"რატომ არ მინდა ჩემი მორცხვობა დავძლიო და მამასთან მივიდე ბოდიშის მოსახდელად?" - კვირის პალიტრა

"რატომ არ მინდა ჩემი მორცხვობა დავძლიო და მამასთან მივიდე ბოდიშის მოსახდელად?"

როგორ უნდა დაბრუნდეს ჩვენს ყოველდღიურობაში ტრადიციული სამოსი

გახსოვთ "სამოსელი პირველი"? არა, გურამ დოჩანაშვილის შესანიშნავ რომანზე კი არა, მის საფუძველზე მოგახსენებთ - წმინდა სახარების  იგავზე უძღები შვილის შესახებ... ამ იგავს იესო ქრისტე თავის მოციქულებს მოუთხრობს: - როგორ უღალატა შვილმა მამას, თავისი წილი მემკვიდრეობა გაფლანგა, თავნებობასა და აღვირახსნილობაში გადაეშვა და საბოლოოდ დიდ განსაცდელში ჩავარდა.

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მონანული უძღები შვილი მამასთან ბრუნდება და თუმცა შვილობის ღირსად თავს არ მიიჩნევს, მაინც იმედი აქვს, რომ მამის სახლში თუნდაც მსახურად მიიღებენ. მისი სინანულის მნახველი გახარებული მამა შორით გამოეგებება შვილს, გულში ჩაიკრავს, ეამბორება და მსახურებს ეტყვის: "გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას... რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა" (ლუკა 15:22, 15:24).

ამ იგავში ქრისტიანული მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია ასახული: საკუთარი ცოდვის სინანული და იმედით უფალთან მისვლა. ჩვენ ყველანი რომ უძღები შვილები ვართ, ამას მაგალითით დადასტურება არ სჭირდება, მთავარია, შინისაკენ მიმავალ გზაზე დავდგეთ და იქ მივიდეთ, სადაც "სამოსელი პირველით" გველიან და შეგვმოსავენ. მართალია, იგავში "სამოსელის" გააზრება სიღრმისეულად არის საჭირო, მაგრამ ამჯერად სამოსელზე, როგორც სხეულის საფარველსა და სულის სარკეზე მინდა გესაუბროთ.

ყოველი ადამიანი თავისი გარეგნობით ნებით თუ უნებურად საკმაოდ დიდ ინფორმაციას აწვდის გარშემომყოფთ. როგორ გვაცვია? - გახეხილი, მუხლებზე გადახეული ჯინსი, თუ მრავალჯიბიანი უხეში ტილოს შარვალი? მუხლს ზემოთ გადაჭრილი ვიწრო შორტი თუ ჩაჩი - საკმაოდ ფართო, ჩაჩაჩული შარვალი?

"ვიცვამ ხან ასე, ხან ისე, გააჩნია, სად მივდივარ, რა მჭირდება", - მეტყვით და მეც, ცხადია, დაგეთანხმებით... ხევსურეთში სამოგზაუროდ საზეიმო კოსტიუმით არავინ წავა, ისე, როგორც რაგბის გუნდის საგულშემატკივროდ - ფრაკით... განსაკუთრებულ დღეს შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოეწყო: ევროპულად ან ტრადიციულ ჩოხა-ახალუხში, თუმცა ამ ჩაცმულობით ვერც სამსახურში ივლით ყოველდღე და ვერც გასართობად... და მაინც დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქმეს, რომელსაც შეუდგა კომპანია, სახელწოდებით "სამოსელი პირველი", რადგან ის გვაბრუნებს ტრადიციულ სამოსთან და იმ ცოდნასაც გვაწვდის ქართულ ტანსაცმელზე, როგორც სახარებისეულ "სამოსელ პირველს", რაც დროთა განმავლობაში უანგარიშოდ გავფლანგეთ და დავკარგეთ.

ლუარსაბ ტოგონიძე, "სამოსელი პირველის" გენერალური დირექტორი: - გვინდა, ხელი შევუწყოთ ქართული ეროვნული სამოსის დამზადების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფაში საკადრისი ადგილის დაბრუნებას, მისი ღირსებისა და სილამაზის საქართველოსა და უცხოეთში წარმოჩენას.

