"ქართულად საუბარი ბოლო რამდენიმე წელია გავაუმჯობესე" - ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთი მელუასთან
22-02-2017
"ქართულად საუბარი ბოლო რამდენიმე წელია გავაუმჯობესე"  - ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთი მელუასთან
"მე ყველას ვუყვები საქართველოზე"

გრემ ნორტონის შოუში, სადაც უილ სმიტი, მარტინ­ ფრიმენი, ნაომი ფარისი და ჰელენ მირენიც მონაწილეობდნენ, ქეთი მელუამ ამაყად განაცხადა, რომ ქართველია და უილ სმიტს მიმართა: "იცით, სად არის საქართველო?"...

ფოტოგალერეა

ქეთი მელუას თუ "გუგლში" მოძებნით, პირველი, რაც შეგხვდებათ, ვიკიპედიის გვერდია, სადაც წერენ: "ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალია". რამდენიმე თვის წინ შემთხვევით ბერლინის მეტროში ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის სარეკლამო პოსტერს წავაწყდი. უცხო ქვეყანაში ქართველი
მომღერლების ფოტოებს რომ ხედავ, ძალიან საამაყოა. ამ ფაქტამდე კი ქეთიმ საქართველოში თეონა ცირამუა და მისი გორის­ ქალთა კამერული გუნდი "იპოვა" და ევროპის ტურნესთვის ალბომი ჩაწერა. ასე მოისმინა ევროპამ დახვეწილი, გემოვნებიანი მუსიკა ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის შესრულებით. "კვირის პალიტრის" სტუმარია ქეთი მელუა:

-
ქართველ მუსიკოსებს ვეძებდი - განსხვავებული ჟღერადობის მოსმენა მინდოდა. მერე გორის ქალთა კამერული გუნდის ჩანაწერი "არჩაიკა" მოვისმინე და გავოცდი, იმაზე მეტი იყო, რისი შეგრძნებაც მინდოდა. ასე მოვძებნე მუსიკოსები ჩემს სამშობლოში...

- ეს ალბომი აღსანიშნავია ორი ნაწარმოებით, რომლებიც თქვენს 84 წლის ბაბუას­ მიუძღვენით. როგორც ვიცი, ის ციმბირში­ გადაასახლეს. მოუყვებით მკითხველს მის ამბავს?

- ბაბუაჩემი 19 წლისა გადაასახლეს ციმ­ბი­რში, შრომა-გამოსასწორებელ ბან­აკში... მან მეგობ­რების ნაცვლად დაიბრალა პურის მოპარვა. ეს იყო ქართული მეგობრობისა და ძმობის მაგალითი­.

- ყოველთვის ამბობთ, რომ საქართ­ველოდან ხართ. გრემ ნორტონის შოუშიც ამაყად განაცხადეთ, რომ ქართველი ხართ. თქვენ უილ სმიტს ჰკითხეთ: "იცით, სად არის საქართველო?"...

- მე ყველას ვუყვები საქართველოზე.­ ეს მათთვის ეგზოტიკური ქვეყანაა უძველესი და უახლესი ისტორიით და საბჭოთა კავშირთან ასოციაციით. ძალიან მოსწონთ, რომ ქართველებს მუსიკასა და საერთოდ ხელოვნებაში მაღალი დონის გემოვნება აქვთ.

- რომელია თქვენი საყვარელი მომღერალი? ვინ არის თქვენი შთაგონების წყარო?

- მიყვარს 50-60-იანი წლების ამერიკელი ვარსკვლავი ჯული ლონდონი. ახლახან კი დავესწარი ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს, რომლის დროსაც შეასრულეს გია ყანჩელის "ქარით დატირებული". ეს იყო საოცარი სიმფონია.

- დაახლოებით ათი წლის წინ ამბობდით, რომ ძალიან გინდოდათ ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გაცნობა. წაიკითხეთ?

- ქართულად საუბარი ბოლო რამდენიმე წელია გავაუმჯობესე, მაგრამ კითხვა მიჭირს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მკითხეთ და იმედია, წაკითხული­ მექნება. ძალიან მიყვარს პოეზია, განსაკუთრებით თომას ელიოტი და რობერტ ფროსტი. მომწონს როალდ დალის რომანი "მატილდა", მისი მთავარი პერსონაჟი საოცარი თვისებების მქონე გოგონა...

- ისევ ხომ არ გეგმავთ საქართველოში კონც­ე­რტს გორის ქალთა კამერულ გუნდთან?

- დიდი სიამოვნებით გავმართავ კიდევ რამდენიმე კონცერტს, მაგრამ ახლა საქართველოში კონცერტები არ იგეგმება. განსხვავებულ პროექტზე ვმუშაობ და იმედია,­ მომავალში ისევ მომეცემა გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა.

იხილეთ ასევე: "ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა შვილთაშვილის ყოლაა. სულ ვეუბნები ქეთის და მპირდება, იქნებაო"


იხილეთ ფოტოგალერეა: ქეთი მელუას ბავშვობა, ოჯახი, კარიერა


ნინო წიფურია
ზაზა
18 ივლისი 2017 11:04
კი მაგრამ,ამან სკოლა.საქართველოში არ დაამთავრა?
manana
23 თებერვალი 2017 17:00
ქართველების საამაყო შვილო, როგორ გვიყვარხართ, ღმერთმა გატაროს ბედნიერად თავის კალთის ქვეშ
nina
23 თებერვალი 2017 00:41
sakvareli gogonaa magram kartulad rom gemgerat zalian kargi ikneboda...goriskalta gundi ukrainulas mgeroda,aramgonia ukrainelebs kartulad emgerat britanul televiiashi,ras itkvit.?

რედაქტორის რჩევით