-დან.