დიდი მოგზაურობა საქართველოში - კვირის პალიტრა

დიდი მოგზაურობა საქართველოში

სალვადორ დალი წინანდალშია

სამწუხაროა, რომ სალვადორ დალის "გენიოსის დღიურებში" არც ერთი ჩანაწერი არ არის საქართველოზე... რომ ყოფილიყო, რას გავიხარებდით ქართველები... კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ხელოვანმა, რომელიც რეალურისა და ირეალურის რაკურსში ერთდროულად აღიქვამდა ყველაფერს, ვერ ნახა ჩვენი მომხიბვლელი ქვეყანა.

წარსულში შეცვლა აღარაფრის შეიძლება, მაგრამ აწმყო ხომ შესაძლებლობებს არ ზღუდავს; ჰოდა, მართალია, სალვადორ დალი ხორციელად ვერა, მაგრამ სულიერად მოგზაურობს საქართველოში. ეს მისი პირველი ჩამობრძანებაა. დიდებული მოვლენაა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში და დიდებულია ადგილიც, რომელიც მასპინძლობს XX საუკუნის ყველაზე უცნაურ გენიოსს.

ესაა წინანდალი - საქართველოს ისტორიიდან სამკაულად მოღწეული დღევანდელობამდე... მოღწეული-მეთქი, ვამბობ, და ამისი თქმის ბედნიერება შეიძლება სულ მალე აღარც კი გვქონოდა, რომ არა სამი წლის წინ აქ ჩატარებული რესტავრაცია და ძირეული რემონტი... თუმცა ახლა წინანდალში ჩატარებულ სამუშაოებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჯობია, ისევ სალვადორ დალის დავუბრუნდეთ...

KvirisPalitra.Geსაქართველოში მისი 6 სკულპტურა, 11 ლითოგრაფიული ნამუშევარი ჩამოვიდა. ორგანიზატორები მომზადებულნი დახვდნენ, მაგრამ რაკი დიდად საპასუხისმგებლო ექსპოზიციას დაცული ტრანსპორტირება სჭირდებოდა, მეგობარი დაიხმარეს - ვითიბი ბანკი, რომელმაც უზრუნველყო ხელოვნების ნიმუშების დაცვა და ტრანსპორტირება განბაჟებიდან საბოლოო დაბინავებამდე.

მოსაყოლად ადვილია, მაგრამ წუთით წარმოიდგინეთ, რა რთული გზა გამოიარა საინიციატივო ჯგუფმა, ხელოვნებათმცოდნე ნინო მეტრეველმა, ვიდრე მომთხოვნ და ფრთხილ კოლეგებს დაიყოლიებდა, დათანხმებოდნენ ამ გამოფენის მოწყობას.

გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოში ჩამოვიდნენ და წინანდლის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს. ყველაფერი დაცული უნდა ყოფილიყო: წნევისა და ტემპერატურის რეჟიმი, განათება. წუნი ვერაფერში დაგვდეს.

მაინც რა ნამუშევრებია გამოფენილი წინანდალში? - ვკითხეთ ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას:

- წინანდალში გამოფენილია სალვადორ დალის 11 ლითოგრაფია და 6 სკულპტურა. ლითოგრაფია ბეჭდური გრაფიკის ერთ-ერთი საინტერესო ტექნიკაა, რომელსაც დიდი ოსტატები XVIII ს-იდან იყენებდნენ. ტექნიკურად მასზე მუშაობა ბეჭდური გრაფიკის სხვა სახეობებთან შედარებით (ქსილოგრაფია, ოფორტი, პუნქტირი და სხვ.) მარტივია და საშუალებას იძლევა როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი გამოსახულების შექმნისა. ლითოგრაფიის ტექნიკით იქმნებოდა წიგნის გრაფიკა, პლაკატი...

წინანდალში წარმოდგენილი ლითოგრაფიები 70-იან წლებს განეკუთვნება , რომელიც მოიცავს სერიებს: "ყვავილობა", "ბანქო" და სხვ. ამ ნამუშევრებში, ბუნებრივია, გრაფიკული ასპექტი წინ არის წამოწეული, რომელიც მხატვრის სიურრეალისტურ მსოფლმხედველობასთან ჰარმონიულად არის შეთავსებული. დალის ცნობილ ნამუშევრებთან შედარებით, წარმოდგენილი კომპოზიციები თითქოს უფრო ლირიკული და სენტიმენტალურია.

მოგეხსენებათ, ლითოგრაფიული ნამუშევარი, თავისი ტექნიკური ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოგვიანებითაც დაიბეჭდოს და მისი რამდენიმე ასლი შეიქმნას. შესაბამისად, აღნიშნული ნამუშევრები არ არის ერთადერთი ანაბეჭდი, თუმცა ის მხატვრის სიცოცხლეშივე დაბეჭდილი და თავად სალვადორ დალის მიერაა ხელმოწერილი.

