"სოფლებში ხალხი აღარ დარჩა, კაცი ვეღარ ხმაურობს და მგლებიც ბარისკენ იწევენ" - კვირის პალიტრა

"სოფლებში ხალხი აღარ დარჩა, კაცი ვეღარ ხმაურობს და მგლებიც ბარისკენ იწევენ"

მონადირეები უთენია დაადგნენ სოფლებს შემოჩვეული მგლების ნაკვალევს. აქამდე ვერაფერს უხერხებდნენ მტაცებლებს, ახალმოსულ თოვლზე კი კარგად ჩანს მათი ნაფეხურები - რამდენი არიან, რომელი სერიდან ჩამოდიან...

თეთრ ნაბადში გაეხვია ივრისპირეთი. მონადირეებიც უთენია დაადგნენ სოფლებს შემოჩვეული მგლების ნაკვალევს. აქამდე ვერაფერს უხერხებდნენ მტაცებლებს, ახალმოსულ თოვლზე კი კარგად ჩანს მათი ნაფეხურები - რამდენი არიან, რომელი სერიდან ჩამოდიან... იქნებ შეძლონ კიდეც მათი გამოჭერა, თორემ შეწუხდნენ კახელები, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები უფრთხიან ნადირს. კაკაბეთელ ზაქრო გულაღაშვილს მგლებმა ვირი შეუჭამეს, ზემოყანდაურელი სოლომონ კუპატაძის ცხვრების ცოდვაც დაიდეს ზურგზე და სოფელ დიდ ჩაილურში რამდენიმე ოჯახიც გვარიანად შეაშინეს.

მონადირეებს ტყის ძირამდე მივყევი. გზაში პატარა კახელები გადაგვეღობნენ - დედას ბაღში მიჰყავდა სამივე, ლოყათურაშაულებმა მგლების ამბები გამოგვკითხეს, თან გაგვაფრთხილეს - მგლები საშიშები არიან და კომბლები რატომ არ მიგაქვთო!"ტყესთან ჩვენი გზები გაიყო, მე მგლებისგან დაზარალებულებისკენ გავწიე, ბიჭები კი მამაცი ნაბიჯებით გაუყვნენ გზას.

...კაკაბეთელების ნაამბობმა სოფელ დიდ ჩაილურში გადამიტყუა. გზად შოთა ლოლაძეს შევხვდი, იდგა თავის ვენახში, დათოვლილ ვაზებს ფაქიზად ბერტყავდა, თან სხლავდა - უფრო ამტანი იქნება და გაყოჩაღდებაო, თოვლმა რომ კიდევ დაადოს, არ ივარგებს. თუ წაუყინა, დავიღუპებიო. მგლებისა ვკითხე. რომლებისა, ორფეხებისა თუ ოთხფეხებისაო? მეხუმრება და მიყვება: - ჩვენი სოფლები მთის კალთებზეა შეფენილი, ამ ტყეების ზემოთ ერთი დიდი, დაწვენილი ველია, სამგლიველს ეძახიან, ის ველია ამათი სამშობლო, ბალღობას ბევრჯერ დაგვღამებია იმ ველზე და ხის ტოტებზეც ბევრჯერ გაგვითენებია ბიჭებს, ბევრი კარგი სახედარიც წაურთმევიათ მგლებს, ხროვებად ცხოვრობენ, ნამდვილი სამეფო აქვთ, ეხლა უფრთხიან კიდე ადამიანს, მაშინ განა ყველას ჰქონდა თოფი, რაც თოფები ჰქონდა ჩვენს მამა-პაპას, სულ კომუნისტებმა წაგვართვეს - სამშობლოს ასე სჭირდებაო. ასე რომ, მგლები სულ არიან, ხან რომელი მეზობელი ჩივის და ხან რომელი ტირის, კაცი უნდა იყო ყოჩაღად, თორემ მგელმა კი არა, თუ მოიწადინა, შეიძლება ბატკანმაც წაგახდინოს.

ორფეხა მგლებისა როდის მოგიყვე?"სხვა დროს-მეთქი და ვემშვიდობები ახითხითებულ მოხუცს.

ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, თენგიზ საგინაშვილმა დამიძახა - "რომელი ხარ, მომიჯნავეო?" თანასოფლელი მევენახე ვეგონე; საზიდრით ნაკელი მოეტანა და ვენახის თავხნულზე შლიდა: ამაზე უებარი წამალი არ არსებობს ნიადაგისთვის, წლის მოსავალი აქ მომყავსო..."

თბილად თოვდა, ხვავრიელად. სოფელ პატარა ჩაილურთან მთელი ბრიგადა მოსდებოდა ერთ შემორბენა ვენახს და სასუქი შეჰქონდათ - მადლზე მარილს აყრიდნენ. ზემოდან თოვდა და ბიჭები ქვემოთ ოფლში ცურავდნენ. თოვლ-ჭყაპში სასუქი კარგად იხსნება და ვაზის ძირებს მალამოსავით ადნებაო, - მეუბნებიან. ამათაც ვეკითხები მგლებისას; ჰო, ჰო, ჩაილურის წყალი დაალევინა ემზარას ფაშატს იმ მურდალმა - ზედ რიყესთან შეჭამა. სადაც გინდა მიხვიდე, ყველგან ასეა. მიზეზი კი ის არი, რომ მთის სოფლებში ხალხი აღარ დარჩა, საქონელი აღარ ბღავის, კაცი ვეღარ ხმაურობს და ესენიც ბარისკენ იწევენო."

ამასობაში ივრის ჭალებიდან ფეხაკრეფილმა საღამომ სამივე სოფელში ერთდროულად შემოდგა ბინდის თათები. უკან დაბრუნებამდე აუცილებლად უნდა მომენახულებინა დიდი ხნის წინ გარდაცვლილი, კერაგაცივებული ბერო პაპას საფლავი, რომელსაც სანთლის ამნთებიც აღარ დარჩა.

ბერიკაცს წლების წინ საკუთარი საფლავის ამოჭრისას გადავაწყდი. მშობლების სამარის გვერდით პატარა ფართობი მავთულით შეეღობა და ჯაგისგან ასუფთავებდა. მთხოვა, არავისთვის მეთქვა ეს ამბავი. ერთადერთი შვილიშვილის, გიგას იმედი ჰქონდა. დაიმახსოვრე, გაიზრდება და დაბრუნდებაო. მას შემდეგ მოვდივარ სასაფლაოზე, აქედან კარგად ჩანს სამივე სოფლის კუთხე-კუნჭული, დაზამთრული, ყალიონა სახურავებით, გავხედავ ხოლმე ბეროს ჩამქრალ ეზო-ყურეს, სანთელს დავუნთებ და მივდივარ. წელსაც ასე მეგონა... ჩქარ-ჩქარა ავიარე აღმართი, საფლავს რომ მივატანე, თვალი ბეროს სახლისკენ გამექცა - სახურავიდან ლურჯი, ბღუჯა-ბღუჯა კვამლი ამოდიოდა მხიარულად - ზეიმობდა ბეროს ჭერის ანგელოზი."მოსულა შენი გიგა-ბიჭი, ბერო პაპა, - ჩავჩურჩულე და მარმარილოს მხრებზე ხელი მოვხვიე.

...მშვიდობიანად დასრულდა ჩემი `ლაშქრობა~. მოსახლეობას მგლის ხაფანგების დაგებაში თოვლი დაეხმარა, ჰოდა, დაწყნარდა დიდი და პატარა.

კახა მჭედლიშვილი