"მარტვილის კანიონში 15-მეტრიანი პლეზიოზავრი დადიოდა" - კვირის პალიტრა

"მარტვილის კანიონში 15-მეტრიანი პლეზიოზავრი დადიოდა"

"ივრის ზეგანზე, ტარიბანაში ნამარხი გიგანტური მხეცების ასაკი დაახლოებით 5-4 მილიონი წელია. სწორედ აქ არის ნაპოვნი მთლიანი განმარხებული სპილო"

როდესაც ცხოველის ლეში მოხვდება წყლით დაფარულ ისეთ ადგილას, სადაც ჟანგბადის მიწოდება მინიმუმამდეა დაყვანილი, უჟანგბადობით და მინერალური მარილების ზემოქმედებით ის ნელ-ნელა ქვავდება. შემდეგ, როცა წყალი უკან იხევს, ნამარხი შიშვლდება, ბუნებრივი ნალექები გადარეცხავს და ცხოველის გაქვავებული ნაწილიც გამოჩნდება

დედამიწა დაახლოებით 5 მილიარდი წლის არის, თუმცა სამყაროსთვის ეს ასაკი არაფერია და დედამიწა ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა პლანეტად ითვლება, თანაც ფანტასტიკურადაც - სიცოცხლე მხოლოდ აქ გაჩნდა და გადარჩენისთვის ბრძოლის გამაოგნებელი ენერგია გამოავლინა. ეს ისტორია მილიარდწლოვანი ზღაპარია, რომლის შემადგენელი ნაწილი ჩვენც ვართ ჩვენი პატარა ქვეყნით, სადაც წარსულში ის ცხოველები ბინადრობდნენ, რომელთა არსებობა, შესაძლოა, ვინმეს ფანტასტიკის სფეროდ მოეჩვენოს, მაგრამ... პალეონტოლოგიის მუზეუმში ნახავთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სპილოების, მარტორქების, ჟირაფების, სირაქლემების, ხმალკბილა ვეფხვების... გადაშენებული ცხოველების განმარხებულ ფრაგმენტებს.

60-იან წლებში კახეთში, ივრის ზეგანზე, მხოლოდ ქვაბებში დაახლოებით 25-მდე გადაშენებული მხეცის ნამარხების აღმოჩენამ მსოფლიო გააოცა. აქვე, ახლოს, ტარიბანაში, იპოვეს თითქმის მთლიანად გაქვავებული გიგანტური სპილოც. პროფესორი, პალეონტოლოგი ვიაჩესლავ ჩხიკვაძე დღეს კვლავ ამ აღმოჩენებზე მუშაობს.

- კავკასიის ტერიტორია ზღვით დაახლოებით 15 მილიონი წლის წინათ იყო დაფარული. თუმცა, ამ დროსაც, მანამდე და შემდეგაც მხეცებს ჰქონდათ დაპყრობილი წყალიც, მიწაც და ჰაერიც. მათი უმცირესი ნაწილი განიმარხა - გაქვავდა და ასეთი სახით მოაღწია ჩვენამდე.

განმარხება ხდება იმ შემთხვევაში, როცა ცხოველის ლეში მოხვდება წყლით დაფარულ ისეთ ადგილას, სადაც ჟანგბადის მიწოდება მინიმუმამდეა დაყვანილი. უჟანგბადობით და მინერალური მარილების ზემოქმედებით ლეში ნელ-ნელა ქვავდება. შემდეგ, როცა წყალი უკან იხევს, ნამარხი შიშვლდება, ბუნებრივი ნალექები გადარეცხავს და ცხოველის გაქვავებული ნაწილიც გამოჩნდება. განმარხებული ნაშთებით მდიდარ ტერიტორიებს მეცნიერები ადგილსაპოვებლებს ვეძახით. დელფინების ადგილსაპოვებლებიდან დავიწყოთ, რომელიც თბილისის ახლომახლოსაც ბევრგანაა შემორჩენილი. მაგალითად, კასპში, წალკაში, ყვირილის ხეობაში.

