"ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ულამაზესი მხარე ჰქონდეს, გასაოცარია" - ევროპელის თვალით დანახული საქართველო - კვირის პალიტრა

"ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ულამაზესი მხარე ჰქონდეს, გასაოცარია" - ევროპელის თვალით დანახული საქართველო

მესტიას ვუახლოვდებოდით. წყალი მოგვწყურდა. პატარა ჯიხურთან გავჩერდით, სვანი ქალბატონი ცივ სასმელებს ყიდდა. ოთხი ბოთლი წყალი მოგვეცით-მეთქი.

"რად გინდა წყალი?"

"დასალევად..." - გაგვეცინა.

"ეს წყალი რად გინდა? ეგერ, წყაროს წყალი მოდის," - და საკუთარი ჭიქა მოგვაწოდა.

"ბორჯომიც მინდა, ოთხი ბოთლი!"

"ოც მეტროში მჟავე, გაზიანი წყალი ამოდის მიწიდან! მიდით, გასინჯეთ..."

დავლიეთ წყაროს წყალი, ავავსეთ ბოთლები, მჟავე წყალმა ნაბახუსევს უწამლა, იმ სვანმა ქალბატონმა კი დაახლოებით 6-7 ლარი დაკარგა. სამაგიეროდ მოიგო ჩემი, ჩვენი და ყველა იმ ადამიანის გული, ვინც ამ ამბავს გაიგებს.

ეს სვანეთია. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე. გაურყვნელი, სუფთა, ბუნებრივი, შეუბღალავი, ადამიანური სვანეთი. ჩვენი ლიტველი კოლეგა, "AUTO BILD ლიტვის" მთავარი რედაქტორი ვიტოლდას მილიუსი ამბობს, რომ ვერასდროს დაიჯერებდა იმ ამბავს, რაც იმ დღეს მოხდა, მესტიას რომ ვუახლოვდებოდით - ამ ამბავს მართლაც არ დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ჩემი ყურით რომ არ მომესმინა და, თანაც, იმ სვანი ქალბატონისთვის თვალებში რომ არ ჩამეხედა იმ მომენტში, როცა საკუთარ ჭიქას გვაწვდიდაო. ახლა შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენ ადამიანს უამბო ლიტვაში ის, რაც საქართველოში გადახდა. მხოლოდ ამ პატარა, მაგრამ სინამდვილეში დიდ ამბავს კი არ ვგულისხმობთ, არამედ ყველაფერს, რაც იმ 10 დღის განმავლობაში არა მარტო სვანეთში, არამედ მთელ საქართველოში ნახა.

ვიტოლდასი აგვისტოში გვესტუმრა. საქართველოში მანამდეც არაერთხელ ყოფილა, ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს ისიც ეხსომებათ, როგორ ჩამოვიდა 2008 წლის ომის შემდეგ ვილნიუსიდან თბილისში საბჭოთა "ვაზ 2109-ით" და როგორ გამოუცხადა პროტესტი რუსულ აგრესიას. თუმცა ჩვენი ლიტველი კოლეგა აქამდე მხოლოდ თბილისში, ბათუმში, სტეფანწმინდასა და კახეთში გახლდათ ნამყოფი, ამჯერად კი გადავწყვიტეთ, რომ მისთვის საქართველოს სხვა ულამაზესი მხარეებიც გვეჩვენებინა.

"ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ულამაზესი მხარე ჰქონდეს, რბილად რომ ვთქვათ, გასაოცარი ამბავია. ყველა კუთხე თავისებურად განუმეორებელია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო რეალურად ახლა აღმოვაჩინე და სამშობლოში ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდები. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც სვანეთმა მოახდინა. შესაძლოა იმიტომ, რომ მთები მიყვარს, ლიტვაში კი მთები არ გვაქვს. ან, იქნებ ეს იმ სვანი ქალბატონის დამსახურებაც იყოს, წყალს რომ ყიდდა და მაინც წყაროსკენ რომ მიგვითითა და მერე მჟავე წყლების გზა მიგვასწავლა. საქართველო უნიკალური ქვეყანაა და იმ ბუნებრივ სიმდიდრეს, რაც აქ ვნახე, გაფრთხილება სჭირდება. გაუფრთხილდით თქვენს ულამაზეს სამშობლოს!" - ასეთი იყო ვიტოლდასის შეფასება მოგზაურობის დასასრულს, მაგრამ მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით.

ქუთაისი

ვილნიუსიდან ქუთაისში პირდაპირი ავიარეისებია და ჩვენი სტუმარიც სწორედ ქუთაისში ჩამოფრინდა. გეგმის მიხედვით, ქუთაისში მხოლოდ ერთი დღე გვქონდა განსაზღვრული, მაგრამ ჩვენი სავარდო და სამაისო ქალაქი და ქუთათურები ისე მოეწონა, რომ ქუთაისში ორი დღე დავრჩით. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მცირე დროა იმისათვის, რომ უცხოელმა ქუთაისის ფენომენი სრულყოფილად აღმოაჩინოს, მაგრამ ჩვენ ლიტველი კოლეგას ამ ორ დღეში ქუთაისი ძალიან შეუყვარდა. (გაგრძელება)