ამისთვის მოგვიხდა სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში, ასევე კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსის, შესაბამისი სამკაულისა და სამშვენისების მოკვლევა და ზედმიწევნით შესწავლა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული ქსოვილის, სამოსელისა და სამკაულების დამზადების ოსტატთა მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება, ისტორიულ წყაროებში, არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ მხატვრული, ფოტო და წერილობითი მასალების შესწავლა-დამუშავება... გვექნება მაღაზიებიც, სადაც გაიყიდება ამ გამოცდილებით დამზადებული სამოსი, ჯერჯერობით მხოლოდ მამაკაცისა, შემდეგ ქალებისა და ბავშვებისათვისაც...

- რომელი სამოსი აღადგინეთ ისტორიული მონაცემების მიხედვით?

- უპირველეს მოვალეობად ჩავთვალეთ ჩოხა-ახალუხის საკადრისად წარმოჩენა მისი თანმხლები ყველა საჭირო სამშვენისით. წარმოდგენილია რამდენიმე სახეობის ჩოხა: ,,ქართლ-კახური" (სადა და გამშვენებული ,,თავადური"), ,,იმერული", ,,მეგრულ-აფხაზური", ,,ზამთრის ჩოხა" (ჩოხის ზემოდან ჩასაცმელი), ახალუხი (ქსოვილისა და ფერის დიდი ნაირსახეობა), ყაბალახი მამაკაცისა (სადა და მოქარგული), ყაბალახი ქალისა (მორთული), უძველესი თავსარქმელი ფაფანაკი, შარვალი მხედრული, ტრადიციული, ჩექმები: ,,აზიური", მხედრული (როგორც ადგილობრივი, იტალიელი და ინგლისელი ოსტატების ნახელავი), სარტყელი ვერცხლით შემკობილი (საკვესი, ტყავის საფულე, საქონე), სარტყელი თითბრისა, მოვერცხლილი (სადა და შემკობილი)...

დღეს ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაბრუნდეს ჩვენს ყოველდღიურობაში ტრადიციული სამოსი. ისიც ვიცი, რომ ტრადიციულში მხოლოდ საზეიმო არ იგულისხმება... მაგრამ მაინც მიჭირს XXI საუკუნის გაგება იმავე ჯინსისა და მოხერხებული სპორტული ფეხსაცმლის გარეშე.

"სამოსელ პირველს" თავისი ფილოსოფია აქვს და ჩვენი ეჭვის საპასუხოდ რამდენიმე კითხვას გვისვამს: "ისე გვიკრავს წიხლი ეროვნულისთვის, აქაოდა, თუ პროგრესი გვინდა, ასეა საჭიროო, რომ ლამის შეგშურდეს კაცს კიმონოს მატარებელი და საკუთარი ქცევის წესის დამცველი გეიშისა, თუ სკუფიიანი ბედუინისა. თან ფიქრობ, ნუთუ ეროვნული წესის ამოძირკვა იაპონელსა და არაბზე მეტ ეკონომიკურ წინსვლას მომიტანს? და ასეც რომ იყოს, მინდა კი ამგვარი წარმატება?

და რას აპირებ ამ დროს შენ, ჩემო თანამემამულევ? აკრძალვითა და ხელოვნური, ყალბი ეროვნულობით ხომ მხოლოდ უფრო სასაცილო გახდები ყველას და შენი შვილების  თვალში! მითხარი ერთი, აწი რაღაა საქართველო, სადღაა მისი წესი და განუმეორებლობა? იქნებ არ სცდებიან ჭინკები, როდესაც გიჩურჩულებენ, - ეგ შენი ეროვნულობა აეროპორტში გასაყიდ სუვენირებადღა თუ ივარგებს, დღეს მთავარია, ვის რამდენი აქვს ჯიბეშიო. და თუ ასეა, გამაგებინე, რაღად გინდა გამთლიანება? რისი რასთან გამთლიანება, თუ აღარაა საზღვრები და წესიც ერთია? წესი თუ უწესობა? ამის გამო ხომ არ მოგიწყენია და გაგჩენია ეჭვი სამშობლოს გამთლიანებისა და გაბრწყინებისა?

მაგრამ თუ მართლა ასეა, რატომ არ გულობს ყველაფერს ეს გული, რომელიც "ჩემი თვალია ნამდვილი"? რატომ არ მინდა ჩემი მორცხვობა დავძლიო და მამასთან მივიდე ბოდიშის მოსახდელად?"

ვიდრე მკითხველი და მასთან ერთად მეც ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში ვიქნებით, მოდი, გავახილოთ თვალი და კარგად დავაკვირდეთ, რას ამბობდა თავისი ჩაცმულობით ქართველი სულ რაღაც საუკუნე-ნახევრის წინ და რას ამბობს ახლა...