მეტეხში, რკინიგზის სადგურთან, დელფინის განმარხებული თავის ქალა 1970 წელს აღმოაჩინეს და "ქართლიდელფოსი" შეარქვეს ("იმერდელფოსიც" არსებობს, მისი თავის ქალა ყვირილის ხეობაშია აღმოჩენილი). ნამარხით მისი ასაკიც დადგინდა და სიგრძეც, - ის დაახლოებით 23 მილიონი წლის, დღევანდელ დელფინებზე გრძელკბილა და 2 მეტრზე მეტი სიგრძის უნდა ყოფილიყო.

ივრის ზეგანზე, ტარიბანისა და ქვაბების ტერიტორიაზე ნამარხი გიგანტური მხეცების ასაკი კი, დაახლოებით 5-4 მილიონი წლისაა. სწორედ აქ არის ნაპოვნი თითქმის მთლიანად განმარხებული სპილო.

- როგორც ცნობილია, ტარიბანის სპილო ზურგზე მწოლი და ფეხებაწეული იყო გაქვავებული.

- წყლის დინება წყლით გაბერილი ცხოველის ლეშს მიიტანს იმ ადგილამდე, სადაც ნაკლები სიჩქარე აქვს და იქვე შეაჩერებს. თუკი ამ ადგილას დახვდა თიხით გაჯერებული შლამის ფენა, მასში ჩაეფლობა, ნელ-ნელა ასევე თიხით შემოიგარსება და ბოლოს კირქვოვან კლდედ იქცევა. ივრის ზეგანზე იმდენად ბევრი გიგანტური ცხოველის ნამარხია აღმოჩენილი, რომ ეს მართლაც იძლევა საშუალებას დავასკვნათ, ამ ნახევრად უდაბნოში ოდესღაც იყო უზარმაზარი წყლის აუზი, რომელშიც მდინარეს ცხოველთა ლეში ჩაჰქონდა. აუზის გაქრობის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში კი ნამარხები გაშიშვლდა.

ტარიბანის ახლოს, ქვაბების ექსპედიციაში თავად ვახლდი აბესალომ ვეკუას. სპილოს უზარმაზარი ეშვიც თავად მაქვს ნანახი. ეს ეშვი ახლაც იმავე ადგილზეა. არ გამოვიდა მისი კლდიდან ამოღება.

არადა, ვეუბნებოდი აბესალომს, - აქ მარტო ეშვი არ ექნება წყალს მოტანილი, სავარაუდოდ, თავის ქალა და ტანიც უნდა იყოს-მეთქი. ეს ეშვი ადგილსაპოვებლამდე სამანქანო გზის ძიებისას აღმოვაჩინე, - მიუვალია იქაურობა. ბოლოს სამანქანო გზაც ვიპოვე და ვაშლოვანის კლდოვან ნაკრძალებში ასასვლელიც. სადაც საოცარი ღვიის ტყე და კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი გიგანტური მხეცის განმარხებული ნაშთი აღმოვაჩინე. სამწუხაროდ, ეს ნაშთებიც შესასწავლია...

ჩვენს წარსულში არაერთი ეგზოტიკური გიგანტური მხეცი ყოფილა. მაგალითად, პალეონტოლოგმა ბურჩაკოვ-აბრამოვიჩმა დავითგარეჯის მიდამოებში აღმოაჩინა 27 მილიონი წლის ჟირაფის ნამარხი ყბა. სწორედ ამ ყბის მიხედვით დადგინდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო გიგანტური, დაახლოებით დღევანდელ ჟირაფებზე ორჯერ დიდი ჟირაფი. შემდგომ ბევრად უფრო კოხტა ჟირაფის ფრაგმენტები აღმოჩნდა დმანისში. ასე რომ, ოდესღაც ჩვენს ტერიტორიაზე ორივე სახის ჟირაფი ცხოვრობდა.

