"ოჯახური" პროფესია
13-02-2017
"ოჯახური" პროფესია
როგორც ამბობენ, საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველას ყველაფერი მოეხსენება. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მაინც ის ოჯახები არიან, რომელთა წევრებიც ერთ სფეროში მოღვაწეობენ. "კვირის პალიტრა" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.

"სამი ძმა, რომელიც ერთდროულად ერთ ნაკრებში თამაშობდა, მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ ვართ"

აჩი არველაძე, ფეხბურთელი: -
პირველ რიგში, მამისა და მერე 4 წლით უფროსი ძმის, რეზის დამსახურებაა, მე და შოთი სპორტის ამ სახეობაში რომ ვმოღვაწეობთ. ჯერ რეზი დადიოდა ფეხბურთზე და ჩვენც მის კვალს მივდიეთ.
ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რადგან წარმატება შრომის გარეშე წარმოუდგენელია. კი ამბობენ, ოჯახის ერთი წევრი თუ წარმატებულია რომელიმე საქმეში, მერე გენი ისვენებსო, მაგრამ ეს მითია - ისეც ხდება, რომ კარგ ფეხბურთელს შვილიც კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ოთხი ძმა სტაროსკინებიც ვიცით, მოსკოვის "სპარტაკში" თამაშობდნენ და ყველა წარმატებული ფეხბურთელი იყო.
თუმცა სამი ძმა, რომლებიც ერთდროულად ერთ ნაკრებში თამაშობდნენ, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ჩვენ ვართ, არველაძეები.

- გაიხსენეთ ის თამაშები, როდესაც სამივეს ერთად მოგიწიათ მოწინააღმდეგე გუნდთან შერკინებამ.

- ძირითადად, ეს იყო თბილისის "დინამოში". ამასთან, სამივემ ერთად 12-ჯერ ვითამაშეთ ეროვნულ ნაკრებში. პირველი თამაში იყო განსაკუთრებით დასამახსოვრებელი, რადგან ეროვნული, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში­ უეფას და ფიფას ეგიდით ვითამაშეთ. ისე, შოთის 70-მდე თამაში აქვს ანგარიშზე, მე - ორმოცამდე და რეზის - ოცამდე. ძმებში ყველაზე ხანგრძლივი კარიერა შოთის ჰქონდა - 35 წლამდე ითამაშა. მე ჯანმრთელობის გამო 29 წლამდე მომიწია დარჩენამ, რეზი კი 30 წლამდე აგრძელებდა საფეხბურთო ცხოვრებას.

- არველაძეებში ფეხბურთი გრძელდება?

- რეზის უმცროსი შვილი, ვატო, მის თაობაში გამორჩეული ფეხბურთელია და უფრო მეტიც შეუძლია.
ოჯახის წევრების ერთ საქმეში მოღვაწეობის დადებითი მხარე ის არის, რომ ადვილად პოულობენ საერთო ენას, ფაქ­ტობრივად, თანამოაზრე მოძებნილი გყავს და ამიტომაც შესანიშნავი პარტნიორები ხართ. ერთმანეთის გაკრიტიკებაც ნაკლებად მტკივნეულია...

"ვაიდა, არ ივარგე, მტრისას!"


ნინი ბადურაშვილი, მომღერალი: -
პროფესიის არჩევაში ოჯახმა­ ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემ გარშემო სულ ხელოვანები არიან. ზოგი მღერის, ზოგი მსახიობია, ზოგი რეჟისორი და ზოგიც კომპოზიტორი. ისე გამოვიდა, რომ მე მომღერალიც ვარ, მსახიობიც და უკვე რამდენიმე სიმღერაც დავწერე. გენეტიკამ თავისი ქნა. სიმღერის მასწავლებელი არასდროს მყოლია, ყველაფერი მათი ყურებით ავითვისე. სხვათა შორის, მინდოდა, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, მაგრამ ბებიაჩემმა გადამაფიქრებინა. საბოლოოდ, თეატრისა და კინოს მსახიობი ვარ, რასაც არ ვნანობ.

როდესაც ოჯახის წევრები იმავე სფეროში მოღვაწეობენ, შენც ადვილად ხდები ცნობადი, მაგრამ ყველა რენტგენში გატარებს და თუ ვაიდა, არ ივარგე, მტრისას! ძალიან ბევრს ვშრომობ. ეკა იყო ყოველთვის ჩემი გენერატორი. შრომის გარეშე ჩემს სახელსაც შევარცხვენდი და ოჯახსაც. ცნობილი ოჯახიშვილობა დიდი პლუსია და ძალიან დიდი მინუსიც.


"ძაღლის გასეირნებასა და მაღაზიაში ჩასვლაზე სულ ვჩხუბობთ, მაგრამ საქმეში ემთხვევა ჩვენი შეხედულებები"