ვფიქრობთ, ყოველი დიდი მხატვრის და მათ შორის სალვადორ დალის შემოქმედების ნებისმიერი ასპექტი საინტერესოა არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო საზოგადოებრიობისთვის. ცხადია, სალვადორ დალის ფერწერა უმნიშვნელოვანესი გახლავთ, მაგრამ მხატვრის არქივში დაცულმა ერთმა პატარა ჩანახატმა, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ გითხრათ მის ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, მეტად საინტერესოა, რა ტიპის ლითოგრაფიებს ქმნიდა ხელოვანი.

წარმოდგენილი ქანდაკებებიც მისი სიცოცხლის უკანასკნელი გატაცებაა. ეს არის სალვადორ დალის ფერწერული ნამუშევრების სკულპტურული ინტერპრეტაცია, რომლის იდეა მისივე ფერწერული ტილოებიდან მოდის. ბოლო პერიოდში სალვადორ დალი მუშაობდა კათოლიკურ თემებზე. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება ჯვარცმისა და ანგელოზების ძალიან საინტერესო სკულპტურები. ამ ნამუშევრებს მის სახლ-მუზეუმში საპატიო ადგილი უჭირავს.

უშუალოდ წინანდალში გამოფენილი სკულპტურებიც ამ დროისაა. "სიურრეალისტური ანგელოზის" მეორე ორიგინალი ნიუ-იორკის ისტორიისა და კათოლიკური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექციაშია დაცული. მის 1977 წელს შესრულებულ ფერწერულ ვარიანტს 80-იანი წლების დასაწყისში დალი სამგანზომილებიანი სკულპტურის ფორმას აძლევს. "კუბისტური ანგელოზი" ასახავს სალვადორ დალის გატაცებას კუბიზმით და ანგელოზების თემის კუბისტურ ინტერპრეტაციას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1964 წელს შექმნილი "ვენერას ოტორინოლოგიური თავი". სალვადორ დალიმ 30-იან წლებში დაასრულა მისი ერთ-ერთი უცნობილესი ნამუშევარი "ვენერა უჯრებით" - ვენერას სახის პაროდირება. 1964 წელს კი დალი მუშაობს ანტიკური ვენერას თემის ახლა უკვე "სკულპტურულ პაროდირებაზე", სადაც დალი სიყვარულის ქალღმერთს უცვლის ყურისა და ცხვირის ადგილს. ანტიკური ხელოვნების ხელშეუხებლობას დალი ამ შემთხვევაში იყენებს, როგორც მორიგ პროვოკაციას, რითაც თავისი ხელოვნებისადმი საზოგადოების ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს.

ყურს, როგორც ორგანოს, ის ხშირად იყენებს სხვა ნამუშევრებში, რომელიც ფორმით ემბრიონს ჩამოჰგავს, რაც პირდაპირ კავშირშია ფროიდის მოძღვრებასა და სიურრეალისტურ მსოფლმხედველობასთან. "ღვთიური წუთები" და "ღამის მაგიდა" დალის ფერწერული ტილოების საფუძველზე 1971 წელს შეიქმნა. მათი სამუშაო მაკეტი თავად დალიმ გააკეთა, რომელიც მოგვიანებით მისმა მოწაფემ და თანაშემწემ მიშელ ლორენციმ ჩამოასხა.

წინანდლის საგამოფენო დარბაზში სალვადორ დალი არაჩვეულებრივად საინტერესოდ გამოიყურება, ტყუილად როდი აღნიშნა გამოფენის კურატორმა ჯეკი მაუერსბერგმა: - ეს ის გარემოა, სადაც სალვადორ დალი ცოცხლდება და სუნთქავსო.

როგორც მუზეუმის დირექტორმა მაია კოკოჩაშვილმა გვითხრა, გალერეა Qu ART-ს, რომლის კოლექციიდანაც ჩამოიტანეს ექსპონატები, ცნობილი მხატვრების კიდევ ბევრი სხვა ნამუშევარი აქვს. სურთ მომავალში კულტურული ურთიერთობა გაგრძელდეს და წინანდლის მუზეუმში სხვა ექსპოზიციებიც გამოიფინოს.

P.S. სალვადორ დალის საქართველოში ჩამობრძანებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამბობდნენ, ბილეთი ისეთი ძვირია, ტყუილად ნუ წახვალთ, მაინც ვერ შესწვდებითო... იმასაც ამბობდნენ, წინანდალში ჩასვლა ძნელია, როგორ უნდა იმგზავროთო...

ერთი პირობა კინაღამ დავფრთხი, მაგრამ მერე გავიგე, სულაც არ არის ასე საქმე, პირიქით, ზღაპარს უფრო ჰგავს: თბილისელი თუ ხარ, მხოლოდ გამოფენის ბილეთს შეიძენ, თუ ბათუმიდან ან ქუთაისიდან მოდიხარ, წინანდლის გამოფენის ბილეთს მატარებლის ბილეთთან ერთად გჩუქნიან, თბილისში კი უფასო ავტობუსში ჩაჯდები და წინანდალში სულ იოლად ჩახვალ. ხომ საოცრებას ჰგავს? სალვადორ დალის საოცრებებით სავსე ცხოვრება ალბათ ასეთ საოცარ მოგზაურობებში გრძელდება...