"მთავარია, პირველობის სურვილი დავძლიოთ" - კვირის პალიტრა

"მთავარია, პირველობის სურვილი დავძლიოთ"

მეუფე ისაია - ქართული "საზღვრისა" და სულიერების მცველი

"ფიზიკური სირთულე არასდროს არის გაჭირვების განმსაზღვრელი. გასაჭირი სხვა რამეა..."

გორიდან ნიქოზში მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსის სარკმლიდან მიტოვებულ სახლებს ვითვლი... ბოლოს მე-6 საუკუნეში აგებულ ნიქოზის ღვთაების მონასტრამდე მივედით, სადაც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია დილის წირვას აღავლენდა. გარეთ თოვლია და ყინავს. მლოცველებს პატარა ხალიჩის ნაჭრები აქვთ, ქვის იატაკზე რომ არ მოუწიოთ დგომამ...

სანამ მეუფე მრევლს ესაუბრება, გარემოს ვათვალიერებთ. 2008 წელს მსოფლიო მოიარა ცეცხლმოკიდებული ნიქოზის მონასტრის ფოტოებმა. მაშინ სოფელში მხოლოდ მეუფე ისაია და ათამდე მოხუცი იყო დარჩენილი, თუმცა, ამაზე ლაპარაკს თავს არიდებს. ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია...

ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი, 2008 წლამდეც და მერეც, შეუფერხებლად მიმოდიოდა ახალგორში, თუმცა 2014 წლის ზაფხულში ეს შესაძლებლობა რუსმა სამხედროებმა შეუზღუდეს.

იმ დროს მეუფე ახალგორის მხარეს, ლარგვისის მონასტერში იყო. რუსების პირობის თანახმად, მიტროპოლიტს მისცემდნენ უფლებას, გადაელახა საზღვარი და დაბრუნებულიყო ნიქოზში, თუმცა, მერე ახალგორისკენ წასვლას ვეღარ შეძლებდა. ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და ორ წელზე მეტი ახალგორში გაატარა, თუმცა, ამ დროს დაკარგულად არ მიიჩნევს - პირიქით, ბევრი საქმის გაკეთება შეძლო...

მერე კი მიტროპოლიტს ჯანმრთელობა შეერყა და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა, თუმცა, ამის შესახებ თვითონ არაფერს ამბობს... ერთ დღეს მასთან რუსი სამხედროები და ოსი ძალოვანები ერთად მივიდნენ და ეს პრობლემა მოგვარდა...

მონასტრიდან რამდენიმე მეტრში, მეუფის ინიციატივით დაარსებულ "ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების ცენტრში" ვხვდებით სასაუბროდ. ეს ცენტრი უკვე წლებია, რამდენიმე სოფლის ახალგაზრდების თავშესაყარია... გულისტკივილით ჰყვება იმ ისტორიულ ძეგლებზე, რომელთაც აღდგენა სჭირდება.

- საშვის მისაღებად არაფერი გამიკეთებია. 2 წელი და 7 თვე ვიყავი აქეთ მხარეს. ხუმრობით ვამბობდი, იმ დროს დაველოდები, როდესაც თვითონ მეტყვიან, რომ ავიღო საბუთი-მეთქი. მართლაც, შემხვდნენ და ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა მითხრა: - мы считаем, что это недоразумение. მადლობელი ვარ და იმედი მაქვს, თუ ეს недоразумение იყო, ასეთი недоразумение მომავალში აღარ იქნება...

ამ მხარეში ძალიან ბევრი კულტურული ძეგლია. ვცდილობთ მათ გადარჩენას - ახალგორის რაიონის გამგეობაც მხარს გვიჭერდა. წესით, მათ აღდგენაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მაგრამ რადგან სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ჩვენი ძალებით ვცდილობთ მათ გადარჩენას...

- ნიქოზის საკათედრო ტაძარი რა მდგომარეობაში იყო?

- ამ ეპარქიაში 1995 წლიდან ვართ და იმ დროიდან მოყოლებული, ბევრი რამ გაკეთდა... 2008 წლის ომის დროს დაიბომბა. ტაძარი კი გადაურჩა ჭურვებს, მაგრამ სასახლე დაინგრა და ყველაფერი დაიწვა... ჩვენი მონასტრის ადგილზე 32 ბომბი ჩამოვარდა... მერე ყველაფერი თავიდან დავიწყეთ...

- "სახელოვნებო ცენტრზეც" გვიამბეთ. რას სწავლობენ აქ ბავშვები?

