"არსს არ უკვირდებიან და მაშინვე გადადიან "ქვების სროლაზე" - კვირის პალიტრა

"არსს არ უკვირდებიან და მაშინვე გადადიან "ქვების სროლაზე"

"სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფების ინტერესადაც კი იქცა ვიღაცების გაღიზიანება უარყოფითი ინფორმაციით"

ტერმინი "სოციალური ქსელი" არც ისე დიდი ხნისაა, თუმცა თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება მოახერხა, ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, წამის მეასედში ყოველგვარი, მათ შორის, შეუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელონ. თუმცა, როგორც ყველა საკითხს, 21-ე საუკუნის ამ მოვლენასაც უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს, რომელთა გამიჯვნასა და გაანალიზებაზეც "კვირის პალიტრას" ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა:

- 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელი საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს და გამონაკლისი, ბუნებრივია, არც საქართველოა. სოციალური ქსელი იქცა ხალხისა და კონკრეტული პიროვნებების, ხელისუფლებისა თუ არასამთავრობო ფენის დამაკავშირებლად. მეტიც, თანამედროვე ეპოქაში სოციალური ქსელი განწყობის შემქმნელადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სამწუხაროა, რომ ეს იარაღი უფრო ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების ინსტრუმენტია, ვიდრე პოზიტიურის - თითქოს მომხმარებელი გახდა ორიენტირებული სენსაციასა და ნეგატივზე, რადგან ადამიანის ბუნება ყოველთვის ნეგატივის გავრცელებისკენ, ერთი შეხედვით დაჩაგრულის მიმხრობისა და ზოგჯერ ყალბი სოლიდარობისკენ იყო მიდრეკილი. ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფების ინტერესადაც კი იქცა ვიღაცების გაღიზიანება უარყოფითი ინფორმაციით.

- რით არის განპირობებული, რომ სოციალურ ქსელში ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება უფრო იოლია, ვიდრე არგუმენტირებული და პოზიტიური, ან თუნდაც საპასუხო განცხადებების წაკითხვა-გაცნობა?

- რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ყოველთვის მარტივია უარყოფითი ინფორმაციის დაჯერება, ვიდრე არგუმენტების მოსმენა და მიზეზების ან სხვა გარემოებების გაანალიზება. ეს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონითაც არის განპირობებული. როგორც აღვნიშნე, ნეგატიური ამბავი ამიტომაც იწვევს საზოგადოების აღტყინებას.

მარტივი ფორმულაა - როდესაც ინფორმაციის მიღებას უარყოფითი კონტექსტით იწყებ, მეორე მხარის არგუმენტს, დადებით ფაქტსა თუ პოზიტიურ ჭრილში გამოხმაურებას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავიდანვე უარყოფითი გავლენის ქვეშ ხარ მოქცეული და ალტერნატიული ინფორმაციის მიღების განწყობა შინაგანად აღარ გაქვს. მით უმეტეს, თუ ისეთი ინფორმაცია მიიღე, რაც ხშირად გესმის ან შენს პრობლემებთან ახლოს არის.

სამწუხაროდ, უკვე წლებია, ქვეყანაში, ნებისმიერ ასაკობრივ ფენაში, აგრესიული ფონი გამძაფრებულია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მოზარდებშია თვალსაჩინო. ამასაც საკუთარი ახსნა აქვს - მათ თვითდამკვიდრების სურვილი აქვთ და ხშირად ეს პროტესტის ფორმით წარმოუდგენიათ. სოციალურ ურთიერთობებში გადატანილი აგრესია ზოგჯერ საშიშიც შეიძლება იყოს, ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ კალაპოტში მოექცევა აგრესია. ჩემი დაკვირვებით, სოციალურ ქსელში აგრესიის ტალღის ატაცება, ძირითადად, მექანიკურად, ალტერნატიული ინფორმაციის მიღების გარეშე ხდება. არსს არ უკვირდებიან და მაშინვე გადადიან "ქვების სროლაზე".

ფსიქოლოგი სოფო ხარატიც ხაზს უსვამს, რომ სოციალურ ქსელში უპირატესობა უარყოფით ინფორმაციასა და აგრესიის გამოხატვას ენიჭება:

- სოციალური ქსელი ყველაზე სწრაფად ათვისებადი ინფორმაციის გავრცელების საშუალებაა. დამტკიცებულია და ყველა მეცნიერი აღნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობა ნეგატიურად აზროვნებს. თანამედროვე საზოგადოებაში ამ ტენდენციამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. თანაც, ყველა მომხმარებელი ილტვის, რომ ე.წ. სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ახალი ინფორმაცია გააზიაროს, მოგვიანებით კი, თუ აღმოჩნდა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ნებით თუ უნებლიეთ შეუწყო ხელი, შეცდომის აღიარება არ სურს.

- ეს ნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ნებისმიერი კონკრეტული პირისა თუ ორგანიზაციის დისკრედიტაცია იოლია?

- რა თქმა უნდა, ეს თანამედროვე ეპოქისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი უარყოფითი მხარეა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - თუ კონკრეტული საკითხი ადამიანს მართლაც აწუხებს, ყველა გავრცელებულ ინფორმაციას ეცნობა და ლოგიკურ ანალიზამდე მიდის, თუმცა ხშირად სოციალურ ქსელში ისეთი საკითხების ატაცება ხდება, რაც მომხმარებლებს ნაკლებად აწუხებთ და ეს ერთგვარ საჭორაო თემად იქცევა, შესაბამისად, სიმართლეა თუ არა კონკრეტული ინფორმაცია, აღარ აინტერესებთ. აქ ბრბოს ფსიქოლოგიასთანაც გვაქვს საქმე - მასას ყოველთვის სჭირდება ინფორმაცია ან საკითხი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში სხვებთან ერთად უსაფუძვლო დისკუსიის საგნად აქცევს. ობიექტური თუ ვიქნებით, ასე ხდებოდა სოციალური ქსელების შექმნამდეც -

მასას ყოველთვის მოსწონს დაჩაგრულზე საუბარი, სხვისი დანგრეული პირადი ცხოვრება იქნება ეს თუ ე.წ. დაჩაგრულის ბედის განხილვა. მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია - როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ სხვა ადამიანები მასზე ცუდად არიან, ეს მისთვის ნუგეშია.

მართლაც არიან თუ არა ცუდ მდგომარეობაში, ეს ნაკლებად საინტერესოა მათთვის. სწორედ ასეთი ვითარებაა სოციალურ ქსელში ყოველდღიურად. რაც შეეხება აგრესიას, ეს დაახლოებით ასეც შეიძლება დავინახოთ - ლაპარაკობენ იმაზე, ვინც ჩანს, განმარტებები კი აგრესიას ვეღარ აკავებს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი პასუხი ინფორმაციის იგნორირებაა - ემოციებით თამაშზე გათვლილ ტალღას სჭირდება კლდე, რომ მიენარცხოს, ან სანაპირო, სადაც დამშვიდდება. ამიტომ სოციალური ქსელის მსხვერპლმა"თვითონ უნდა გადაწყვიტოს, იქნება კლდე, თუ მშვიდად შეხვდება მის წინააღმდეგ აგორებულ უსაფუძვლო ტალღას.

რუსუდან შელია