ზოგადად მიიჩნევა, რომ დმანისის ჟირაფის ნამარხი ყველაზე "ახალგაზრდაა" ევრაზიაში, რადგან ამ ხანისათვის კავკასიასა და კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო თბილი, ზომიერად ტენიანი ჰავა, რაც ტყეების გალაღებას უწყობდა ხელს. ივრის ზეგანზე უამრავი ჯიშის ძელქვის თუ მუხის ნამარხიც არის აღმოჩენილი, ეს მაშინ, როცა დღეს იქაურობა ნახევრად უდაბნოა, - აბა, 5-მეტრიანმა ჟირაფმა და სირაქლემამ რა უნდა ჭამოს, ტყე თუ არ ექნება!

- რა მოხდა, რომ ამ ცხოველებმა დაგვტოვეს?..

- ჩვენი ტერიტორიიდან სპილოების თუ ჟირაფების აყრის მიზეზი, ვფიქრობ, მაინც დიდი გამყინვარებაა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ დაიწყო და ყინული 300 მეტრით დაბლა ჩამოვიდა, ვიდრე დღეს არის. ამ დროს ბალახისმჭამელმა სირაქლემამ, მარტორქამ, ჟირაფმა თუ სპილომ უკან დაიხიეს, სადაც შედარებით თბილოდა, ანდა გადაშენდნენ. თუ როგორ არის ბუნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი გარემოზე აწყობილი, ამის მხოლოდ ერთ მაგალითს მოგახსენებთ: კუს ნამარხებზე ათეულწლობით ვმუშაობ, მაგრამ ისე იშვიათად გავუოცებივარ რომელიმე კუს ნამარხს, როგორც წლების წინ ცოცხალმა კუმ გამაოცა - ის ჩემმა მეგობარმა ჩამოიყვანა სომხეთიდან. ბაკანი ხელისგულივით ბრტყელი ჰქონდა და მეგობარს გაოცებულმა ვკითხე, - სომხეთში მართლა ასეთი კუებია, თუ მხოლოდ ეს ერთია-მეთქი. ყველა ასეთიაო და მეც მაშინვე სომხეთში გავწიე. იქაურ კოლეგებს ვთხოვე, - თქვენი კუ მაჩვენეთ-მეთქი. წამიყვანეს და აღმოვაჩინე, რომ ყველა სომხური კუ ბრტყელი იყო. საქმე ის არის, რომ თუ კუ სხვაგან მიწაში იზამთრებს, სომხეთში ბრტყელქვოვანი ქანებია და ამ ქვებში უხდებათ გამოზამთრება.

სწორედ ამ ქვებში მოხერხებულად შეძრომისთვის დაიბრტყელეს მათ ბაკანი ათასწლეულების განმავლობაში. აი, ეს არის გარემოსთან შეგუება და თუკი ასე არ მოხდა, სუბიექტი იღუპება. ჩვენი ეგზოტიკური ცხოველები კი ასეთი "მოქნილები" ვერ გამოდგნენ და ჩვენი ტერიტორიებიდან გაქრნენ.

- ახლა "ჩვენი" დინოზავრების იმ ბოლოდროინდელ კვალზეც გვიამბეთ, რომელიც თქვენ აღმოაჩინეთ და რომლებიც 65 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ.

- 2010 წლის მარტვილის ექსპედიციაში პალეონტოლოგმა ვასო გაბუნიამ დინოზავრის კვალი შეამჩნია. შემდეგ მეც წამიყვანა და იქვე, ახლოს მეორე დინოზავრის ხერხემლის გაქვავებული მალაც აღმოვაჩინე. ოთხი საათი ვიმუშავე კირქვად ქცეული მალის ამოსაღებად და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავასუფთავე. ჩვენი ქვეყანა სავსეა ძვირფასი განმარხებული ნაშთებით. ამ ხეობაში 15-მეტრიანი პლეზიოზავრიც დადიოდა. მათ აღმოჩენა და შემდგომი კვლევა სჭირდება.

ეთერ ერაძე