"ღირს კი, ამის გარეშე ცხოვრება?" - კვირის პალიტრა

"ღირს კი, ამის გარეშე ცხოვრება?"

"არ მახსოვს, ადამიანის დასახმარებლად ყველაფერი არ გამეკეთებინოს"

"ბადრი ვადაჭკორიას ყველა იცნობს და ყველას უყვარს!" - ეს სიტყვები ამედევნა თბილისის საკრებულოდან წამოსულს, სადაც ამ ხელოვანის ფოტოგამოფენაზე გახლდით. აქ ამ სიტყვებს გამოფენის ყველა მნახველი იმეორებდა. ის შესანიშნავი ხელოვანი და სიყვარულის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია; მის ფოტოებს მხოლოდ ინტერნეტით ყოველდღიურად დაახლოებით 35 000 მნახველი ჰყავს. დაბადების დღე 24 900-მა კაცმა მიულოცა, ტყუილად კი არავინ ირჯება - ფოტოხელოვანი მართლაც უყვართ.

ბადრი ვადაჭკორიამ ამჯერადაც საოცარი ფოტოები გამოფინა თბილისის საკრებულოში. მე-16 ფოტოალბომის პრეზენტაციის ზეიმად ქცევისთვის მისმა მეგობრებმა არაფერი დაიშურეს. ეს ალბომი მომავალ თაობებსაც სიხარულს მიანიჭებს. ფოტოხელოვნებაში ხომ ასეა - წამი მარადიულობად იქცევა და მომავალ თაობას რჩება, მაგალითად, ძველი თბილისის ფოტოები, რომლებზეც მთელი ეპოქაა აღბეჭდილი. როცა ამ თემას შევეხეთ, ბადრი ვადაჭკორიას ხმაში სევდაც შევნიშნე და სიამოვნებაც:

- მე ჟურნალისტიც ვარ და ბევრს ვწერდი, მაგრამ ჩემი პუბლიკაციები ჰაერში გაქრა, ფოტოები კი ყველას ახსოვს. საუბარს შეყოლილები უნებურად ფოტოხელოვანის დიპლომატიურ სამსახურსაც შევეხეთ, როცა ის პირველი ალბომებისთვის პირველ ფოტოებსაც იღებდა.

ბადრი ვადაჭკორია:

- 1994 წელს თურქეთში საქართველოს ელჩმა მიმიწვია - დარწმუნებული ვარ, საჭიროა, თურქეთთან ურთიერთობის დიპლომატიური მატიანის შექმნა და წამოდიო. როგორც აღმოჩნდა, დაკისრებულ მოვალეობას არცთუ ცუდად გავართვი თავი და ამ მატიანის ის სევდიანი ნაწილიც აღვბეჭდე, რომელიც ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს უკავშირდება. მინდა, ეს ყველა ქართველმა ნახოს და შვილიდან შვილიშვილს სამუდამო ხსოვნად გადასცეს...

მაშინ ჩვენთანაც სევდიანი დრო იყო, ტკივილიანი, დამწვარ-დაბომბილი თბილისით... ამ ტრაგედიას ჩემი ე.წ. თურქული ტრაგედიაც დავამატე, რაც ამ სამსახურში გულს მიკლავდა - საელჩოში გამუდმებით შემოდიოდნენ თურქებზე დაქორწინებით გახარებული, თურქულ წესზე გამოწყობილი ქართველი ქალები, რომლებიც ამ ქორწინებისთვის ოფიციალურ დოკუმენტაციას გვთხოვდნენ. ეს ძალიან მძიმე იყო. უკვე 98-ში თბილისში დავბრუნდი...

- თქვენ პრეზიდენტ შევარდნაძის ფოტოგრაფიც იყავით.

- დიახ, ისევე, როგორც შემდგომ სააკაშვილის, ხუთი წლის მანძილზე. ამ წლებზე ბევრჯერ მომიყოლია და პრეზიდენტების ფოტოებიც გამოქვეყნებულა... მათი ცხოვრება ყველას აინტერესებს. იმდროინდელი მატიანიდან ერთი კადრი გულში ჩამრჩა - ეს იყო გაერთიანებული ასამბლეის მონაწილეთა დელეგაციების შეხვედრა პრეზიდენტ კლინტონთან და ამ დელეგაციებს შორის ყველაზე ლამაზი ჩვენი დელეგაცია იყო. ეს იყო ის სილამაზე, რაც სიამაყით აავსებდა ნებისმიერ ქართველს...

- ასეთი ვინ იყვნენ ამ დელეგაციაში?

- ჯაბა იოსელიანი თეთრი ჩოხით, ზურაბ ჩხეიძე და პრეზიდენტი შევარდნაძე. ისეთი წარმოსადეგნი იყვნენ, შეუძლებელი იყო, თვალი მოგეშორებინა. რაც შეეხება ქარიზმას, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ შევარდნაძეზე უფრო ქარიზმატული სააკაშვილი იყო, რომელზეც ვერავინ გათვლიდა, რას გააკეთებდა.

- ძნელია პრეზიდენტებთან მუშაობა?

- ძნელია. როცა სააკაშვილმა სამსახურიდან გამომიშვა, მერეღა შევქმენი ის ალბომები, რაც ჩემი ცხოვრების წესს ასახავდა და სანაცვლოდ სიყვარული მივიღე

და დიდი სიხარულიც - რომელ ფოტოხელოვანს არ გაუხარდება, რომ მის ალბომებს ხალხი ერთმანეთს ჩუქნის არა მარტო ჩვენთან, უცხოეთშიც, აქ კი ოფიციალური მიღებისას სხვადასხვა პრეზიდენტს გადასცემენ საქართველოს გასაცნობად.

სხვათა შორის, ჩემი 16 ალბომიდან 13 გამომცემლობა "პალიტრა L"-თან ერთად არის გამოცემული. ბოლო ალბომი კი ორ ნაწილად გავყავი. პირველია "ეს საქართველოა", მეორე კი - "ეს თბილისია". ბოლო ნაწილის გამოფენა იყო თბილისის საკრებულოში, რომლის მოწყობაშიც ჩემი მეგობრები დამეხმარნენ. სიტყვებით ძნელია ამ ყველაფრის გადმოცემა...

- სიტყვები არც გინდათ. თქვენი ფოტოები ისტორიად იქცევა, მომავალი თაობა თავისი დედაქალაქის წარსულს დაათვალიერებს... ასე ხდება ყოველთვის. ახლა კი მეც გეტყვით, რომ გვიყვარხართ...

- სიყვარული ჩემი სიმდიდრეა. არ მახსოვს, ადამიანის დასახმარებლად ყველაფერი არ გამეკეთებინოს, რაც შემეძლო. ღირს კი, ამის გარეშე ცხოვრება?

ეთერ ერაძე