- დასაფასებელია უცხოელი დიპლომატების, განსაკუთრებით - პოლონეთისა და იაპონიის საელჩოების მხარდაჭერა. ომამდე აქ ანიმაციის მცირე სტუდია გვქონდა. საერო ცხოვრების დროს მეც ვიყავი ამ საქმით დაინტერესებული. ეს ჩემი სპეციალობა იყო... ინსტიტუტში ჩვენი ხელმძღვანელი, ბატონი გელა კანდელაკი, სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ის ასაკს სულაც არ უშინდება და ხელოვნების ცენტრის დაარსების შემდეგ თითქმის ყოველკვირა ჩამოდის ნიქოზში. მასთან ერთად ჩამოდიან მისი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც აქ ჩრდილების თეატრში მუშაობენ... პერიოდულად ვმართავთ საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ვმასპინძლობთ.

- რამდენი მოსწავლე გყავთ?

- ასამდე. თავდაპირველად მეტიც იყვნენ, მაგრამ სხვა შენობაში ვიყავით და ვერ ეტეოდნენ. შემდეგ ნიქოზის ბაღის შენობა გადმოგვეცა, ის ადგილი, სადაც ახლა ვართ და სხვა წრეებიც გავხსენით. სწავლა, რა თქმა უნდა, უფასოა... აქ ბავშვები სკოლის შემდეგ მოდიან, სწავლობენ და შემოქმედებითად იხარჯებიან.

დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, როგორ სჭირდები შენ ამ ადამიანებს და უფალი გაძლევს ძალას და საშუალებას, მათ გვერდით იყო.

- ალბათ, ძნელია ასე ცხოვრება, მით უფრო, უამრავ ადამიანზე გიწევთ ზრუნვა...

- სიძნელე უცხო არასდროს ყოფილა ჩემთვის, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის. ფიზიკური სირთულე არასდროს არის გაჭირვების განმსაზღვრელი. გასაჭირი სხვა რამეა... დიახ, ყოფითი პრობლემები იძულებით დევნილობაში ბევრია. მაგალითად, ზამთარში, შესაძლოა, წვალებით გამოყვანილი წყალი გაიყინოს და წყლის ხელით მოზიდვა შორიდან დაგვჭირდეს, თუმცა ამას არ ვუშინდებით. აქ ყოფნის პირველ წლებშიც ხშირად მხვდებოდა ცხოვრებისეული სიძნელეები, მატერიალური იქნებოდა თუ ყოფითი.

ზოგჯერ დავფიქრდებოდი, რისთვის ხდება ეს ყველაფერი - ეს გაჭირვება, რა არის ამის მიზეზი ან სჭირდება ეს ვინმეს-მეთქი? შემდეგ მივხვდი, ეს კითხვა რომ იბადება, ეს უკვე გასაჭირია... ერთ ადამიანსაც თუ სჭირდები და შენ მასთან ყოფნა შეგიძლია, ეს უკვე გაძლევს ძალას, რომ ყველაფერი გადალახო.

ადამიანებს მართლაც სჭირდებოდათ ჩემი აქ ყოფნა და ამიტომაც, სხვა რაღაცებზე, თუნდაც პირად საკითხებზე, არ ვფიქრობდი... ხუთშვილიანი ოჯახიდან ვარ. დედ-მამაც მახსოვს და მათი ცხოვრებაც.

არც ბავშვობა მქონია ლაღი და უზრუნველი. მახსოვს, ბავშვი რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ველოსიპედი, მაგრამ ოჯახს მისი შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ერთხელაც ჩემმა დამ გადაწყვიტა, ჩემთვის ველოსიპედი ეყიდა, მაგრამ მთელი წალენჯიხის რაიონი მოვიარეთ და ვერსად ვიპოვეთ. ყველგან გაყიდული დაგვხვდა... მაშინ შეიძლება ეს მტკივნეულად აღვიქვი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ტრაგედია არ იყო.

- 2008 წლის ომის დროსაც ნიქოზში იყავით.

- დიახ, აქ ვიყავი, მაგრამ ეს გმირობა ნამდვილად არ არის. თუ აქ მყოფ მოხუც მეზობლებთან ერთად უპატრონოდ დარჩენილ საქონელს ვუპატრონებდით, ბოსელში დამწყვდეულ ძროხას კარს გავუღებდით, ან პირიქით, გარეთ დარჩენილს შევდენიდით, ამაში განსაკუთრებული არაფერია...

