"თავის დროზე რომ ხატვა მეცადა, ციხეს აუცილებლად­ გადამარჩენდა"
20-02-2017
"თავის დროზე რომ ხატვა მეცადა, ციხეს აუცილებლად­ გადამარჩენდა"
თურქეთიდან საქონელი ჩამომქონდა. საქართველოში ყველას ვალით მიჰქონდა ჩემგან ყველაფერი და ამან დიდი პრობლემები შემიქმნა. როცა ადამიანს გაგიჭირდება, მხარდამჭერი თუ არა გყავს და დიდი ნებისყოფა არა გაქვს, უარესს გადაეყრები...

"ხუთი ბინა გავტეხე და ყველაზე უცნაური ის არის, რომ არც ვიცოდი, მდიდ­რების ბინას ვტეხავდი თუ ღარიბისას. აქედანაც ჩანს, ტვინი რომ არეული მქონდა,­ თორემ ადამიანი მიზანმიმართულად თუ დგამს ამ ნაბიჯს, წინასწარ აქვს ყველაფერი გათვლილი"... - დავით მაღალაშვილი­ გვიამბობს, თუ როგორ შექმნა თვითნა­სწავლმა მხატვარმა
ციხეში ისეთი ნახატები, რომლებიც დღეს ყველას აოცებს:

- ციხიდან ახლახან გამოვედი, სადაც ექვსი წელი გავატარე. ხატვა პატიმრობაში დავიწყე, ტელევიზიით გადიოდა გადაცემა, სადაც სწრაფი ხატვის მეთოდიკას აჩვენებდნენ. ციხის უფროსს, ნოდარ ქინქლაძეს ვთხოვე, ხელი შეეწყო. ის ადრეც მიცნობდა, რადგან ციხეში არასრულწლოვან პატიმარ ბავშვებს ქანდაკებას ვასწავლიდი. ბატონმა ნოდარმა
განკარგულება გასცა, საღებავები და სახატავი საშუალება მოეცათ... პირველად სამი პეიზაჟი დავხატე, იმდენად მოეწონათ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. 2014 წელს ციხეში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, წიგნები მოიტანა. მითხრა, 15 ნახატი მოაგროვე და გამოფენას მოგიწყობო. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვერა, მაგრამ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, რუსთაველზე გამოიფინა. ამ გამოფენისთვის პირად საქმეში მადლობა გამომიცხადეს, ამის გარდა, არასრულწლოვან ბავშვებს ვასწავლიდი და 9 მადლობა დამიგროვდა. 12 წელი მქონდა მოსჯილი, 6 წლის შემდეგ გამათავისუფლეს.

- რატომ მოხვდით ციხეში?

- თურქეთიდან საქონელი ჩამომქონდა. საქართველოში ყველას ვალით მიჰქონდა ჩემგან ყველაფერი და ამან დიდი პრობლემები შემიქმნა. როცა ადამიანს გაგიჭირდება, მხარდამჭერი თუ არა გყავს და დიდი ნებისყოფა არა გაქვს, უარესს გადაეყრები... თავის დროზე რომ ხელოვნებაში მეცადა ბედი, აუცილებლად­ გადამარჩენდა.
2016 წელს ბაგა-ბაღს 24 ნახატი ციხიდან გავუგზავნე საჩუქრად. დირექტორმა, ქალბატონმა მარიამ ცინცაძემ, მადლობის სიგელი გამომიგზავნა. ბატონი გიორგი კეკელიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი მარი კალანდაძეც სულ მეხმიანებოდნენ, ხატვა განაგრძეო. გამოვედი ციხიდან თუ არა, პირველად ისინი მოვინახულე...

- დღეს სად ცხოვრობთ?

- 2004 წელს ოჯახი დამენგრა და ბინაც დავკარგე. ერთი ვაჟი მყავს, რომელიც, უჩემოდ გაიზარდა. 25 წლის არის და, საბედნიეროდ, გვაქვს ერთმანეთთან კავშირი. ახლა ჩემი ნათლულის ძმის სახლში ვცხოვრობ. თვითონაც ბინა დაგირავებული აქვთ და სამი პატარა ბავშვი ჰყავთ. არც სამსახური მაქვს. ძველ მეგობარს მივაკითხე, რომელსაც ჩემი ნაჩუქარი ნახატები კედელზე უკიდია, დამპირდა დასაქმებას, მაგრამ შემდეგ უარი მითხრა. ვინაიდან პატიმრობაში ვიყავი და დღეს კიდევ ოთხი წელი პირობითი მაქვს.

7 ენას ვფლობ: საშუალო დონეზე ვიცი ინგლისური, სრულყოფილად - ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული და რუმინული. აბანოთუბანში გავიზარდე, სადაც მრავალეროვანი მოსახლეობაა, მე თვითონაც ებრაელი ვარ... პატიმრობაში რომ ვიყავი, თარჯიმნობაში ვეხმარებოდი ციხის ადმინისტრაციას.

არასოდეს დამავიწყდება ბადრი პატარკაციშვილის სიკეთე. მას რომ მივმართე, თავისი ფონდის დირექტორს დაავალა, რაც სურს, შეუსრულეთო. მყისვე ვიპოვე სამსახური და შემდეგ დამაწინაურეს კიდეც. ახლა ვაპირებ, ნანა პატარკაციშვილს მივმართო, რომ დამეხმაროს და 50 საუკეთესო ნამუშევარი შევქმნა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენას მოვაწყობ და შემდეგ 25 ნახატს იაშვილის კლინიკას ან ბავშვთა თავშესაფარს გავუგზავნი. 25 ნახატი მინდა, სოხუმში გავგზავნო, სოხუმში დაიბადა დეიდაჩემი და ნათლიაჩემი, შემდეგ ისრაელში წავიდნენ. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვისაც მინდა დავხატო სურათები... 57 წლის ვარ და ბევრი გეგმა მაქვს. მჯერა, რომ შემოქმედებით ცხოვრებას გავაგრძელებ და ბევრ საინტერესო ნამუშევარს შევქმნი. ეს დამეხმარება, რომ ღირსეულად ვიცხოვრო.

მანანა გაბრიჭიძე
დალი გივიაშვილი.
09 მარტი 2017 00:51
გვსმენია ასეთი ანდაზა ,სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს,არა უშავს რაც მოხდა ხომ მოხდა, მთავარია კაცი არ მოგიკლავს,სხვისი ოჯახის და შვილების ცოდვა არ გაწევს კისერზე,უფალი შეგიწყალებს.წვრილმანი დანაშაული 6 წელი ციხის კედლებშისაკმარისია.რასაც წერ და თუ ეს მოდის გულიდან,და ჩანს კიდევაც ტექცტში რომ ძლიერი ადამიანი ხართ,მჯერა რომ რასაც წერთ სინამდვილეა და ამას შესძლებთ.და ამიტო მინდა დაგლოცოთ და დაგილოცოთ მომავალი ნათელი, გამჩენმა გაგაძლიეროთ და აგასრულებინოთ ჩანაფიქრი,სიკეთის მიმტანი ყოფილიყავით ყველგან სადაც კი მიხვალთ სამეგობროში ,ოჯახებში,და ხალხის სამსახურში.ნამდვილად მისაბაძი ადამიანი ხართ,გლოცავთ როგორც საკუთარ შვილს.

რედაქტორის რჩევით