"რელიგია და მეცნიერება ერთმანე­თს არ ეწინააღმდეგება!"
13-02-2017
"რელიგია და მეცნიერება ერთმანე­თს არ ეწინააღმდეგება!"
"ენერგიას ვერ დაინახავ, მაგრამ არსებობს, ამიტომ ვერ ხედავ ღმერთსაც. უხილავობა სულაც არ გამორიცხავს მის არსებობას"

ნორჩი მეცნიერი სერგი კუპრეიშვილი: არსებობს თუ არა ღმერთი? - პასუხი ენერგიის მუდმივობის კანონში იმალება. მეათეკლასელმა სერგი კუპრეიშვილმა 40-ზე მეტი ალკალოიდის გეგმა შეიმუშავა;­ ბიოლოგიაზე, ქიმიასა და ფიზიკაზე დაყრდნობით 12 ჰიპოთეზა წამოაყენა და ქიმიისადმი თანატოლების ინტერესის ასამაღლებლად პროექტი წამოიწყო. სერგი კუპრეიშვილი­ რეგიონებში დადის და სკოლებში თავისი ხარჯით ექსპერიმენტებს ატარებს.

- 6 წლის ვიყავი, როცა ჩემი დის ზეიმზე
წავედი. ღონისძიების შემდეგ შემთხვევით სკოლის ქიმიის კაბინეტში აღმოვჩნდი, სადაც გატეხილი ჭურჭელი დავინახე და დავინტერესდი, რა არის-მეთქი? მასწავლებელმა მიპასუხა, ეს კოლბააო და მის დანიშნულებაზე მესაუბრა. იმ დღეს პირველად გავიგონე სიტყვა "ქიმია".

- ვინ გიყიდა პირველი კოლბა?

- მშობლები ტკბილეულისთვის ფულს მაძლევდნენ, მე კი არ ვხარჯავდი. როცა
საჭირო ოდენობის თანხა მოვაგროვე, თავად­ შევიძინე. დედა ფილოლოგია, მამა - მხატვარი, ჩემი უფროსი და კი არქეოლოგი. ჩემს პირად სივრცეში ზედმეტად არასდროს შემოჭრილან, პროფესიული არჩევანიც დამოუკიდებლად გავაკეთე.

- რა იყო შენი პირველი მიღწევა?

- 13 წლისამ შევქმენი საკუთარი ბაქტერია. ეს პროექტი საზღვარგარეთ გავგზავნე და კვლევების გასაგრძელებლად დაფინანსებაც მივიღე. ასევე ჩამოვაყალიბე 40-ზე მეტი ალკალოიდის გეგმა, შევისწავლე ამფიბიების ფიზიოლოგია და ქცევები სხვა­დასხვა გარემოში.

- როგორც ვიცი, ბიოლოგიაზე, ქიმიასა­ და ფიზიკაზე დაყრდნობით 12 ჰიპოთეზა შეიმუ­შავე და ხალხს გააცანი...

- ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰიპოთეზებს "ვინ შექმნა ღმერთი?" ("როგორ­ შეიძლება ღმერთი არავის შეექმნა?") და "როგორ შეიძლება ელექტრონები ცოცხალი იყოს?" რელიგია და მეცნიერება ერთმანე­თს არ ეწინააღმდეგება, ათეისტი მეცნიერები ეწინააღმდეგებიან რელიგიას. ერთხელ აკადემიური საბჭოს წევრები­ შეიკრიბნენ და ღმერთის არსებობა-არარსებობაზე მსჯელობდნენ... როცა უფროსებმა საუბარი დაასრულეს, ვიკითხე, მომცემდნენ თუ არა აზრის გამოხატვის საშუალებას. მაშინ ვთქვი, რომ ადამიანები ხშირად კითხვებზე პასუხებს დიდ მოვლენებში ეძებენ, არადა, ისინი წვრილმანებშია, შეიძლება უკვე დაწერილიც იყოს და უბრალოდ გააზრება სჭირდებოდეს. არსებობს თუ არა ღმერთი? - პასუხი "ენერგიის მუდმივობის კანონში" იმალება, ვინაიდან ღმერთი არის დადებითი ენერგია. ენერგიას ვერ დაინახავ, მაგრამ არსებობს, ამიტომ ვერ ხედავ ღმერთსაც. უხილავობა სულაც არ გამორიცხავს მის არსებობას.

- მეორე ჰიპოთეზის სახელიც ძალიან საინტერესოდ ჟღერს.

- დიახ, ფანტასტიკურად... ადამიანებს შეგვიძლია სიტყვის ძალით უსულო საგნის ამოძრავება. როგორ? მოგეხსენებათ, ყველაფერი მოლეკულებისგან შედგება, მოლეკულები - ატომებისგან, ატომები კი ელექტრონებისგან. გასაღები ელექტრონებშია!
2013 წელს გასაიდუმლოებული ექსპერიმენტი ჩატარდა. მეცნიერები ბრომის ატომს მიკროსკოპითა და კამერით აკვირდებოდნენ. როცა მკვლევარი ლინზას მოშორდა, ბრომის მეორე შრის ელექტრონმა უკუსვლა დაიწყო და მესამე შრის ელექტრონს მიუახლოვდა, მაგრამ როგორც კი მეცნიერი მიკროსკოპს მიუახლოვდა, ელექტრონი სინათლის სიჩქარით თავის ორბიტას დაუბრუნდა და ჩვეულებრივად განაგ­რძო მოძრაობა. ეს კამერამ დააფიქ­სირა. ამ კვლევაზე დაყრდნობით ვვარაუდობ, რომ ელექტრონებს აქვთ გრძნობები და საუბრის უნარი. ვინაიდან ელექტრონები ცოცხლები არიან, ადამიანს მათი დამორჩილება შეუძლია.

- ძნელია თქვენს ასაკში გამოცდილ მეცნიერებში ადგილის დამკვიდრება?

- ასაკი მხოლოდ ციფრებია, როცა ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სურს. თუ დასახულ მიზანს მიაღწევ, საქმეს გააკეთებ, აკადემიური საბჭოს წევრებშიც დაიმკვიდრებ ადგილს.

- სკოლებში დადიხარ და ქიმიურ ცდებს ატარებ. რა არის შენი მიზანი?

- ვეწვიე კახეთის, იმერეთის, გურიისა და ქვემო ქართლის სკოლებს. დაახლოებით 64 ცდა ჩავატარე. ჩემი მიზანია, ახალგაზრდები ქიმიით დავაინტერესო. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ თუ მათმა თანატოლმა საინტერესო ცდის ჩატარება მოახერხა, თავადაც შეძლებენ. ამ პროექტს ჩემი ხარჯით ვახორციელებ. სხვათა შორის, კანონი არასრულწლოვნებს ქიმიური მანიპულაციების დამოუკიდებლად ჩატარებას უკრძალავს,­ რაც ხშირად ხელს მიშლის.

- რას გეგმავ?

- მინდა ბიოქიმია შევისწავლო, ჯერ საქართველოში, შემდეგ უცხოეთში, იქვე გავიარო პრაქტიკა. ჩემი ოცნება ლექტორობაა, მსურს სტუდენტებს ცოდნა გავუზიარო. მეცხრე კლასში, როცა პირველ­კურსელებს ქიმიაში ვამეცადინებდი, მივხვდი, რომ ეს ჩემი მოწოდებაა.

თათული ღვინიანიძე

რედაქტორის რჩევით