როცა აქ რუსის ჯარი იდგა, შეიძლება ითქვას, მათ ხელში ვიყავით, მოდიოდნენ და გვესაუბრებოდნენ... იმას, რაც გარშემო ხდებოდა, ყველა თავისებურად აღიქვამდა.

- ნიქოზში გარშემო სოფლებიდანაც ესწრებიან წირვა-ლოცვას?

- დიახ. ადრე, 2008 წლამდე, აჩაბეთიდან, დიდი ლიახვისა და ფრონეს ხეობის სოფლებიდან ზოგჯერ ფეხითაც კი მოდიოდნენ ტაძარში, მაგრამ ახლა იქ მოსახლეობა თითქმის არ არის და ვინც არის, ისინიც ვერ გადმოდიან. 2008 წლამდე ჩვეულებრივად ვახერხებდი იქით გადასვლას, ბოლო ხანებში კი მიმოსვლა შეიზღუდა. ახალგორში ვარ ჩაწერილი, იკოთელი ვარ. რადგანაც დრო არ მქონდა, რომ დოკუმენტაცია მომეწესრიგებინა, ორ წელზე მეტხანს ვიყავი იქით. თუმცა, ამით უკმაყოფილო სულაც არ ვარ. ყველაფერს აქვს თავის მეორე მხარე - განმხოლოების, მეტი ლოცვისა და კითხვის საშუალება მქონდა. იმ ადამიანებთან ვიყავი, ვისაც ვჭირდებოდი...

ყოველკვირეულად გვქონდა საეკლესიო მსახურებები იკოთში, ახალგორში... ერთი სიტყვით, სხვა რიტმით ვცხოვრობდი, ერთ ადგილას ვიყავი და მეტი დრო მქონდა ფიქრისა და თუნდაც, ხელსაქმისთვის...

- როგორ ცხოვრობენ "საზღვრის მიღმა" დარჩენილი ქართველები?

- როდესაც ადამიანი შინაგანად რაღაც საყრდენს პოულობს, ის გაჭირვებასაც გადალახავს... მომიტევეთ, თუ ისე ვსაუბრობ, თითქოს ჭეშმარიტებას ვღაღადებდე, მაგრამ

ადამიანს თუ გარშემო ყველაფერი, ყოველდღიური კეთილდღეობა მოგვარებული აქვს, მაგრამ შინაგანი საყრდენი არა აქვს, ის მაინც გასაჭირში იქნება... ჯერ ვცდილობთ, თვითონ ვიპოვოთ ეს საყრდენი და სხვასაც თუ დავეხმარეთ ამის პოვნაში, ყველანაირი გასაჭირი მაშინვე ქრება... თუმცა, არსებობს მეორე მხარეც - ვერ დავესწარი ჩემი ძმის დაკრძალვას. ძალიან მინდოდა ჩვენი ახლობელი მონაზვნის, ანას გვერდით ვყოფილიყავი იმ დღეებში, როდესაც ის ავადმყოფობდა, მაგრამ ვერც მისი გამხნევება შევძელი და ვერც მის დაკრძალვას დავესწარი... გაზრდილი და შეცვლილი დამხვდნენ ჩემი ძმებისა და დების შვილიშვილები.

- დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, რაც ნიშნავს, რომ იქით გადასვლასაც შეძლებთ...

- რუსი სამხედროები და ოსური მხარის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იყვნენ სასაუბროდ, რის შემდეგაც მალევე მოგვარდა პრობლემა...

- როგორც ქართველებთან, ისე ოსებთან გაქვთ კავშირი. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მათი ურთიერთობა აღდგეს და ისტორიული სინამდვილე დაბრუნდეს?

- ქრისტე მაცხოვარი იმისთვის არ მოსულა, რომელიმე ეროვნებას ან ეთნიკურ ჯგუფს უპირატესობა მოეპოვებინა, ის თითოეული ადამიანისთვის მოვიდა, ვინც უნდა ყოფილიყო ის - ქართველი, რუსი თუ ოსი... მთავარია, ჩვენ პირველობის სურვილი დავძლიოთ. უფალს პირველობა არ აუკრძალავს - თუ გინდათ, პირველი იყოთ, იყავით ყველას მსახურიო. პირველობა ვინმეს დაჩაგვრას არ ნიშნავს... ეს ის საყრდენია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. თუ ეს ყველაფერი გადავლახეთ, მერე ყველაფერი თავისით მოგვარდება.

ლალი პაპასკირი