ზურა ყიფშიძე, მსახიობი:
- ბავშვობიდან სულ თეატრში დამატარებდნენ,­ მაგრამ არ მიფიქრია, რომ აუცილებლად მსახიობი გამოვსულიყავი, მიუხედავად იმისა,­ რომ 13 წლისა უკვე "მაცი ხვიტიაში"­ გადამიღეს. თავისთავად მოხდა ჩემი გამსახიობება, სხვა არც არაფერი ვიცოდი - ფიზიკოსი ჩემგან არ გამოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსი წინაპრებიც მყავს. მსახიობი იყო დედაჩემი და დედის ბებია - პირველი პროფესიული დასის წევრი ბაბო კორინთელი. ჩიხტიკოპით დადიოდა...
რაც შეეხება გიორგის, მისგან თუ რამე გამოვიდოდა, არ მეგონა, რადგან ისე ჩქარა ლაპარაკობდა, ვერ ვეწეოდი. ცოტა ნელა ილაპარაკე, რომ გავიგო-მეთქი, ვეხვეწებოდი, მაგრამ ამის გამო ნერვიულობდა და უფრო უმატებდა სიჩქარეს. მეგონა, ლენუკა გამოვიდოდა მსახიობი. ამას რომ ვამბობდი, გიორგი დაკომპლექსდა და გამოგვიცხადა, რეჟისორობა მინდაო. ჩააბარა სარეჟისოროზე და მერე გადავიდა სამსახიობოზე. შვილია და კი არ ვაქებ, პირი­ქით, სულ ვაგინებ და ვლანძღავ, მაგრამ მუშაობის პროცესში ისეთი სწორი მიგნ­ებები აქვს, აშკარად რეჟისორული ხედვა იგრძნობა. სულ ერთად ვართ თეატრში, სახლშიც ერთად ვცხოვრობთ. სულ ვკამათობთ და ვჩხუბობთ, ძირითადად, ძაღლის გასეირნებასა და მაღაზიაში ჩასვლაზე, მაგრამ საქმეში ხშირად ემთხვევა ჩვენი შეხედულებები და ეს მომწონს.

დედაჩემს კი სულ ვაკრიტიკებდი. მომაშორეთ ეს კრიტიკოსიო, წიოდა. ვეუბნებოდი, აქ აკლებ, იქ ზედმეტს აკეთებ-მეთქი...…აღფრთოვანებული ვიყავი, მაყურებელს რომ მოსწონდა, მაგრამ მე ხარვეზებს სულ ვუძებნიდი და სწყინდა. ბუტია, პატარა ბავშვივით იყო.
გაგრძელდება თუ არა ჩვენი პროფესია ჩემს შვილიშვილებში, ჯერ არ ვიცი. აი, გიორგის ჰყავს ნაბოლარა, ჯერ 4 წლისაა, ეგეთი არავინ მინახავს, ძალიან სასაცილო, საყვარელი და საინტერესო ტიპია. ვნახოთ.

"ავლიპის ამ ფრაზაზე ყველას ეცინებოდა"


დავით ზურაბაშვილი, ფსიქიატრი: -
ჩვენი ოჯახი ფსიქიატრიასთან გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არის დაკავშირებული. პირველი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი გვყავდა. მისი ორი შვილიც ამ პროფესიას გაჰყვა. შვილიშვილებიდან ამ საქმის გამგრძელებლები მე და აპი ზურაბაშვილი ვართ. აპი უკვე 10 წელია, ევროპაში მოღვაწეობს. მე თავდაპირველად ბავშვთა რეანიმაციაში ვმუშაობდი, მერე მივხვდი, რომ ფსიქიატრიაში მუშაობა ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა და არც შევმცდარვარ... თუმცა მას შემდეგ სულ პაპის ჩრდილში ვარ. ეს, ერთი მხრივ, საამაყოა, თუმცა დამღლელიც არის - ყველა ცდილობს, მას შემადაროს და მეც ყველაფერს ვაკეთებ, რომ მისი სახელი არ შევარცხვინო. სულ მდევს ფიქრები, ფრაზები და მოგონებები ჩემი და ავლიპ ზურაბაშვილისა - აი, ამ სიტუაციაში რას მეტყოდა, მირჩევდა... უწინ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფსიქიატრიას, მისი დარგი კი, ნარკოლოგია, იმხანად ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა ჯერ კიდევ 60-იან წლებში პაპა ამბობდა, ხვალ ეს პრობლემა მსოფლიოს მწვავედ დაუდგებაო. მართალი გამოდგა...

"მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, დედა და მამა", - პაპას ამ ცნობილ ფრაზაზე ყველას ეცინებოდა, რადგან არ იციან, რას გულისხმობდა... მაშინ ხომ იყო მშობლიური პარტია, მშობლიური ლენინი და ასე შემდეგ, აი, ამდენი მშობლებიდან მე ყველაზე მეტად დედ-მამა მიყვარსო, - ასე ირონიულად ამბობდა სიმართლეს. ავლიპი პარტიის წევრიც იყო. ყოველთვის ესწრებოდა ყრილობებს და სტატუსის მიხედვით პრეზიდიუმში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ყოველთვის იგვიანებდა და პირველ რიგში ჯდებოდა, ჩვეულებრივ პარტი­ულ მუშაკთა შორის. როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდით ჩვენთანო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო.

"მთავარია, ერთმანეთის საქმეებში არ ჩავერიოთ"


ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი: -
მე და თათული რომ ერთ სფეროში ვმოღვაწეობთ, ამაში უარყოფითი არაფერია... მთავარია, რომ თათული ჩემს საქმეებში არ ერევა და პირიქით... თუმცა, როდესაც საჭირო ხდება ჩარევა, სხვას რატომ უნდა სთხოვოს დახმარება, მე გვერდით არ ვყავარ? შენიშვნებსაც დელიკატურად ვაძლევთ ერთმანეთს. სიფრთხილეა საჭირო, ერთმანეთს გული რომ არ ვატკინოთ. მე ორჯერ მოვკვდი და ორჯერვე თათულიმ გამაცოცხლა. ბევრი სპექტაკლი ვითამაშეთ ერთად. მათგან გამოვყოფდი "კავკასიურ ცარცის წრესა" და "ლუარსაბ თათქარიძეს". მე და თათულის ერთმანეთი სამსახურშიც გვყავს და ოჯახშიც.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით